სპორტის რომელი სახეობა აკრძალა გამბიის პრეზიდენტმა იაჰია ჯამემ და როგორ გაუსწორდა ის ათასამდე „კუდიანს”
ექსცენტრიკული მილიტარისტი და ოცდამეერთე საუკუნის დიქტატორი, ადამიანი, რომელიც ამ აფრიკული სახელმწიფოს სათავეში უსისხლო რევოლუციის შედეგად მოვიდა 29 წლის ასაკში და დაიფიცა, რომ 40 წლის განმავლობაში იქნება პრეზიდენტი. გამბიის ქარიზმატული პრეზიდენტი იაჰია ჯამე საკუთარ თავს სასწაულმოქმედს უწოდებს და მოითხოვს, რომ მთელმა მსოფლიომ მას შემდეგნაირად მიმართოს – „მისი უდიდებულესობა, შეიხი პროფესორი ალჰაჯი, დოქტორ იაჰია აბდულ-აზიზ ჯემუს იუნკუნ ჯამე”. გთავაზობთ ამ აფრიკელი დიქტატორის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს.
* იაჰია ჯამე 1965 წელს დაიბადა კანილაიში – გამბია. სკოლის პერიოდში იგი ინგლისური და ფრანგული ენების, ბიოლოგიის, გეოგრაფიის და ფიზიკის საგნების შესწავლით იყო გატაცებული, თუმცა თავისი მომავალი სამხედრო საქმეს დაუთმო. სკოლის დასრულებისთანავე, იაჰია გამბიის ნაციონალურ ჟანდარმერიაში მსახურობდა. იქიდან გამბიის ნაციონალურ არმიაში გადავიდა, და სხვადასხვა ქვედანაყოფებში იმსახურა. 1986 წელს იაჰია სერჟანტი გახდა, ხოლო 1987 წელს – ლეიტენანტი. 1989-1990 წლებში იგი პრეზიდენტის გვარდიაში მსახურობდა და საპრეზიდენტო ესკორტის გადაადგილებას ხელმძღვანელობდა. 1991-1993 წლებში იაჰია ჯამეს გამბიაში გამართული რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებოდა. ეს იყო რომის პაპის ვიზიტის და სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტების ვიზიტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 1993-1994 წლებში იაჰია ჯამე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამხედრო კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს გადიოდა. ალაბამის შტატ ფორტ მაკლელენის სამხედრო პოლიციაში სწავლის პერიოდში იგი ჯორჯიის შტატის საპატიო მოქალაქე და ალაბამის შტატის საპატიო ლეიტენანტი გახდა. იმავე წელს მან მიიღო დიპლომი სამხედრო მეცნიერებაში.
* იაჰია ჯამე 1994 წელს გამბიაში მომხდარი უსისხლო რევოლუციის მთავარი შემოქმედია. მისი ხელმძღვანელობით, სამხედრო პოლიციამ, მთავრობის გადაყენება მოითხოვა და პრეზიდენტ დაუდის გაქცევა აიძულა. საინტერესოა, რომ რევოლუციის მოწყობის ძირითადი მიზეზი იყო: საცხოვრებელი სახლების უქონლობა, საკვები პროდუქტების დეფიციტი, პირადი შემადგენლობის დაბალი ხელფასი და ნიგერიაში ნასწავლი სამხედრო კადრებით ადგილობრივი კადრების ჩანაცვლებით გამოწვეული უკმაყოფილება.
* გამბია იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც აკრძალულია პრეზიდენტის ან მთავრობის კრიტიკა. ქვეყნის ერთადერთი ტელეარხი, რადიოსადგურები, მათ შორის კერძო, და ჟურნალ-გაზეთები სამთავრობო კონტროლის ქვეშ მოღვაწეობენ. თუკი რომელიმე ჟურნალისტი პრეზიდენტის საწინააღმდეგო სტატიას ან რეპორტაჟს მოამზადებს, იგი უმალ დაკარგავს ლიცენზიას და კატორღაზე გაიგზავნება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ, ბრიტანელი მისიონერების ოჯახს, რომლებმაც ღიად გააკრიტიკეს იაჰია ჯამე, გამბიის სასამართლომ 6 ათასი გირვანქა სტერლინგის ჯარიმის გადახდა და ერთწლიანი კატორღა შეუფარდა. ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის” ცნობით, გამბია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მხრივ, 171-ე ადგილს იყოფს რუსეთის ფედერაციასთან ერთად.
