30 თებერვალი
გაგრძელება. დასაწყისი იხ. „თბილისელები“ N30–35(505)
რა თქმა უნდა, თავს ვიტყუებდი, როდესაც ვფიქრობდი, რომ გადავამოწმებ-მეთქი, რადგან ჩემი ნაცნობის სიტყვებს ტყუილის არაფერი ეტყობოდა და რომ იტყვიან, ხავსს ვეჭიდებოდი. მაგრამ, გადამოწმება მაინც გადავწყვიტე და შესაბამისი გეგმაც შევიმუშავე.
მანქანის დაქოქვას ვაპირებდი, როდესაც კარი გაიღო და ძია ბესთას ხმა მომესმა, რომელმაც თავი შემოჰყო და მითხრა:
– რას ჩაფიქრებულხარ, ჯემალ, მოხდა რამე? ან აქ რას გაჩერებულხარ?
– მადინასთან ვიჩხუბე, – მოვატყუე ძია ბესთა. მადინა ჩემი საცოლე იყო და ძია ბესთა მას კარგად იცნობდა.
– მიზეზი რა იყო?
– სულელური.
– მაინც? – ჩამეძია ძია ბესთა და იძულებული გავხდი, სასწრაფოდ ახალი ტყუილი მომეფიქრებინა. ის კი ჩამეკითხა, – აღარ იტყვი?
– მოკლე კაბა ეცვა, გავუბრაზდი, ეწყინა და გამებუტა. ისეთი არაფერია, ძია ბესთა, დავურეკავ, შევხვდები და შევურიგდები.
– როდის იჩხუბეთ შენ და მადინამ?
– ერთი საათის წინ.
– მართლა?
– ჰო, ძია ბესთა.
– ძალიან ცუდი, ძალიან ცუდი, ურთიერთობებს გაფრთხილება უნდა, მით უმეტეს საცოლესთან.
– არა უშავს, ძია ბესთა, შევხვდები და შევურიგდები.
– მაშინ დაქოქე მანქანა, წამოდი და შეურიგდი, აქვეა, პავლოვის ქუჩაზე, პატარა სტუდენტურ კაფეში. თხუთმეტი წუთის წინ ველაპარაკე. მომშივდა, ხაჭაპურის საყიდლად შევედი და იქ შემხვდა. ლურჯი ჯინსის შარვალი ეცვა, სხვათა შორის, გიკითხა და ასე მითხრა: „ერთი საათის წინ ჩამოვედი სოფლიდან, ოთხი დღე ბებიასთან ვიყავი და ჯემალი ძალიან მომენატრა და ნეტავ, როგორ არისო“. ალბათ, დაავიწყდა ან მოერიდა იმის თქმა, რომ იჩხუბეთ.
ასეთ რამეს ნამდვილად არ ველოდი. ამიტომ, ენა მუცელში ჩამივარდა, გავწითლდი და თავი ჩავღუნე. ძია ბესთამ კი თავზე გადამისვა ხელი და მითხრა:
– თქმა თუ არ გინდა, ნუ მეტყვი. მთავარია, მშვიდობა იყოს. ისე, თუ დაგჭირდი, არ მოგერიდოს, მითხარი და დაგეხმარები.
ძია ბესთა წავიდა. მე კი სიმწრისგან ტუჩები მოვიკვნიტე. ძია ბესთა მამობას მიწევდა, ძალიან მიყვარდა და მისი მოტყუება არ მინდოდა. როგორც კი მისი ყვითელზოლიანი „ვოლგა“ თვალს მიეფარა, ჩემი მანქანა დავძარი და დედა-შვილის პატიოსნების გადასამოწმებლად გავემართე.
გადავწყვიტე, მარიანას ავდევნებოდი და დედა-შვილი თუ მართლა ერთად მეძავობდნენ, აუცილებლად გამოაშკარავდებოდა: უპირველესად სამსახურებრივი მანქანა გავაჩერე ერთ-ერთ ჩიხში და ჩემი მეგობრისგან „ჟიგული“ ვითხოვე. შემდეგ კი, ნათხოვარი მანქანით მარიანას ინსტიტუტთან მივედი. „ჟიგული“ მოშორებით გავაჩერე და ჩემი ბიძაშვილის გამოსვლას დაველოდე. თითქმის ერთი საათი ველოდე მარიანას გამოჩენას და მთელი ამ ხნის განმავლობაში ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მეც ვიღაც მითვალთვალებდა. რამდენჯერმე აქეთ-იქითაც გავიხედ-გამოვიხედე მოთვალთვალის აღმოსაჩენად, მაგრამ ვერავინ შევნიშნე. ამასობაში მარიანაც გამოჩნდა და მთელი ყურადღება მასზე გადავიტანე.
ჩემი ბიძაშვილი გზის პირას, უზარმაზარ ჭადართან იდგა და აშკარა იყო, ვიღაცას უნდა შეხვედროდა. რადგან, არც ტაქსი გაუჩერებია და არც იმ კერძო მანქანებში ჩამჯდარა, რომლებიც წამდაუწუმ უჩერებდნენ და წაყვანას სთავაზობდნენ. უცებ მარიანას წინ შავი სადაფისფერმა გასისინებულმა „ნოლ შესტმა“ დაამუხრუჭა და ჩემი ბიძაშვილი მძღოლის გვერდით მოკალათდა. უკან კიდევ ორნი ისხდნენ და ერთ-ერთში ბიცოლაჩემი ფატიმა შევიცანი. მძღოლიც ძალიან ნაცნობი მომეჩვენა, მან „მარიაჟულად“ მოწყვიტა ადგილიდან ახალთახალი „ჟიგული“ და კინაღამ მოხუცი ქალი გაიტანა, რომელიც ქუჩაზე გადადიოდა.
„ნეტავ მძღოლი საიდან მეცნობა, – ვფიქრობდი გუნებაში, თან „ჟიგულს“ მივდევდი, რომელიც უცნაურ მანევრებს აკეთებდა ქალაქში, მოძრაობის წესებს უხეშად არღვევდა და აშკარა იყო, ქალებს თავს აწონებდა, ანუ „მარიაჟობდა“. ეს ხომ კარენ კირაკოზაშვილია!“ – გამიელვა თავში და დავრწმუნდი, რომ არ ვცდებოდი, რადგან მისი სახე ზუსტად აღვიდგინე მეხსიერებაში. ამ აღმოჩენამ ერთ იდეამდე მიმიყვანა. მე კარენას მანქანის ნომერი დავიმახსოვრე, შემდეგ დევნა შევწყვიტე და სამსახურში დავბრუნდი. „გაის“ საინფორმაციო განყოფილებაში კი მანქანის ნომრის მიხედვით კარენას ბინის მისამართი შევიტყვე და გადავწყვიტე, უშუალოდ მისგან გამეგო ძია ბესთას აშარი ცოლ-შვილის ამბავი. თუმცა, კარენას გარეშეც აშკარა იყო, რომ ფატიმა და მარიანა პირწავარდნილი მეძავები იყვნენ.
