რაში გამოიჭირა საკუთარი თავი თიკა მახალდიანმა და რატომ სჭირდება მას მამაკაცისგან ხელის კვრა
თიკა მახალდიანმა ეს ზაფხული მეტად ნაყოფიერად და აქტიურად გაატარა. „ჯეოსელის” რეგიონალურ ტურნეებშიც მიიღო მონაწილეობა და მეგობრებთანაც დაისვენა მშობლიურ რაჭაში. თიკა ძალიან უშუალო, თბილი და კონტაქტური ადამიანია და ამის გამო მას უამრავი მეგობარი, ნაცნობი და თაყვანისმცემელი ჰყავს. მართალია, ის ჯერ გათხოვებას არ გეგმავს, მაგრამ ზუსტად იცის, საკუთარ ქორწილში რას მოიმოქმედებს. ახლა, თიკა დიპლომიანი საპატარძლოა და ასეთივე სასიძოს, სამომავლოდ, აუცილებლად შეარჩევს.
თიკა მახალდიანი: ეს ზაფხული აქტიურად გავატარე. სხვადასხვა ადგილას მეგობრებთან დასვენებაც მოვასწარი, „ჯეოსელის” ტურნეშიც მივიღე მონაწილეობა და დიპლომიც ავიღე. ასე რომ, ახლა დიპლომიანი ქალი ვარ (იცინის).
– და, სასურველი დიპლომიანი საპატარძლოც?
– აბა, რა (იცინის). მართალია, ჯერ გათხოვებას არ ვგეგმავ, მაგრამ ამის დროც ხომ მოვა. შესაბამისად, დიპლომიანი სასიძოები უნდა გამომეხმაურონ – სიმპათიურები, ჭკვიანები და უზრუნველყოფილები (იცინის). ჯერ შეყვარებული არ მყავს, ამიტომ სიმღერისთვისაც დიდი დრო მრჩება, დასვენებისთვისაც და სწავლისთვისაც. ბევრჯერ მეგონა, რომ მიყვარდა, მაგრამ მერე კარგად რომ დავფიქრდი, მივხვდი, ეს გატაცება იყო და არა სიყვარული. ჩემი თავი ამაში გამოვიჭირე.
– როცა გიყვარს, რა იცვლება შენში?
– როცა მიყვარს, უფრო მხიარული, გახსნილი და დაბნეული ვარ (იცინის). სიყვარულის „მუღამის” პერიოდები კი ხშირად დგება ჩემს ცხოვრებაში. ამ დროს, ყველა და ყველაფერი მიყვარს ჩემ გარშემო. ასე რომ, სიყვარულის ხასიათზე ხშირად ვარ. მაგრამ, ისეც ხდება, რომ ხანდახან არავის დანახვა არ მინდა. ჩავიკეტები ხოლმე და ვივიწყებ სიყვარულზე ფიქრს და რომანტიკულ განცდებს. ერთადერთი, ამ დროს არ მავიწყდება მეგობრები და ოჯახის წევრები.
– თიკა, ამბობენ, საქართველოში გეების აღლუმი უნდა ჩატარდესო. შენ თუ გყავს სამეგობრო წრეში ასეთი ადამიანები და ზოგადად, რას ფიქრობ მათზე?