* პრეზიდენტ იაჰია ჯამეს განკარგულებით, გამბიის მოქალაქეებს აეკრძალათ ფეხბურთის თამაში. მას, ვინც არ დაემორჩილება ამ განკარგულებას და მაინც ითამაშებს ფეხბურთს ერთიდან სამ წლამდე პატიმრობა შეეფარდება. პრეზიდენტის თქმით, ახალგაზრდებმა იმის ნაცვლად, რომ გამბიის ეკონომიკის აღორძინებაზე იზრუნონ ფეხბურთის თამაშით ირთობენ თავს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
* გამბიის პრეზიდენტ იაჰია ჯამეს პირადი განკარგულებით, ქვეყნის ტერიტორიაზე „კუდიანებზე” ნადირობა დაიწყო. ათასამდე ადამიანი იყო დაკავებული შავ მაგიასთან კავშირის ბრალდებით. ისინი სპეციალიზებულ საპატიმროებში იყვნენ მოთავსებულნი, სადაც მათ სხვადასხვა სახის ჰალუცინოგენებს ასმევდნენ. ამის შედეგად, რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა. არსებობს ვერსია, რომ „კუდიანების” დაპატიმრებებში იაჰია ჯამეს პირადი დაცვის წევრები მონაწილეობდნენ, რომლებიც პრეზიდენტის უშუალო ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ.
* გამბიის პრეზიდენტმა იაჰია ჯამემ ომი გამოუცხადა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს. სატელევიზიო გამოსვლაში ჯამემ განაცხადა, რომ გამბია არის მორწმუნე ქრისტიანებისა და მუსლიმანების ქვეყანა და მასში ჰომოსექსულებისა და სხვა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირებისთვის ადგილი არ არის. პრეზიდენტმა ყველა „ცისფერს” და „ლესბოსელს” მოუწოდა დატოვონ გამბიის საზღვრები. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი თავის მოკვეთით დაემუქრა ჰომოსექსუალიზმში ბრალდებულ თითოეულ ადამიანს.
* სენსაციური განცხადება, იმის თაობაზე, რომ გამბიის პრეზიდენტი იაჰია ჯამე შიდსისგან კურნავს ადამიანებს, ტყუილი აღმოჩნდა. გამბიის ლიდერი ირწმუნებოდა, რომ მის მიერ შემუშავებულმა მკურნალობის კურსმა, რომელშიც, ძირითადად, ბალახეულისგან დამზადებული წამლები ფიგურირებს, შიდსს კურნავდა, თუმცა ეს ფალსიფიკაცია აღმოჩნდა. სენეგალში, ერთ-ერთ კერძო კლინიკაში გადაგზავნილმა ანალიზებმა აჩვენა, რომ იაჰია ჯამე ტყუის და ადამიანი, რომელიც მან თითქოს განკურნა შიდსისგან ისევ ინფიცირებულია. სხვათა შორის, მსგავს ტყუილებს იაჰია ჯამე ხშირად ამბობს. ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე მან სხვა აფრიკელ ლიდერებს განუცხადა, რომ თავისი ლოცვებით გამბია ნავთობმომპოვებელ სახელმწიფოდ შეუძლია აქციოს. თუმცა, ეს სიტყვები სერიოზულად არავინ მიიღო.
* იაჰია ჯამე თანამედროვე მსოფლიოს 23 დიქტატორს შორის ფიგურირებს. გარდა ამისა, იგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მმართველია, იგი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონთან ერთად, პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტებისა და პრემიერების ათეულში შედის.