რა ენერგია აქვს ტკბილ სიტყვას და როგორ ტრანსფორმირდება მატერია და სული
ალბათ, ბევრ ადამიანს აინტერესებს ვარსკვლავთმრიცხველობა, რომლის მიხედვითაც მეტ-ნაკლებად შესაძლებელია, წარმატების ფორმულის მოძებნა. არანაკლებ საინტერესოა, გავიგოთ, თუ რა ძალა აქვს წყევლას ან სულაც კეთილ სიტყვას. ამ და კიდევ ბევრ საინტერესო საკითხზე გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დინარა კასრაძე.
დინარა კასრაძე: მეც მაინტერესებს ყველაფერი, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება, რადგან ადამიანი უსათუოდ იბადება ერთი საოცარი თვისებით – კითხვის ნიშნით. ბავშვი ყოველთვის ყველაფერზე სვამს შეკითხვას, რადგან მას აინტერესებს, შეიმეცნოს, შეძლებისდაგვარად ირგვლივ არსებული სამყარო. ბუნებრივია, მერემომცველი ბუნება ძალიან მაინტერესებს და ვცდილობ, გამოვხატო ეს სიტყვით, ლექსით, „ესეებით“, ნახატზე და ასე შემდეგ. სხვათა შორის, ბუნების მხატვრულობას, რასაც აღვიქვამ ჩემი რეცეპტორებით – ხედვით, ვცდილობ თავისი ფორმა მივცე. ჩაკეტილი არასდროს ვარ და მიმაჩნია, რომ მეცნიერება და ხელოვნება სამყაროს შეცნობის ერთი და იგივე პროცესია.
– საინტერესოა, ამ ხნის განმავლობაში თქვენ რა შეიმეცნეთ?
– ეს იმდენად რთული კითხვაა, ვერ აგიწერთ. ამას წინათ ვკითხულობდი ვაჟა-ფშაველას შვილის, გულქანის ჩანაწერებს. ერთ ადგილას წერს: მე და მამა ერთ თარგზე ვიყავით მოჭრილი და ამ ქვეყნისა ვერაფერიც ვერ გავიგეთო. მეც გავოცდი, თუ ამ გენიოს ხალხს ვერაფერი შეუტყვია, მე როგორ შევიტყო, რაღა მეშველება-მეთქი. ასე რომ, რა შევიცანი და რა არა, ძალიან ძნელი სათქმელია. ერთი რამ კი უდავოდ ვიცი, სიკეთე უნდა თესო. უნდა მოიქცე ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ. რაც შეიძლება მეტი სიკეთე უნდა გასცე და სიყვარული თესო, დანარჩენი ყველაფერი ფარდობითია.
– ცნობილი გამონათქვამია – „რასაც დასთეს, იმას მოიმკიო“, თუმცა ზოგჯერ იგივეს არ ვიმკით. რატომ ხდება ასე?
– ის შეგონება, რაც თქვენ ბრძანეთ, მართლა უტყუარია. უბრალოდ, ადამიანები სულსწრაფები ვართ და დროში გვეჩქარება. სიკეთე უნდა დადო ქვაზე და გაიარო, ის როდის დაგიბრუნდება უკან, კოსმოსში გადაწყდება და დაგიბრუნდება მაშინ, როცა ის კანონზომიერი იქნება. გაგიგიათ ასეთი ანდაზაც. „სიკეთის წილ სიავეო“. როცა კაცი სიკეთის საზღაურად ბოროტებას იღებს, ეს, მგონი, კიდევ ერთი გამოცდაა ადამიანისა – არის თუ არა ის მზად, კვლავ სიკეთე აკეთოს. საერთოდ კი წყევლას, ავ სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. უკვე მეცნიერულადაა დამტკიცებული, რომ წყევლას საშინლად ცუდი ენერგეტიკა აქვს. ის იწვევს ქრომოსომების წყვეტას, ნგრევას, ადამიანის ორგანიზმში დიდ დაზიანებებს. წყევლას არა მარტო იმისთვის აქვს დამანგრეველი ძალა, ვისაც უგზავნიან, არამედ თავად ის ადამიანიც ზარალდება, ვინც იწყევლება. ტკბილ სიტყვას კი აქვს გადასარევად კარგი ენერგია. პირველად რა იყო? – სიტყვა, ამიტომ მას აქვს უდიდესი ძალა, ენერგია. როცა ადამიანს კარგ სიტყვას ეუბნები, ლოცავ მას ან სულაც ადღეგრძელებ, ამ დროს გამოიყოფა კარგი ნივთიერება, სახელად ენდორფინები და სერატონინები მუშავდება იმ ადამიანში. ესენი გამაჯანსაღებელი ნივთიერებებია. თუკი რამე სტკივა ადამიანს, მას გულზე მალამოსავით ედება და მორჩენაში ეხმარება.
– რამდენადაც ვიცი, რწმენას უდიდესი ძალა აქვს და მორწმუნე ადამიანი, რომელიც ხშირად ეზიარება, მასზე ცუდი ენერგეტიკა არ ვრცელდებაო. მართალია?
