კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ზეიმობდნენ ოსმალები სიმონ მეფის დატყვევებას სამი დღე-ღამის განმავლობაში და რა როლი შეასრულა ირან-ოსმალეთ-საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქართველმა დიპლომატმა ქალმა გულჩარამ


ქართლის გმირმა მეფე სიმონ პირველმა რთული გზა განვლო. ჯერ იყო და ირანის ტყვეობაში გალია წლები. საბოლოოდ კი ამ მეფემ სიცოცხლე ოსმალთა ტყვეობაში დაასრულა. როგორ არ ეცადნენ მის გამოხსნას ქართველები, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, მის სიცოცხლეში ვერ მოხერხდა. სიმონ მეფის ტყვეობიდან გამოხსნითა და ირან-ოსმალეთის დაზავების საკითხით აქტიურად იყო დაკავებული ქართველი დიპლომატი ქალი გულჩარა. სწორედ ამ ქალბატონისა და მისი საქმიანობის შესახებ გვესაუბრება ინტერვიუში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ სვანიძე.


მიხეილ სვანიძე: ირანსა და ოსმალეთს შორის ომში საქართველო ირანის მოკავშირე იყო. ოსმალებთან შეიარაღებული ბრძოლის გარდა, სიმონ პირველი დიპლომატიური საშუალებებითაც ცდილობდა დამპყრობლების საქართველოდან განდევნას. მოგეხსენებათ, 1590 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის ზავი დაიდო. პარალელურად, შაჰ-აბასი ახალი ომისთვის მზადებას შეუდგა. ქართველებს ორივე ერთნაირად სძულდათ, მაგრამ ახლა ქვეყანას საფრთხე უშუალოდ ოსმალეთიდან ემუქრებოდა და ისინი ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში ირანს დაუკავშირდნენ.

– ამის შემდეგ იქმნება ანტიოსმალური კოალიცია?

– შაჰ-აბასმა, კახთა მეფემ ალექსანდრემ და ქართლის მეფე სიმონმა კავშირი შეკრეს და გეგმის განსახორციელებლად გარკვეული ნაბიჯიც გადადგეს. სიმონმა ოსმალეთთან ომი განაახლა, ხოლო ალექსანდრემ – ხარკის გადახდა შეუწყვიტა. თავის მხრივ შაჰმაც ოზბეგები დაამარცხა და თავრიზის მახლობლად თავისი ძალების დათვალიერება მოაწყო. მომდევნო წელს სიმონ პირველმა ხანგრძლივი ალყის შემდეგ გაათავისუფლა ქალაქი გორი. გორის ციხის აღება საფრთხეს უქმნიდა ჩვენში ოსმალთა ბატონობას. შესაძლებელი იყო, რომ სიმონის მაგალითისთვის ამიერკავკასიის სხვა ქვეყნებსაც მიებაძათ.

ამიტომ, ოსმალეთის სულთანმა სიმონ მეფის წინააღმდეგ თავრიზისა და განჯის ბეგლარბეგი ჯაფარ-ფაშა გამოაგზავნა. მტრის სიმრავლისა და ადგილობრივი ფეოდალების ღალატის გამო, ქართველები დამარცხდნენ, სიმონი კი ტყვედ ჩაუვარდათ ოსმალებს. სომეხი ისტორიკოსი არაქელ თავრიზელი წერს: როდესაც სულთანმა სიმონ მეფის დატყვევების ამბავი შეიტყო, ბრძანა მთელი თავისი იმპერიის ქალაქებში ქუჩები მოერთოთ, სამი დღე და ღამის განმავლობაში ეუქმათ და ემხიარულათო. ქართველი მეფე სტამბულში ჩაიყვანეს და იედი კულეს ციხეში გამოკეტეს.

– რა თქმა უნდა, ქართველები შეეცადნენ თავისი მეფის გამოხსნას...

– ამასთან დაკავშირებით შაჰ-აბასის ისტორიკოსი გვიამბობს, რომ ოსმალების მიერ სიმონ მეფის დატყვევების შემდეგ სტამბულში გააგზავნეს ქართველი ქალი სახელად გულჩარა, რომელიც მისი აღმატებულება შაჰის კარზე იმყოფებოდა და ოჯახის (დინასტიის) ნათესავთაგანი იყო. როდესაც სიმონ მეფე ირანის ტყვეობისგან გათავისუფლდა, გულჩარაც საქართველოში დაბრუნებულა მეფესთან ერთად. იმის შემდეგ, რაც ქართლის მეფე ოსმალების ტყვეობაში აღმოჩნდა, იმ გვარის ქალებმა (დინასტიის) ზემოხსენებული ქალბატონი სტამბულში გაგზავნეს, რომ მას მომსახურება და ზრუნვა აღმოეჩინა მეფისთვის. გულჩარა დაუახლოვდა სულთან მეჰმედის პატივცემულ დედას და მოხერხებული ქცევითა და წესიერი სამსახურით მისი ნდობა მოიპოვა.