მეორე დღეს სახლიდან მომავალ კარენას ერთ-ერთი ქუჩის შესახვევში დავხვდი ჩემი სამსახურებრივი მანქანით და გავაჩერე.
– რა დავაშავე, უფროსო, – მითხრა აღშფოთებულმა კარენამ, – რომელსაც მოძრაობის წესი არ დაურღვევია.
– თქვენი საბუთები, მოქალაქევ, – კოპებშეკრულმა ვუთხარი აღშფოთებულ კირაკოზაშვილს და მართვის მოწმობა გადავშალე, იქიდან ათმანეთიანი გადმოფრინდა და ასფალტზე დავარდა.
– ეს თქვენ, უფროსო, – კარენმა ფული ჯიბეში ჩამიდო.
– ქრთამის მიცემისთვის ციხეა, – ვუთხარი კირაკოზაშვილს, ფული დავუბრუნე და გავუღიმე, – ვერ მიცანი, კარენ?
– ვერა, ვერ გიცანი, – მომიგდო კირაკოზაშვილმა. შემდეგ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ყურადღებით ამათვალიერ-ჩამათვალიერა, სახე გაებადრა და სანამ გადამეხვეოდა, წამოიძახა, – ჯემალი არ ხარ, ჯიოშვილი?
– როგორ ხარ, კარენ, რას საქმიანობ? – ვკითხე ჩემს ძველ მეტოქეს.
– ცეხში ვმუშაობ, ბიძაჩემთან. შენ როგორ ხარ, ჯემა, ჭიდაობას შეეშვი?
– რაღა დროს ჭიდაობაა, – ხელი ჩავიქნიე და მილიციის ფორმაზე მივანიშნე კარენას, – ახლა აქ ვარ და ვმუშაობ.
– მოდი, იცი, რა ვქნათ, ჯემალ-ჯან, – მითხრა კარენამ, – ახლა პატარა საქმე მაქვს, ცეხში მივდივარ და მოვაგვარებ. პირველ საათზე კი რესტორან „არაგვთან“ შევხვდეთ ერთმანეთს, ცოტა წავიქეიფოთ და ბავშვობა გავიხსენოთ.
– ახლა ნამდვილად არ მცალია. სხვა დროს იყოს. მე ტელეფონი არ მაქვს და შენსას თუ მომცემ, აუცილებლად დაგირეკავ, – ვუთხარი კარენს.
– რაზეა ლაპარაკი, – მითხრა კარენამ, ქაღალდზე დაწერილი ტელეფონის ნომერი მომცა და ამიხსნა, – პირველი ნომერი სახლის ტელეფონისაა, დანარჩენი ორი კი – ცეხის. რომ დამირეკავ, თუ არ ვიქნები, დაიბარე სათქმელი და გადმომცემენ.
– სხვათა შორის, გუშინაც დაგინახე ინსტიტუტთან, მაგრამ მანდილოსნებთან ერთად იყავი და აღარ მოვედი, – შევაპარე კარენას.
– რის მანდილოსნები, მე და ჩემს ძმაკაც ვოვას ბოზები გვყავდა. მაგრად ვინაშავეთ გუშინ, – თქვა კარენამ, ცხვირი მოიფხანა და ჩაეცინა, – ყველაფერი თავზე დავიმხეთ და ვოვა ისე გამოიბრუჟა, ნაშას მუშტი წყვიტა თვალში, მეძინება და თავი დამანებეო.
– ჰოდა, როცა დაგირეკავ, რესტორანი ჩემზე იყოს, ნაშები კი შენზე, – ვუთხარი კარენას.
– რაზეა ბაზარი, შენს ზარს ველოდები, – გადამეხვია კარენა, გამომემშვიდობა და წავიდა.
ეჭვგარეშე იყო, რომ ფატიმა და მარიანა გაქანებული ბოზები იყვნენ და ამის გააზრებამ გულისრევის შეგრძნება დამმართა. „რა ვქნა? – ვფიქრობდი გუნებაში, – ძია ბესთას ვუთხრა თუ არ ვუთხრა, ვუთხრა თუ არ ვუთხრა?“ ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც ისევ მომეჩვენა, რომ ვიღაც მითვალთვალებდა და აქეთ-იქით ყურება დავიწყე. ვერავინ რომ ვერ დავინახე, ჩავილაპარაკე: „მე მაგარი ვიშოკები, ნერვები მღალატობს. ფატიმა და მარიანა თქვენი დედაც...“
სახლში ძალიან გვიან მივედი, რადგან ძია ბესთასთან შეხვედრა არ მინდოდა. მისი ძალიან მრცხვენოდა, თან მეშინოდა, არ გავშიფრულიყავი და ჩემ გამო, მას რამე საშინელება არ ჩაედინა. ბევრი ვიფიქრე, მეთქვა თუ არა ძია ბესთასთვის ყველაფერი და გადავწყვიტე, ჯერჯერობით თავი შემეკავებინა. ამიტომ, ჩემი გასაღებით გავაღე კარი, ჩემს ოთახში თაგვივით შევიპარე, საწოლზე ტანსაცმლიანად დავწექი და ჩავფიქრდი. ამ დროს კარი გაიღო, საძინებელში ძია ბესთა შემოვიდა და ღიმილით მითხრა:
– სად ხარ ამდენ ხანს, შენ რაღაც საეჭვოდ დადიხარ, – ძია ბესთამ თითი დამიქნია და მიმიხმო, – წამოდი, ვივახშმოთ. უშენოდ არ დავჯექი, თან ცოტა ჩავარტყათ, კარგი ჭაჭა მაქვს და სოკოზე კარგად მიდის. მე გავაკეთე. ქალებს სძინავთ. ფატი ცოტა შეუძლოდაა და ადრე დაწვა.
– რა სჭირს ფატი ბიცოლას? – ვკითხე ძია ბესთას და თითქმის ზუსტად ვიცოდი, რას მიპასუხებდა.
– ისეთი არაფერი. ის შტერი გუშინ თაროზე ამძვრალა მურაბის ჩამოსაღებად, ფეხი დაცდენია და თაროს კუთხისთვის თვალი ჩამოურტყამს.
მაგარი მუშტდაკრულივით აქვს მარცხენა თვალი გასიებული და ნერვიულობს, რა მეშველება, ეს რა დამემართაო. მოკლედ, არაფერია, წამო, ვივახშმოთ და ჭაჭა ჩავარტყათ.
„ეჰ, ძია ბესთა, – გავიფიქრე გულში, – თაროს კუთხეს კი არ ჩამოარტყა თვალი, მაგ „პრაშმანდოვკას“, ვიღაც ვოვამ გლიჯა მუშტი.
მე და ძია ბესთამ კარგად მოვილხინეთ, ერთი ბოთლი ჭაჭა გამოვცალეთ და სოკოც ძალიან გემრიელი იყო. თუმცა, თავს ვაკონტროლებდი, რომ ჭაჭას არ დავეთვრე, ენისთვის კლიტე არ მომეხსნა და დედა-შვილზე რამე არ წამომეყრანტალებინა.
