ბრაზილიაში გიგანტურ დამბას ააშენებენ
ბრაზილიის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა მდინარე ამაზონის აუზში მსოფლიოში სიდიდით მესამე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სასამართლომ ამ პროექტის წინააღმდეგ სარჩელები არ დააკმაყოფილა. ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ და სილვამ ხელი მოაწერა კონტრაქტს კონსორციუმ „ნორტე ენერგიასთან“ ჰიდროელექტროსადგურ „ბელო მონტეს“ მშენებლობის შესახებ. პროექტის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ დამბა სრულიად დაანგრევს ადგილობრივ ეკოლოგიურ სისტემას და 50 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა ინდიელია, საცხოვრებელ პირობებს მოუსპობს. თუმცა, ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს პროექტი ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანია. პროექტის განხორციელებაზე ტენდერის ბედი სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა. საბოლოო ჯამში, კონტრაქტზე ხელმოწერის უფლება „ნორტე ენერგიამ“ მოიპოვა, რომელშიც მთავარ როლს სახელმწიფო „კომპანია ჰიდროელექტრიკა“ ასრულებს. კონტრაქტზე ხელმოწერისას, პრეზიდენტმა და სილვამ აღიარა, რომ თავიდან პროექტს ისიც სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა დეტალურად შესწავლის შემდეგ, აღმოაჩინა, თუ რა მნიშვნელოვანია ის ბრაზილიის ეკონომიკური განვითარებისთვის. პრეზიდენტის თქმით, კონსორციუმი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ეკოლოგიურ და სოციალურ საკითხებს.