კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბავშვის წამორტყმისთვის ექიმ ქალბატონს ერთი წლით პატიმრობა მიესაჯა


ბავშვისთვის სილის გაწვნისა და ჩქმეტის გამო პოლიციამ ქეთევან ლ. ხულიგნობის მუხლით დააკავა. ამ მიზეზით ქალის ხულიგნად შერაცხვა, ქართულ სამართალწარმოებაში, ალბათ, უპრეცედენტოა. თუმცა, ადვილი მისახვედრია, რომ მომხდარის რეალური მიზეზი სულ სხვა გარემოებაა. ასეა თუ ისე, ქალბატონს ერთი წლით პატიმრობა მიესაჯა, რაც გასაჩივრებების შემდეგ, სამი წელი პირობითი სასჯელით შეეცვალა.

როგორც აღვნიშნეთ, სისხლის სამართლის საქმის რეალური მიზეზი სულ სხვა გარემოებაა. საქმე ეხება ყოველი მეორე ქართული ოჯახისთვის დამახასიათებელ ოჯახურ კონფლიქტს, რაც შვილებს შორის ქონების არათანაბარ გაყოფას მოსდევს ხოლმე. როგორც წესი, ოჯახის წევრები ერთმანეთს წვრილმანებშიც კი აღარ ინდობენ. სწორედ ასე იყო 38 წლის ქეთევან ლ-ს შემთხვევაში, თითქოს უმნიშვნელო საბაბით ის სისხლის სამართლის დამნაშავე გახდა. 5 წლის ბავშვი კი, ვისაც ემსხვერპლა, არც მეტი არც ნაკლები მისი დისშვილი გახლდათ, ოღონდ ბავშვის დედა არა ალალი, არამედ მისი ნახევარდა იყო. ქეთევანი და მისი და ერთნი მხოლოდ მამით იყვნენ.

დებს შორის უთანხმოების მიზეზი სწორედ მშობლების ქონების გაყოფა გახდა, რაც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ამაში კი არა მხოლოდ ქალები, მათი ქმრებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. სწორედ ამიტომ უჩივლეს ბავშვის მშობლებმა ეგრეთ წოდებულ დეიდას. თუმცა, ვიდრე მათ ურთიერთობებზე მოგითხრობთ, საინტერესოა საბრალდებო დასკვნა, რაც ახალგაზრდა ქალს გამოძიებამ შეუდგინა.

გამოძიების ვერსიით, ქეთევან ლ. საბავშვო ბაღში 4 წლის შვილის გამოსაყვანად წავიდა. იმავე ბაღში მისი დის 5 წლის შვილი ანა დადიოდა. ქეთევან ლ. ბავშვს შემთხვევით კიბეზე შეხვდა, დაუძახა, მაგრამ ბავშვმა დეიდა არაფრად ჩააგდო და გზა გააგრძელა. გამოძიების ვერსიით, ქეთევან ლ. გაბრაზდა, ბავშვს ჯერ თმაში წვდა, შემდეგ სილა გააწნა, უჩქმიტა და მისი მშობლები უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. თვითმხილველები ჩვენებაში აცხადებენ, რომ ინციდენტი 5-10 წუთი გაგრძელდა.

მომხდარის შემდეგ, საბავშვო ბაღის მასწავლებლებმა ატირებული ბავშვის მშობლებს დაურეკეს. აღშფოთებულმა მშობლებმა ბავშვი მაშინვე შინ წაიყვანეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. მას შემდეგ, რაც სასწრაფო დახმარების ექიმებმა მომხდარის თაობაზე შეიტყვეს, თავის მხრივ პოლიცია ჩააყენეს საქმის კურსში და აქედან დაიწყო გამოძიება. ქეთევან ლ. ბრალდებული გახდა და ხულიგნობის მუხლით (სსკ 239-ე მუხლი) დააპატიმრეს, რაც ნიშნავს ქმედებას, რომელიც „უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას. ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით”. მუხლი ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავების შემდეგ, საპატიმროში ქეთევან ლ-მ მხოლოდ 4 დღე გაატარა. მართალია, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობაც შეურჩიეს, მაგრამ მისმა ადვოკატმა სააპელაციო წესით იდავა და მეორე ინსტანციამ ქალი 1 500-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. ამაში ბრალდებულს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დაეხმარა. დასკვნის თანახმად, ბავშვს, ფაქტობრივად, არაფერი სჭირდა. დაზიანებები, რომელიც მას ჰქონდა, ექსპერტებმა „ნაკლებად მძიმე ხარისხს” მიაკუთვნეს.

