ვინ იყო იტალიელი ქალი ლუჩია და რა ემართებოდა ნოდარ დუმბაძეს საკუთარ ხუმრობებზე
ცრემლიანი და ტკივილიანი სიცილით, უშუალო დიალოგებითა და საოცარი გულწრფელობითაა გაჯერებული ნოდარ დუმბაძის ყოველი სტრიქონი, რომლითაც მკითხველის გულში შეაღწია და ყველა ის შარა და ორღობე, რაც კი ცხოვრებაში გაუვლია, საკუთარი კალმით მოგვატარა. ის ყველას უყვარდა... და უყვარს... დღესაც პოპულარულია... ჩვენი რესპონდენტი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ნორა კოტინოვი ამ მწერლის ცხოვრების უცნობ დეტალებზე და მასთან ერთად გატარებულ დღეებზე გვესაუბრება.
ნორა კოტინოვი: ნინოშვილის ქუჩაზე ¹48-ში ვცხოვრობდით მე, ჩემი ორი და და დედაჩემი. ნოდარი მთელ დღეებს ჩვენთან ატარებდა, მხოლოდ დასაძინებლად მიდიოდა თავის ერთოთახიან ბინაში, რომელიც სამი ოთახიდან ნოდარსა და მის დას დაუტოვეს 1937 წლის რეპრესიების შემდეგ. ის დედაჩემის ძმისშვილი იყო. ეს ის პერიოდია, როდესაც ნოდარი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1945 წელს ოლღა ბებიას დაემშვიდობა და შუშანა მამიდასთან ჩამოვიდა თბილისში. მაშინ შიმშილობა იყო, მოგეხსენებათ. ამ პერიოდში დედა მუშაობდა რკინიგზის საბავშვო ბაღში. საღამოობით, რომ მოდიოდა, ბავშვების ნარჩენი საჭმელებით ავსებდა ჩანთას და ჩვენ იმით გვკვებავდა. ნოდარი ამაზე ხუმრობდა: მამიდას მარჯვენა ხელი დაგრძელებული აქვს ჩვენთვის ამ ნარჩენების ზიდვითო. ცხოვრების ეს მომენტი იმდენად შემორჩა მის მეხსიერებას, რომ თავისი რომანების პირველ კრებულს, რომელიც 1974 წელს გამოვიდა, ასეთი მინაწერი გაუკეთა: „ძვირფას მამიდას მისი დაპურებული ძმისშვილისგან.”
ნოდარს დედის მაგივრობას უწევდნენ ბებია და მამიდები. დედის სითბოს მათში პოულობდა. როდესაც დედა ჩამოუვიდა გადასახლებიდან, იმდენად გაუცხოებული იყო, ისევ დედაჩემთან მოდიოდა ხოლმე. რამდენჯერ გაუბრუნებია დედაჩემს. მოეფერებოდა და დაემშვიდობებოდა, წადი ახლა, დედას ჩაეხუტეო. ნოდარს ერთი წელი დასჭირდა, რომ მისთვის დედა დაეძახა.
– ნოდარ დუმბაძის სტუდენტობის შესახებ გვიამბეთ.