– რა საშინელებაა საქართველოში გეების აღლუმის ჩატარება, ბოლოს და ბოლოს ქართველები ვართ და თავმოყვარეობა ჯერ კიდევ შემოგვრჩა. ხომ არ შეიძლება, უცხოეთიდან ყველა საშინელება გადმოვიღოთ? კი ამბობენ, გეები, კარგი დაქალები არიანო, მაგრამ მე ასეთი დაქალები არც მყავს და არც მინდა მყავდეს. მათ ვერანაირად გავუგებ. თუ კაცი ხარ, უნდა იყო კაცი და არა ქალოია. რა ვქნა, ვერ ვიმეგობრებ გეებთან, მირჩევნია, ნამდვილ მამაკაცთან მქონდეს მეგობრული ურთიერთობა. საერთოდ, განსხვავებული ხასიათის ხალხთან მიყვარს ურთიერთობა და ისეთი დაქალები მყავს, საერთოდ რომ არ ჰგვანან ერთმანეთს. გვიკვირს კიდეც, ნეტავ, როგორ ვუგებთ ერთმანეთსო. მეგობრის გამო, ულაპარაკოდ გავაკეთებ ნებისმიერ რამეს. მათ ვენდობი და შესაბამისად, ისინიც თვალდახუჭული მენდობიან. მიყვარს გამორჩეული ადამიანები, თავისი სტილი და გემოვნება რომ აქვთ. ყოველთვის ვცდილობ, განსხვავებული ვიყო და არ მინდა, ისეთ სტილზე მეცვას, ყველას რომ აცვია. ვცდილობ, სადაც მივდივარ, იმის შესაბამისად მეცვას. თუ საცეკვაოდ მივდივარ, მაღალქუსიან ფეხსაცმელზე ხომ ვერ შევკონკიალდები (იცინის)?
– საყვარელი მამაკაცისგან ჩაცმაში აკრძალვებს მიიღებ?
– მე ჩემი სტილი მაქვს და საყვარელმა მამაკაცმა, ის უნდა მიიღოს. არ მიყვარს, როცა თავისუფლებას მიზღუდავენ. ისე არ ჩავიცვამ, კარიკატურასავით გამოვიყურებოდე და რატომ უნდა მივიღო შენიშვნა საყვარელი მამაკაცისგან? ვერც იმას ავიტან, უმიზეზო ეჭვიანობა დამიწყოს. თუ არ მოსწონს სადაც მივდივარ, უნდა დამიკონკრეტოს, რატომ არ მოსწონს და მიკრძალავს და მეც დავფიქრდები. მამაკაცისგან აკრძალვებს ვერ ავიტან, თორემ თხოვნა, აბსოლუტურად მისაღებია. ის ჩემი მეგობარი უნდა იყოს და არა უზურპატორი (იცინის).
– მამაკაცი თუ მოგიტყუებია როდისმე?
– საერთოდ, ადამიანის ამოცნობა არ მიჭირს. ყოველთვის ერთი შეხედვით, ვხვდები, როგორი ადამიანია. ამ მხრივ, მეგობრებს, ჩემი წინასწარმეტყველება, თითქმის ყოველთვის ახდენიათ. ხუმრობენ ხოლმე, რა არის, მესამე თვალი ხომ არ გაგეხსნა, სახეზე ერთი შეხედვით რომ ცნობ ადამიანი ბოროტია თუ კეთილიო. რაც შეეხება მამაკაცის მოტყუებას, არ დაგიმალავთ და მომიტყუებია. უფრო სწორად, მინდოდა და მოვატყუე. მოკლედ, ბათუმში ვისვენებდი და მეგობარმა დამპატიჟა ბარში. ამ ჩემი მეგობრის ნაცნობ ბიჭს მოვეწონე და შემაწუხა, გინდა თუ არა, ტელეფონის ნომერი მომეციო. ისეთი სიტუაცია იყო, რომ არ მეთქვა, უხერხული იქნებოდა. ავდექი და შეცდომით ჩავაწერინე ნომერი, თან მეგობრულ „პონტში” ვუთხარი, შეგიძლია, ნებისმიერ დროს დამირეკო-მეთქი. ალბათ, იმის მერე რეკავს და რეკავს (იცინის).
– თიკა, საკურორტო რომანები შენთვის მისაღებია?
