სიბრძნე მინიატურებში
ქვეყნად ყველაზე მთავარი
გაზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს ფადიშაჰი და ბირბალი ბაღში სეირნობდნენ და წალკოტის მშვენიერებით ტკბებოდნენ. მოულოდნელად ფადიშაჰმა ბირბალს ჰკითხა, ვინ იყო, მისი აზრით, ამ ქვეყნად ყველაზე მთავარი. ბირბალი იმწამსვე მიხვდა, როგორ პასუხს ელოდა მისგან ფადიშაჰი. „ეტყობა, ძალაუფლებამ მისი ამპარტავნება გააფუვა. ჩანს, ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ ვეტყვი: ამქვეყნად ყველაზე მთავარი შენა ხარ. ვერ მივართვი“, – გაიფიქრა ბირბალმა.
– მბრძანებელო, ჩემი აზრით, ამქვეყნად ყველაზე მთავარი პატარა ბავშვია. აბა, სცადეთ და ბავშვი თქვენს ჭკუაზე აცხოვრეთ! ამას ვერც რაჯა შეძლებს, ვერც თვით ფადიშაჰი.
– როგორ უნდა ვაღიაროთ ქვეყნად ყველაზე მთავარ არსებად უჭკუო ბავშვი? ძალიან გაგიჭირდება ამის დამტკიცება, – შეეკამათა ბირბალს ფადიშაჰი.
– რა გაეწყობა, დაგიმტკიცებთ, თუმცა ეს იოლი არაა. იოლი მარტო ფაფის ჭამაა. ეს საქმე კი რთულია, საჭირო გახდება, ცდა ჩავატაროთ.
ასეც შეთანხმდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ ბირბალი ფადიშაჰის სასახლეში მივიდა. მას ხელში პატარა, საყვარელი, ონავარი ბიჭუნა ჰყავდა ატატებული. ფადიშაჰს პაწია მოეწონა. მუხლებზე დაისვა და თამაში დაუწყო. ბიჭუნა კისკისებდა, ცქმუტავდა, მოულოდნელად ფადიშაჰს წვდა წვერში და მთელი ძალით მოქაჩა. ძლივს გააშვებინეს ხელი ბავშვს, თითქმის ბღუჯა წვერი დარჩა პატარა მუშტში. გაბრაზებულმა ფადიშაჰმა გაკიცხა ბირბალი, ასეთი ონავარი, ჯიუტი და თავნება ბიჭუნა სასახლეში რატომ მომგვარეო.
ბირბალი სწორედ ამ საყვედურს ელოდა და სიამოვნებით მიუგო ამპარტავან მბრძანებელს:
– ხომ ნახეთ, ქვეყნის მფლობელო, ვერავინ გაბედავს, თითიც კი შეგახოთ, ეს ბავშვი კი წვერს გგლეჯთ. გამოდის, რომ სწორედ ისაა ყველაზე მთავარი მთელ დუნიაზე.
ფუნთუშა
ცოლ-ქმარმა ერთად 30 წელიწადი გაატარა. შეუღლების ოცდამეათე წლისთავზე ქალმა, ჩვეულებისამებრ, ფუნთუშა გამოაცხო. ამას ის ყოველდღე აკეთებდა – ოჯახში ასეთი ტრადიცია ჰქონდათ. საუზმეზე ცოლმა ფუნთუშა შუაზე გაჭრა, ორივე ნაწილს კარაქი წაუსვა და როგორც ყოველთვის, ქმარს ზედა ნაწილი გაუწოდა, მაგრამ უცებ წამით გაირინდა და ხელი ჰაერში გაუშეშდა...
ქალმა თავისთვის გაიფიქრა: „ჩვენი შეუღლების ოცდამეათე წლისთავზე მე თვითონ მინდა ფუნთუშის დაბრაწული ნაწილის შეჭმა. მთელი ოცდაათი წელიწადი ამაზე ვოცნებობდი. ბოლოს და ბოლოს, ამ ხნის განმავლობაში ჩემი ქმრისთვის თითით საჩვენებელი მეუღლე და, ამასთან ერთად, ერთგული და მოსიყვარულე ვიყავი, საუკეთესო ვაჟიშვილები გავუზარდე, ოჯახის მეურნეობას ვუძღვებოდი და მთელი ძალ-ღონე და ჯანმრთელობა მას შევალიე“.
ცოლმა მიიღო გადაწყვეტილება და ფუნთუშის ქვედა ნაწილი ქმარს გაუწოდა, მაგრამ ოცდაათწლიანი ტრადიციის დარღვევის გამო ხელი უკანკალებდა. ქმარმა გამოართვა ფუნთუშის ნახევარი და უთხრა: „რა ფასდაუდებლად დამასაჩუქრე დღეს, ჩემო საყვარელო! 30 წელი არ მღირსებია ფუნთუშის ქვედა ნაწილის ჭამა, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ სამართლიანად მიმაჩნდა, რომ ის შენ გეკუთვნოდა“.