ვინ და რატომ ჩააბარა გელა კეტაშვილს რომარიო და როგორ გაართვა მან ამ რთულ დავალებას თავი
მართალია, საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ წარმატებული ოლიმპიური ჩემპიონების სიმრავლით არ ჩამორჩება ბევრ გაცილებით დიდ ქვეყანას. ჩვენი სპორტსმენები ფეხბურთშიც კი ხდებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონები და თავიანთი პროფესიონალიზმით მსოფლიოს აოცებდნენ. ოლიმპიური ჩემპიონი გელა კეტაშვილი თავად გვიამბობს, როგორ მოხვდა 14 წლის ასაკში საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრებში და როგორ შეძლო ტრავმირებულმა, ნემსების კეთებით ოლიმპიური ოქროს მოგება.
გელა კეტაშვილი: დავიბადე თბილისში. მამაჩემი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო და ერთ დღესაც წაიკითხა გაზეთ „ლელოში“ განცხადება, 1964-1965 წელს დაბადებულ ბავშვთა მიღების შესახებ. მაშინვე წამიყვანა „დინამოს“ სტადიონზე, სადაც სერგო კოტრიკაძემ შემამოწმა. შემდეგ შერჩეული ბავშვები გაგვყვეს, 1964-წლიანები – ცალკე, ხოლო 1965-წლიანები ჩაიბარა ჩემმა უსაყვარლესმა მწვრთნელმა, აწ გარდაცვლილმა, აფრასიანმა. მასთან ვისწავლე ფეხბურთის სამყაროს ანაბანა. ის იმდენად კარგი პედაგოგი და ტაქტიკოსი იყო, რომ მისი ნასწავლი საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც მადგებოდა. ალბათ, შემატყო, რომ რაღაც პერსპექტივა გამაჩნდა და ყველაფერი ჩადო ჩემში. ვთამაშობდი ნორჩ „დინამოელთა“ გუნდში, მაგრამ ხშირად მიწევდა უფროსი ასაკის ფეხბურთელებთან თამაში. 14 წლის რომ გავხდი, მოვხვდი საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრებში და იმ დღის შემდეგ 1990 წლამდე არ გამიხდია საბჭოთა კავშირის მაისური. 1990 წელს კი პოლიტიკური მიზეზების გამო აღარ გამოვდიოდი იმ ნაკრებში. მიუხედავად იმისა, რომ დღეში რამდენჯერმე მირეკავდნენ. ასე უაზროდ, 25 წლისამ დავანებე ფეხბურთის თამაშს თავი. საერთოდ კი, საბჭოთა კავშირის ნაკრებში ვთამაშობდი, იუნიორთა ნაკრებში. ვითამაშე ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც საბჭოთა კავშირში ჩატარდა, მეორე ადგილი დავიკავეთ. ამ თამაშის დროს სერიოზული ტრავმა მივიღე და 1985 წელს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზეც ნახევარი თამაში ვიყავი მინდორზე. ფინალი კი გამოვტოვე ორი ყვითელი ბარათის გამო. მაშინაც წააგო ესპანელებთან ჩვენმა ნაკრებმა. შემდეგ ვთამაშობდი ახალგაზრდულ ნაკრებში, სადაც კაპიტანი ვიყავი და ბოლოს – ოლიმპიურ ნაკრებში, რომელიც სეულში ჩემპიონი გახდა. საერთოდ კი, მე ვიყავი საქართველოს ნაკრების პირველი კაპიტანი.
– ბატონო გელა, როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს, როდესაც ოლიმპიური ჩემპიონი გახდით?
– მაშინ, 6 თამაში ჩავატარეთ და ყველა თამაში საკმაოდ რთული იყო. ოლიმპიადა ისეთი რამეა, ვერც ერთ თამაშზე ვერ მოდუნდები. თუ მაქსიმალურად მობილიზებული არ ხარ ერთი შეცდომით დაღუპავ გუნდს. ამიტომ, საჭირო იყო მაქსიმალური მობილიზება. მე ოლიმპიადის წინ მივიღე სერიოზული ტრავმა, ფეხი მოვიტეხე კოჭში, მაგრამ ფეხნატკენი მაინც წამიყვანეს და მთელი ოლიმპიადა ნემსების კეთებით ვითამაშე. ფაქტობრივად, იქ მომარჩინეს. განსაკუთრებით გამოვყოფ ნახევარფინალს და ფინალს, საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები გვყავდა. საერთოდ, გამიგია, ცოდვა გამხელილი ჯობიაო და სერიოზული ტრავმა მივაყენე მოწინააღმდეგეს. იმ მომენტში სხვა გზა არ მქონდა. მე რომ ის არ გამეჩერებინა, ღმერთმა იცის, რით დამთავრდებოდა თამაში. მუხლი მოვტეხე მეტოქეს, დღემდე ეს ფაქტი მიმაჩნია ჩემს უდიდეს შეცდომად. ნახევარფინალს დაემთხვა ჩემი დაბადების დღე. მაშინ შემისრულდა 23 წელი. იყო ასეთი პორტი ინჩხონი და იქ იყო ჩვენი საბჭოთა გემი. იქ ვცხოვრობდით შოუ-ბიზნესის ელიტა და ფეხბურთელები. თამაშის წინა დღეს ანატოლიმ დამიძახა და მითხრა, რომ ჩემთვის საჩუქარი ჰქონდა. მასთან რომ შევედი, ოთახი მოვათვალიერე, ვეძებდი საჩუქარს და ვერაფერი ვნახე. გამიკვირდა, მაგრამ ანატოლიმ მითხრა: „ხვალ რომარიო უნდა ჩაიბაროო“, ეს იყო მისი საჩუქარი. ყველას კარგად მოეხსენება, რომარიო მაშინდელი ვარსკვლავი იყო და გუნდიც საკმაოდ ძლიერი გახლდათ. სხვათა შორის, ვისაც ჩვენ მოვუგეთ სეულში, ოლიმპიადაზე, 1994 წელს, იგივე გუნდი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. წარმოიდგინეთ ახლა, მსოფლიო დონის თავდამსხმელი რომარიო როგორი გასაჩერებელი იყო, მაგრამ, მე ვფიქრობ, და გულშემატკივარიც დამეთანხმება, რომ დავალებას საკმაოდ კარგად გავართვი თავი. ეს ფაქტი თვითონ რომარიომაც აღნიშნა გარკვეული პერიოდის შემდეგ თავის ინტერვიუში. ჩემთვის ძალიან საამაყო იყო. თამაშისა და გამარჯვების შემდეგ, გემზე რა ამბებიც დავატრიალეთ, შოუ-ბიზნესის ელიტასთან, მკითხველის ფანტაზიისთვის მიმინდვია.