– სხვათა შორის, თავდაპირველად, ნოდარი აბარებდა სამედიცინო ინსტიტუტში, მაგრამ დაბალი ქულების გამო, ჩაირიცხა ეკონომიკის ფაკულტეტზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც მაშინ სტალინის სახელობის იყო, თუმცა, ის ყოველთვის ხუმრობდა ამასთან დაკავშირებით და ამბობდა: მე ფორმით ეკონომისტი ვარ, შინაარსით კი ფილოლოგიო. მაშინ ფილოლოგიური ფაკულტეტი ყველაზე პრესტიჟულად ითვლებოდა. იქ ჩასაბარებლად საჭირო იყო ან მედალოსნობა, ან მაქსიმალური ქულები – 20 ქულა ოთხ საგანში. ამიტომ, როდესაც სკოლა დავამთავრე, ჩემი მედლიანად წავედი, გამყვა ნოდარი და საბუთები ფილოლოგიურ ფაკულტეტზე შემატანინა. ფაქტობრივად, სტუდენტობაც ჩემთან ერთად გაიარა. ის თითქმის ყველა ლექციას ესწრებოდა. ნოდარი საოცრად კონტაქტური იყო. ჰქონდა ადამიანებთან სწრაფი დაახლოების ფენომენალური ნიჭი, მისი სულიერი სამყაროს ათვისებისა და შეტკბობისა. ისე უეცრად მოგაქცევდათ თავისი გავლენის ქვეშ, რომ გააზრებასაც ვერ მოასწრებდით. შეუძლებელი იყო ამ გავლენისგან თავისი დაღწევა. მის გვერდით სხვა რამეზე ან ვინმეზე ვერ იფიქრებდით, მთელი არსებით გიპყრობდათ და გაიძულებდათ მხოლოდ მისთვის გეცქირათ და გესმინათ, განშორების შემდეგ კი კვლავ მასზე გეფიქრათ და მასთან შეხვედრა გსურვებოდათ. ჩემს გარშემო ყველას ნოდარის სახელი ეკერა პირზე. ნოდარმა ლექსების წერაც სტუდენტობის პერიოდში დაიწყო, როდესაც მე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი.
– რამდენი წელი იყო თქვენსა და ნოდარს შორის ასაკობრივი სხვაობა?
– ნოდარი ჩემზე ორი წლით უფროსი იყო. მისი ლექსები პირველად ჩემმა ჯგუფელებმა მოისმინეს, რომელთა შორისაც ნოდარი ძალიან პოპულარული გახლდათ. სხვათა შორის, მე მანამდე დავწერე ლექსი (პირველი და უკანასკნელი) მეზობლის დაღუპულ შვილზე. ნოდარმა რომ ნახა, მომბაძა და როგორც შემდეგ აღმოჩნდა, საკმაოდ შედეგიანად. მაგრამ, რაც შეეხება ჩემს ლექსს, ის მუდამ მაბრაზებდა და მეუბნებოდა, თემა უნდა მოგიძღვნა სახელწოდებითო: „მიცვალებულები ნორა კოტინოვის შემოქმედებაში”.
უკვე სკოლას ვამთავრებდი და თემებს რომ ვწერდი, ნოდარის (ჯერ კიდევ უცნობის) ლექსების ციტატებს ვიყენებდი. ჩემი ქართულის მასწავლებელი იყო პროკლე ტაბიძე, გალაკტიონის უფროსი ძმა. ერთხელ დამიძახა და მკითხა, ვისია ეს ლექსებიო. მეც ვუთხარი და მისივე თხოვნით, ნოდარისგან მალულად ლექსებიც წავუღე. პროკლეს ეს ლექსები გალაკტიონისთვის წაუღია, რომელსაც ძალიან მოსწონებია და ამის შესახებ თავის უბის წიგნაკში წერს: ჩემმა ძმამ აბესალომმა (ასე უწოდებდნენ ოჯახში პროკლეს) რკინიგზის შკოლიდან მომიტანა ახალგაზრდა პოეტის, ნოდარ დუმბაძის უცნობი ლექსები. „ეს ახალგაზრდა კარგად წერს. მე ის მიწოდებს მესიას“... ეს ჩანაწერი ამჟამად ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში ინახება.
– ესე იგი, შეიძლება ითქვას, ნოდარ დუმბაძის, როგორც პოეტის ერთ-ერთი პირველი შემფასებელი გალაკტიონ ტაბიძე ყოფილა.
– ასე გამოდის. თუმცა, ნოდარი თავს პოეტად არ მიიჩნევდა და თვლიდა, რომ რომანებსა და მოთხრობებს უკეთ ართმევდა თავს.
