ცხარედ გადემოკრატიულებულები
მოთმინების ფიალა
ცხვარი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დემოკრატი) ცხვარიაო (ანუ დემოკრატიაო), მაგრამ, თუ გამოდემოკრატიულდა, ცხარეაო. ამიტომაც, ბევრი ითმინეს თუ ცოტა, ქართველმა რჩეულებმა შესაბამის კანონებში ცვლილებები მოამზადეს. ჰოდა, რაკი მოამზადეს, ამიერიდან კანონიერად გზის გადაკეტვას ბლომად ხალხიც დასჭირდება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმაც 500 ლარი გახდება, 30-დღიანი პატიმრობაც სამთვიანით შეიცვლება; მეტიც, შენობა-ნაგებობებსა და ასფალტის საფარზე წარწერებიც იკრძალება (თუმცა ის კი აღარ დაკონკრეტებულა, შეეხება თუ არა აკრძალვა წარწერებს თემაზე: „მიშა, მიშა!“ ან „მიშა, გვიყვარხარ!“). რჩეულებს უყურადღებოდ არც პოლიცია დაუტოვებიათ (ან კი როგორ დატოვებდნენ, როდესაც მათზე უთქვამთ: „მე მიცავს ჩემი პოლიცია!“): რეზინის ტყვიებიც დაუკანონა და პლასტმასისაც (მეტიც, აკრძალული იარაღის გამოყენების ნებაც დართო, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, განსაკუთრებულობასაც, ბუნებრივია, თავად დაადგენენ). რჩეულთა გაცხარებას ოპოზიციაც (ოღონდ არასაპარლამენტო) გამოეხმაურა და ცვლილებებს დიქტატორული უწოდა, თუმცა ხელისუფლებას საკუთარ წრეგადასულ გამოდემოკრატიულობაში ეჭვიც არ შეჰპარვია, ვერც შეეპარებოდა, რადგან რამდენიმე დღის წინათ პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში პირადად დაინტერესდა პატიმრების კვების პირობებით და სწორედ მასთან ერთად შევიტყვეთ, რომ თითოეული პატიმრის კვებაზე დღეში 3, ესე იგი, თვეში 90 ლარი იხარჯება (აღარაფერს ვამბობ ცხელ წყალსა და გათბობაზე). შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღატაკის ზღვარს მიღმაა (ანუ თვეში 60 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს), შესაძლოა, რჩეულებმა კანონი იმიტომაც გაამკაცრეს, რომ მოქალაქეებს საპატიმროებში მოხვედრის საშუალებათა ფართო არჩევანი მისცენ. რაც შეეხება პენსიონერებს: მათ, პირდაპირ საპატიმროში უნდა უშვებდნენ, რადგან, პენსიის ფონზე, წესით, გარეთ ყოფნას, ციხეში უნდა ერჩივნოთ.