ვინ ჩაიტანა მოსკოვში კეისრის მონეტები, რა ექსპერიმენტი ჩაატარა პოლკოვნიკის ცოლმა მილიციის განყოფილებაში და როგორ აღმოჩნდა 8-შვილიანი დოდო უშვილო
„ჭინკა“
გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს ახალბედა ინსპექტორი ვიყავი და სულ რაღაც ოთხი თვის დაწყებული მქონდა მუშაობა, რომ ცნობილი ბინის ქურდის, ოთარ მელაძის, მეტსახელად „ჭინკას“ ძებნაში ჩამრთეს. თბილისელი „ჭინკა“ მოსკოვში მოღვაწეობდა და საბჭოეთის დედაქალაქის ბობოლებს მუსრს ავლებდა. ის ისე მოხერხებულად შედიოდა ბინებში და ასუფთავებდა მათ, რომ თვალის შევლებასაც კი ვერავინ ასწრებდა. ერთხელ „ჭინკამ“ უმაღლესი საბჭოთა პარტიული ფუნქციონერის ბინა გაასუფთავა და ძვირფას ნივთებს სამი ცალი ბრინჯაოს მონეტაც გააყოლა, რომლებიც თურმე იულიუს კეისრისდროინდელი ყოფილა. გაქურდული ფუნქციონერი თავგამოდებული ნუმიზმატი ყოფილა და როგორც მოგვიანებით ჩვენი უფროსი გვიყვებოდა, თურმე, ასე ღრიალებდა „მურის“ უფროსის კაბინეტში: „თავებს წაგაცლით, თუ კეისრის მონეტებს არ მომიძებნით. მსოფლიოში სულ ხუთი ცალი მსგავსი მონეტაა და სამი მე მაქვსო“. გაქურდულ ფუნქციონერს მონეტების ფოტოები აღმოაჩნდა, რომლებიც გავამრავლეთ და უნიკალური მონეტების ძებნას შევუდექით. თუმცა, არც მონეტები ჩანდა და „ჭინკას“ კვალიც ვერსად აღმოვაჩინეთ. ამ შემთხვევიდან ექვსი თვის მერე თბილისში, ჩემი დის ქორწილში ჩამოვედი სამი დღით. ორდღიანი ქეიფის შემდეგ, როგორც იქნა, სუფრას თავი დავაღწიე, ტაქსიში ჩავჯექი და უთენია რიყეზე გავემგზავრე ხაშის საჭმელად და ასი გრამი არყის დასაყოლებლად, რომ „პახმელიაზე“ გამოვსულიყავი. დიღმის მასივიდან მოვდიოდით სანაპიროზე, დაახლოებით „დინამოს“ სტადიონის ქვემოთ ახალგაზრდა გოგონა ჩავისვით, რომელიც საკმაოდ კონტაქტური აღმოჩნდა და გამოველაპარაკე. რა დასამალია და მაშინ ახალგაზრდა, უცოლო ვიყავი და ვიფიქრე, გოგონას ხინკალზე დავპატიჟებ, შემდეგ წავიყვან და გავერთობით-მეთქი... გოგონა სახაშეში წამომყვა, ჩემთან ერთად კარგად მოილხინა, სახლშიც ამომყვა და ის-ის იყო საქმეზე უნდა გადავსულიყავით, რომ მან ჩანთა გახსნა და სიგარეტის ამოღებისას, იქიდან კეისრისდროინდელი მონეტა გადმოვარდა. ამის დანახვაზე მე ლამის თვალები გადმომცვივდა ბუდიდან, რადგან ისე კარგად მქონდა შესწავლილი ამ მონეტების ფოტოები, შეცდომა გამორიცხული იყო. აბა, რაღა მექალებოდა... იმ გოგონას