ვინ ალამაზებს „შუა ქალაქის“ მსახიობებს და რა შეცვალეს მის ცხოვრებაში „კრისტიან დიორის“ წარმომადგენლებმა
პროფესიით მხატვარი და სპორტზე შეყვარებული ქალბატონი, ირინა იამანიძე, უკვე რვა წელია ვიზაჟისტის პროფესიას ემსახურება. მისი ამ საქმით „მოწამვლა“ ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში დაიწყო, მაშინ, როცა პირველი მაკიაჟი გაუკეთეს. პირველი პირველია, მაგრამ, იმასაც ხომ გააჩნია, ვინ გიკეთებს? მის გარეგნობაზე პირველად, არც მეტი, არც ნაკლები, „კრისტიან დიორის“ წარმომადგენლებმა იზრუნეს. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ჩვენმა რესპონდენტმა არჩევანი ვიზაჟისტის პროფესიაზე შეაჩერა. იგი ტელეკომპანია „იმედში“ მუშაობს და მის ხელში არხის თითქმის ყველა ტელესახეს გაუვლია.
– რამდენი ხანია, ვიზაჟისტის პროფესიით ხართ დაკავებული?
– რვა წელია. კომუნისტების დროს საფრანგეთიდან თბილისში „კრისტიან დიორის“ წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და რამდენიმე ჩვენება ჩაატარეს. ერთ-ერთს მეც ვესწრებოდი. უცებ ფრანგებმა ხელი დამტაცეს, სცენაზე ამიყვანეს და მაკიაჟი გამიკეთეს. 14 წლის ვიყავი და ეს ჩემი პირველი მაკიაჟი იყო. სწორედ მაშინ გავხდი „ავად,“ გავგიჟდი, გადავირიე, რადგან ვიგრძენი, რამხელა სახეცვლილება და გარდასახვა მოხდა ჩემში. მივხვდი, რამდენი რამის წინ წამოწევა და შეცვლა შეიძლებოდა ქალის გარეგნობაში. მას მერე გაასმაგებული ინტერესი გამიჩნდა ამ საქმიანობის მიმართ. შეიძლება ითქვას, მაშინ დავიწყე პირველი ცდები საკუთარ თავზე.
– ანუ, „კრისტიან დიორი“ თქვენს არჩევანში მთავარი „დამნაშავე“ ყოფილა.
– საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ფრანგები მთავარ დამნაშავეებად მიმაჩნია, რადგან ძალიან ბევრი რამ მომწონს მათი და სილამაზის ინდუსტრიაში ძალიან მაგრები არიან. ისინი ყველაფერში პირველობენ, მოდა იქნება ეს, თუ კინემატოგრაფი.
– ხშირად ადამიანები, რომლებთანაც ვიზაჟისტი მუშაობს, პრეტენზიულები არიან, არ ეთანხმებიან მას რომელიმე შტრიხთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. თქვენს შემთხვევაში როგორ ხდება?
– აუცილებლად უნდა გაითვალისწინო მათი აზრი, რადგან ადამიანი თვითონ უნდა დარჩეს ამ გარეგნობასთან და თავი ძალიან კომფორტულად უნდა იგრძნოს. შეიძლება, ურჩიო, განაწყო და რომ შეგეჩვევა, მერე უკვე გენდობა და ექსპერიმენტებზე მოდის.
– ტელეკომპანია „იმედში“ დიდი ხანია მუშაობთ?
– სანამ ტელეკომპანია „იმედი“ ეთერში გავიდოდა და საცდელი ჩანახატები კეთდებოდა, მე უკვე გადასაღებ მოედანზე ვიდექი და ვმუშაობდი.
– მუშაობთ ძალიან პოპულარული სერიალის „შუა ქალაქის“ მსახიობებთანაც...
– საერთოდ, რაც კი გადაცემები გადიოდა „იმედში“, ყველამ ჩემს ხელში გაიარა. ახლა ცოტა შეიცვალა სტრატეგია, სხვა სიტუაციაში ვმუშაობთ. მაქვს საინფორმაციო, ჩემი დღეები, მყავს ჩემი წამყვანები და, აქედან გამომდინარე, „აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ“ მქვია.
– რომელ წამყვანებს უკეთებთ ვიზაჟს?
– პარასკევს საინფორმაციოს წამყვანებთან ვმუშაობ, შაბათს – ნათია კობერიძის გადაცემაზე „სპეციალური რეპორტაჟი,“ ოთხშაბათს – „შუა ქალაქში,“ ხოლო ხუთშაბათს – „ღამის შოუში.“
– „შუა ქალაქის“ მსახიობებიდან ყველა გიჯერებთ?
– „შუა ქალაქში“ აბსოლუტურად ყველა მიჯერებს, ყველა ძალიან კეთილი და კარგი ადამიანია და ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტზე ვმუშაობ. მათთან ერთად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
– მსახიობები უფრო პრეტენზიულები არიან თუ ჟურნალისტები?