– ჰო, მართლა, – მითხრა ძია ბესთამ, როდესაც ბოლო ჭიქა გამოვცალეთ, – ხვალ ბათუმში მიემგზავრები ერთი კვირით და კინაღამ დამავიწყდა ამის თქმა. ახლავე გაემზადე.
– ბათუმში რა ხდება?
– ახალგაზრდული დღეებია. მთელი საბჭოთა კავშირიდან ახალგაზრდა მშრომელები და სტუდენტები იკრიბებიან, სასტუმრო „მედეაში“ იცხოვრებ, „გაიდან“ შენ გაგგზავნით. სხვათა შორის, მადინაც იქ იქნება. გაგეხარდა ხომ?
– ძალიან, ძალიან გამეხარდა, – ვუთხარი ძია ბესთას და მართლა ძალიან გამეხარდა ის, რომ შეყვარებულთან ერთად ერთ კვირას ბათუმში გავატარებდი. მაგრამ, უფრო მეტად ის მახარებდა, რომ იქაურობას ცოტა ხნით მაინც მოვშორდებოდი და წაკლა დედა-შვილს არ ვნახავდი, რომ არ გავშიფრულიყავი და ძია ბესთას არაფერი შეემჩნია.
ბათუმში დილაადრიანვე ავტობუსით გავემგზავრე და ავტოსადგურამდე ძია ბესთამ მიმიყვანა. სახლიდან რომ გავდიოდით, დერეფანში მარიანა შემეფეთა. ის სარკის წინ იდგა და ბრილიანტისთვლებიან საყურეებს იკეთებდა, რომელსაც შუაში უზარმაზარი ლალის თვლები ჰქონდა ჩასმული. ძია ბესთამ ეს საყურეები თავის შვილს საიუველირო-საკომისიო მაღაზიაში უყიდა ძალიან ძვირად და დაბადების დღეზე აჩუქა.
– მიხდება? – მკითხა მარიანამ და სარკის წინ რომ დატრიალდა, საყურეებიდან არეკლილმა შუქმა თვალები მომჭრა.
– თვალისმომჭრელია, – მივუგე ჩემს ბიძაშვილს და წავედი.
– აბა, შენ იცი, შენ და მადინას კარგი დროის გატარებას გისურვებთ, – მითხრა ძია ბესთამ, როდესაც ავტობუსში ჩავჯექი.
ბათუმში მართლაც რომ ზღაპრული დრო გავატარე. უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, რომ საშუალება მომეცა, ჩემს უსაყვარლეს არსებასთან ერთად ერთი კვირა სიცოცხლით დავმტკბარიყავი. იქვე გადავწყვიტეთ, შემოდგომაზე დავქორწინებულიყავით და ოჯახი შეგვექმნა.
სახლში რომ დავბრუნდი, არც ფატიმა დამხვდა და არც მარიანა. გავიფიქრე: „ალბათ, საბოზაოდ არიან წასულები-მეთქი“. თუმცა, ძია ბესთა სახლში იყო. ამან კი ძალიან გამაკვირვა და ვკითხე:
– ავად ხომ არ ხარ, ძია ბესთა?
– ორკვირიანი შვებულება ავიღე.
– მიემგზავრები სადმე?
– ფატიმა და მარიანა გაქრნენ და ვეძებ.
– როგორ გაქრნენ?
ძია ბესთამ მათემატიკის რვეულიდან ამოხეული ფურცელი დამიდო წინ, რომელზეც ეწერა: „შენთან ერთად ცხოვრება აღარ მინდა და თავისუფლება მსურს, ამიტომ სამუდამოდ მივდივარ შენგან და არ მეძებო. იგივე აზრზეა მარიანაც და ჩემთან ერთად მოდის. ფატიმა“. იქვე იყო მინაწერი: „მაპატიე, მამა, მაგრამ დედასთან ერთად მივდივარ. მშვიდობით. მარიანა“. ძია ბესთამ გააბოლა და მითხრა:
– შენ რომ ბათუმში გაემგზავრე, იმ დღეს გაიპარნენ. საღამოს სახლში რომ დავბრუნდი, წერილი მაგიდაზე დამხვდა. ორი დღე მარტომ ვეძებე და რომ ვერსად ვიპოვე, მილიციაში განვაცხადე, ძებნა გამოვაცხადებინე. წარმოგიდგენია, რა გამიკეთეს? არაფერს ვაკლებდი, ყველაფერი მათთვის მინდოდა და იმათ კი შენთან ცხოვრება არ გვინდაო. მარიანა რაღამ გადარია?
ძია ბესთა ძალიან მოტყდა და სმა დაიწყო. ამიტომ, შვებულება კიდევ ორი კვირით გავაგრძელებინე. ბოლოს ის მაინც გავიდა სამსახურში, თუმცა, ძველებური ძია ბესთა აღარ იყო და ეტყობოდა, რომ თავლაფის დასხმამ და დარდმა უკიდურესად მოტეხა. მე ჯერ ყველაფრის მოყოლას ვაპირებდი მისთვის, შემდეგ კი გადავიფიქრე, ძია ბესთასთვის დამატებითი ტკივილის მიყენება არ მინდოდა. ამასობაში სამი თვე გავიდა და დედა-შვილის კვალი არსად გამოჩენილა. ძია ბესთა კი დღითიდღე ტყდებოდა, ჩემ თვალწინ დნებოდა და მისი ცოლ-შვილის გაუჩინარების მეექვსე თვეზე, ავტოკატასტროფაში დაიღუპა... ძია ბესთას სამსახურებრივი „ვოლგა“ მცხეთასთან მტკვარში გადავარდა და მის გარდა, სხვა არავინ დაზარალებულა. მე ვფიქრობ, რომ ძია ბესთამ უბრალოდ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
ძია ბესთას დაღუპვის გამო მე და მადინამ ქორწილი ექვსი თვით გადავდეთ და შევთანხმდით, რომ გაზაფხულზე შევუღლდებოდით. მანამდე კი ბინის ყიდვა და კეთილმოწყობა გადავწყვიტეთ, რადგან ძია ბესთას წყალობით უკვე საკმაო თანხა მქონდა შეგროვილი. ერთ მშვენიერ დღეს ჩემთან ნოტარიუსი მოვიდა, თხელი საქაღალდე გადმომცა და მითხრა:
– ამ საქაღალდეში თქვენზე გადაფორმებული ბინის საბუთებია, ერთი შემნახველი სალაროს წიგნაკი, რომელზეც 20 ათასი მანეთია და ბესთა ბესთავაშვილის ანდერძი. აი, ჩემო კარგო, ჩაიბარე. ცხონებული ბესთა ჩემი მეგობარი იყო და მენდობოდა. დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე მანვე დამავალა ბინის გადაფორმება, ანდერძის შედგენა და მითხრა, ეს ყველაფერი მისი სიკვდილის შემდეგ თქვენთვის გადმომეცა. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ.
იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის ნოტარიუსის ვიზიტი, რომ ენა მუცელში ჩამივარდა, კარგა ხანს გახევებული ვიდექი და მხოლოდ მას მერე მოვეგე გონს, როდესაც წავიდა. მე მას დავედევნე, 200 მანეთი ჩავუდე ჯიბეში და ვუთხარი:
– ბოდიშს გიხდით, ისე დავიბენი, რომ სიტყვა ვერ დავძარი. მაპატიეთ...
