კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღამის საჩუქარი


გაგრძელება. დასაწყისი იხ. „თბილისელები“ N26–35(505)



არავინ დაიჯეროთ, რომ ყველა მამაკაცი „მოსეირნეა“. უბრალოდ, „მოსეირნეებმა“ „არამოსეირნეებს“ იმიჯი შეულახეს და სახელი გაუტეხეს. აქაოდა, ჩვენ შორის თეთრი ყვავები არ არიან. ყველანი ერთნაირები ვართო. ვერაფერს იტყვი, მამაკაცური ლოგიკაა. კლასიფიკაცია ასეთია: მამაკაცების ერთი ნაწილი ახალგაზრდობის წლებში „მოისეირნებს“ და დამშვიდდება. მაგრამ, ამას ფული სჭირდება, ანუ თუ ახალგაზრდას აქვს ფული, გრძელფეხებიანი „ნაშებით“ გულს მოიჯერებს. მერე მოძებნის იმას, ვინც ოჯახურ სიმყუდროვეს შეუქმნის და დაწყნარებული (თუ მოყირჭებული) უქმნის კეთილდღეობას საკუთარი ნაშიერების. სამაგიეროდ, ვისაც არ გაუმართლა და ფინანსებმა ვნებების დაკმაყოფილებაში ხელი ვერ შეუწყო, უკვე ასაკში ნაშოვნი ფული ცელქობისკენ უბიძგებს. რას იზამთ, „აკრძალული ხილის“ გასინჯვის სურვილი იმდენად დიდია, ამას თვით ადამმაც კი ვერ გაუძლო. მართალია, მერე გამოსავალი მონახა და ყველაფერი ევას გადააბრალა, აქაოდა, მე რა, ამან მიბიძგა ცუდი საქციელისკენო. სხვათა შორის, მას შემდეგ დასჩემდათ მამაკაცებს მავნე ჩვევა, ყოველთვის ყველაფერი ქალებს გადააბრალონ. მულტიმილიონერს აქვს უფლება, ჰყავდეს ცოლი, შვილი, უყვარდეს ისინი, მაგრამ მრავალფეროვნებისთვის, პორნოვარსკვლავთანაც დაწვეს. სამასი ლარი რომ გაქვს შემოსავალი და ცოლისთვის ხარისხიანი ბიუსტჰალტერიც ვერ გიყიდია, რა „გენაშება“?! მილიონერი გეტყვით: მე დაუღალავი შრომითა და მცდელობით მოვიპოვე უფლება, მივიღო სიამოვნება საკუთარი შესაძლებლობებით. მე ასე ვფიქრობ და მეეჭვება, ვცდებოდე, რადგან ჩემი შეუმცდარობა დიდი ხნის წინ დავამტკიცე ექვსნულიანი ციფრებითო. ხომ მაგარი არგუმენტია, „რკინის ლოგიკა“ – გამყარებული შვეიცარიის ბანკში დადებული ოქროს ზოდებით და აყვავებული ბიზნესებით. მილიონერი იმასაც გეტყვით: „მე ეს დავიმსახურე და ასე იმიტომ ვიქცევიო!“ ვერც ამაში შეედავები. ფული აქვს და მუსიკასაც ის უკვეთავს... იცით, რა მაგარი განცდაა, როცა მუსიკას შენ უკვეთავ?! გულწრფელად მეცოდება ის, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ განუცდია ეს...

ერთი ქალი სწრაფად პოულობს გამოსავალს. ორი კიდევ – უკეთესად. ერთი მამაკაცი იბნევა, როცა მის წინაშე მოულოდნელი პრობლემა ჩნდება, ან გაუთვალისწინებელი ბარიერი... ორი მამაკაცი კი საერთოდ ვერაფერს ახერხებს, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს გულმოდგინედ უშლიან ხელს...

***

ვახომ პირსახოცი იატაკზე მიაგდო და ოთახში წინ და უკან სირბილს მოყვა.

– აზრზე ხარ, რას „მიჩალიჩებს“? – დაიგმინა ლაშამ.

– რას ამბობ? ეგრევე, გიჟად გამომაცხადებს. მაგას დამიჯერებს? გამორიცხულია. მით უმეტეს, იმ ყველაფრის მერე, რაც მოხდა.

– აბა, არ ყოფილა გამოსავალი. თუ ისეთი ჯიუტია, როგორც შენ ამბობ, მაშინ გაყიდვას ვერ გადაათქმევინებ. მორჩა, რა შანსი გეცლება ხელიდან?