1946 წელს, სანამ ნოდარის დედა დაბრუნდებოდა გადასახლებიდან, დაბრუნდა მამაჩემი და ოჯახში დახვდა ნოდარი, რომელიც მიიღო თავის მეოთხე შვილად და პირველ ბიჭად. ის ხომ მუდამ ვაჟზე ოცნებობდა. ნოდარსაც საოცრად უყვარდა ვანიჩკა ბიძია, ისე რომ, ღვიძლი ბიძებიც კი ეჭვიანობდნენ.
– როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ?
– საუკეთესო. მამაჩემმა ასწავლა ნოდარს ჭადრაკის თამაში. ერთხელ ნოდარმა მოუგო მას. მამაჩემმა გაიკვირვა: როგორ, მე თამაში დამავიწყდა, შენ როგორ მიგებო?! ნოდარმა უპასუხა: ვანიჩკა ბიძია, შენ კი არ დაგავიწყდა თამაში, – მე ვისწავლეო. მამა და ნოდარი ერთად სვამდნენ ხოლმე. მამაჩემს ის ძალიან ხშირად აყოლებდა ომის ამბებს, რომელიც, სხვათა შორის, შემდეგ უკვე ნაწარმოებებში გამოიყენა. დედაჩემი მათ ერთი ჭკუისებს ეძახდა. მოთხრობაში „ასტვაც უნჩუ ჰამარ” (ანუ ღმერთო, რისი გულისთვის), რომელიც ნოდარმა მამაჩემზე დაწერა, მოთხრობილი აქვს იტალიელ ქალბატონ ლუჩიაზე. ამ ლუჩიასთან მამას ტყვეობის პერიოდში უცხოვრია იტალიაში და ეს ამბავიც, როგორც ჩანს, ნოდარს უამბო. ჩვენ მხოლოდ მოთხრობაში წაკითხვის შემდეგ შევიტყვეთ.
ნოდარს ძალიან უყვარდა ზედმეტი სახელების შერქმევა. თითქმის ყველა ახლობელს უძებნიდა ხოლმე შესატყვის მიმართვას. მაგალითად, დედაჩემი მკერდსავსე და ფერხორციანი ქალი იყო და ნოდარი მას „ბამბავოზ” მამიდას უძახდა. ნოდარის დაც ხორცსავსე გახლავთ, ლეილა შავგვრემანია და მას ნოდარი „ჩორნა ბულკას” ეძახდა.
– თქვენ რას გეძახდათ?
– მე ბავშვობაში ბაბუამ შემარქვა „ნორიჩკობა” და დღემდე ასე მეძახიან დუმბაძეები. აი, ჩემს მეუღლეს კი, რომელიც მხატვრული სტვენით იყო ცნობილი, ნოდარმა „სვისტოკი” დაარქვა. რომ შემხვდებოდა ხოლმე მეკითხებოდა: რავა ხარ, ცა? რას შვრება შენი „სვისტოკი“ ქმარიო. ამის შემდეგ მიუბრუნდებოდა ხოლმე ჩემს უფროს ქალიშვილს, დღეს უკვე მევიოლინეს, ციცინო ასათიანს. რას შვრები, შვილო, ამდენი ხანია ხერხავ მაგ ვიოლინოს და ვეღარ გადახერხეო? თავის ხუმრობაზე თვითონვე იგუდებოდა სიცილით. სულ ხუმრობდა. მან ერთხელ გულრიფში თავის აგარაკზე სტუმრად ჩაიყვანა დედაჩემი, თავისი „ბამბავოზი” მამიდა. ერთ დღესაც გაიღვიძა დედამ და ეძებს ეგრეთ წოდებულ, ლიფს. ამ დროს ნოდარი შეეხმიანა, რას ეძებ მამიდაო? რომ შეიტყო რაშიც იყო საქმე, გამოსძახა: მამიდა ეზოში ჰამაკია ჩამობმული და ზედ ბავშვები ქანაობენ. ის ხომ არ არის, რასაც შენ ეძებო?
