სად დაახვედრეს თემო რცხილაძეს ახალთახალი „მერსედესი“ და რით ასიამოვნა ის შეიხის მესამე სიძემ
მომღერალი თემო რცხილაძე ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც მოგზაურობა სიამოვნებას ანიჭებს და ყოველთვის მზად არის სადმე გასამგზავრებლად. მიუხედავად იმისა, რომ მისი დღის რეჟიმი უჩვეულო და გადატვირთულია ევროპაში მოგზაურობის დროს არც ადრე ადგომა გასჭირვებია და არც მეგობრებთან ერთად დროსტარება.
– თემო, გიყვართ მოგზაურობა?
– მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მით უმეტეს, თუ ეს ჩემს პროფესიას უკავშირდება.
– რომელ ქვეყნებში ხართ ნამყოფი?
– ჯობია, ის გითხრა სად არ ვყოფილვარ, უფრო ადვილი იქნება. მიმოგზაურია იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, შვეციაში, შვეიცარიაში, ავსტრიში, საბერძნეთში, ვიეტნამში, ინდოეთში და ასე შემდეგ.
– რომელ ქვეყანაში ინატრებდით სამოგზაუროდ წასვლას?
– სიმართლე გითხრა, ვიეტნამში. მართალია, ადრე, „ნატვრის ხეში“ რომ ვმღეროდი, ვიეტნამში ერთი თვე ვიყავით გასტროლებზე, მაგრამ, სიამოვნებით კიდევ წავიდოდი. მას მერე ვიეტნამზე მაბოდებს. ისე, თუ ქალაქზე მიდგა საქმე, ორი ქალაქია ჩემი – პარიზი და ამსტერდამი.
– ვიეტნამში რა მოგეწონათ?
– ყველაფერი. ვიეტნამში არაჩვეულებრივი ბუნებაა, არაჩვეულებრივი ურთიერთობა იციან, საოცრად ეგზოტიკური მხარეა და ძალიან ლამაზი გოგონები ჰყავთ.
– მოგზაურობა სიამოვნებას განიჭებთ თუ მაინც დამღლელი პროცესია?
– ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მახსოვს, ამსტერდამში რომ ჩავედი, ახალთახალი „მერსედესი“ დამახვედრეს, რომელსაც სულ რაღაც 20 000 კილომეტრი ჰქონდა გავლილი. დამიყენეს „ნავიგატორი“ და, მეც მეტი რა მინდოდა, მანქანა ხომ ისედაც ჩემი სტიქიაა, თუ კარგი მანქანის საჭესთან მიწევს ჯდომა ხომ – საერთოდ. ასე რომ, ქალაქიდან ქალაქში ძალიან კომფორტულად გადავადგილდებოდი.
– რაც შეეხება უცხო ქვეყნების კერძებს?
– საერთოდ, გურმანი ადამიანი ვარ და ძალიან მიყვარს უცხო ქვეყნების ეგზოტიკური კერძების დაგემოვნება. შემიძლია, აბსოლუტურად ყველაფერი გავსინჯო. ძალიან მიყვარს ბაყაყის ბარკლები, რომელსაც, დაახლოებით, ქათმისა და თევზის გემო დაჰკრავს. ბევრს არ სჯეროდა, რომ ბაყაყის ბარკლები გემრიელი საჭმელია, მათ შორის, ეკა ანდრონიკაშვილს, მაგრამ, როგორც კი გასინჯა ეს კერძი, მაშინვე დამირეკა და აღიარა, რომ ძალიან გემრიელია. ამსტერდამში, ერთ-ერთი კონცერტის მეორე დღეს „პახმელიაზე“ რომ გამოვდიოდით, პირველად იქ ვჭამე და ძალიან მომეწონა. ბოლოს თავზე დავადექი ბარმენს – მასწავლე როგორ აკეთებ-მეთქი, მაგრამ, ფირმის საიდუმლო აღმოჩნდა. მიუხედავად მათი მტკიცე უარისა, მაინც მივხვდი, რა კომპონენტებისგან შედგებოდა, რომ ჩამოვედი, მეც მოვამზადე და ძალიან მოეწონათ.
– ხატვა ძალიან გიყვართ. მოგზაურობის დროს თუ დაგიხატავთ ის, რაც იმწუთას თვალით აღგიქვამთ?
– ფრანკფურტში დავხატე და პირველი შემფასებლები ავთო გურგენიძე და მანანა თანდაშვილი იყვნენ, რომლებმაც მირჩიეს, ჩემი ძველი პროფესია დავიბრუნო და სიმღერასთან ერთად ხატვაც გავაგრძელო.
– როგორც აღნიშნეთ, მოგზაურობის დროს ყველა განებივრებდათ და ყველგან ხელგაშლილი გხვდებოდნენ.
– ჩემდა საბედნიეროდ, ძალიან უხაროდათ ჩემთან ერთად ყოფნა და ურთიერთობა. კონცერტის დამთავრების შემდეგ ყველა ერთად გამოხატავდა სიყვარულს. მიხაროდა, რომ ყველა კმაყოფილი მიდიოდა.