– მეცლება? არავითარ შემთხვევაში. ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ. რამე უნდა მოვიფიქროთ, თანაც, სასწრაფოდ.

– რა უნდა მოვიფიქროთ, რა! მივიდე და დივანი იატაკზე დავაჭედო?!

– რა და... – ლაშამ შუბლი მოისრისა, – ჩვენ უნდა ვიყიდოთ. ფული ხომ გვაქვს. რამდენი უნდა დააფასოს, რომ ვერ შევწვდეთ. რა ჭკვიანი ვარ, რომ ლიკას არ ვუთხარი, რამდენი მოვიგე.

– რაო? უთხარი, რომ ფული მოიგე კაზინოში?

– არა, არა. მაგას როგორ ვეტყოდი?! შენ დაგაბრალე.

– მე დამაბრალე? კი მაგრამ, მე რა შუაში ვარ?!

– შენც კაი ტიპი ხარ. რაღაც ხომ უნდა მეთქვა. გაიხსენე, რა სიტუაციაში გვნახა. მე რომ სახლში მივსულიყავი დილაუთენია და ჩემი ცოლი იმ „ნაშასთან“ ერთად, ტრუსისამარა მოხტუნავ-მოცეკვავე მენახა, ნამდვილად გავგიჟდებოდი. რა უნდა ეთქვა, რომ მისთვის დამეჯერებინა?!

– მე „ნაშაც“ ვარ, ტო? გიჟი ხარ? „ნაშა“ ხარო, მაგას მეუბნები? – გადაირია ვახო.

– ე, შენც რაღა დაგემართა. ეს ისე გითხარი. უბრალოდ, პარალელები გავავლე.

– მგონი, უკვე „ჭედავ“, ხომ იცი. თანაც ძალიან სერიოზულად. გისმენ და მეშინია. მოკლედ, მითხარი, რა დამაბრალე?

– ისეთი არაფერი. რა დაგემართა?! ლიკას ვუთხარი, ვახო ტოტალიზატორში თამაშობს და მატჩის ანგარიშის გაგება რომ უნდოდა, ჩემთან დარჩა-მეთქი. მერე ცოტა ფული მეც დავდე და მოვიგე-მეთქი.

– და, დაიჯერა?

– ჰო. რა იყო ამაში დაუჯერებელი?!

– ისე, ქალები მაინც რა სულელები არიან, არა? – გაიცინა ვახომ, – ტყუილად კი არ არის ნათქვამი, ქალის ჭკუა თხამ ღობეზე მიაჭამაო.

– რა თქვი, ბიჭო? თხა რა შუაშია ქალთან და იმის ჭკუასთან?

– რა ვიცი. ბაბუა მყავდა გურული და ის ასე ამბობდა. მოიცა, რა დროს ამაზე ლაპარაკია, ესე იგი, ჩვენ ფული ტოტალიზატორში მოვიგეთ. კარგი. ეს გავიგე. დივანის საქმე როგორ იქნება?

– ვიყიდოთ. აქ მოვიტანთ და დავდგამთ.

– სად აქ, – პირი დააღო ვახომ, – ჩემს ბინაში?

– ჰო, აბა?! სხვაგან სად წავიღებ. ისევ სახლში ხომ არ მივიტან, ცოტა იაზროვნე.

– აუ, ლაშა... რას მიპირებ, დედაჩემი რომ ჩამოვა სოფლიდან, იმას რაღა ვუთხრა, საიდან მოვიტანე ეს დივანი-მეთქი?

– ვიყიდეო. დედაშენიც ხომ არ იეჭვიანებს?

– არა, მაგრამ მეტყვის, ძველმანები სახლშიც ბევრი გვქონდა, შენ რომ არ დაგემატებინაო.

– დედაშენს როგორმე გაუმკლავდები. რა ვქნა, მე მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, თუ უკეთესი ვერსია გაქვს, მითხარი.

ვახომ ამოიოხრა.

– შენ რა გგონია, არ ვფიქრობ? მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე. იყოს ისე, როგორც შენ ამბობ. ვიყიდი შენს დივანს, შენივე ფულით. ჯანდაბას! რადგან სხვა გამოსავალი არ მაქვს.

– არ გვაქვს, – მოუჭრა ლაშამ.

– გავიგე. იმედია, კომპენსაცია მაინც იქნება ისეთი, რომ ამ დავიდარაბად ღირდეს.

– რა თქმა უნდა, კომპენსაცია სერიოზული იქნება. ოღონდ, შენ უნდა გახსოვდეს, რომ ამ საქმეში ერთად ვართ, ბოლომდე.