– თქვენ თამაშობდით საბჭოთა კავშირის ნაკრებში და რთული არ იყო ქართველი ბიჭისთვის იქ მოხვედრა?
– იმ პერიოდში ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი მე ვიყავი და იმდენად საჭირო, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ტრავმირებული წამიყვანეს. მაგრამ, ის უნდა ითქვას, რომ მე, როდესაც ტრავმა მივიღე, რუსმა ექიმებმა წითელი ხაზი გადამისვეს. მწვრთნელი მყავდა უკრაინელი და იმან არ გამწირა. იმდენად მენდობოდა ის ადამიანი, ტრავმირებული წამიყვანა და „ნემსებზე მათამაშა“. სხვათა შორის, ექვსივე თამაში ვითამაშეთ ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში თავიდან ბოლომდე – მე, მეკარემ, დობროვოლსკიმ და მიხაილოვიჩმა. საერთოდ კი, ათი თავით მაღლა თუ არ იდექი რუსზე, არ არსებობდა, წარმატებისთვის მიგეღწია. მაგალითად, მე იმდენად დატვირთული ვიყავი, რომ ჩემი მოვალეობის გარდა, ზოგიერთებისთვის დაზღვევაც უნდა გამეკეთებინა.
– თქვენ ძალიან ადრე დაანებეთ სპორტს თავი, რატომ არ გქონდათ სხვა ქვეყნებიდან შემოთავაზებები?
– უამრავი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ იმ პერიოდში ძალიან იზღუდებოდა საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ფეხბურთელების წასვლა. მე აქ, საქართველოშიც შემიშალეს ხელი. ამ თემაზე არ დავკონკრეტდები. 25 წლის ასაკში თავის დანებება მართლა რთული იყო. საკმაოზე მაღალი დონის ფეხბურთი მაქვს ნათამაშები და იმხელა მწვერვალს მოწყდე და აღარაფერი დაგრჩეს, ძალიან რთულია. ეს დიდი სტრესი იყო ჩემთვის, ვერ გადავხარშე და ამის გამო მომიხდა, ასე ახალგაზრდას სპორტიდან წამოსვლა.
– ბატონო გელა, ქართული ფეხბურთი, წლებია, საშინელ მდგომარეობაშია. თქვენ რას იტყვით, გამოსწორდება როდისმე სიტუაცია?
– მე წარუმატებლობას, ძირითადად, მივაწერ კადრების შემოდინებას. ახლა თემური იმდენად მონდომებულია, რომ უნდა თავისი სახე მსოფლიოს დაანახვოს. კვიპროსში და საბერძნეთში შეძლო მან წარმატების მიღწევა და მე ვფიქრობ, აქაც არ უნდა გაუჭირდეს. მაგრამ, ფეხბურთელებმაც უნდა შეუწყონ მაქსიმალურად ხელი. ფაქტობრივად, დღევანდელ ნაკრებში ის ბიჭები თამაშობენ, ვისთან ერთადაც თვითონ ქეცბაია თამაშობდა. თან, ახლა ნაკრებში თაობათა ცვლაცაა. ძველი თაობა, ფაქტობრივად, მიდის ფეხბურთიდან. ამიტომ, ნურავინ გაკიცხავს იმის გამო, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ათამაშებს ძირითად შემადგენლობაში. ფაქტობრივად, ეს ადამიანი ნაკრების ძებნაშია და ამას კიდევ დრო სჭირდება. საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება საფეხბურთო ქვეყანა, ძალიან ბევრი ბრწყინვალე ახალგაზრდა გვყავს, უბრალოდ, მათ სჭირდებათ სწორი მიმართულება.
– სპორტსმენისთვის ოლიმპიურ ოქროზე მაღალი ჯილდო არ არსებობს, თქვენთვის რას ნიშნავს ოლიმპიური ჩემპიონობა?
– ამ კითხვაზე მოკლედ გაგცემთ პასუხს. არსებობს ექს-მსოფლიოს ჩემპიონი, ექს-ევროპის ჩემპიონი, ბოლოს და ბოლოს, არსებობს ექს-პრეზიდენტი, მაგრამ არ არსებობს ექს-ოლიმპიური ჩემპიონი. თუ ერთხელ მიაღწევ ასეთ წარმატებას, სიცოცხლის ბოლომდე ოლიმპიური ჩემპიონი ხარ.