– არა უშავს, არა უშავს, – მომიგო ნოტარიუსმა, – თუ რამეში დაგჭირდი, დამირეკე, აი, ჩემი ტელეფონი.
ისეთი გულაჩუყებული ვიყავი, სახლში რომ დავბრუნდი, საწოლზე დავემხე და ავტირდი...
ძია ბესთას მდიდრული საფლავი გავუკეთე, მისი უზარმაზარი პორტრეტი კი „ზალაში“ დავკიდე და მის მიერ ნაჩუქარ ბინაში ბედნიერი ცხოვრება დავიწყე. როგორც შევთანხმდით, მე და მადინა გაზაფხულზე დავქორწინდით და პირველი ვაჟი რომ გვეყოლა, ბიძაჩემის პატივსაცემად მას ბესთა დავარქვით. შემდეგ ქალიშვილიც გამიჩინა ჩემმა ცოლმა და ოთხივე ძალიან ბედნიერად ვცხოვრობდით უზარმაზარ ბინაში. მეტი რა მინდოდა? ლამაზი, ერთგული, მოსიყვარულე ცოლი და მშვენიერი ქალ-ვაჟი მყავდა. მატერიალურად წელგამართული ვიყავი და შემოსავლიანი სამსახური მქონდა. მართალია, „გაიდან“ „უგროზისკში“ გადავედი, მაგრამ ფულს იქაც კარგა ბლომად ვშოულობდი, თან „ზვანიას ზვანიაზე“ მაძლევდნენ და „პერესტროიკა“ რომ დაიწყო, უკვე პოლკოვნიკი ვიყავი და მილიციის უფროსად დამნიშნეს. კოოპერატივები რომ დაუშვეს ოთხი მაღაზია გავხსენი და ოჯახის შემოსავალი გაიზარდა. ამასობაში ბავშვებმა სკოლა დაამთავრეს და ორივე ინსტიტუტში მოვაწყვე. ქალიშვილი პირველ კურსზე იყო, რომ გათხოვდა და სიძე სახლში მომიყვანა. ვატყობდი, ბესთასაც ცოლის მოყვანა უნდოდა, ამიტომ, მეზობლების ბინაც ვიყიდე, საცხოვრებელი ფართი მოვიმატე და სამ ოჯახს უკვე თავისუფლად შეგვეძლო იქ ცხოვრება. ასე რომ, ბესთასაც შეეძლო ცოლის მოყვანა და მე და მადინა მოუთმენლად ველოდით ჩვენი ვაჟიშვილის გაბედნიერებას.
მეზობლების ბინა რომ ვიყიდე, მას სარდაფიც მოჰყვა, რომელიც ჩემი სარდაფის გვერდით მდებარეობდა და ორივეს შეერთებით უზარმაზარ ფართს მივიღებდი. ამიტომ, გადავწყვიტეთ, სარდაფში კოოპერატიული ოჯახური სასადილო გაგვეხსნა და სათანადო საბუთების გაფორმების შემდეგ მუშაობას შევუდექით. სანამ მუშებს მოვიყვანდით, ჩემმა ვაჟმა და სიძემ სარდაფის დასუფთავება, კედლების მონგრევა და იატაკის ამოთხრა დაიწყეს, რომ ჭერი ამაღლებულიყო. ბიჭები ისე მონდომებულები იყვნენ და ისე უნდოდათ სასადილო მალე გაეხსნათ, რომ დილიდან გვიან ღამემდე მუშაობდნენ. სახლში რომ ვბრუნდებოდი, ბიჭები ისევ სარდაფში მხვდებოდნენ და მუშაობას აგრძელებდნენ.
ერთ დღეს სახლში დავბრუნდი, სარდაფში შევიარე და ბიჭებს ვუთხარი:
– გეყოფათ თხრა, წამოდით, ვივახშმოთ.
– წავედით, – თქვა ჩემმა სიძემ, წერაქვი მიწაში ჩაარჭო და ორმოდან ამოხტა.
– წავედით, გაიმეორა ბესთამ და მანაც წერაქვი ჩაარჭო მიწაში. ჭახანის ხმა გაისმა. ისეთი, დაჩეხილი ძვალი რომ გამოსცემს ხოლმე. მე ორმოს თავთან ვიდექი და უცებ ორმოდან ამოვარდნილმა შუქმა თვალი მომჭრა.
– ძვირფასი ქვებია, – აღმოხდა ჩემს სიძეს, რომელიც პროფესიით იუველირი იყო, ჩემ გვერდით იდგა და მითხრა, – მე მგონი, განძი ვიპოვეთ.
ბესთამ წერაქვი გვერდზე გადადო, მიწა ხელით გადაქექა, რაღაცას დასწვდა, ზევით ასწია და ნათურის შუქზე დაუწყო თვალიერება.
– ლალი და ბრილიანტები! – აღტაცებით წამოიძახა ჩემმა სიძემ, – რა ძვირფასი და ლამაზი საყურეა.
ჩემმა თვალებმა და ყურებმა ერთდროულად აღიქვეს, რაც ხდებოდა და მიწაში ნაპოვნ ნივთში ჩემი ბიძაშვილის, მარიანას ძვირფასი საყურე შევიცანი, რომელიც მას მამამისმა, ძია ბესთამ ძალიან ძვირად უყიდა საიუველირო-საკომისიო მაღაზიაში და დაბადების დღეზე აჩუქა... ბიჭებმა მიწაში მეორე საყურე და სხვა ძვირფასი ნივთებიც აღმოაჩინეს, რომლებიც ფატიმას და მარიანას ეკუთვნოდათ და ჩემი ბათუმში გამგზავრების დღეს ზედ ეკეთათ.
სარდაფში, რა თქმა უნდა, ორი ჩონჩხიც აღმოვაჩინეთ და ბესთამ თქვა:
– ადრე აქ, ალბათ, სასაფლაო იყო და მდიდარი ადამიანები იყვნენ დაკრძალული.
– არ მგონია, – ჩაეცინა ჩემს სიძეს, – ამ კორპუსს ღრმა საძირკველი აქვს და ეს მიწა იმათი დაყრილია, ვინც ამ სახლს აშენებდა. აქ რომ სასაფლაო ყოფილიყო, მას სხვები აღმოაჩენდნენ და ამ სამკაულებსაც ისინი წაიღებდნენ. აქ სხვა რამეშია საქმე.
– მოკლედ ასე, ბიჭებო, – ვუთხარი ჩემს სიძეს და ბესთას, – როგორც ეტყობა, ეს ხალხი იქ მაშინ დამარხეს, როცა ამ კორპუსს აშენებდნენ, ასე, ოცდაათი წლის წინ. შარია და სიტყვა არავისთან დაგცდეთ, მათ შორის, არც ქალებთან. ამ ძვლებს კი ხვალ დილით, სამსახურში რომ წავალ, მტკვარში გადავყრი.