– რადგან შევტოპე, ახლა ბოლომდეც უნდა გავიდე. ოღონდ, კიდევ არის ერთი პრობლემა.

– რა პრობლემა?

– წარმოიდგინე, რა ისტერიკებს მოაწყობს შენი ცოლი, თუ გაიგებს, რომ ღამღამობით, ჩემთან მორბიხარ დასარჩენად.

ლაშამ ვახოს შეხედა და სიცილი აუტყდა.

***

მათ არ ეშინიათ საკუთარი ცოლების... მხოლოდ საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ძირითადად „ყვითელი პრესის“, სკანდალებს დახარბებული ჟურნალისტების სტატიებით ყალიბდება, აკავებს მათ ჩარჩოებში. ჩარჩოებსაც პირობითად ვამბობთ, თორემ ბევრი არაფერი იცვლება ამით, საყვარელს მალულად გაიჩენ და ჟურნალისტებს მოქრთამავ, შენი „ცელქობის“ ამბავი ცოლის ყურამდე რომ არ მიიტანონ, თუ ყველაფერს ფეხებზე დაიკიდებ და ბოლომდე „მიაწვები“ შენსას. თუ ფული გაქვს, რა პრობლემაა?! ცოლი მაინც ყველაფერს გაპატიებს. არ გაპატიებს და მისცემ შენი ქონების რაღაც ნაწილს და შვებით ამოისუნთქებ. აბა, რაღაც ნახევარ, ან თუნდაც ერთ მილიონად ღირს სიამოვნებაზე უარის თქმა?.. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ფულის ფასი წარმოუდგენლად მაღალია. ოღონდ არ თქვათ, ფულს ფასი არ აქვსო. აქვს და მერე როგორი... წარმოიდგინეთ... სულ ერთი წუთით წარმოიდგინეთ: მთელი სამყარო, თავის „ნაშებით“ და ლამაზმანებით, თქვენ ფეხქვეშაა. ირონია ისაა, რომ მამაკაცები – მდიდარიც და ღარიბიც, თავისი ცხოვრების რაღაც ეტაპზე აუცილებლად სჩადიან სისულელეებს და ამას ოცნების ასრულებას ეძახიან. რა ქნან, ინსტინქტი თავისას შვრება. ქალური ლოგიკა ასეთია: „აბა, რომელი ჭკვიანი შეჭამს ჰამბურგერს, თუკი სახლში გემრიელი და მადისაღმძვრელი ბიფშტექსი ელოდება“? დიახ, ეს ქალური ლოგიკაა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არანაირად არ ასახავს რეალობას. რადგან მამაკაცები სწორედ ამას აკეთებენ. განა ბიფშტექსი არ უნდათ, ან არ მოსწონთ. უბრალოდ, „ჰამბურგერზეც“ ვერ ამბობენ უარს. მათ „მრავალფეროვანი რაციონი“ სჭირდებათ, თავი კომფორტულად რომ იგრძნონ. არადა, მამაკაცს შეეძლო უამრავი უსიამოვნება აერიდებინა როგორც საყვარელი ქალისთვის, ისე საკუთარი თავისთვის, თუკი შეძლებდა, თავქარიანობის, ხანმოკლე პერიოდები მინიმუმამდე დაეყვანა, ან ერთგულებაზე გაეცვალა. მამაკაცს ეს აშკარად შეუძლია. უბრალოდ, „ჰამბურგერის“ გასინჯვის სურვილს ვერ უძლებს... დიახ, ოცდაათი წლის ასაკში მამაკაცს უნდა, ძალიან უნდა თავისუფლება... ეს სურვილი მას ბუნებრივად უჩნდება, მაგრამ გულის სიღრმეში მამაკაცი ყოველთვის მიილტვის იმისკენ, რომ ვიღაცას (რა თქმა უნდა, ქალს...) ძალიან, ძალიან სჭირდებოდეს...

***

რადგან ლიკა ქმრისგან წინააღმდეგობას არ წააწყდა, იხტიბარწახდენილი და ცოტათი განაწყენებულიც კი დარჩა, თითქოს საჩხუბრად შემართულს ცივი წყალი გადაესხა და დაუკმაყოფილებლობის გრძნობამ ააფორიაქა. სამსახურშიც ისე წრიალებდა, სოფოს მახვილ თვალს არ გამოჰპარვია მისი ტრიალ-ბზრიალი...

– ჰა, რა ქენით, გაარკვიეთ ურთიერთობა? – ჰკითხა, როგორც კი შესვენების ერთი საათის სურვილისამებრ გამოყენების საშუალება მიეცა.