– მორწმუნეთა უპირატესობა არის მათ რწმენაში. რწმენა არის ის უმაღლესი კატეგორია, რომელიც იძლევა უზარმაზარ დამცავ ენერგიას, რომელიც ყველაფერი ცუდისგან გვიცავს. მატერია და სული ერთნაირად ტრანსფორმირდება, ერთმანეთის გამოხატულებაა, ისინი ცალ-ცალკე არაა. ასე რომ, ის უზარმაზარი ენერგია, რაც რწმენას მოაქვს, არის ის დამცავი ნივთიერებები, რომლებიც გვიცავს ავადმყოფობის, ჭირისა და უბედურებისგან. ის ისხლიტავს ყველაფერს ცუდს, რათა მორწმუნე ადამიანს ფსიქიკა არ დაუზიანდეს. ამაში მისტიკური არაფერია, სწორედ ბუნების სიღრმისეულ და კოსმიურ ერთიანობას უსვამს ეს ყველაფერი ხაზს. უბრალოდ, თუ კარგად გაახელ თვალს, ცოტა ფიზიკას, ბიოლოგიას, ქიმიას, ლიტერატურასა და ბიბლიასაც ისწავლი, ყველაფერს გაიაზრებ, ადამიანი ბევრ რამეს მიხვდები და დაინახავ.
– ასტროლოგიით დღეს ბევრი ადამიანია გატაცებული. ჩვენ გვესმის, რომ თითოეული დღე ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით არის პოზიტიური და ნეგატიური. რამდენადაა შესაძლებელი, რომ ადამიანმა თავისი ცხოვრება დაგეგმოს?
– საქმე ისაა, რომ ასე იოლად ჩვენ ხელს ვერ ავუქნევთ ასტროლოგიას. დანამდვილებით ვიცი, რომ დავით აღმაშენებელს ჰყავდა თავისი მუცლით მეზღაპრეები, ვარსკვლავთმრიცხველები. ასევე, ვახტანგ მეექვსეს გენიალური ასტროლოგიური ჩანაწერები ჰქონდა, რაც ნამდვილად აპოთეოზია. ამერიკის ექს-პრეზიდენტს რეიგანსაც ჰყავდა თავისი ასტროლოგი და უფრო მეტსაც გეტყვით, სტალინსაც და ჰიტლერსაც ჰყავდათ ისინი. ამ უკანასკნელს ასტროლოგმა უთხრა თურმე, რომ ომს წააგებო და განრისხებულმა ჰიტლერმა მისი სიკვდილით დასჯა მოინდომა. ასტროლოგია ძალიან დიდი მეცნიერებაა, შესაბამისად, მას დიდი ხნის ისტორიაც აქვს. მასზე ჰქონდათ ცხოვრება აგებული ეგვიპტის ქურუმებს, ტიბეტელ გენიოსებს. მაცხოვრის დაბადება აღმოსავლეთიდან მოსულმა ბრძენებმა ამცნეს სამყაროს, რომ კაცი იბადებოდა ღვთის ნიშნით და ძალით. ახლახან გაირკვა, რომ იმ პერიოდში, როცა ქრისტე ღმერთი გაჩნდა, იყო პლანეტების აღლუმი – ყველა პლანეტა ერთ მწკრივზე იდგა. იმ დროს სამყაროში ტრიალებდა უდიდესი ენერგია და გამოსხივება. რაც შეეხება პოზიტიურ და ნეგატიურ დღეებს, აქ მაინც თითოეული ადამიანის ჰოროსკოპს აქვს მნიშვნელობა, თან გასათვალისწინებელია ინფორმაციის სიზუსტეც – რომელ დღეს, საათზე და რომელ ქალაქშია დაბადებული. ამის მიხედვით დგინდება ადამიანის პირადი ჰოროსკოპი, რომელიც მეტ ინფორმაციას მოგცემთ. რა გელის და რა – არა, ესეც ფარდობითია, რადგან გამოთვლები ხდება იმ პლანეტების ენერგიების, მოძრაობისა და მათი ზეგავლენის მიხედვით, რაც ჩვენთვის ცნობილია. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბევრი პლანეტა ჩვენთვის ცნობილი არაა. ამიტომ არსებობს აინშტაინის გენიალური ფარდობითობის თეორია.
– თქვენ თუ გქონიათ შემთხვევა, რომლისთვისაც ახსნა და სახელი ვერ მოგიძებნიათ?
– უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ გარკვეული მოვლენების შემდეგ ვხვდები წინასწარ მინიშნებებს. როგორც ჩანს, იმ დროს იმ მინიშნებას ყურს არ აქცევ და მხოლოდ ფაქტის შემდეგ აანალიზებ. ამ ქვეყანაზე შემთხვევით არაფერი ხდება და თუ ვინიცობაა და რამეს ვერ მივხვდებით, ეს ჩვენი ცოდნის ნაკლებობის ბრალია. ყველა ერი სხვა გარემოში და სხვა ენერგეტიკით ცხოვრობს. ესპანელი სხვა მენტალიტეტით და ცხოვრების წესით ცხოვრობს. ასეა ყველა ერში. მაგალითად, იაპონელები სამსახურში არ მიგიღებენ, თუ ზუსტად არ იციან შენი პირადი ასტროლოგიური ჰოროსკოპი, ამის მიხედვით ააწყობენ შენთან ურთიერთობას.