– მაშასადამე გულჩარა ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელი ყოფილა?

– ამასთან დაკავშირებით განსხვავებულ ცნობას გვაწვდის შაჰ-აბასის კარზე მყოფი პორტუგალიელი ელჩი ანტონიო გოვეა. მის მიხედვით, სტამბულში ჩავიდა ქართველი ქალი გულჩარა და სულთნის დედის ნდობა დაიმსახურა. ეს ადამიანი გულჩარას შეცდომით სიმონ მეფის მეუღლედ მიიჩნევს. ქართული წყაროებიდან კი ცნობილია, რომ სიმონს ცოლად ჰყავდა ლევან-კახთა მეფის ქალიშვილი ნესტან-დარეჯანი. გიორგაძე ეყრდნობა გოვეს ამ ცნობას და გამოთქვამს აზრს, რომ გულჩარა სიმონ მეფის ხარჭა იყო. გაბაშვილის, აზრით კი, გულჩარა სიმონის ახლობელი ქართველი მანდილოსანი უნდა ყოფილიყო.

– როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენ მრავალ ისტორიულ წყაროს გაეცანით, რომელიც გულჩარას ვინაობის სხვადასხვა ვარიანტს გვთავაზობს. მათი ანალიზის საფუძველზე, როგორ დასკვნას გააკეთებთ, მაინც ვინ იყო გულჩარა?

– ჩემი აზრით, გულჩარა სიმონ მეფის შვილიშვილი უნდა ყოფილიყო.

1603 წელს 22 დეკემბერს გარდაიცვალა სულთანი მეჰმედ მესამე და ტახტზე ავიდა 14 წლის აჰმად პირველი. ამ დროს მთელ სახელმწიფო საქმეებს სულთნის დედა განაგებდა. ამ პერიოდში სასახლის კარზე დაწინაურდა გურჯი მეჰმედ-ფაშა. სწორედ მას უნდა გაეწია გარკვეული დახმარება მიზნის განხორციელებაში. სტამბულში ჩასული ქართველებისთვის. შედეგად, გულჩარა დაუახლოვდა სულთნის დედას და მისი ნდობა დაიმსახურა.

ირანთან ომში ოსმალეთი მარცხდებოდა. ამავე დროს ის ევროპაში ავსტრიის იმპერიას ეომებოდა. ოსმალეთში გლეხთა აჯანყებები გრძელდებოდა. ნათელი იყო, რომ ოსმალეთის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდებოდა ირანთან დაზავების შედეგად. საფიქრებელია, რომ გულჩარამ აცნობა სულთნის დედას, რომ სიმონ მეფე შაჰ-აბასის სიმამრი იყო, შაჰი მას პატივს სცემდა და ანგარიშს უწევდა. შაჰ-აბასის კარზე დიდი გავლენითა და ავტორიტეტით სარგებლობდა ზეინაბ ბეგუმი, შაჰის მამიდა, რომელთანაც კარგი ურთიერთობა აკავშირებდა სიმონ პირველს, ჯერ კიდევ ირანში ყოფნის დროიდან. ყოველივე ამან, შთაბეჭდილება მოახდინა სულთნის დედაზე და მას სურვილი გაუჩნდა სიმონ მეფე ირანთან დაზავების საქმეში გამოეყენებინა.

– ამ სურვილს კონკრეტული ქმედებები თუ მოჰყვა?

– სულთნის დედამ გულჩარა და სიმონ პირველი მართლაც გაგზავნა ზეინაბ ბეგუმთან და თან, წერილი გაატანა მასთან. სთხოვდა, შაჰ-აბასის მამიდას ზეგავლენა მოეხდინა ძმისშვილზე და უარი ეთქმევინებინა ოსმალეთთან ომზე. ერთი სიტყვით, სიმონ მეფეს შაჰისთვის ოსმალეთთან ზავის დადება უნდა ეთხოვა და ამ რთულ საქმეში გულჩარა დახმარებოდა. ერთი კვირის გამგზავრებულებიც არ იყვნენ, რომ სულთანმა გადაწყვეტილება შეცვალა, სიმონ მეფე უკან დააბრუნებინა და მხოლოდ გულჩარას დაევალა ამდენად საპასუხისმგებლო მისიის შესრულება.

– რატომ შეცვალა სულთანმა გადაწყვეტილება?

– გოვეას აზრით, სულთნის ამ საქციელის მიზეზი არა მარტო იმის შიში იყო, რომ სიმონი უკან აღარ დაბრუნდებოდა, არამედ ის, მისგან შაჰი შეიტყობდა თურქეთის იმპერიის ნამდვილ მდგომარეობას, იმ უმწეობას, რაც სუფევდა კონსტანტინოპოლში.

– როგორ გაართვა გულჩარამ თავი დაკისრებულ ვალდებულებას?