– ჟურნალისტები, მართალია, კმაყოფილები რჩებიან, მაგრამ უფრო თავშეკავებულები არიან, ამაზე ბევრს არ გელაპარაკებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ შენ ხარ პროფესიონალი და აკეთებ იმ საქმეს, რაც მათ გამოადგებათ. რაც შეეხება მსახიობებს, იქ უფრო იგრძნობა ემოციური მომენტი კომპლიმენტის სახით, რადგან იქ ერთსა და იმავეს არასდროს ვაკეთებ. მე ერთ რამეს მივხვდი: თუ ადამიანი, რომელსაც მაკიაჟი გაუკეთე, საკუთარ თავს სარკეში გაუღიმებს და ისე გადის შენი ოთახიდან, ესე იგი, ძალიან კმაყოფილია. მე კი იმით ვარ კმაყოფილი, ისინი რომ არიან კმაყოფილები და მათი დღე წარმატებული იქნება.
– რა პროფესიის ხართ?
– სამხატვრო აკადემია და ნიკოლაძე მაქვს დამთავრებული, მხატვარი ვარ, მაგრამ იმდენად მიყვარდა ეს საქმე, რომ ვიზაჟისტობაზე გავაკეთე არჩევანი. ეს ის საქმეა, რომელიც მე მიყვარს. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს, რომელიც უყვარს.
– თქვენთვის საკუთარ თავზე უფრო ძნელია მუშაობა თუ სხვაზე?
– საკუთარ თავზე უფრო ძნელია და, გეტყვით, რა თვალსაზრისით: როცა თვალზე მუშაობ, რაღაც მომენტში ერთი თვალი უნდა მოხუჭო, მეორე კი ღია გქონდეს და უყურებდე, რას აკეთებ. მშურს იმ ქალბატონების, რომლებსაც შეუძლიათ, სარკის გარეშე პომადა ისე წაისვან ტრანსპორტში, რომ ერთი „აცდენაც“ არ მოუვიდეთ. ამ ეტაპზე ჩემთვის სხვაზე უფრო ადვილია მაკიაჟის გაკეთება, მაგრამ, ალბათ, იყო დრო, როცა პირიქითაც ხდებოდა. ერთს გეტყვით: როცა ადამიანის სახეს შეჩვეული ვარ, ზუსტად ვიცი მისი სახის გეომეტრიული პოზიციები, ანუ, რა უფრო მოუხდება და ასე შემდეგ. ცოტა ძნელია, როცა პირველად უკეთებ ვინმეს მაკიაჟს, თუმცა, იქ არის თავის ოქროს კვეთის ცოდნა, რისი საშუალებითაც ერთი შეხედვით ხვდები ყველაფერს.
– ფრანგებთან აღარ გქონიათ მეტი შეხება?
– პროფესიული შეხება მათთან აღარ მქონია. წასვლით ვერა, მაგრამ, როცა აქ ჩამოდიან, მასტერკლასებს ვესწრები.
– თემას გადავუხვევ, რადგან, არ შემიძლია, ამაზე არ ვისაუბროთ. ქართული ფეხბურთის ლეგენდა, ბატონი შოთა იამანიძე, თქვენი მამა იყო. ამან თუ იქონია თქვენზე გავლენა ფეხბურთის სიყვარულში?
– ფეხბურთის მოყვარული ვიყავი და დღემდე ვარ.
– ვისი გულშემატკივარი ხართ?
– საერთოდ, გერმანული ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და ძალიან მიყვარს. თავის დროზე ჩემი კუმირი ბეკენბაუერი იყო. შეიძლება, ბევრს გაუკვირდეს, როგორ შეიძლება, შოთას შვილს ბრაზილიური, არგენტინული ან ჰოლანდიური ფეხბურთი არ მოსწონდესო, მაგრამ, რა ვქნა, რომ მიყვარს ეს გაწონასწორებული, გააზრებული გერმანული თამაში?! გერმანელებმა ემოციის გარეშე, ზუსტად იციან, რას აკეთებენ. ისინი მუდამ ლიდერები არიან, თუ პირველი არა, მაინც ყოველთვის ლიდერებში გადიან.
– ემოციური მაყურებელი ხართ?
– ჩემი ძმისგან განსხვავებით, ალბათ, უფრო არაემოციური მაყურებელი ვარ. ის ფეხბურთს დიდი ემოციებით ადევნებს თვალს. მე კი მატჩების ყურება მომწონს, ანუ, ვინ უკეთესად თამაშობს. ადრე თბილისში რომ ტარდებოდა საინტერესო თამაშები, ვესწრებოდი, მაგრამ, ბოლო წლებში, სამწუხაროდ, ასეთი რამ აღარ ხდება.
– თქვენს ოჯახში თუ თამაშობს ვინმე ფეხბურთს, ანუ, ტრადიციის გამგრძელებელი გყავთ?
– სამწუხაროდ, არა, უფრო მოყვარულის დონეზე თუ თამაშობენ ჩემი ძმისშვილები. 12 წლის ძმისშვილი მყავს, გოგონა, რომელიც ფეხბურთს სიამოვნებით თამაშობს და ძალიან მოსწონს.
– სპორტის მოყვარული ადამიანი როგორ აღმოჩნდით სამხატვრო აკადემიაში?
– დედა მხატვარი მყავს და მე თვითონაც ვხატავდი ბავშვობიდან. დამთავრებული მაქვს არქიტექტურა-დიზაინი, ანუ ინტერიერის ფაკულტეტი. სულ მინდა ჩემს პროფესიას მივუბრუნდე, მაგრამ, ალბათ, ჯერ მუზა არ მომდის.