დაუჯერებელია, მაგრამ ამ უმნიშვნელო მიზეზის გამო ოთხი თვის შემდეგ სასამართლო პროცესიც შედგა. ხულიგანს საბოლოოდ ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ დიდი ბრძოლის შემდეგ, ქეთევან ლ-ს საბოლოო ინსტანციამ უშველა – პატიმრობა 3 წელი გამოსაცდელი ვადით შეუცვალეს. ყველაზე სენსაციური კი ამ საქმეში ისაა, რომ ბავშვის ოჯახი ქეთევან ლ-ს არა მხოლოდ პატიმრობაში დარჩენას, მისგან მორალური და ფსიქოლოგიური ზარალის ანაზღაურებას მოითხოვდა. ეს თანხა კი, არც მეტი არც ნაკლები, 10 ათასი დოლარი იყო, შესაბამისი კურსით ლარებში... ქეთევან ლ-ს ამ საკითხშიც გაუმართლა. პირველი ინსტანციისგან განსხვავებით, სასამართლომ კატეგორიულად გამორიცხა ზარალი, ამ საკითხზე საერთოდ არ იმსჯელა და რატომ: სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები ბავშვს უფასოდ მოემსახურნენ. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ბავშვი ექიმების ხელში მეტად აღარ მოხვედრილა, სასამართლომ ზარალის მიყენება არ აღიარა და ანაზღაურების საკითხს საერთოდ გვერდი აუარა. არანაკლებ საინტერესოა ის გარემოებაც, რომ გათავისუფლებული ქალბატონი უფლებების დარღვევისთვის ევროპის სასამართლოში ჩივილს აპირებს. მიიჩნევს, რომ ამ აბსურდული ფაქტის გამო, მისი პატიმრობაში ყოფნა დაუშვებელი იყო. თუმცა, ის არა მხოლოდ მის უკანონო დაპატიმრებას, დავას ხულიგნობის მუხლის მოხსნაზეც აპირებს. ირწმუნება, რომ მას დანაშაული საერთოდ არ ჩაუდენია.

ხულიგნობა თუ ოჯახური უთანხმოება

ხულიგნობის ბრალდება ოჯახის წევრებს შორის არაკეთილგანწყობას რომ მოჰყვა, ეს მომენტი სასამართლოშიც დადასტურდა. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქეთევან ლ-ს მშობლებს ერთადერთი შვილი, თავად ქეთევანი ჰყავდათ. მშობლებმა შვილს საუკეთესო განათლება მისცეს. სკოლის დამთავრებისთანავე სანკტ-პეტერბურგში გაგზავნეს, სადაც სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა. მოკლედ, ოჯახმა მთელი ქონება შვილს მოახმარა, მაგრამ შვილმა არ დაუფასა. სწავლის დამთავრების შემდეგ, ქეთევან ლ. სამუშაოდ იქ დარჩა. ამასთან, უარი თქვა მშობლის მიერ შერჩეულ საქმროზე და სანკტ-პეტერბურგში მოღვაწე მცირე ბიზნესმენზე გათხოვდა. ეს ამბავი მშობლებისთვის იმხელა შოკი იყო, რომ შვილზე საერთოდ აიცრუეს გული. ქეთევანს შეუთვალეს, მათთან საერთოდ აღარ დაბრუნებულიყო. სწორედ ამ პერიოდში იაქტიურა ქეთევან ლ-ს ნახევარდამ. მიუხედავად იმისა, რომ მამამისს მისთვის გვარიც არ მიუცია, მასთან სტუმრობას მოუხშირა. საბოლოოდ კი, იმდენი მოახერხა, რომ თავისი უბინაო ქმრითა და ორი წლის ბავშვით საცხოვრებლად მამის სახლში გადავიდა. ის კი არა, მოტყუებით მამას ანდერძი დააწერინა, რომლის თანახმად, სახლის მემკვიდრე მისი მცირეწლოვანი შვილი ხდებოდა.