– ჩვენ? მე და ლაშამ?

– ჰო. შენ და ლაშამ. არა, თუ არ გინდა, ნუ მეტყვი. მაინც ცოლ-ქმრის საქმეა და არ მინდა, მერე მე დამაბრალოთ რამე.

– არაფერს დაგაბრალებ, თუ გეშინია, – ლიკამ ტუჩი მოიწიწკნა, – რა არის, იცი? თითქოს განსაკუთრებული და არარეალური არაფერი უთქვამს, მაგრამ მე მაინც ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ რაღაცას ბოლომდე არ ამბობს.

– იქნებ, მართლა არ ამბობს. შენს ადგილას მე იმ „ტიპს“ ვნახავდი და დაველაპარაკებოდი.

– კარგი რა, სოფო, ვითომ არ იცი კაცების ამბავი. ლაშას „ის ტიპი“ უკვე „დამუშავებული“ ეყოლება. თუ რამე მომატყუა, ვერსიას იმასაც გააცნობს და დაამოწმებინებს. ასე რომ, ამას აზრი არ აქვს. სამაგიეროდ, იმ დივანის გაყიდვაზე დავითანხმე.

– რომელი დივანის?! – ვერ მიხვდა სოფო.

– აი, იმის, რომლისკენაც გული მიუწევს. სხვათა შორის, ახლა გამახსენდა, რომ იმ დღესაც მაგ დივანზე იწვა.

– რომელ დღეს?

– მე რომ მივედი. ზედ ლოგინი იყო გაშლილი. როდის აქეთ შეუყვარდა მაგ დივანზე ძილი, ვერ ვხვდები. არა, არა, აშკარად რაღაცას მატყუებს. ტოტალიზატორში ფულიც მოუგია...

– რა ფული?

– ორი ათასი ლარი...

სოფომ წამოიყვირა.

– მართლა?

– რა ვიცი, ასე მითხრა და... თან სულ მე მაძლევს, უკვე ძალიან დავიბენი. რა ვქნა, როგორ მოვიქცე. კერძო დეტექტივს დავიქირავებდი, მაგრამ ფული არ მაქვს.

– არ გაგიჟდე, კერძო დეტექტივი რაში გჭირდება. საყვარელი რომ არ ჰყავს, იმაში უკვე დავრწმუნდით. არ არის გამორიცხული, მართლა ტოტალიზატორში თამაშობდეს. უთხარი, ფრთხილად იყოს. სახლიც არ გადააყოლოს და თავიც. ისე კი, გირჩევ, ცოტა ხნით საერთოდ მოეშვი. სერიოზულად გეუბნები. დამშვიდდი და ვნახოთ, რა მოხდება. რა თქვი, იმ ფულს მე მაძლევსო?

– ჰო. წვრილი ვალები გაისტუმრე და დანარჩენით ბათუმში წავიდეთ. გავერთოთ. მარტო მე და შენო.

– მდა, ეგ დანაშაულის გამოსყიდვის მცდელობას ჰგავს. თუმცა, ვინ იცის. შეიძლება მართლა უნდოდეს, რომ გაგახაროს. წადი ბათუმში.

– არავითარ შემთხვევაში. ჯერ დივანი უნდა გავყიდო, – ჯიუტად ჩაილაპარაკა ლიკამ, – შენ ერთი ინტერნეტმარკეტის მისამართი მითხარი. მანდ ავეჯის განყოფილება ხომ არის?

– მგონი, კი, – სოფოს გაეცინა.

– რა გაცინებს? – ეწყინა ლიკას.

– იმიტომ ვიცინი, რომ სასაცილო ხარ. დივანი რა შუაშია, მასზე ჯავრს რომ იყრი.

– ჯავრს არ ვიყრი. მინდა, რომ გავყიდო, გამოვცვალო. რაღაც სიახლე მჭირდება აუცილებლად.

– მერე შენც, რაღა დივანს „ეცი“. „უწყინარი“, საყვარელი დივანია. პირდაპირ ლაშა გამოცვალე, მაგარ კაცში.

– არ მინდა. ყველა კაცი ერთნაირია, მაგარიც და სუსტიც. თუ როდისმე ლაშასგან წავალ, ჩემს ცხოვრებაში სხვა კაცი აღარ იქნება.