ბიჭებმა ძვლები ტომარაში ჩაყარეს და კუთხეში დადეს. ჩემმა სიძემ კი თქვა:
– ეს „ტრუპები“, ნამდვილად, ბოზი ქალები იქნებოდნენ და ვიღაცამ მათზე შური იძია.
ჩემი სიძის სიტყვები შიგ გულში მომხვდა და მღელვარებისგან კინაღამ ორმოში ჩავვარდი, მაგრამ ნებისყოფა მოვიკრიბე და ნაძალადევი ღიმილით ვუთხარი:
– „ტოჟე მნე შერლოკ ხოლმს“, ასეთი ვერსია საიდან მოიტანე, ბიჭო?
– მომისმინე, ზორბეგიჩ, – მითხრა ჩემმა სიძემ, – რაც ჩვენ აქ ძვირფასეულობა ვიპოვეთ, ორივე ჩონჩხზე ქალის სამკაულებია და ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე ტრუპი ქალია. ნაპოვნი სამკაულების ფასი, „კაკ მინიმუმ“, ორმოცდაათი-სამოცი ათასი მანეთია და ქალები რომ ძარცვის მიზნით მოეკლათ, ასეთ ძვირფასეულობას ვინ დაუტოვებდა. ესე იგი, სხვა რამეშია საქმე. სხვა რამე კი, ასეთ შემთხვევაში, შურისძიებაა და ალბათ, ბოზობა უნდა იყოს შურისძიების მიზეზი.
– მარტო ბოზობისთვის იძიებენ შურს? – ვუთხარი ჩემს სიძეს და მინდოდა, მისი აბსოლუტურად სწორი ვერსიისთვის მიმართულება შემეცვალა, მან კი სერიოზულად მომიგო.
– რა თქმა უნდა, არა. ზორბეგიჩ, მაგრამ სასიკვდილოდ ხშირ შემთხვევაში ბოზ ქალებს იმეტებენ გამწარებული ქმრები და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც ასე იყო.
– საღოლ, სიძე! – ირონიულად ვთქვი მე, – შენი ლოგიკით, გამოდის, რომ გამწარებულმა მუსლიმანმა მამაკაცმა თავისი ორი ცოლი დახოცა, რომლებიც მას ერთდროულად ღალატობდნენ და შემდეგ ჩვენი კორპუსის მშენებლობაზე დამარხა. შენი ვერსიით ასეა, რადგან მრავალცოლიანობა მაშინაც და ახლაც მუსლიმანებშია გავრცელებული და მკვლელი მუსლიმანი მამაკაცი ყოფილა. ორი „ტრუპია“ და იმიტომ.
ჩემმა სიტყვებმა სიძე ჩააფიქრა და პაუზის შემდეგ მითხრა:
– ორი „ტრუპი“ ცოტა ართულებს საქმეს, მაგრამ კარგად რომ დაფიქრდეს კაცი, აქაც იპოვის ლოგიკას.
ჩემს სიძეს ზურგზე მოვუთათუნე ხელი და ვუთხარი:
– როგორც შევთანხმდით, სიტყვა არავისთან დაგცდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვალდებულები ვართ, ყველაფერი მილიციაში განვაცხადოთ და ძიება დაიწყოს. მაშინ კი, ნაპოვნ ძვირფასეულობასაც ჩამოგვართმევენ და ვერც სასადილოს გავხსნით მალე, რადგან აქ კრიმინალისტები დაიწყებენ ქექვას. ამიტომ, ენას კბილი დააჭირეთ. ამ ტომარას კი მე მოვიშორებ და ნაპოვნი ძვირფასეულობაც დროებით ჩემთან იყოს-მეთქი.
ალბათ, მიხვდით, რომ სარდაფში ნაპოვნი ჩონჩხები ფატიმასი და მარიანასი იყო და ამის გააზრებამ კინაღამ ჭკუაზე შემშალა, მაგრამ მთელი ჩემი ნებისყოფა მოვიკრიბე და ბიჭებს არაფერი ვაგრძნობინე.
ჩონჩხებით სავსე ტომარა მეორე დღესვე გადავაგდე მტკვარში, ხოლო ძვირფასეულობა კი ჩემს სეიფში ჩავკეტე საიმედოდ. არ მინდოდა, რომ მადინას სამკაულები ენახა და ბიჭებს იმიტომ ავუკრძალე სიტყვის დაძვრა ქალებთან. მადინა ფატიმასაც კარგად იცნობდა და მარიანასაც, ამიტომ მათი სამკაულები, შეიძლება, ეცნო. მართალია, მან არ იცოდა დედა-შვილის ბოზობის ამბავი, რადგან მე ეს არასოდეს მითქვამს მისთვის, მაგრამ ჩონჩხების ამბავი რომ შეეტყო, სამკაულები ენახა და ეს ყველაფერი დედა-შვილის გაუჩინარებასთან დაეკავშირებინა, აუცილებლად მიხვდებოდა, რომ ძია ბესთამ საკუთარი ცოლ-შვილი დახოცა. ეს კი საჭირო არ იყო. რატომ უნდა მოწამვლოდათ ნერვები ჩემი ოჯახის წევრებს იმ საზარელი ამბის გამო, რომელიც ოც წელზე მეტი ხნის წინ მოხდა და რომელთანაც არანაირი შეხება არ ჰქონდათ.
საშინელება იყო, ნამდვილი საშინელება, – თქვა პოლკოვნიკმა, სახიდან ოფლი მოიწმინდა და განაგრძო, – ხომ წარმოგიდგენიათ, ოც წელიწადზე მეტხანს მეგონა, რომ ფატიმა და მარიანა ოჯახიდან წავიდნენ. ამაში წამითაც არ შემპარვია ეჭვი და ისინი თურმე ჩემმა სათაყვანებელმა ძია ბესთამ არ დახოცა? რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ამ დიდი ხნის წინ მომხდარ ისტორიაზე, მით უფრო თვალნათლივ მახსენდებოდა ყველა დეტალი და უცებ თავში გამიელვა ერთმა საშინელმა აზრმა: „ეს ხომ მე გავაგებინე ძია ბესთას მისი ცოლ-შვილის ამბავი და ჩემი ბრალია, რომ მან ქალები დახოცა. მერე კი თვითონაც თავი მოიკლა“, – ვფიქრობდი მე და გამახსენდა, თუ როგორ ვიგრძენი ორჯერ, რომ ვიღაც მითვალთვალებდა. მივხვდი, რომ ის უხილავი მოთვალთვალე ძია ბესთა იყო, რომელიც ჩემმა მიკიბულ-მოკიბულმა ტყუილმა მადინასთან ჩხუბის შესახებ, დააეჭვა და თვალთვალი დამიწყო, რომ სიმართლე გაერკვია. მას მე შვილივით ვუყვარდი და ალბათ, იფიქრა, ახალგაზრდაა, ფულიანი, რაიმე შარში არ გაეხვესო და თვალთვალი დამიწყო, რომ შარიდან დავეფარე. მან კი თავისი ცოლ-შვილის ბოზობის ამბავი შეიტყო. სწორედ ამიტომ გამიშვა ერთი კვირით ბათუმში და თავისი გასაკეთებელი გააკეთა. მაგრამ, რომ წარმოვიდგინე, თუ რა მძიმე იყო მისთვის ცოლ-შვილის დახოცვა, ძია ბესთა უფრო მეტად შემეცოდა.