მას შემდეგ, რაც საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა, სანკტ-პეტერბურგში მცხოვრები ქეთევან ლ. იძულებული გახდა ქმარ-შვილთან ერთად საქართველოში დაბრუნებულიყო. მართალია ქეთევან ლ. უკვე რუსეთის მოქალაქე იყო, მაგრამ ვინაიდან სამსახური დაკარგა და მისი ქმრის ბიზნესსაც საფრთხე შეექმნა, რუს ქმართან ერთად, ოჯახის დანაზოგით საქართველოში დაბრუნდა.

სწორედ მათი ჩამოსვლის შემდეგ დაიწყო დებსა და მათ ქმრებს შორის უთანხმოება. ქეთევან ლ-ს საკუთარი ბინა კი ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქონების შესახებ შეიტყო, სასამართლოს მიმართა, სადაც ანდერძის ბათილად ცნობას მოითხოვდა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ოჯახები სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ ერთმანეთს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ უთანხმოებაში სასულიერო პირებიც კი ჩაერივნენ. ოჯახები შეარიგეს, მაგრამ დროებით – დები და ქვისლები ერთმანეთს გაუთავებლად კბენდნენ. ამ დავაში ქეთევანის მამა პირველ შვილს მფარველობდა, ხოლო დედა თავის ნამდვილ შვილს და საცხოვრებლად მასთან გადავიდა.

სწორედ ეს იყო რეალური მიზეზი, რომ საქმე სასამართლო დავის საგანი გახდა. მართალია, გამოძიება ირწმუნება, რომ ქეთევანმა დისშვილს სცემა, მაგრამ გამოძიებისგან განსხვავებით, ბრალდებული სხვას ირწმუნება, – თუ ვინმეს დაზარალებული ეთქმის, ეს მე ვარო.