– ნუ მაცინებ. ჯერ ერთი, გამორიცხული არასოდეს არაფერია. მით უმეტეს, არ უნდა იყო დარწმუნებული იმაში, რომ რაღაც არ მოხდება. ჩემს საკუთარ მაგალითზე გამოვცადე, რომ სწორედ ის დაგემართება, რაზეც კატეგორიულად ამბობ, ამას არ გავაკეთებო.

– აუ, სოფო... რა უცნაური ვინმე ხარ...

– ნორმალური ვინმე ვარ, საყვარელო, ნორმალური. ერთ წუთში შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი.

– უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ.

– ან უკეთესობისკენ, ან უარესობისკენ. ესეც არავინ იცის.

– მირჩევნია, თუკი მაინც უნდა შემეცვალოს რამე, უკეთესობისკენ შეიცვალოს.

– ეგ ყველას უნდა, – გაიცინა სოფომ და ლიკას თმა აუჩეჩა, – მაგრამ ამისთვის უნდა გაისარჯო კიდეც.

– მაგალითად, როგორ?

– მაგალითად, არ უნდა გაჯიუტდე მაშინ, როცა ხვდები, რომ ეს მხოლოდ ხელს შეგიშლის შენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში.

– სოფო, ახლა არ დაიწყო...

– არაფერს არ ვიწყებ... არაფერს... შენ მკითხე და მეც გიპასუხე, სულ ეს არის.

ლიკამ იგრძნო, რომ ამჯერად სოფო მართალს ამბობდა. იგრძნო და გაჩუმდა.

– იმ დივანს რომ გაყიდი, ეგ სასიხარულო ამბავი არ გამომაპარო, იცოდე. პირველად ვნახე ცოლი, რომელიც დივანზე ეჭვიანობს.

***

... მე ხომ თავიდანვე გთხოვეთ, მოთმინებით აღიჭურვეთ-მეთქი... თანაც, კი არ გთხოვეთ, შეგითანხმდით. ისიც აგიხსენით, მოკრძალებით, ყველა კარტს თავიდანვე ვერ გაგიხსნით და აზარტის გარეშე ვერ დაგტოვებთ-მეთქი. ჰოდა, ახლა ნუ იწუწუნებთ, რომ დაიღალეთ და გირჩევნიათ, რაღაც დეტალები თქვენთვის უფრო ნათელი გახდეს. ისევ და ისევ, თქვენი ინტერესების გათვალისწინებით ამას ვერ გავაკეთებ. თან კიდევ მე ვარ ისეთ გუნებაზე, რომ თამაშს ასე სწრაფად ვერ შევწყვეტ... მომეცა შანსი, ის ვაკეთო, რაც მართლა მინდა და ამ სიამოვნებას არავითარ შემთხვევაში, არ მოვიკლებ. ვინც დაიღალა, შეუძლია, დამემშვიდობოს და ნერვებიც დაიმშვიდოს, მაგრამ ზუსტად ვიცი, ამას არ გააკეთებთ. იცით, რატომ? – იმიტომ, რომ ჩემსავით გაქვთ აზარტი. ინტერესი გკლავთ, გაიგოთ, რატომ წამოვიწყე ეს ყველაფერი და ამ თამაშში, თვალდახუჭული წამომყვებით...

თუ უნდობლობამ ერთხელ დაიბუდა ორ, თუნდაც ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს შორის, მერე ურთიერთობა თავისით მიდის დაღმავალი გზით. თითქოს ფეხი ფორთოხლის ქერქზე აუცურდაო... პრინციპში, ასეც არის, ვიღაცას ფეხი უცურდება... ვიღაც ეცემა და ისევ დგება... ვიღაც საერთოდ ვეღარ დგება და თავ-პირს იმტვრევს... მოკლედ, არის რაღაც, რაც კონტროლს არ ექვემდებარება...

***

ქალმა მორიდებით დააკაკუნა კარზე. ანდროს არც უფიქრია, მაგიდიდან ფეხების ჩამოღება. ისე დაიძახა შემოდითო და ტელეეკრანს წამით მოაცილა თვალი...

– ინა? შემოდი, შემოდი... რამ შეგაშფოთა?

– ბატონო ანდრო, ხომ იცით, ტყუილუბრალოდ არ მიყვარს თქვენი შეწუხება, მაგრამ...

– ჰო, ვიცი... ბიჭებმა მითხრეს... ანუ, იგივე განმეორდა...

– დიახ, – ინა სკამის კიდეზე ჩამოჯდა.

– ეს უკვე მერამდენედ მოხდა?

– მეოთხედ... თანხა არც ამჯერად არის დიდი, სულ რაღაც სამი ათასი ლარი, მაგრამ ხომ გითხარით... ძალიან უცნაურად იქცევა, ძალიან უცნაურად...

