მწვანე კუთხე
კითხვა: ბინაში მაქვს ეუფორბია, რომელიც ახლახან შევიძინე, მაგრამ ფოთლები დასცვივდა, რა მიზეზით შეიძლება, იყოს მისი ფოთოლცვენა გამოწვეული და როგორ მოვუარო მცენარეს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?
პასუხი: ახლად ზრდადაწყებულ მცენარეს შესაძლებელია დასცვივდეს ფოთლები, თუმცა თქვენ ამის ნუ შეგეშინდებათ, ეს ბუნებრივია. მთელი წლის განმავლობაში ეუფორბიას კარგი განათება სჭირდება, ზამთარში ყველაზე მზიან ადგილას გაიტანეთ. მისთვის ნორმალურია ოთახის ტემპერატურა, თუმცა თუ სიცხეში ამყოფებთ, ამასაც აიტანს და პრობლემებს არ შეგიქმნით. მისთვის ზამთრის მინიმალური ტემპერატურა 10 გრადუსია. მცენარისთვის ნორმალურია მშრალი და ცხელი ადგილი, ამიტომ გირჩევთ, სამხრეთის ფანჯარაზე დადგათ. რაც უფრო დიდი სივრცე აქვს ეუფორბიას, მით უკეთ იზრდება და ლამაზდება. ზაფხულობით იშვიათად მორწყეთ ეს მცენარე და მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. ზამთარში კი მხოლოდ მაშინ დაასხით წყალი, როდესაც მიხვდებით, რომ მიწა მთლიანად გამოშრა. გირჩევთ ასევე, რომ ზაფხულობით თვეში ერთხელ მორწყათ ბალანსირებული თხევადი სასუქით. გაითვალისწინეთ, ამ მცენარის წვენი კანის გაღიზიანებას იწვევს. ამიტომ, ხელით ნუ შეეხებით მის დაზიანებულ ან გადამტვრეულ ტოტს, რომ წვენი თქვენს სხეულს არ მოხვდეს.
კითხვა: როგორ გავუხანგრძლივო სპარსულ იას ყვავილობა და რა ტემპერატურაზე ვამყოფო ის?
პასუხი: ზრდის მთელი სეზონის განმავლობაში მიწა ტენიანი უნდა იყოს. ორ კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. დამჭკნარი ყვავილები რეგულარულად მოაშორეთ და ასე ყვავილობის პერიოდი გაუხანგრძლივდება. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, ამ მცენარეს მით მეტი ტენი სჭირდება. თუ ბინაში მშრალი ჰაერია, მაშინ ის სველკენჭებიან ლანგარზე დადგით. მისთვის კარგია ოთახის ტემპერატურა. ამ იას გამოსაზამთრებლად მინიმუმ 11 გრადუსი მაინც სჭირდება.
კითხვა: რა სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფო პატარძალა?
პასუხი: ამ მცენარეს კაშკაშა სინათლე სჭირდება, მაგრამ მოარიდეთ შუადღის მზეს. რაც შეეხება ტემპერატურას, პატარძალას უყვარს სიგრილე, მაგრამ ოთახის ტემპერატურაზეც ძლებს. ზამთარში მინიმუმ 14 გრადუსი უნდა იყოს, რომ მცენარემ თავი კარგად იგრძნოს. დადგით დაჩრდილულ სასტუმრო ოთახში.