– ოსმალეთის დიდმა ვეზირმა გულჩარას თან გააყოლა თურქი ჩაუში მურად აღა. შაჰ-აბასი ამ დროს ზეინაბ ბეგუმთან სევანის ტბის მახლობლად იმყოფებოდა. მათ დიდი პატივით მიიღეს გულჩარა, რომელმაც მათ სულთნის დედისა და სიმონ მეფის წერილები გადასცა.

შაჰი ოსმალეთს ზავზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდებოდა, თუ ეს უკანასკნელი „დაუბრუნებდა ყველა იმ მიწას, რომელიც ფეხქვეშ გათელა ისმაილის ცხენმა”. ანუ, ზავის დადების პირობად მოითხოვდა 1555 წლის ირან-ოსმალეთის საზავო ხელშეკრულების აღდგენას, რაზეც ოსმალეთმა ასეთი პასუხი გასცა: „ისმაილის ცხენი ბევრს დარბოდა, რადგან ცუდად ჰქონდა ლაგამი ამოდებული. ამიტომ, ფეხქვეშ გათელა ბევრი მიწა, რომელიც არასოდეს ეკუთვნოდა არც შაჰ-აბასს და არც მის წინაპრებს”...

შაჰ-აბასი დათმობაზე არ მიდიოდა. მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ იგი არც შეწყვეტილა. გულჩარა რამდენჯერმე გაემგზავრა შაჰთან მოსალაპარაკებლად.

საფიქრებელია, რომ ქართველი დიპლომატი ქალი გულჩარა, რომელიც სიმონ მეფის დავალებით ირან-ოსმალეთს შორის ზავის დადებისთვის იღვწოდა, შეეცდებოდა საზავო მოლაპარაკებებისას საქართველოს ინტერესების დაცვასაც. ამიტომ, ვფიქრობ, ყიზილბაშთაგან თბილისის გათავისუფლებაში ღვაწლი მიუძღოდა სიმონ მეფეს და მისი მითითებით მოქმედ გულჩარას.

იმ დროს, მეტად უჩვეულო იყო ქალისთვის ესოდენ საპატიო საქმის დავალება. თუ გავითვალისწინებთ იმ მდგომარეობასაც, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები არცთუ ისეთი ხალისით ჩადიოდნენ იმდროინდელ ოსმალეთში, რადგან თურქები ხშირად არღვევდნენ საერთაშორისო ნორმებს – უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს ციხეებში ამწყვდევდნენ და სიკვდილითაც კი სჯიდნენ, მაშინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება გულჩარას როლი საქართველო-ოსმალეთ-ირანის რთული პოლიტიკური ურთიერთობის მოწესრიგებაში.

– საბოლოოდ, რა შედეგს მიაღწია გულჩარას მცდელობამ, გაფორმდა თუ ვერა ზავი ირანსა და ოსმალეთს შორის?

– 1612 წლის 20 ნოემბერს სტამბულში ოსმალეთსა და ირანს შორის ზავი დაიდო. ჰამერი „ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში” აღნიშნავს: „ქართველმა ქალმა შეათანხმა ზავი ოსმალეთსა და ირანს შორის”.

მართალია ამ ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი საქართველოს შესახებ, მაგრამ 1612 წლის ზავით, ძირითადად, აღნიშნულ იქნა 1555 წლის ზავის პირობები, რომლის მიხედვითაც, საქართველო ოსმალეთსა და ირანს შორის ორად იყო გაყოფილი. ქართლ-კახეთი ირანს რჩებოდა, ხოლო დასავლეთ საქართველო და სამცხე – ოსმალეთს. საყურადღებოა, რომ ზავის დადების დროისთვის ირანის გარნიზონი ქართლ-კახეთის ციხეებში აღარ იმყოფებოდა. ყიზილბაშთა ჯარები ქართლ-კახეთის ციხეებიდან გაიყვანეს სიმონ მეფის „კეთილმოსურნეობით”, რაც საქართველოსთვის დიდი წარმატება გახლდათ.

ამ ზავის დადების შედეგად, ქართლ-კახეთის სამეფოების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ცხადია, ზავის დადების შემდეგ გულჩარა სულთანს სთხოვდა, სიმონ მეფის ტყვეობიდან გათავისუფლებას, როგორც ამას სულთანი პირდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ დროს სიმონ მეფე ცოცხალი აღარ იყო. ის 1611 წელს გარდაიცვალა იედი კულეს ციხეში. გულჩარა სთხოვდა სულთანს ნებართვას, რომ სიმონის ნეშტი სამშობლოში ჩამოესვენებინათ. ზავის დადების შემდეგ 1614 წელს საქართველოში ჩამოასვენეს სიმონ მეფის ნეშტი და მცხეთაში სვეტიცხოველში მეფეთა საძვალეში დაასაფლავეს. ვფიქრობ, ამაში გარკვეული ამაგი გულჩარას მიუძღვის.

გულჩარა ბაგრატიონი იმ სახელოვან ქართველთაგანია, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით დიდი წვლილი შეიტანეს სამშობლოს ინტერესების დაცვისა და კეთილდღეობის საქმეში.


скачать dle 11.3