ქეთევან ლ-ს ჩვენებიდან: „დედაჩემი ჩვენთან, მამაჩემი კი თავის საყვარლის შვილთან ჩვენს სახლში ცხოვრობდა. იმ დღეს ჩემმა ეგრეთ წოდებულმა დამ, მამაჩემი სახლიდან იმ მიზეზით გამოაგდო, რომ ჩემი მეუღლისთვის ფული გამოერთმია. მამაჩემმა იცოდა, რომ თუ ფულს არ მიიტანდა, ჩემი ეგრეთ წოდებული დის ოჯახი შინ არ შეუშვებდა. მათ მამაჩემის რჩენა აღარ უნდოდათ. ამიტომ, მამაჩემმა ჩემს ქმარს ფული მოსთხოვა – შენი ცოლის სწავლაში ბევრი დავხარჯე და ვალდებული ხარ ამინაზღაუროო. ჩემმა მეუღლემ ფული არ მისცა. მე მათ საუბარში არ ჩავრეულვარ, რადგან ჩემი სიტყვა შეიძლება, კონფლიქტის მიზეზი გამხდარიყო. მამაჩემმა იცოდა, რომ საღამოს ბავშვი ბაღიდან გამომყავდა. არ ვიცი, რატომ ივარაუდა, რომ ფული ჩემს ქმარს მე არ მივაცემინე და იქ დამხვდა, თითქოს იმ მიზეზით, რომ ჩემი ეგრეთ წოდებული დისშვილი უნდა გამოეყვანა. მან უკანასკნელი სიტყვებით მლანძღა, პირიდან ცეცხლი გადმოსდიოდა. მიუხედავად ცუდი ურთიერთობებისა, დისშვილს არაფერს ვერჩოდი, მას საჩუქარსაც კი ვაძლევდი. ამიტომ, ბავშვი რომ დავინახე, მას ვთხოვე, ბაბუა შინ წაეყვანა. ბავშვმა ზედ არ შემომხედა. მასწავლებლებიც ცუდად მოიქცნენ, მამაჩემს ბავშვი არ გაატანეს. ამიტომაც ვიფიქრე, ვინაიდან ბავშვი არაფერ შუაშია მე წავიყვან სახლში-მეთქი. ბავშვი კიბეზე იდგა და ვთხოვე, ნივთები ჩაელაგებინა, მაგრამ ყველას თანდასწრებით „ბოზი” მიწოდა. რა იცის ამ ასაკის ბავშვმა, რას ნიშნავს სიტყვა „ბოზი”? ამაზე მართლა გავბრაზდი და წამოვარტყი. შემდეგ კი ჩემს შვილს ხელი ჩავავლე და პირდაპირ პოლიციაში წავედი. დავაფიქსირე, რომ მამაჩემი შეურაცხყოფას მაყენებდა და ვთხოვე, ზომები მიეღოთ. დამპირდნენ, გამოძიებას დავიწყებთო, მაგრამ საბოლოოდ საქმე ჩემზე აღძრეს. რატომღაც ერთი წამორტყმა გახდა მიზეზი, რომ სასამართლომდე მივედი. თუმცა, ეს ბავშვის დედის ბრალია, რომელიც მუდამ დაჭერით მემუქრებოდა. ამიტომ ჩაატარეს კონცერტები, სასწრაფო და პოლიცია გამოიძახეს, რომ ციხეში აღმოვჩენილიყავი”.

მტყუან-მართალი, ძნელი გასარკვევია. თუმცა, საქმის მასალებში, მოწმეები, უფრო სწორად არასრულწლოვანი ბაღის ბავშვები აფიქსირებენ, რომ „ქეთინო დეიდა ანას მარტო უყვიროდა, კიკინები არ დაუწიწკნია”. რაც შეეხება უფროსებს, ანუ საბავშვო ბაღის მასწავლებლებს, ისინი წერენ, რომ ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა ანას „წამოარტყა”, რის შემდეგაც ბავშვი ტიროდა. მოწმეთა ჩვენებებში ნათქვამია, რომ „ქეთევან ლ. ბავშვს თმაში სწვდა და უცენზურო სიტყვებს ეძახდა”. თუმცა, რა უცენზურო სიტყვებს ეუბნებოდა დეიდა ბავშვს, ამაზე არსად არაფერია ნათქვამი. – ბავშვების არასრულწლოვანობიდან გამომდინარე, ამ სიტყვების გამეორება არ არის მიზანშეწონილიო, – ნათქვამია საქმის მასალებში. თუმცა, პარალელურად, დაზარალებული ბავშვი ჩვენებაში განმარტავს, რომ ქეთევანი მისი დეიდა კი არა, არამედ რუსი კაცის საყვარელია. აქედან გამომდინარე, ბავშვს სიტყვა საყვარელი თუ დააწერინეს, გაუგებარია, უცენზურო სიტყვების დაფიქსირებაც რატომ არ ისურვა გამოძიებამ.

მთავარი კი ისაა, რომ პატიმარი თავს დაჩაგრულად იმის გამო გრძნობს, რომ სამართალდამცველებს მისი ნათქვამის არ სჯერათ. მისი თქმით, არაერთი საჩივარი დაწერა, მაგრამ არ გაიზიარეს, მაშინ, როდესაც ბავშვის მამის მიერ შეტანილ ცარიელ ფურცელსაც კი ძალა აქვს. ამიტომ, აპირებს, კანონით მინიჭებული ყველა უფლება გამოიყენოს, რათა საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს.


скачать dle 11.3