ეს ყველაფერი რომ გავიაზრე, ამეკვიატა, რომ ჩემს სინდისზე სამი ადამიანის სიკვდილი იყო და ფატიმას, მარიანას და ძია ბესთას მკვლელი მე ვიყავი. „ეჰ, ჯემალ, ჯემალ, – ვუმეორებდი ხოლმე საკუთარ თავს, – შენს კისერზეა ერთი ოჯახის ამოწყვეტა და ეს ცოდვა რამ ჩაგადენინა-მეთქი“. ჩემს აკვიატებას ერთი საშინელი სიზმარიც თან ერთვოდა, რომელიც თითქმის ყოველღამე მესიზმრებოდა. დავხუჭავდი თუ არა თვალებს, იმწუთასვე სარდაფში მომხდარი მკვლელობა მესიზმრებოდა და თვალნათლივ ვხედავდი, თუ როგორ ვჭრიდი დანით ყელს ფატიმას და მარიანას, ხოლო ძია ბესთას კი მანქანით მტკვარში ვაგდებდი. შემდეგ კი მათ ბინაში შევდიოდი და იქ ცხოვრებას ვიწყებდი. ამის მერე ჩონჩხებად ქცეული დედა-შვილი და დამხრჩვალი ძია ბესთა მეწვეოდნენ ხოლმე. ძია ბესთა ოთახის კუთხეში დგებოდა და უხმოდ მომჩერებოდა, ხოლო სამკაულებასხმული დედა-შვილი კი ჩონჩხებიდან სამკაულებს იხსნიდნენ, მესროდნენ და გაუჩინარების წინ მეუბნებოდნენ: „მკვლელო! ეს ყველაფერი იმიტომ მოაწყვე, რომ ჩვენს ბინაში გეცხოვრა და ჩვენს სიმდიდრეს დაუფლებოდი, ხვალ ისევ მოვალთ...“ სიზმარი წყდებოდა, მე ცივოფლდასხმულს მეღვიძებოდა და დაძინების მეშინოდა, რომ სიზმარი არ გაგრძელებულიყო. ავდგებოდი ხოლმე და სანამ სამსახურში წასვლის დრო დადგებოდა, აქეთ-იქით დავდიოდი და ვაბოლებდი. სამსახურში გამოშტერებული მივდიოდი და რამდენჯერმე თათბირის დროს ჩამეძინა.
ამ კოშმარიდან ერთი თვის თავზე, როდესაც ოფლში გაწუწულმა გამოვიღვიძე და ავდექი, იმის მაგივრად რომ გამებოლებინა, სეიფი გავხსენი, ძვირფასეულობა გამოვიღე, წავედი და ყველაფერი მტკვარში გადავყარე, თან მივაძახე: „წადით, თქვენს პატრონებს დაუბრუნდით-მეთქი“. შემდეგ სახლში დავბრუნდი და დავიძინე. როგორც კი თვალები დავხუჭე, ისევ გამომეცხადნენ ფატიმა და მარიანა. თუმცა, ამჯერად ისინი ხორცშესხმულები იყვნენ, ძვირფასეულობა ასხმული ჰქონდათ და მეუბნებოდნენ: „სახლი, ახლა სახლიც დაგვიბრუნე და მოგეშვებით, არა და არ მოგასვენებთო“. შემდეგ ისინი წავიდნენ და გამომეღვიძა, მაგრამ მოუსვენრად ვიყავი და დაღამებისა და დაძინების მეშინოდა.
დედა-შვილმა პირობა შეასრულა და დავხუჭავდი თუ არა თვალებს, კვლავ მოდიოდნენ და მართალია, სამკაულებს აღარ მესროდნენ, მაგრამ ბინის დაბრუნებას კატეგორიულად მთხოვდნენ, ალესილი სამკბილათი დამდევდნენ უზარმაზარ ბინაში, მჩხვლეტდნენ და ამგვარად ცდილობდნენ ჩემს გაპანღურებას. მე მათ ორი კვირის ვადა ვთხოვე მოსაფიქრებლად და შევიპირე, რომ ამ ხნის განმავლობაში აღარ შემაწუხებდნენ.
– კეთილი, – მითხრა ფატიმამ, – ორი კვირა შეგიძლია, იფიქრო და არ შეგაწუხებთ, მაგრამ თუ არ დაგვემორჩილები და ბინას არ დაგვიბრუნებ, რაც მოგივა, საკუთარ თავს დააბრალეო.
– მოსვლით კი ძალიან ცუდი რამ მოგივა, – დაამატა დედამისის სიტყვებს მარიანამ. შემდეგ ორივემ საზარლად გადაიკისკისა და გაქრნენ, მე კი ოფლში გაწუწულს გამომეღვიძა. ლოგინზე წამოვჯექი და ტრადიციულად მადინას დავხედე, რომელსაც მთელი ამ კოშმარული ღამეების განმავლობაში ერთხელაც არ გაუხელია თვალები და მეგონა, მაგრად ეძინა. მაგრამ ჰოი, საოცრებავ! ჩემს მეუღლეს თვალები დაჭყეტილი ჰქონდა და მომჩერებოდა. მოულოდნელობისგან შევცბი, მაგრამ არ შევიმჩნიე, რაც შემეძლო, ალერსიანად ვკითხე:
– რა მოხდა, საყვარელო, რატომ არ გძინავს?
– შენ რატომ არ გძინავს? – კითხვა შემომიბრუნა მადინამ.
– კოშმარი დამესიზმრა და გამეღვიძა, მაგრამ არა უშავს, დავიძინოთ, დავიძინოთ, საყვარელო, – ვუთხარი მადინას და შუბლზე მოვუალერსე. მან კი ნერვიულად გააქნია თავი და გაღიზიანებულმა მომიგო:
– რა გჭირს, ჯემალ, მითხარი, რა დაგემართა?
– რა მჭირს? – ნაძალადევი ღიმილით ვკითხე მადინას, – რას გულისხმობ, საყვარელო?
– ნუ მატყუებ, ჯემალ. ნუ ცდილობ, ისე მომაჩვენო თავი, რომ თითქოს არაფერი ხდება, მე ყველაფერი ვიცი.
– მაინც, რა იცი?
– ის, რომ თითქმის ერთი თვეა, ყოველღამე იღვიძებ, მერე დგები და აქეთ-იქით დადიხარ და უამრავ სიგარეტს ეწევი.
– ესე იგი, მთელი ამ ხნის განმავლობაში თავს მაჩვენებდი, რომ თითქოს გეძინა?
– მე არ მინდოდა, შენთვის თავი მომებეზრებინა, ჯემალ, და ამიტომ არაფერს გეუბნებოდი. დღეს კი ყველა ზღვარს გასცდი და მეტის მოთმენა აღარ შემიძლია. მითხარი, საყვარელო, სად იყავი წასული და საერთოდ, რა ხდება?
