კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები


კითხვა: 1 წლის წინ ჩემს მეუღლეს ქუთუთოზე ამოუვიდა ერთი ცალი უხეში ბეწვი, რომელიც ამოიგლიჯა და მას მერე აღარ ამოსვლია. სამაგიეროდ, იმ ადგილას გაუჩნდა შესამჩნევი ბურთულა. მე მგონია, ეს არის ბეწვის ჩაბრუნება. ვის მივმართო და რამდენად საშიშია?

პასუხი: უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს და სასურველია, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ქუთუთოზე, ისევე, როგორც ზედა ყბის ნებისმიერ ადგილას მდებარე ჩირქოვანი პროცესი შესაძლოა, გავრცელდეს ტვინისკენ.

კითხვა: ვარ 71 წლის. ცალ თვალში დამაკლდა სინათლე. ექიმმა დამისვა დიაგნოზი – თვალის წნევა. არ მაქვს არანაირი გამონადენი. რას მირჩევთ?

პასუხი: თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, გლაუკომასთან უნდა გვქონდეს საქმე, რომლისთვისაც დამახასიათებელია თვალშიგა წნევის მატება. იგი საშიში დაავადებაა და მკურნალობას საჭიროებს. აუცილებლად უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს, რომელიც სათანადო გამოკვლევას ჩაგიტარებთ და მკურნალობას დაგინიშნავთ.

კითხვა: მყავს 3 წლის გოგონა, რომელიც ძალიან უჭმელია, არ უყვარს რძის ნაწარმი, თევზი, წვნიანი, მეშინია, არ განუვითარდეს ხერხემლის გამრუდება და ზრდაში არ ჩამორჩეს. რას მირჩევდით?

პასუხი: არსებობს მადის მოსამატებელი ეფექტური საშუალებები. მაგალითად, ტრიმეტაბოლი. დოზის შესარჩევად მიმართეთ თქვენს პედიატრს.

კითხვა: რა ასაკიდან შეიძლება, მივცეთ ბავშვს სიმაღლეში ზრდის შემწყობი საშუალებები? ბავშვი 3 წლისაა.

პასუხი: ზრდის სტიმულირებისთვის გარდატეხის ასაკამდე ლოდინს არ გირჩევთ. ხილის წვენს პატარებს 6 თვიდან ასმევენ, სამი წლის ბავშვს კი, თუ ალერგია არ აქვს, თამამად შეგიძლიათ მისცეთ ვიტამინებით გამდიდრებული წვენები. ზრდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია A ვიტამინი.

კითხვა: გთხოვთ მიპასუხოთ, შესაძლებელია თუ არა, ეროზიის მკურნალობა ხალხური მეთოდით, ან სახლის პირობებში?

პასუხი: ეროზია საშვილოსნოს ყელის მშრალშრიანი ეპითელიუმის მაცერაციისა და დესკვამაციის შედეგად წარმოიშობა. ეროზიული უბანი წითელი ფერისაა და არასწორი კიდეები აქვს. დაავადების ნებაზე მიშვებისა და არასწორი მკურნალობის შემთხვევაში, დიდია გართულების ალბათობა. ეროზია შეიძლება გარდაიქმნას წყლულად, რომლის მკურნალობა უფრო რთული და ხანგრძლივია.

მკურნალობა სახლის პირობებში დაუშვებელია, ვინაიდან შედეგს ვერ მიიღებთ და ძვირფას დროს დაკარგავთ. მკურნალობა უნდა ჩაატაროს სპეციალისტმა.

კითხვა: ვარ 23 წლის. მაქვს ცხვირის ძგიდის გამრუდება. სუნთქვა განსაკუთრებით მიჭირს ზამთარში. მაინტერესებს, აუცილებელია თუ არა ოპერაცია, ნუთუ სხვა საშუალებით ვერ ვიმკურნალებ?