– მდა, – ანდრომ ნიკაპი მოისრისა, – ესე იგი, უცნაურად იქცევა.

– დიახ...

– მეთვალყურე მიუჩინეთ?

– დიახ. მივუჩინეთ.

– მერე?

– საეჭვო არაფერია. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

– იქნებ იღბლიანია.

– ინამ ეჭვით გადააქნია თავი.

– იცით, პრობლემა რაშია? მე არ მწამს იღბლის.

– რატომ, საყვარელო? ცხოვრებაში არ გიმართლებდა?

– მე ყველაფერს საკუთარი შრომით ვაღწევ. აბსოლუტურად ყველაფერს. ამიტომ, იღბლის იმედად ვეღარასოდეს ვიქნები, რასაც იმ ტიპზე ვერ ვიტყოდი.

– რას გულისხმობ?

– იმას, რომ თუკი არ თაღლითობს, მაშინ იღბლის იმედად არის და ზუსტად იცის, რომ გაუმართლებს. ეს ხომ აბსურდია.

– ბიჭებს უთხარი, კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ. მით უმეტეს, თუ ისევ მოვა.

– მოვა, აუცილებლად, – დარწმუნებით ჩაილაპარაკა ინამ.

– რატომ გგონია, რომ მოვა?

– იმიტომ. ინტუიცია მკარნახობს ამას.

ანდრომ თითები გაატკაცუნა.

– მაინც მგონია, რომ განგაშს ტყუილუბრალოდ ტეხ. მეც დაველაპარაკები ბიჭებს და თუკი ეს ისევ გაგრძელდება, სპეციალურ სამსახურსაც ჩავრთავ.

***

ვახომ კარი თვალების ფშვნეტით გააღო. ზღურბლზე ლაშა იდგა.

– შემოდი. უკვე სიზმარშიც შენ გხედავ. „გამოძვერი“ თუ ისე შემოიარე.

– არა. ვერ „გამოვძვერი“. ისე შემოგიარე. როგორ ხარ?

– ხომ გითხარი, სიზმარშიც შენ გხედავ-მეთქი. კიდევ ფულს ვხედავ ტომრებით.

– კარგია! – ხელები მოიფშვნიტა ლაშამ, – ძალიან კარგია. რამდენი გვაქვს „ანგარიშზე“?

– ათი ათასი...

– ლარი თუ დოლარი?

– ვითომ არ იცი. ლარი, რა თქმა უნდა.

– ჰოდა დროა, დოლარი ვიყიდოთ. უფრო საიმედოა.

– მოიცა, როდემდე ვაგროვოთ. ბანკის გახსნას ხომ არ აპირებ?

– რა ბანკის, თუ ძმა ხარ?! ხომ არ დაგავიწყდა, ოცდახუთი ათასი დოლარი ვალი რომ მაქვს. ჯერ ეგ თანხა უნდა მოვაგროვო.

– შენ თუ ამ ტემპში გააგრძელებ, ნახევარ წელიწადში მოვუღებთ ბოლოს მაგ შენს ვალს და მერე... – ვახომ ნეტარებით გაიღიმა, – ერთი სული მაქვს, ეგ „მერე“ როდის მოვა.

– შეიძლება, არც არასოდეს... – „ცივი წყალი“ გადაასხა ლაშამ. ვახო შეიჭმუხნა.

– ამას რატომ მეუბნები. მაშინებ თუ?..

– რა თუ, რა თუ? ახლა ნუ „დაიგრუზები“. უბრალოდ, გარანტიები არაფერში არსებობს. შენ ეს ჩემზე უკეთ იცი.

– მოიცა, რა, ნუ ხარ შენ ეგეთი „გამიტეხე მასტი“. ძლივს ცოტა გავიხარე, გეგმებიც დავაწყვე. კიდევ როდის მოხვალ?

– წარმოდგენა არ მაქვს. ლიკას როცა „დავუძვრები“.

– ხომ არაფერს ეჭვობს?

– ჯერ არაფერს. ფულს ცოტ-ცოტას ვაპარებ და ვეუბნები, რომ იქამდე ვიმუშავებ ღამის მორიგედ, სანამ ცოტა სულს არ მოვითქვამთ-მეთქი. ჯერჯერობით ჩუმად არის.

