ფეხბურთელების ცოლების შურისძიება
ინგლისში ამბობენ, რომ უფრო ადვილია ფეხბურთელს ცოლად გაჰყვე, ვიდრე მერე ეს სტატუსი შეინარჩუნოო. და ალბათ, მართალიც არის. ფეხბურთელები არა მარტო ინგლისში, არამედ, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში სასურველ სასიძოებად ითვლებიან, მაგრამ მათზე „ნადირობა” ყველაზე პოპულარული სწორედ რომ, ბრიტანეთშია. ალბათ იმიტომ, რომ, გარდა პოპულარობისა, ცნობილი ფეხბურთელის ცოლობა, მინიმუმ, რამდენიმე მილიონიანი ქონების ფლობას ნიშნავს. დაშორების შემდეგ კი ქალები მსუყე ჰონორარს იღებენ. ჰოდა, ბრიტანელი ქალები არად დაგიდევენ, ფეხბურთელს ცოლი ჰყავს თუ არა – ნადირობის სეზონი მუდამ გახსნილია და განსაკუთრებით მაშინ, თუ რომელიმე მოთამაშეს ღამის კლუბში მთვრალს გამოიჭერენ.
ბოლო რამდენიმე კვირაა, ბრიტანული პრესა პიტერ კრაუჩზე წერით არის დაკავებული. ლონდონის „ტოტენჰემისა” და ინგლისის ნაკრების ფორვარდი კლუბთან ერთად ესპანურ შეკრებაზე იმყოფებოდა, სადაც ღამის კლუბში მეძავი „მოხსნა” – რვაასი ევროც გადაიხადა და გარდა იმისა, რომ სასტუმროში წაიყვანა და მთელი ღამე გაათენა, როგორც გოგონა გამოტყდა, პიტერთან ურთიერთობა პირდაპირ ტაქსიშიც ჰქონდა. ამის სანაცვლოდ ტაქსისტმა დამატებით ასი ევროც მიიღო. ეს ყველაფერი საინტერესო არ იქნებოდა, რომ არა ერთი რამ – კრაუჩს შინ ცოლი, აბიგაილ კლენსი ელოდა და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაემართებოდა, როცა დილით ნახავდა, რომ მისი ქმარი ესპანეთში კუნთებთან ერთად, სხვა რამესაც ავარჯიშებდა. პრინციპში, ამის წარმოდგენა ძნელია, ალბათ, ეს უნდა განიცადო.
ჰოდა, დაიწყო განხილვა, სწორად მოიქცა თუ არა კრაუჩი, უნდა დარჩეს თუ არა მასთან ცოლი და ასე განსაჯეთ, ამასთან დაკავშირებით ტელეშოუებიც კი გაიმართა. აბიგაილმა გმირულად გადაიტანა ქმრის ღალატი და დიდსულოვნად შეუნდო, მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელიო, ხომ გაგიგიათ. ერთი კვირის შემდეგ პიტერმა ღალატის ხმა ცოლს უკვე ლონდონში გააგონა და პრესამ იგი ისევ გამოიჭირა. ჯერჯერობით უცნობია, რას იზამს კლენსი (დიდი ალბათობითა და მილიონების ხათრით, პიტერს ამასაც აპატიებს), მაგრამ კრაუჩს უკვე სხვა ქალებმა შეუტიეს.
„მე რომ აბიგაილის ადგილზე ვიყო, პიტერს დავათრობდი, დავაძინებდი, მერე კი იმ ორგანოს მოვაჭრიდი, რომლითაც მიღალატა. ღალატის პატიება არ შეიძლება და პირობას ვდებ, თუ მე მომივა ანალოგიური რამ, ჩემი ქმარი ძალიან ინანებს“, – გაგიკვირდებათ და ეს განცხადება დანიელა ლოიდმა გააკეთა.
დანიელა აბიგაილის დაქალი და კრაუჩის თანაგუნდელის, ჯიმი ოჰარას ცოლია. თუმცა, სანამ ცოლად ჯიმის გაჰყვებოდა, ათზე მეტი მეტ-ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელის მუზა იყო, თუმცა, საბოლოოდ, ოჰარას შებმა მოახერხა.