პასუხი: სამწუხაროდ, ცხვირის ძგიდის გამრუდების მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული მეთოდით არის შესაძლებელი. ოპერაცია ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება. ავადმყოფი ოპერაციის მსვლელობისას ტკივილს ვერ გრძნობს. მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნება აქვს.

კითხვა: ვარ 30 წლის. 2 წლის წინ ვსვამდი „დიანე-35-ს“. ერთი წელია, მენსტრუაციის დაწყებამდე 6-8 დღით ადრე მაქვს მუქი სისხლიანი გამონადენი. ჩავიტარე ექოსკოპიური გამოკვლევა, მითხრეს, არაფერი გაქვსო. გინეკოლოგმა დამინიშნა „დიუფასტონი“, მაგრამ არანაირი შედეგი არ გამოიღო. გთხოვთ მირჩიოთ, რომელი პრეპარატის მიღება ჯობია?

პასუხი: შედეგისთვის „დიუფასტონის“ ხანგრძლივი მიღებაა საჭირო. ამ პრეპარატით ექვსთვიანი კურსი მაინც უნდა ჩაიტაროთ.

კითხვა: ყოველდღიური გამოყენებისთვის მზისგან დამცავ რომელ კრემს მირჩევდით?

პასუხი: თუ ქერა ბრძანდებით და თეთრი კანი გაქვთ, მაღალი დონის დაცვით უნდა ისარგებლოთ SPF ინდექსი 20 მაინც უნდა იყოს, თუ დიდი ხანია, არ გარუჯულხართ. თუ ხორბლისფერი ან მუქი ფერის კანი გაქვთ, შეგიძლიათ, ნაკლები SPF ინდექსის მქონე კრემიც გამოიყენოთ. კრემმა რომ იმოქმედოს, მისი სწორად მოხმარება უნდა იცოდეთ. სახლიდან გასვლამდე 30 წუთით ადრე უნდა წაისვათ და, განურჩევლად SPF-ის დონისა, ორ საათში ერთხელ გადაისვით. კრემის შეძენისას კარგად დააკვირდით გამოყენების ვადას.

კითხვა: ვარ 32 წლის ქალი. ზედა ტუჩსა და ცხვირს შორის ბავშვობიდან მაქვს ხალი. ხელს არ ვკიდებ, მაგრამ ბოლო დროს მიწითლდება ხოლმე და ჩირქის თავს იკეთებს. დეზინფექციისთვის სპირტიან ბამბას ვიდებ. ამის შემდეგ სიწითლე და ჩირქიანი თავი ქრება. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე?

პასუხი: ხალი კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელიც მელანინის სინთეზისა და ცვლის დარღვევის შედეგად ჩნდება. უმრავლეს შემთხვევაში ხალები პრობლემა არ არის. იშვიათად კი, შეიძლება, სახიფათო წარმონაქმნად გადაიქცეს. შემაშფოთებელია ხალის გადიდება, სწრაფი ზრდა, ფორმის შეცვლა, ტკივილი, სისხლდენა. გირჩევთ, გართულების თავიდან ასაცილებლად, დერმატოლოგს მიმართოთ.

კითხვა: ვარ დაბალწნევიანი. ამჟამად ვარ ორსულად. მაინტერესებს, ტოქსიკოზი მხოლოდ იმ ქალებს ემართებათ, რომლებსაც მაღალი წნევა აქვთ თუ დაბალწნევიანებსაც შეიძლება დაემართოთ? საშიშია თუ არა ეს ჩემთვის?

პასუხი: ტოქსიკოზის შედეგად წნევა ჰიპოტრონიკსაც შეიძლება აეწიოს და ჰიპერტონიკსაც, განურჩევლად იმისა, როგორი წნევა ჰქონდათ ორსულობამდე. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი გინეკოლოგის მეთვალყურეობა, შარდის ანალიზის კონტროლი და წნევის რეგულარული გაზომვა. დაავადების პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე რეკომენდებულია სავალდებულო მკურნალობის კურსის ჩატარება. შესაძლოა, სტაციონარული მკურნალობაც გახდეს საჭირო.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშიაარში.


скачать dle 11.3