– მე რას გეუბნებოდი. ჯერჯერობით კი არა, დიდხანს იქნება ჩუმად. საქმე ფულშია. შენ ფული არ მოაკლო და ხმას საერთოდ არ ამოიღებს. ქალებს ფული უყვართ. პირდაპირ დნებიან, როცა ტკიცინა, მწვანე კუპიურებს აუფრიალებ და ეტყვი, რომ შეუძლიათ ისე დახარჯონ, როგორც თავად მოუნდებათ.

– ლიკა ფულზე გაგიჟებული არასოდეს ყოფილა, – ეწყინა ლაშას.

– მე ეგ არ მითქვამს, მაგრამ გულახდილად მითხარი, რაც ცოტ-ცოტას აპარებ ფულს და ისე აღარ გიჭირთ, ხომ უფრო „ალერსიანია“? – მრავალმნიშვნელოვნად ჩაიხითხითა ვახომ.

– ნუ, უნდა ვაღიარო, რომ შენს სიტყვებში არის ლოგიკა.

– რა თქმა უნდა, არის. როგორ არ არის. შენ ნახე, მოტოციკლს რომ ვიყიდი, რამდენ გოგოს გადავრევ და გავაგიჟებ!

– გიჟები და გადარეულები რისთვის გინდა. „დალაგებული“ არც შენ ხარ.

ვახო გაიზმორა.

– შენ სანამ დაგიახლოვდებოდი, ვიყავი „დალაგებული“, მაგრამ რომ არ მაცადე მშვიდი ცხოვრება? მოკლედ ასე, მე დავადგინო „მორიგეობის“ დღეები, თუ თავად მოაგვარებ მაგ პრობლემას?!

– ეს რა პრობლემაა? ვფიქრობ, კვირაში ერთხელ სრულიად საკმარისი იქნება.

– საკმარისი არ იქნება. მართლა ორი წელი გინდა აგროვო შენი სახლის გამოსახსნელი თანხა? ე, მე გამდიდრებაზე ვოცნებობ. თანაც სულ რაღაც წელიწად-ნახევარში.

– მაშინ, ერთი და იგივე კაზინოში ვეღარ მივალთ.

– რატომ? – განცვიფრდა ვახო გულწრფელად.

– ვახო, ზოგჯერ ისეთი შტერი ხარ, ნერვებს მიშლი. აბა, თუ მიხვდები შენით...

– რა ვიცი. ვერ ვხვდები. მითხარი, რა.

– ეჭვს აიღებენ.

ვახომ მხრები აიჩეჩა.

– აიღონ მერე. რა გენაღვლება, ხომ არ თაღლითობ, ეგ შენი პრობლემა არ არის. ნუ გეშინია, შენნაირები ბევრნი არ არიან. დიდი-დიდი, ცოტა აღელდნენ და სათვალთვალო კამერა შენკენ მომართონ. გადაიტან როგორმე...

– არა. არ მინდა, ვიღაცის თავის ტკივილად ვიქცე. კაზინოების მეტი რა არის? სხვაგანაც წავიდეთ.

– კარგი. რადგან ასე გინდა, წავიდეთ. თუმცა, მე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. შენ ისეთი დიდი „კუში“ არ მოგიხსნია, რომ კაზინო გააკოტრო.

– ჰო, მაგრამ ყურადღებას მივიქცევ. არ მჭირდება ზედმეტი თავის ტკივილი.

– მთელი ქალაქის კაზინოებს ხომ არ შემოვირბენთ.

– მთელი ქალაქისას რატომ? ზოგჯერ შევიცვალოთ ხოლმე.

– როგორც გინდა. ისე კი, რომ იცოდე, ამ ქალაქის კაზინოების ოთხმოც პროცენტს ერთი „სასტავი“ აკონტროლებს. ერთი ბიზნესია, ხვდები? ასე რომ, თუ ყურადღების ცენტრში მოექცევი და ვიღაცას სერიოზულად ჩააფიქრებ შენი იღბლიანობით, ეს ერთ კაზინოში არ დამთავრდება, დამიჯერე.



– მაგაზე არ მიფიქრია, – დაღონდა ლაშა.

– გეუბნები, არაფერი იქნება-მეთქი. ეს აქ უკვირთ, „ტიპი“ რომ იგებს, თორემ ლას-ვეგასში ხალხი ერთ ღამეში ხდება მილიონერი, – ვახომ თვალები მილულა, – რა მაგარია, ერთ ღამეში მილიონერი რომ გახდები... სულ სხვა ვახო რომ გაიღვიძებს, აბსოლუტურად სხვა.

– მილიონი კი არა, მილიარდიც რომ ვიშოვო, მაინც ისევ ის ლაშა ვიქნები, – თქვა ლაშამ.