ალბათ, უინტერესო არ უნდა იყოს, როგორ იძიებენ ხოლმე შურს ფეხბურთელების ცოლები ყოფილ ქმრებზე. ყველაზე საინტერესო ალბათ ბრაზილიელი რონალდოს ისტორიაა. მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელი ორმა ქალმა გაამწარა. მისმა პირველმა ცოლმა მილენა დომინგესმა ქმრის ღალატი რომ ვერ აიტანა, რქები დაადგა და თან ვისთან? – ლოგინში ბრაზილიელის მაშინდელ თანაგუნდელსა და მეგობარს, კლარენს ზეედორფს ჩაუგორდა. როცა ეს რონალდომ გაიგო, „ინტერის” პრეზიდენტ მასიმო მორატის ზეედორფის გუნდიდან გაგდება მოსთხოვა და გააგდებინა კიდეც, ცოლს კი დაშორდა. ვერ ვიტყვით, რომ მეორე ცოლმა უკეთეს დღეში ჩააგდო. დანიელა ჩიკარელისა და ბრაზილიელს ქორწილი ჰქონდათ დათქმული და რამდენიმე დღით ადრე რონალდომ ცოლს უღალატა. დანიელამ ამის შესახებ გაიგო, მაგრამ განგაშის ზარებისთვის არ შემოუკრავს. მან მშვიდად გაიკეთა აბორტი და რონალდოს მომავალი შვილი მოკლა. ქორწილიდან მეორე დღეს კი განქორწინებაზე შეიტანა განცხადება. წყვილი ორ თვეში დაშორდა და გარდა იმისა, რომ რონალდოს ქორწილი ორ მილიონამდე დაუჯდა, ცოლს ქონების ნაწილიც, ოთხი მილიონი გაატანა.
თითქმის იგივე შეემთხვა რობერტო კარლოსს. სხვათა შორის, ამ საქმეშიც რონალდო იყო გარეული. როცა ისინი მადრიდის „რეალში” თამაშობდნენ, რონიმ გრანდიოზული ღრეობა მოაწყო და თანაგუნდელებს ელიტური მეძავებით „გაუმასპინძლდა”. ჰოდა, ერთ-ერთი მეძავი კარლოსს ისე მოეწონა, მასთან რომანი გააბა. ცოლმა ეს ამბავი რომ გაიგო, საცხოვრებლად ცალკე გადავიდა, განქორწინებაზე განცხადება შეიტანა და განქორწინების შემდეგ ხელს ხუთი მილიონი გააყოლა. რაც მთავარია, ცოლად რობერტოს ბავშვობის მეგობარს გაჰყვა, რომელიც იმ დროს ბრაზილიაში ცხოვრობდა და რა თქმა უნდა, ქალს, რომელსაც ხუთმილიონიანი ქონება მოჰყვა, უარი ვერ უთხრა.
პორტუგალიელმა ლუიშ ფიგუმ კარგად იცის, რა ელოდება ღალატის შემთხვევაში. მისი მეორე ნახევარი ელენ სვედინია. ეს ქალი კი თავის დროზე ცნობილი პორნოვარსკვლავი იყო და სწორედ ერთ-ერთი ფილმის ყურებისას მოიხიბლა მისით ლუიში, მერე იპოვა, დაემეგობრა, და ცოლადაც მოიყვანა. ახალ წყვილს სამი შვილი ჰყავს.
„ფიგუმ რომ მიღალატოს? ჯერ ერთი, მგონია, რომ ეს გამორიცხულია. მეორეც, თუ ასეთი რამ მართლა მოხდება, მე მას ჩემს ახალ ფილმს გავუგზავნი, რომლის მთავარი გმირი მე ვიქნები და ეპიზოდებში კიდევ რამდენიმე მამაკაცი“, – განაცხადა ერთ-ერთ შოუში ელენმა და მართალია, ლუიშიც იქ იყო, ამ განცხადებაზე წარბიც არ შეუხრია. აქაოდა, ცოლის ღალატი გულშიც არ გამივლიაო.
ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ნადირობენ ქალები ფეხბურთელებზე, ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის” ლიდერი, ფრენკ ლამპარდია. მან რამდენიმე წლის წინ ცოლად ელენ რივესი მოიყვანა და... შარშან ელენმა გამოუცხადა, არ მიყვარხარ, არც არასდროს მყვარებიხარ და უნდა დავშორდეთო. არადა, წყვილს ორი გოგონა ჰყავს. მოკლედ, ელენმა ამ ქორწინებიდან ძალიან იხეირა – ლონდონში ოთხ მილიონად შეფასებული სახლი და პლუს, ექვსი მილიონი ფრენკის ქონებიდან, ურიგო არ უნდა იყოს.
სხვათა შორის, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში ფეხბურთელებისთვის ხელფასის მომატება დემოგრაფიულ პრობლემას ნაწილობრივ გადაწყვეტს, რადგან მდიდარ ფეხბურთელებზე ქართველი გოგონები აშკარად ინადირებენ და თან, ჩვენებს უფრო დახვეწილი რომ აქვთ ნადირობის პროცესი, ალბათ, არ არის ახალი.