ნოდარი რასაც ყვებოდა, ასახიერებდა კიდეც, სხვათა შორის, ამის ნიჭიც ჰქონდა. ერთხელ ანეკდოტს ყვებოდა და თან წარმოადგინა, როგორ ჯდება მთვრალი მამაკაცი ტაქსიში. ამაზე იმდენი ვიცინეთ, სხვათა შორის, არ ვაჭარბებ, ბიძაჩემმა სიცილისგან ვეღარ ამოისუნთქა, გავიდა გარეთ, გული წაუვიდა და დაეცა. ამის გამო ნოდარსაც მიტკლის ფერი დაედო.
– ჩემთვის ცნობილია, რომ ოჯახში ძალიან ხშირად აწყობდით სიცილის საღამოებს.
– ამ საღამოებზე, რაც კი ხდებოდა, ყველაფერში მთავრობას ადანაშაულებდა ხოლმე ნოდარი და აგინებდა – წვიმის, ჭექა-ქუხილის, გვალვის, მოკლედ, ყველაფრის გამო. პირველად, ჯერ კიდევ შეყვარებული ნანულიც, ერთ-ერთ ასეთ საღამოზე დაპატიჟა ჩვენთან ოჯახში. ამის შემდეგ მათ მალევე იქორწინეს.
მაგონდება როგორ მოვინათლეთ.
– ეს როგორ და როდის მოხდა?
– იმ პერიოდში ნოდარი უკვე სტუდენტი იყო. ჩვენ ექსკურსიაზე ვიყავით შიო მღვიმის მონასტერში და დაგვიღამდა. უკვე ბნელოდა, როდესაც ჩამოვედით მცხეთაში, მაგრამ მაინც წავედით სვეტიცხოველში. ჩვენდა ბედად, იმ ღამეს იქ იყო კალისტრატე ცინცაძე, რომელიც გამოვიდა და ტაძარში შეგვიყვანა. მან ყველაფერი დაგვათვალიერებინა. ამ ურთიერთობამ და თვითონ, პიროვნებამ ჩვენზე დიდი ზემოქმედება მოახდინა. ამის შემდეგ, თბილისში ჩამოსულები, მალევე მოვინათლეთ. ნოდარი ამ დროს 17 წლის იყო, მე თხუთმეტის. მახსოვს, დედამ მე, ნოდარი და ჩემი დები – ნელი და ნაზი დიდუბის ეკლესიაში წაგვიყვანა. ჩაგვაყენეს ოთხივე ერთ გრძელ თუნუქის თასში და მოგვნათლეს. სახლში ყველანი კმაყოფილები დავბრუნდით. ნოდარი გზადაგზა გვაბრაზებდა: ხომ გაპკურეს სამივეს, ჩემი ფეხის ნაბანი წყალიო.
ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და ეს ნათლობაც ჩვენი სულიერი ერთობის საწინდარი იყო. როდესაც ნოდარს პირველად ინფარქტი დაემართა, ყველა საავადმყოფოში გაჰყვა, მე კი გულმა და გონებამ მიკარნახა, წავსულიყავი იმ ტაძარში, სადაც გავქრისტიანდით და მისთვის სანთელი დამენთო. საავადმყოფოში როცა მივედი, ნოდარს საუბარი აკრძალული ჰქონდა. გავაფრთხილე, მხოლოდ მისმინე, არაფერი მითხრა-მეთქი. ეს რომ ვუამბე, სახე გაებადრა, უდიდესი კმაყოფილება გამოეხატა. მართალია, როგორც ცენტრალური კომიტეტის წევრი, ეკლესიაში ვერ ჩნდებოდა, მაგრამ ის საოცრად მორწმუნე იყო. მე დღესაც ვლოცულობ მისი სულისთვის.