– სიურპრიზებს თუ გიკეთებდნენ?
– სულ სიურპრიზებში არ ვიყავი?! ძალიან ბევრი სუვენირი და საჩუქარი მაჩუქეს. ჰამბურგში რომ ვიყავი, ბოლო კონცერტის შემდეგ სასტუმროში არ გამიშვეს და სახლში წამიყვანეს. ქალბატონ მანანას გერმანელი მეუღლე ჰყავს. მკითხა, სიგარა გიყვარსო? კარგი სიგარა ძალიან მიყვარს-მეთქი ვუპასუხე და ვუამბე, რამდენიმე წლის წინ, მოსკოვში, რომელიღაც შეიხის მესამე სიძემ ფანტასტიკური სიგარა მომაწევინა-მეთქი. მისმინა ამ კაცმა, ოთახიდან გავიდა და ცოტა ხანში სიგარით ხელში დაბრუნდა. მის დანახვაზე ისტერიკული სიცილი ამიტყდა, იმსიგრძე სიგარით დაბრუნდა, ორი ხელით უნდა დაგეჭირა. როგორც აღმოჩნდა, ეს უზარმაზარი სიგარა 30 წლის წინ იყო შეხვეული. გავგიჟდი, ამას როგორ მოვწევ ანტიკვარია-მეთქი. მოკლედ, ის სიგარა მაჩუქეს და თბილისში გამომატანეს, მასზე ცოტა პატარა ზომის სხვა სიგარა კი მომაწევინეს. სასწაული სირბილე და არომატი ჰქონდა.
– კიდევ ხელუხლებელი გაქვთ ნაჩუქარი სიგარა?
– რას ამბობ, სახლში ანტიკვარი მიდევს და როგორ მოვწევ... ეხლა სპეციალური დასადგამი უნდა გავუკეთო და იქ მოვათავსო.
– რაც შეეხება უცხოელ თაყვანისმცემლებს, შემოიმატეთ?
– რა თქმა უნდა! უცხოეთში თაყვანისმცემლების დეფიციტს ნამდვილად არასდროს განვიცდი.
– ორივე შვილი უცხოეთში გყავთ: თამუნა ბარსელონაში, ნიკუშა კი – ამერიკაში. მათთან ხშირად დადიხართ?
– თამუნასთან ბარსელონაშია და შიგადაშიგ გამომდის ჩარბენა, ნიკუშა კი უფრო შორს არის და ნაკლებად ვახერხებ ნიუ-იორკში ჩასვლას.
– თუ გაქვთ ამოჩემებული რაიმე ნივთი, რომელიც ყოველთვის დაგაქვთ მოგზაურობის დროს?
– 90-ე ფსალმუნი ყოველთვის თან მაქვს. ასევე, დამაქვს თამუნას ნაჩუქარი სათამაშო – ტელეფონით თამაშს შეეშვი და ამით გაერთეო. სხვათა შორის, ძალიან კარგი რამ არის, სადღაც, 100-მდე თამაშია. 4-5 საათი რომ მიწევს თვითმფრინავში ჯდომა, ძალიან მშვენივრად გამყავს დრო.
– როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი მოგზაურობის დროს?
– მოგზაურობის დროს ბევრი რამ არის მთავარი, მაგრამ, უმთავრესი მაინც ენის ცოდნაა.
– ენის ბარიერი გაქვთ?
– ინგლისური ენის ბარიერი ნამდვილად არ მაქვს, სხვა ენების კი რა მოგახსენო. ყველას ვურჩევ, მოგზაურობის დროს ძილზე უარი თქვან, რადგან, რაც უფრო მეტს ნახავენ და ბევრს აითვისებენ, უკეთესია. სანახავი ყოველთვის ბევრია.
– ღამის კლუბებში თუ დადიოდით?
– როცა კონცერტი არ მქონდა, მივდიოდი. კონცერტის დღეს კი, ისე ვიღლებოდი, კლუბში წასვლის არც თავი მქონდა და არც სურვილი.
– საკმაოდ უცნაური რეჟიმით ცხოვრობთ: იძინებთ მაშინ, როცა სხვები იღვიძებენ, ხოლო სხვები რომ წვებიან, თქვენ მაშინ იწყებთ ცხოვრებას. მოგზაურობისას როგორ ახდენთ დროის გადანაწილებას?
– ფრანკფურტში რომ ჩავედი, მიუხედავად იმისა, რომ ნამგზავრი და საკმაოდ დაღლილი ვიყავი, 12 საათზე გავიღვიძე. ვინც ჩემი გრაფიკი იცოდა გაუკვირდა, თემო, რა მოხდა, ცუდად ხომ არ ხარ, ასე ადრე რამ გაგაღვიძაო. რატომ – ადრე, თბილისში ეხლა 3 საათია და ჩემი ადგომის დროა-მეთქი. ალბათ, უფრო შორს რომ წავიდე, საერთოდ 9 საათზე გავიღვიძებ.