– არა! შენ ახლა გგონია ასე, თორემ...

– გეუბნები, საკუთარ თავს ხომ ვიცნობ. მე არ შევიცვლები, ფული ვერ გამაგიჟებს.

– ჰო? ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?

– იმიტომ, რომ ფული ჩემთვის არასოდეს ყოფილა რაღაც. უბრალოდ, მჭირდება.

– რას მელაპარაკები?! – ყასიდად შეიცხადა ვახომ, – მართლა გჭირდება და მეტი არაფერი? შენ როგორ გგონია, სხვებს არ სჭირდებათ და ისე, უბრალოდ უნდათ? მგონი, უკვე შეიცვალე და ვერ ხვდები.

– ადამიანები არ იცვლებიან. უბრალოდ, ზოგჯერ, უნებლიეთ, თავის ნამდვილ სახეს ავლენენ, როცა თამაში უძნელდებათ, ან რაღაც მიზეზთა გამო არ გამოსდით. მე ასე მჯერა.

– გარემოება და გარე ფაქტორები ცვლის შეგნებას. ჯერ კიდევ დიდმა ენგელსმა ბრძანა, გარემოება ქმნის შეგნებასო.

– ენგელსმა კი არა, მარქსმა, – „დიდსულოვნად“ შეუსწორა ლაშამ.

– რა მნიშვნელობა აქვს, რომელმა თქვა. ეგენი მაინც ერთნი იყვნენ, ორთავიანი ურჩხულივით, მაგრამ ზოგ რამეებში ვეთანხმები. აი, მაგალითად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

– ეჰ, შენ, მგონი, ძილი დაგაკლდა. მოდი, მე ახლა წავალ და ერთი-ორი საათი კიდევ წაუძინე. ოღონდ ჩემს დივანზე არა. ისე, რა ძვირი „აგვაღლიტა“?!

ვახომ თითი შემართა.

– არა, გენაცვალე, – „აგვაღლიტა“ აქ არასწორად არის პირსა და რიცხვში ჩასმული. კი არ „აგვაღლიტა“, „ამაღლიტა“, იმიტომ რომ ათას ხუთასი ლარი შენს ოჯახში შემოვიდა.

– სამაგიეროდ, ჩემმა დივანმა გადმოინაცვლა შენს ბინაში. ეს ფული კი, მე თვალითაც არ მინახავს. ლიკა აპირებს ახალი სამეულის ყიდვას. ასე რომ, ძალიანაც რომ მინდოდეს, საძინებლიდან ვერ გამოვალ. იატაკზე ხომ არ დავიძინებ.

– ისე, ხომ არ გეცადა?! იქნებ, იატაკმა უკეთ გაჭრას...

– გაჩერდი, არ ეწყინოს, – სრული სერიოზულობით წარმოთქვა ლაშამ.

– ვის? – ვერ მიხვდა ვახო.

– დივანს. როგორ თუ ვის...

– ეჰ, ვატყობ, ჩვენ ორივენი მალე გავაფრენთ. რას გვეთამაშება, ტო... თუ რამე ემეტება, ეგრევე მოგვცეს და ეგ იქნება.

– გაჩუმდი. ახლა მართლა ეწყინება და დავიღუპებით. იმ ფულით დოლარი იყიდე და შენთან შეინახე. ლიკას ამბავი რომ ვიცი, სად უნდა დავმალო, რომ ვერ იპოვოს. ყნოსვით მიაგნებს...

– ერთი, ლიკა ვერ გავიცანი ახლოს.

– ახლა არ გინდა! საქმე კარგად მიდის და ისევ ნუ გადამირევ. მე შენ მხოლოდ სამსახურში გხვდები და აღარც ტოტალიზატორში ვთამაშობ. ხომ გესმის?

– რა თქმა უნდა, მესმის. ისე, დიდი ვერაფერი „აგენტი 007“ ყოფილა. ცხვირწინ ატყუებ და ვერაფერს ხვდება.

– კიდევ კარგი, რომ ვერ ხვდება. ერთი მალე მოვაგროვებდე იმ ფულს და მერე მე ვიცი...

– არ მითხრა, რომ ხელს შეუშლიდი უზენაესის სურვილის ასრულებას, – პათეტიკურად გაშალა ხელები ვახომ.

– შენ რა გენაღვლება, ბევრი არაფერი მოგეკითხება. აი, მე კი ზოგჯერ შიში მიპყრობს და საკუთარ თავს ვეკითხები, რატომ მაინცდამაინც მე-მეთქი...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3