ჩემი ვინაობა გავუმხილე და კატეგორიულად მოვთხოვე, ეღიარებინა, თუ საიდან ჰქონდა ეს მონეტები. ჩემი სტუმარი დამწყები ბაცაცა აღმოჩნდა და მითხრა: წუხელ, ვიღაც ლოხმა მომხსნა ტრასიდან და ეგონა, მაგრად მოილხენდა ჩემთან. მე კი მას „კლოფელინით“ გავუმასპინძლდი, მივაძინე და მთელი ღამე „ვშმონავდი“ მის „ბაითს“. მაგრამ ამ „სირობის“ მეტი ვერაფერი აღმოვაჩინეო. გოგონამ ისიც აღიარა, რომ ჩემს დაძინებას და გაქურდვასაც აპირებდა. რა დროს ეს იყო. გოგონას შევპირდი, არ დავიჭერდი, თუ სამაგიეროდ, მის გაქურდულ ბინას მაჩვენებდა. გოგონა დამეთანხმა. მე იარაღი ჩავიდე, მამაჩემის მანქანას მოვაჯექი და ახალგაზრდა ბაცაცასთან ერთად დიდუბისკენ გავემართე. გოგონას მიერ გაქურდული ბინა ხუთსართულიანი სახლის ბოლო სართულზე მდებარეობდა. მე პისტოლეტი მოვიმარჯვე და აღნიშნული ბინისკენ წავედი, გოგონა კი ხელბორკილით მანქანის საჭეზე მივაბი. ბინაში სახურავიდან ფრთხილად ჩავძვერი, საძინებელში შევიპარე და მხვრინავი „ჭინკა“ შემრჩა ხელში... ის თურმე, თავისი ნათესავის ბინაში იმალებოდა და რომ გავკოჭე, მხოლოდ ამის მერე იკადრა გაღვიძება. ასე ორიგინალურად გამოვედი „პახმელიაზე“ და მოსკოვში რომ კეისრის მონეტები ჩავიტანე, მთელი „მური“ ჩემს წარმატებაზე საუბრობდა.
სამახსოვრო მუნდშტუკი
გასული საუკუნის სამოციანი წლების დასაწყისია. ახალგაზრდა ოპერი ვარ და კალინინის (ამჟამად მთაწმინდის) რაიონის მილიციაში ვმუშაობ. დაახლოებით საღამოს 9 საათზე განყოფილებაში ხანში შესული მამაკაცი და ახალგაზრდა ქალი მოვიდნენ. მამაკაცი ძალიან აღელვებული იყო. გაგვეცნო, როგორც ყოფილი ომის მონაწილე, პოლკოვნიკი, საკავშირო მნიშვნელობის პენსიონერი, მრავალი ჯილდოს მფლობელი და აღელვებულმა გვითხრა:
– მე და ჩემი მეუღლე ფუნიკულიორიდან ფეხით ვეშვებოდით. შუა გზაში ვიღაც ბანდიტები დაგვხვდნენ და გაგვძარცვეს. ფული ჯანდაბას, მაგრამ ბერლინიდან წამოღებული ქარვის „ტროფეინი“ მუნდშტუკი წამართვეს და გაიქცნენ. სასწრაფოდ დამეხმარეთ, თორემ მოსკოვში გიჩივლებთ და ყველას თავებს დაგაყრევინებთო.
ისეთი დრო იყო, რომ ნაპოლკოვნიკარი რუსი ნამდვილად შეგვისრულებდა მუქარას და დავტრიალდით. ხოლო მილიციის უფროსმა მომჩივანს უთხრა:
– ზუსტად დაგვიწერეთ, რა დაკარგეთო.
– ფული – 30 მანეთი, სავარცხელი და რაც მთავარია, მუნდშტუკი, – თავი გააქნია რუსმა და დაამატა, – კიდევ ჩემი ცოლი გააუპატიურესო...
