ამერიკა ჩინურ ინვესტიციებს ბარიერებს უქმნის
როგორც გაირკვა, ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ურთიერთობების დარეგულირება დიდად არ წაადგა ჩინურ ბიზნესს. საქმე ისაა, რომ ჩინური კომპანიები, ამერიკის შეერთებულ შტატებში აქტივების შეძენისას, კვლავ სერიოზულ წინააღმდეგობებს აწყდებიან იმ ფონზე, როცა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ბიზნესში ჩინური ინვესტიცია იზრდება. ამერიკაში ჩინური კაპიტალის შესვლის ტემპები იკლებს. „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, 2010 წელს ჩინურმა ინვესტიციებმა მთელ მსოფლიოში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 29 მილიარდი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებულ ჩინურ ინვესტიციებს, მისი რაოდენობა მხოლოდ 1,6 მილიარდი დოლარია. აღსანიშნავია, რომ ეს შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, 47 პროცენტით ნაკლებია. ამ ფონზე ჩინეთის ინვესტირება ამერიკის კონტინენტსა და ევროპაში, შეერთებული შტატების გამოკლებით, 20,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ამ დინამიკას ექსპერტები იმით ხსნიან, რომ ჩინეთი ცდილობს, დაიპყროს განვითარებადი ქვეყნების ბაზრები და მათთვის პირველი მიმწოდებელი გახდეს. გარდა ამისა, ამერიკაში მოქმედებს ძლიერი ანტიჩინური ლობი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების მოტივებიდან გამომდინარე, ჩინური კაპიტალის ამერიკაში შესვლას მიზანმიმართულად ბლოკავს.