– რატომაც არა. ერთობი და თან ისვენებ. მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მთავარია, ზღვარს არ გადახვიდე. თუ ეს საკურორტო რომანი სერიოზულ გრძნობაში გადავიდა, ხომ კარგი, თუ არადა, ხომ გაატარებ დასვენების დროს სასიამოვნო „ფლირტაობაში“ (იცინის). ასეთი საზაფხულო ფლირტები, თვალის პაჭუნით და ციმციმით რომ იწყება, მეც მქონია. საერთოდ, ნებისმიერ ქალს უნდა, რომ მამაკაცს უყვარდეს, გვერდით ედგეს, სტიმულს აძლევდეს, ხანდახან კი ხელიც ჰკრას და გამოაფხიზლოს, თუ ეს საჭირო გახდა. ჩემი აზრით, მამაკაცისგან ხელის კვრა ყველა ქალს სჭირდება, მათ შორის მეც.
– ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ხარ. ამის გამო უხერხულ სიტუაციებში არ ხვდები ხოლმე?
– როგორ არა. შემიძლია, ყველასთან ყველაფერი მოვყვე, გული გადავუშალო უცხო ადამიანს და ჩემი პირადი ცხოვრების დეტალებიც კი გავანდო. სულ მეჩხუბებიან ჩემი მეგობრები, ნუ იცი, უცხოებთან პირის მოღებაო (იცინის). თუ ის უცხო ადამიანი ჩემთვის დადებითია, მისაღები და სასიამოვნო, ვიხსნები და ყველაფერს ვუყვები. მერე კი ვფიქრობ ხოლმე, ასეთი არ უნდა ვიყო-მეთქი. მაგრამ, ასეთი ვარ და... რა ვიცი, იქნებ ეს ნაკლია, ან არა.
– შენი მეგობრები იმასაც ამბობენ, თიკა ხანდახან ისეთ რამეებს სჩადის, ადამიანს შოკში ჩააგდებსო. ასეთიც ხარ?
– ხანდახან, მეც მიყვარს გიჟური გადახვევები (იცინის). ერთხელ, ისე დავთვერი ზღვის სანაპიროზე, ღამით მეგობრებთან ერთად, უნდა გენახათ, რა დამემართა. სულ გადავედი ჭკუიდან და მთელი ბათუმი შევძარი. მოკლედ, ვიქნევდი ხელ-ფეხს, ბოლო ხმაზე ვმღეროდი, ერთი სიტყვით, „შეურაცხადი” გავხდი (იცინის). მეორე დღეს რომ მიამბეს, ჩემი ჩადენილი „საგმირო ამბების” შესახებ, თავს ვეღარ ვყოფდი გარეთ, ხალხმა არ მიცნოს-მეთქი. ასეთი გიჟობის ხასიათზე ხშირად არა, მაგრამ იშვიათად, მეც ვდგები. ერთი გიჟური ჩანაფიქრი მაქვს.
– რა გიჟური ჩანაფიქრი?
– რა და... რომ შემიყვარდება ბიჭი და გავთხოვდები, ქორწილი ხომ მექნება?
– გექნება.
– ხომ ჩავიცვამ თეთრ საპატარძლო, ულამაზეს კაბას?
– ჩაიცვამ.
– ხომ იქნება ქორწილში ბევრი ხალხი დაპატიჟებული?
– იქნება.
– სიძეც ხომ იქნება გამოპრანჭული?
– რასაკვირველია, სიძეც იქნება, აბა უსიძეო ქორწილი სად გაგონილა?
– ჰოდა, ჩაფიქრებული მაქვს, ჩემი ქორწილიდან ავდგე და გამოვიპარო.
– ეგ როგორ?
– არა, მერე კი დავბრუნდები, მაგრამ მანამდე ხომ ატყდება ერთი ამბავი? მერე კი დავბრუნდები და ვიტყვი, გავიხუმრე-მეთქი. გაგრძელდება კარგი სმა-ჭამა და ცეკვა-თამაში. მერე მოსაყოლად მექნება, ყველაზე გიჟური ქორწილი მე მქონდა-მეთქი (იცინის). ასე რომ, უპატარძლო ქორწილსაც გადავიხდი და მერე ქმარსაც დავუბრუნდები ჩემი დიდი დიპლომით ხელში (იცინის).