– უკვე არაფერი, საყვარელო, – ვუთხარი მადინას და მივუალერსე, – რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ დედა-შვილთან სიზმარში მიღწეული შეთანხმება არ დაირღვეოდა, ყოველ შემთხვევაში, ორი კვირა მაინც და მადინა დავაიმედე, – ღამის კოშმარები დასრულდა, საყვარელო, დაიძინე და ნუღარაფრის გეშინია.
– მეშინია, საყვარელო, ძალიან მეშინია.
– ნუ გეშინია, დავიძინოთ, – ვუთხარი მადინას, ჩავეხუტე, დავიძინეთ და მართლაც, როგორც დედა-შვილი შემპირდა, ძილში აღარ გამომცხადებიან, არ შევუწუხებივარ და გათენებამდე დარჩენილი დრო მშვიდად მეძინა. რომ გავიღვიძე, კარგად გამოძინებული ვიყავი.
სახლიდან რომ გავდიოდი, სამინისტროდან დამირეკეს და მისვლა მთხოვეს. რომ გამოვცხადდი, მინისტრთან შემიყვანეს.
– როგორ ხარ, ჯემალ? – მითხრა მან.
– გმადლობთ, არა მიშავს. თქვენ როგორ გიკითხოთ, ამხანაგო მინისტრო?
– ეჰ, როგორ ვიქნები, ჩემო ჯემალ, – ამოიხვნეშა გენერალმა მინისტრმა, რომელსაც უძილობისგან ცხვირ-პირი გასიებული ჰქონდა და თვალები საშინლად ჩასისხლიანებოდა, – არც დღისით მაქვს მოსვენება, არც ღამით და ხან ერთი რეგიონიდან მოდის საგანგაშო ინფორმაცია, ხან მეორედან და ხან რამდენიმედან ერთდროულად. სამი დღეა, თვალი არ მომიხუჭავს: შენ წარმოიდგინე, პირიც არ დამიბანია ხეირიანად. სულ გადაირივნენ ეს არაფორმალი ექსტრემისტები, ხალხს ტვინს ურევენ. პროვოკაციებს არ ერიდებიან და ეს ყველაფერი ასე მშვიდობიანად არ დასრულდება. მოკლედ ასე, ჩემო ჯემალ, ახლა საქმეებზე გადავიდეთ და უნდა გითხრა, რომ სამხრეთ ოსეთში გგზავნი მივლინებით. ინფორმაცია გვაქვს, რომ თბილისელი არაფორმალი ექსტრემისტების პარალელურად, ოსი ექსტრემისტებიც რაღაც-რაღაც დაჯგუფებებს ქმნიან და შიგადაშიგ იარაღდებიან კიდეც. ამიტომ, რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, იქ მილიციის დამატებითი ძალები გადაისროლოს სიტუაციის გასაკონტროლებლად. ძირითადად, მობილურ ჯგუფებს ვგზავნით და ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის ხელმძღვანელი შენ იქნები. იქაური კაცი ხარ, ადგილმდებარეობას კარგად იცნობ და რაც მთავარია, მაღალი დონის პროფესიონალი ხარ. შენი მოქმედების არეალი იქნება ცხინვალი-ჯავის მონაკვეთი და აბა, შენ იცი, არ შემარცხვინო, შენი დიდი იმედი მაქვს.
– როდის უნდა გავემგზავრო?
– ხვალ დილით, – მომიგო მინისტრმა, კარამდე მიმაცილა და კაბინეტიდან გამომისტუმრა.
მინისტრის კაბინეტიდან გულდამძიმებული გამოვედი, რადგან კარგად მივხვდი, რა ხათაბალაში მიხდებოდა თავის ჩაგდება. არ მეპიტნავა ახალი დავალება, მაგრამ რას ვიზამდი, ბრძანებას წინ ვერ აღვუდგებოდი. სამსახურში წავედი და საქმეები ჩემს მოადგილეს გადავაბარე დროებით, შემდეგ სახლში დავბრუნდი და გასამგზავრებელ სამზადისს შევუდექი.
– საით, ზორბეგიჩ? – მკითხა ჩემმა სიძემ, რომელიც თავზე წამომადგა.
– მივლინებაში, – მივუგე სიძეს და ვკითხე, – ჩვენები სად არიან?
– მადინას ძმისშვილის ნიშნობაა, და იქ წავიდნენ, დილამდე არ მოვლენ.
– შენ რატომ არ წახვედი?
– ცუდად ვარ.
– რა გჭირს?
– კუჭი მაქვს აშლილი, ზორბეგიჩ, და წამდაუწუმ ტუალეტში დავრბივარ, – მომიგო სიძემ, შემდეგ მომიბოდიშა, ტუალეტში გავარდა და რომ დაბრუნდა, მითხრა, – ზორბეგიჩ, ერთი რაღაც მინდა გითხრა, მაგრამ მერიდება.
– თქვი, რა გინდა.
– ზორბეგიჩ, ერთი ებრაელია, ჩემი ძველი ნაცნობი და ისრაელში აპირებს გადასახლებას, – დაიწყო ჩემმა სიძემ და მივხვდი, რომ შორიდან მივლიდა, – ყველაფერს ყიდის და მხოლოდ ოქროს და ძვირფას ქვებს ყიდულობს, თან რომ წაიღოს, თანაც კარგ ფულს იხდის, – ჩემმა სიძემ პაუზა გააკეთა და ღრმად ამოისუნთქა, რომ მთავარი სათქმელი ეთქვა, მაგრამ მე უკვე მივხვდი, საითაც უმიზნებდა. თუმცა, არ შევიმჩნიე და ბოლომდე მოვუსმინე, მან კი განაგრძო, – ჰოდა, ზორბეგიჩ, ვხედავ, რომ „პადვალში“ ნაპოვნი სამკაულების გამოჩენა არ გინდა და სწორიცაა. რა იცი, რა შარი მოჰყვეს. ამიტომ, ხომ არ აჯობებდა, რომ ისინი იმ ებრაელს მივყიდოთ? დიდ „მაყუთს“ ჩამოვა, თანაც ვალუტით და თუ ისინი რეალურად 80 ათასი მანეთი ღირს, ის ებრაელი 100 ათას დოლარს გადაიხდის. რას იტყვი, ზორბეგიჩ, თანახმა ხარ?
– ეს საქმე არ გამოვა, მე ის სამკაულები ამ დილით მტკვარში გადავყარე, – სრული სერიოზულობითა და საკმაოდ მშვიდად ვუთხარი სიძეს.
ჩემი სიტყვების გაგონებაზე, სიძეს სახეზე მხიარული გამომეტყველება აღებეჭდა, რადგან იფიქრა, რომ ვხუმრობდი, მაგრამ მყისიერად შეეცვალა ნირი, როდესაც სახეზე დამაკვირდა და მიხვდა, რომ არ ვტყუოდი. იმ მომენტში ჩემი სიძე სისხლისმსმელ ვამპირს ჰგავდა და მზად იყო ყელში მცემოდა, კბილებით ხორხი გამოებდღვნა, ან უფრო უარესი რამ ექნა ჩემთვის. ერთი სიტყვით, იმ მომენტში ჩემს სიძეს ჩემ მიმართ უკიდურესი ზიზღი აღბეჭდვოდა სახეზე და ეს ყველაფერი რომ არ გაემჟღავნებინა, ცივად შეტრიალდა და თავისი ოთახისკენ გაემართა. მე კი საძინებელში შევედი და დავწექი, რომ მივლინებაში გამგზავრების წინ კარგად გამომეძინა.