გაუპატიურება სერიოზული დანაშაული იყო და რამდენიმე ოპერჯგუფმა, სულ რაღაც, ნახევარ საათში მთელი იმ უბნის „შპანა“ მოიყვანა და პოლკოვნიკის ახალგაზრდა, მომხიბვლელ მეუღლეს თხუთმეტი ყმაწვილი წარმოუდგინეს ამოსაცნობად. საკმარისი იყო, ქალს ვინმესთვის ხელი დაედო, რომ ყმაწვილს დიდი სასჯელი არ ასცდებოდა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, პოლკოვნიკი ერთ-ერთ ოპერჯგუფს გაჰყვა ფუნიკულიორის შუა გაჩერებაზე, შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად და სამსაათიანი ძებნის შემდეგ ელექტრონათურების დახმარებით მათ ქარვის „ტრაფეინი“ მუნდშტუკი იპოვეს. განყოფილებაში დაბრუნებული რუსი აღფრთოვანებას ვერ ფარავდა და ცოლს ახარა აღმოჩენის შესახებ. ცოლი კი, რომელიც ამოსაცნობ ბიჭებთან ცალკე ოთახში „საგამოძიებო ექსპერიმენტს“ ატარებდა, მოღიმარი შეხვდა ქმარს, მუნდშტუკის პოვნა მიულოცა. ბიჭებზე კი თქვა: „ესენი არ ყოფილანო“ და ხნიერ ქმართან ერთად კმაყოფილმა დატოვა მილიცია...
პროტესტანტი დოდო
შევარდნაძის პერიოდია. ქალაქის მერი ვანო ზოდელავაა და ის დროა, როცა თბილისში დღეში რამდენიმე საპროტესტო გამოსვლა ხდება. მაშინ ქალაქის მილიციის სამმართველოს „სპეცნაზს“ ვმეთაურობდი და მთელი დღე ხან ერთ ადგილზე გვქონდა გასვლა, ხან – მეორეზე. სამსახურში ახალდაბრუნებულები ვიყავით, როდესაც მერიიდან დაგვირეკეს და მრავალშვილიანი დედების აქციაზე გამოგვიძახეს. მოვედით. თავისუფლების მოედანი ოთხასამდე ქალს აქვს გადაკეტილი, მერიაში შეჭრას ცდილობენ და ზოდელავას საწინააღმდეგო ლოზუნგებს გაჰყვირიან. მე რომ დამინახეს, შემომიტრიალდნენ და ლანძღვა დამიწყეს. ამ ქალებს ერთი დოდო ხელმძღვანელობდა, რომელსაც, როგორც თავად ამბობდა, რვა შვილი ჰყავდა. დოდო ჩემთან მოვარდა და აღრიალდა:
– ზოდელავა იუდა! ზოდელავა იუდა!
– ზოდელავასთან რა გინდა, ქალო, რა დაგიშავა-მეთქი?
– რვა შვილი მყავს და რჩენა ხომ უნდათ, ზოდელავა კი დახმარებას არ მაძლევსო.
– კარგი, დაწყნარდი, – ვუთხარი მე, – ოთხი ქალი შედით და მერს დაელაპარაკეთ, ყველას ვერ შეგიშვებთ-მეთქი.
დოდომ კი ხმას აუწია და უფრო ხმამაღლა აყვირდა:
– ან ყველა შევალთ, ან აქაურობას ავაფეთქებთ!
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქალები ვერ წყნარდებოდნენ, რადგან მათ დოდო აღიზიანებდა, ბოლოს ვერ მოვითმინე და ვუთხარი:
– ქალო, სულ მაგ საოხრეზე რომ ზიხარ, სკამზე გადმოჯექი, შენც დაისვენებ, შენი შვილებიც და ვანო ზოდელავაც-მეთქი.
ჩემს სიტყვებზე ქალებს სიცილი აუტყდათ და ზოდელავასთან ოთხკაციანი ჯგუფის შესვლაზე დამთანხმდნენ. საინტერესო კი ისაა, რომ ვითომ რვაშვილიანი დოდო საერთოდ უშვილო აღმოჩნდა და ქალების აქციას ერთ-ერთი პარტიის დავალებით ატარებდა ხოლმე...
მოამზადა
ნიკა ლაშაურმა