– თუ ადამიანი ასტროლოგიითაა გატაცებული, აქვს თუ არა მას შანსი წარმატების ფორმულა შეიმეცნოს?
– ასტროლოგმა ძირითადი ასპექტები შეიძლება გამოგითვალოს – როდისაა შენთვის მეტი საშიშროება ან საქმის დაწყებისთვის სარისკო პერიოდი, როდის გაქვს შანსი წარმატების მიღწევის და როდის არა, მაგრამ ზუსტად მასზე დაყრდნობა და ამის გათვლა შეუძლებელია. რაც არ უნდა დაგეგმო, ის მაინც შეიძლება, ბოლო მომენტში შეიცვალოს. ხომ გაგიგიათ, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, ზუსტად ამას განსაზღვრავს. აბსოლუტური არაფერია, ყველაფერი ფარდობითია. ჩვენ გვეძლევა იმის საშუალება, რომ ბუნების მოვლენებიდან ნაწილი შევიმეცნოთ, მეორე ნაწილი კი, რომელიც ღვთის პრეროგატივაა, ჩვენ იმას ვერ შევაფასებთ. არ ვიცით, როდის და რას მოგვივლენს ღმერთი.
– ბოლო პერიოდში შესამჩნევად გახშირდა კატაკლიზმები, წყალდიდობები, მიწისძვრები, ხანძარი და ასე შემდეგ. ეს, თქვენი აზრით, ატმოსფეროში უარყოფითი ენერგიის დაგროვების გამო ხომ არ ხდება?
– დედამიწაზე ხდება ცუდი და კარგი ენერგიის დაგროვება, წონასწორობა მაინც არსებობს. ესაა ღვთის ნება, როცა ზუსტად ორი წლის შემდეგ, რუსეთის მიერ ჩვენი მისამართით ნასროლი ტყვიები მათ ბუმერანგივით უკან მიუბრუნდათ ცეცხლის სახით, ესაა ღვთის ნება, მორჩა და გათავდა, ამის ამოხსნა არ მგონია, რომელიმე ასტროლოგმა შეძლოს. განა არ მეცოდებიან ჩვენი მეზობლები? არავის ცუდი არ უნდა გაგიხარდეს, მაგრამ როცა ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს ასე უდიერად მოეპყრობი, დამსახურებისამებრ მოგეკითხება. ზოგადად, ენერგია არ იკარგება, ის მატერიალიზდება, რასაც დრო სჭირდება და მერე კი მას მოჰყვება კატაკლიზმები. თქვენ რა გგონიათ, რატომ ვერ დაწყნარდა აქამდე საქართველო? ილია ჭავჭავაძის სისხლის განეიტრალებას ერთი საუკუნე არ ეყო. გაუთავებლად ვიღაც მტერი გვიტევს, მუდმივად ვიღაცეებს ჩვენს ტერიტორიაზე აქვთ პრეტენზია, მაგრამ, ეს ჩვენთვის შვება არაა, რუსეთი რომ ისჯება. კარგი ის იქნება, რომ დავწყნარდეთ და პრობლემები უკან მოვიტოვოთ.
– ეზოთერიკოსთა აზრით, ავადმყოფობა ცოდვათა სასჯელია. ამიტომ იქნებ, განგვიმარტოთ, რა არის ავადმყოფობა და როგორ დავიცვათ თავი მისგან?
– ეს ძალიან სადავო საკითხია. ავადმყოფობა ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენაა, მერე რა, რომ არ მოგვწონს. ის ყველას თანმდევია და მისგან თავდასაცავად არსებობს ბევრი საშუალება. ის უნდა განვკურნოთ ტრადიციული მედიცინით, ხელოვნებით, გამოვიყენოთ ხალხური მედიცინა. თურმანიძის მალამოს ბევრ საქმეში არც ერთი რომ არ ჯობია, ვიცით, მაგრამ ახლა იმდენი შარლატანი გამოჩნდა და ატყუებენ ხალხს, მათი ნდობა შეიძლება? მთავარია, სწორი დიაგნოსტირება და ის მეთოდი, რაც ამართლებს, ყველაფერი მისაღებია.
– ქალბატონო დინარა, გამოსავლის ძიებაში ადამიანებს უჭირთ ოქროს შუალედის პოვნა, ამიტომ სადაა იგი, იქნებ დაგვეხმაროთ?
– კიდევ ერთხელ გიმეორებთ, გამოსავალი არის სიყვარულში, რაც გულისხმობს ერთმანეთისადმი დახმარებას, მოყვასისადმი სიყვარულს, კარგი ენერგიის გაცემას და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენი მტრის სიყვარულსაც კი, რამდენადაც ძნელად შესასრულებელიც არ უნდა იყოს ეს.