დავხუჭე თუ არა თვალები, ეგრევე დამეძინა და არც ამჯერად გამომცხადებიან ფატიმა და მარიანა. სამაგიეროდ, ჩემი სიძე მეახლა სიზმარში, ვამპირის სახით, უზარმაზარი კლანჭებით, სარდაფში ნაპოვნ სამკაულებს მთხოვდა და მეუბნებოდა: „ლალები და ბრილიანტები მომეცი, მომეცი ჩქარა!“ რომ ვუთხარი, მტკვარში გადავყარე-მეთქი, ჩემ გარშემო დაიწყო სირბილი, კლანჭებიან ხელებს იქნევდა და მიმეორებდა, – გიჟო, გიჟო... ერთი სიტყვით, ძველი კოშმარი ახალმა კოშმარმა შეცვალა და ვინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ჩემი ტანჯვა-წამება, ძილში რომ ტელეფონის ზარის ხმა არ ჩამსმოდა. ოფლში გაწუწულს გამეღვიძა, წამოვხტი და ყურმილს დავწვდი:
– გისმენთ.
– რა ღრმა ძილი გცოდნია, ჯემალ, ერთი საათია, გირეკავ, – მომესმა მინისტრის ხმა და ინსტინქტურად კედლის საათს შევხედე, რომელიც ღამის ოთხის ნახევარს უჩვენებდა.
– ხომ მშვიდობაა, ამხანაგო მინისტრო?
– მშვიდობა რომ იყოს, ამ დროს შეგაწუხებდი? სასწრაფოდ სამინისტროში მოდი, ოთხ საათზე უნდა გაემგზავრო ცხინვალში შენს ჯგუფთან ერთად, – მითხრა გენერალმა და ყურმილი დაკიდა.
სულ რაღაც ხუთი წუთის შემდეგ, ჩემი ბარგი-ბარხანიანად მანქანაში ვიჯექი, სამინისტროსკენ მივქროდი. ღამის თბილისის დაცარიელებული ქუჩები რაკეტასავით გავიარე და სამინისტროში რომ მივედი, ოთხს თხუთმეტი წუთი აკლდა. სამინისტროს ეზო მსუბუქი ჯავშანტექნიკითა და კომუფლირებული სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მილიციელებით იყო სავსე, რომლებსაც „აკაეს-უები“ ჰქონდათ მხარზე გადაკიდებული. იქვე ტრიალებდა მინისტრიც, რომელიც მობილური ჯგუფების უფროსებს მითითებებს აძლევდა. მე რომ დამინახა, მიმიხმო და მითხრა:
– სამხრეთ ოსეთში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. ერთ-ერთ სოფელში კონფლიქტი მომხდარა, რასაც სროლა მოჰყოლია და ბრმა ტყვიას აკვანში მწოლიარე 9 თვის ბავშვი მოუკლავს. ეს ამბავი თბილისელ ექსტრემისტ ლიდერებს გაუგიათ და ხალხს კრებენ, რომ ცხინვალში ჩავიდნენ, ხოლო ამას რა მოჰყვება, ალბათ, ხვდები.
– სისხლისღვრა, – ვთქვი აღელვებულმა.
– არა მარტო ეს, – თქვა არანაკლებად აღელვებულმა გენერალმა, – ამას ომი მოჰყვება, გესმის, ჯემალ, ომი, ეროვნებათაშორისი ომი, ომი ოსებსა და ქართველებს შორის. ამიტომ, ცხინვალში ჩვენ უფრო ადრე უნდა ჩავიდეთ და დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჩავდგეთ, რომ ომი აღვკვეთოთ.
ზუსტად დილის 4 საათზე გავემართეთ ცხინვალისკენ და თბილისიდან წამოსული ადამიანების უზარმაზარ მასას ერთი ნაბიჯით შევასწარით ქალაქში და მათსა და მეორე მხრიდან მომდგარ ბრბოს შორის ცოცხალ კედლად აღვიმართეთ.
„საქართველო! საქართველო!“ – სკანდირებდნენ თბილისიდან ჩამოსული ადამიანები და ცხინვალისკენ გზის გახსნას ცდილობდნენ, თუმცა, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ ვაძლევდით. „ლენინ! პარტია! გორბაჩოვ!“ – ჭექდნენ ცხინვალის მხრიდან მომდგარი ადამიანები და მართალია, ისინი არ ცდილობდნენ ჩვენს გადათელვას და თბილისის მიმართულებით დაძვრას, მაგრამ ძალიან მძიმე სიტუაცია იყო შექმნილი. ასეთ ყოფაში დიდხანს ვერ გავძლებდით და სასწრაფოდ თუ არ მოიძებნებოდა გამოსავალი, ტრაგედია გარდაუვალი იყო. ხალხი კი ორივე მხრიდან მატულობდა და მესამე დღეს ერთმანეთის პირისპირ ათეულათასობით აღგზნებული ადამიანებისგან შემდგარი მასა იდგა...
იმ დღეების განმავლობაში წამითაც არ მომიხუჭავს თვალი, ისევე, როგორც სხვა ჩემს კოლეგებს და მესამე დღის გამთენიისას ჩამთვლიმა. თუმცა, უმალვე დავჭყიტე თვალები, რადგან აქედან ქართველებმა დასჭექეს: „საქართველო, საქართველოო“, იქიდან კი ოსებმა უპასუხეს: „ლენინ, პარტია, გორბაჩოვო“ და ეს ეგზალტირებული მასა უკვე ორივე მხრიდან მოგვაწვა და ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად გვავიწროვებდა, თავიანთ მარწუხებში გვაქცევდა, სულ ცოტაც, გადაგვთელავდა და ისეთი სისხლიანი შეტაკება დაიწყებოდა, ათასობით ადამიანი დაიხოცებოდა და მძიმედ დაშავდებოდა. ბიჭებს მოვუწოდეთ, მთელი ძალები მოეკრიბათ და რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, დაპირისპირებული მხარეების ერთმანეთთან შეტაკება არ დაეშვათ. პარალელურად, კი თბილისს დავუკავშირდით და დამატებითი ძალების სასწრაფოდ გამოგზავნა კატეგორიულად მოვთხოვეთ. მინისტრს პირადად ველაპარაკე, შექმნილი კრიტიკული მდგომარეობა დაწვრილებით მოვახსენე და ბოლოს ვუთხარი:
– მაქსიმუმ, კიდევ ორი საათი გავუძლოთ, მერე კი საშინელება გარდაუვალია, ჩვენც გადაგვივლიან და ერთმანეთსაც.
– ცოტაც გაუძელით, ჯემალ, მოვფრინავ! – მითხრა მინისტრმა და კავშირი გაწყდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში