კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


ცოდვამ მაინც მიწია

მართალია, ის, რასაც ახლა მოგწერთ, კარგა ხნის ჩავლილი ამბავია და ჩემს ცხოვრებას უკვე ვეღარაფერი შეცვლის, მაგრამ თუ ვინმეს ჭკუის სასწავლებლად გამოადგება და ისეთ შეცდომას აღარ დაუშვებს, მერე ჩემსავით მთელი ცხოვრება სანანებლად ჰქონდეს, ბედნიერი ვიქნები. ახლა უკვე ასაკში ვარ და შემიძლია, საღად შევაფასო განვლილი ცხოვრება, მოვინანიო შეცოდებანი, მაგრამ მომხდარს რომ ვეღარაფერს ვუშველი? ახალგაზრდობასა და გამოუცდელობას კი ვაბრალებდი ყველაფერს, მაგრამ სხვის მაგალითზე ხომ უნდა დავფიქრდეთ მაინც? მოკლედ, 20 წლის ვიყავი და რომანტიკითა და პოეზიით სავსე, მთელი არსებით ველოდი პირველ სიყვარულს. უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, რადგან საღამოს დასწრებულზე ვსწავლობდი, მუშაობაც მოგვეთხოვებოდა. მეც, რაღაც პერიოდით, ჩემმა მშობლებმა ოჯახის ახლობელთან მომაწყვეს. პატარა კაფე იყო. თანამშრომლად კი ვითვლებოდი, მაგრამ დიდად დატვირთული არ გახლდით. უფრო ფორმალური სახე ჰქონდა ჩემს იქ მუშაობას, რომ სტაჟში ჩამთვლოდა და უნივერსიტეტშიც ცნობა წარმედგინა. დღეში ერთი-ორი საათით შევივლიდი, ცოტას წავიჭორავებდი, ნამცხვარსა და ყავას მივირთმევდი და საღამოს ლექციებზე მივდიოდი. კოლექტივი დიდი არ იყო და არც ჩემი თანატოლი გახლდათ იქ ვინმე. ამიტომ, მაინცდამაინც ვერავის ვემეგობრებოდი. თუმცა, ერთი ყმაწვილი იყო, მზარეულის თანაშემწე, ჩემზე ათი წლით უფროსი და ძალიან ცდილობდა, დამახლოვებოდა. ერთი შეუხედავი ვინმე კი იყო, მაგრამ ძალიან მხიარული, კეთილი და საკმაოდ კარგი სამეგობრო წრეც ჰყავდა. თვითონაც კარგი ოჯახისშვილი გახლდათ, პრესტიჟულ უბანში ცხოვრობდა და მეგობარ-ახლობელიც, ასე ვთქვათ, ელიტური წრიდან ჰყავდა. მე ის სრულიად არ მომწონდა, როგორც მამაკაცს საერთოდ ვერ აღვიქვამდი, მაგრამ მისი ყურადღება მაინც მსიამოვნებდა. სულ ცდილობდა, თუ კაფეში ვიყავი, რაც კი საუკეთესო იყო იქ, ჩემთვის მოერთმია. კაფეს გარეთ კი, სად აღარ მპატიჟებდა. დავყავდი მეგობრებთან, ვქეიფობდით და მეც ძალიან ვერთობოდი. განსაკუთრებით მისი ერთი მეგობარი მომწონდა. ძალიან ცნობილი ოჯახიდან იყო, არ მინდა დავასახელო. ის და მისი ძმა, რომ იტყვიან, „კრასავჩიკები“, მთელი თბილისის გოგონებს აგიჟებდნენ – რას არ მისცემდნენ, რომ რომელიმეს გამარჯობა მაინც ეთქვა მათთვის. ამ დროს კი მე, მათ ოჯახში მიღებული სტუმარი ვიყავი, თანაც ჭკუას ვკარგავდი გაგაზე (ასე მოვიხსენიებ) და როცა ეს ჩემი თაყვანისმცემელი – სოსო მასთან წასვლას შემომთავაზებდა, თუ სხვა დროს ყველანაირად ვცდილობდი, ხელიდან დავსხლტომოდი, ამ შემთხვევაში, სიხარულით ვთანხმდებოდი. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, გაგას სიყვარულით, „ვაზის სიყვარულის“ არ იყოს, მეც „ჭიგოს“, ანუ სოსოს დავუწყე ფერება. ყველაფერი ასე მოხდა. მორიგი წვეულება იყო გაგასთან, ცოტა დავლიეთ, ვიცეკვეთ, სასიამოვნო მუსიკამ, ნახევრად ჩაბნელებულმა გარემომ, სასმელმა და გაგას მომხიბვლელობამ, სულ დამაკარგვინა კონტროლი და როცა გამოვფხიზლდი, გვიან იყო. ბიჭებმა იცოდნენ, რომ სოსოს ვუყვარდი და უიმედოდ დამდევდა. ჰოდა, ხელი შეუწყვეს და იმ ქეიფის დროს, გაგას სახლში მარტო დაგვტოვეს. მერე კი, რაც მოხდა, ალბათ, მიხვდით. გამოფხიზლებულს მართლაც „ვაზის“ ნაცვლად „ჭიგო“ რომ შემრჩა ხელში, კინაღამ გადავირიე – ვიტირე, ისტერიკა მოვუწყვე დაბნეულ სოსოს. მას შემდეგ გავებუტე, ახლოს არ ვიკარებდი, ვეღარ ვიტანდი. ის კი აჩრდილივით სულ უკან დამყვებოდა, მეხვეწებოდა, ამოვალ შენს მშობლებთან, დაველაპარაკები. გამომყევი ცოლადო. მე სათოფეზე არ ვიკარებდი, მაგრამ თურმე, წინ უარესი სიურპრიზი მელოდა. გაირკვა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ამაზე სულ გაგიჟდა სოსო, ვეღარ ვაკავებდი, უნდა მოვიდე თქვენებთანო. ამას ვერაფრით დავუშვებდი. სიკვდილი მერჩია მის ცოლობას. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მიმეღო ზომები, ავდექი და ისე, რომ სოსოს არაფერი გავაგებინე, აბორტი გავიკეთე, ბავშვი მოვიცილე. თქვენ წარმოიდგინეთ, დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორად მოვიქეცი და არც კი ვნანობდი ამ ნაბიჯს. ამით გადავწყვიტე ეს საკითხი და შეურაცხყოფილი და დამცირებული სოსო საბოლოოდ ჩამოვიცილე. მას შემდეგ გავიდა დრო, მე მართლაც შევხვდი ჩემი ცხოვრების თანამგზავრს. გავთხოვდი, ძალიან კარგ ოჯახში შევედი, მაგრამ ცოდვამ მაინც მიწია – ის, რაც ასე იოლად გავწირე მაშინ, ახლა, როცა ასე ვესწრაფი, არა და არ მაღირსა ღმერთმა. უკვე ორმოც წელს მივუკაკუნე და დედობას ვერ ვეღირსე.

თამარი, 39 წლის.



ღირს კი, კაცის გამო მსხვერპლის გაღება?!

სკოლის დამთავრებისთანავე გავთხოვდი. მე და გია კლასელები ვიყავით და მეექვსე კლასიდან უკვე შეყვარებულები გვერქვა. ჩვენი ოჯახებიც ძალიან კარგ დამოკიდებულებაში იყვნენ ერთმანეთთან და სკოლა რომ დავამთავრეთ, ბევრი აღარ გვიფიქრია, იმავე შემოდგომაზე დავქორწინდით. თან, ორივემ უმაღლესში ჩავაბარეთ. სტუდენტები, რა თქმა უნდა, მშობლების ხარჯზე ვცხოვრობდით. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ახალგაზრდები ვიყავით, ლაღები, უზრუნველყოფილები და ქვეყანა ჩვენი გვეგონა. მაგრამ, მალე სიტუაცია შეიცვალა. მე დავფეხმძიმდი, ორსულობამ, რა თქმა უნდა, ცხოვრების სტილის შეცვლა მაიძულა. თავიდან გიაც ანგარიშს მიწევდა, სულ გვერდით მეჯდა, ჩემზე ზრუნავდა, მაგრამ მალე მობეზრდა. მისი ტოლები ერთობოდნენ, წასვლა-წამოსვლას არ იკლებდნენ და მანაც ვერ გაუძლო ცდუნებას, აჰყვა მათ. ერთ საღამოს რომ წავიდოდა უჩემოდ, მეორე დღეს ბოდიშებს მიხდიდა, მაგრამ მერე და მერე მოუხშირა გასვლებს და უკვე აღარც ერიდებოდა თავისი საქციელის. მოკლედ, ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ვიმშობიარებდი. ბიჭი მეყოლა. ამან ცოტა შეცვალა გია. ძალიან ამაყობდა შვილით, მით უმეტეს, მის ძმაკაცებში პირველი ის გახდა მამა. ჭკუაზე არ იყო, ბიჭებთან ტრაბახობდა და მათ ზემოდან უყურებდა, ვითომდა, თვითონ ცხოვრებაგამოვლილი ოჯახის კაცი იყო და ისინი კი – ცხვირმოუხოცავი ლაწირაკები. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, ოჯახი და გათხოვება ისეთი არ ყოფილა, როგორიც წარმომედგინა. დღითიდღე უფრო ვრწმუნდებოდი ამაში და ის თავდავიწყებული სიყვარულიც თვალსა და ხელს შუა ქრებოდა. ორ წელიწადში მეორე ბიჭიც შეგვეძინა, მაგრამ ვერც ამან შეცვალა სიტუაცია. პირიქით, ახლა დედამთილთანაც გამირთულდა ურთიერთობა. მართალია, ბავშვებზე გიას მშობლები გიჟდებოდნენ და ცივ ნიავს არ აკარებდნენ, მაგრამ ჩემი და გიას ოჯახურ თანაცხოვრებას ამით დიდი ვერაფერი შეღავათი ჰქონდა. ბოლოს იქამდე მივედით, ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა და, მე ჩემი სამყარო შევიქმენი. ასე დიდხანს რომ ვეღარ გავაგრძელებდით აშკარა იყო, და ხუთი წლის ერთად ცხოვრების შემდეგ, დაშორება გადავწყვიტეთ. მოკლედ, დამენგრა ოჯახი და ჩემი შვილებიანად მშობლებთან გადავბარგდი. მალე დაიწყო გაუთავებელი პრობლემები. ბავშვები წამოიზარდნენ. უფროსი უკვე სკოლაში შევიდა. მე ხან სად დავიწყე მუშაობა და ხან – სად, მაგრამ სტაბილური სამსახური ვერა და ვერ ვიშოვე. მშობლები მეხმარებოდნენ ბავშვების გაზრდაში და გიასაც მიჰყავდა ხოლმე ბიჭები შაბათ-კვირას თავისთან. ასე წვალებით მიდიოდა ჩვენი ცხოვრება და ერთ დღესაც გავიგე, რომ გია ცოლის მოყვანას აპირებდა. მართალია, სიყვარული აღარ მაკავშირებდა მასთან, მაგრამ ამ ამბავმა მაინც ძალიან იმოქმედა ჩემზე. თავი დაჩაგრულად ვიგრძენი და საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი. მეგობრები ცდილობდნენ, მდგომარეობიდან გამოვეყვანე და ხან სად მპატიჟებდნენ და ხან – სად. ერთ დღესაც ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე ოთო გავიცანი. თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ისე მომიდგა და ზრუნავდა ჩემზე, ისეთ სიურპრიზებს მიწყობდა, რომ სულ მალე სიყვარული მეც მეწვია. ცხოვრებაზე გულგატეხილობა მოზღვავებულმა გრძნობამ გადაფარა და ახალი იმედებითა და ენერგიით დავიწყე მომავალზე ფიქრი. ოთო ბავშვებსაც ძალიან დაუახლოვდა და ამან ფრთები უფრო შემასხა. ვიფიქრე, ის შეცდომა ახალგაზრდობისა და გამოუცდელობის ბრალი იყო და მეორედ ნამდვილად აღარ შევცდები-მეთქი, პრობლემა ის იყო, რომ ოთომ იმ პერიოდში სამსახური დაკარგა და ახალი კი ვერა და ვერ მონახა. ერთხელ კი გამომიტყდა, რომ დიდი ხანია, უცხოეთში აპირებდა წასვლას. იქ მეგობრები ჰყავდა, რომელთაც უკვე აწყობილი ჰქონდათ საქმე და თავისთან ეპატიჟებოდნენ. მითხრა, ჯერ მე წავალ, მოვეწყობი და მერე შენც წაგიყვან. ერთ-ორ წელიწადში ფეხზე დავდგებით და ბავშვებიც წავიყვანოთო. მანამდე კი შენი მშობლები მიხედავენ და ჩვენც იქიდან ფულს გამოვუგზავნითო. თავიდან კი ვყოყმანობდი, მაგრამ მერე მივხვდი, არ იყო ურიგო გადაწყვეტილება. მით უმეტეს, რომ ვერც მე ავაწყვე სამსახურის საქმე. ბავშვები კი იზრდებოდნენ, ბევრი სჭირდებოდათ. ჩემს მშობლებს აღარ ჰქონდათ იმდენი შემოსავალი, რომ ყველაფერს გასწვდომოდნენ. დავიწყე მეც მზადება. ამასობაში ოთო გაემგზავრა. თავიდან, როგორც თვითონ მეუბნებოდა ტელეფონით, ცოტა გაუჭირდა. მაგრამ მალე სტაბილური სამსახური იშოვა და მთხოვა, მეც ჩავსულიყავი. ძლივს მოვაგროვე წასასვლელი ფული – ზოგი ვისესხე, ზოგიც ჩემმა მშობლებმა მიშოვეს, ამას ისიც დავამატე, რაც ჩემი სამკაულების გაყიდვიდან ავიღე და გავემგზავრე. ბავშვები ძალიან განიცდიდნენ, მაგრამ ვაიმედებდი, რომ მალე მათაც წავიყვანდი. თუმცა, პატარებს რა უნდა გააგებინო. არ გვინდა, დედიკო, აქ იყავი და არასდროს გაგაბრაზებთო, მეუბნებოდნენ. ყველაფერს გადავაბიჯე და გულდამძიმებული, მაინც წავედი. ჩავედი იქ და – ქვეყანას შეგნებულად არ ვასახელებ, არ მინდა, ვინმემ ამომიცნოს, დამხვდა აეროპორტში ოთო. აი, იქიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა-წამება. სად იყო ოთოს სამსახური?! – აღმოჩნდა, რომ არსადაც არ მუშაობდა. მე მითხრა, ერთი კვირაა, რაც გამათავისუფლეს, შეკვეთა უკვე შევასრულეთო. დავტრიალდი და როგორც უმრავლესობა ჩემნაირი ემიგრანტებისა, მეც მოხუცი ბებოს მოვლას შევუდექი ერთ-ერთ ოჯახში. ახლა იმას არ მოვყვები, რა ფუნქცია მეკისრა და როგორ ვასრულებდი ჩემს სამუშაოს, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ რასაც ვშოულობდი, მე და ოთოს გვჭირდებოდა ბინისთვის და არსებობისთვის. მხოლოდ უმნიშვნელო გროშების გამოგზავნას თუ ვახერხებდი ოჯახისთვის, თორემ იქ ფეხის მოკიდებასა და ბავშვების წაყვანაზე ხომ, ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. როცა ამ აუტანელი მდგომარეობის გამო საყვედურს გამოვთქვამდი, ოთოს ეს არ სიამოვნებდა და ბოლოს გამომიცხადა, აქ სამუშაოს ვერ ვშოულობ და სხვა ქვეყანაში უნდა წავიდეო. იქ უკვე არიან ჩემები, სამუშაო ჩემთვისაც არის და მელოდებიანო. ეს უკვე გადაწყვეტილად მითხრა და ისე, რომ ჩემი აზრით არ დაინტერესებულა, ერთ კვირაში მართლაც გაემგზავრა. წასვლისას მითხრა, რომ ამას ისევ ჩემ გამო აკეთებდა. აბა, როდემდე უნდა ვიყო შენს კისერზეო. ვიშოვი ფულს და შენც წაგიყვანო. ალბათ, მიხვდებით, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. დავრჩი ამ უცხო ქალაქში სულ მარტო. მან, ვისთვისაც ყველაფერი მივატოვე, უბოდიშოდ დამტოვა და წავიდა... მე კი ისიც გავიგე, რომ უმცროსი შვილი, თურმე, ჩემი წამოსვლის შემდეგ, ერთი თვე ჩემს ხალათთან ერთად იძინებდა, დედიკოს სუნი აქვსო და ბავშვს დამაწყნარებლებს ასმევდნენ... ახლა ვარ აქ, უკვე მეოთხე წელია, და თავდაუზოგავად ვშრომობ. იქნებ კომპენსაცია იმით მაინც მოვახერხო, რომ რაც შეიძლება, მეტი თანხა დავაგროვო და ბავშვებს მატერიალურად მაინც ავუნაზღაურო სულიერი დანაკლისი. აბა, ამის შემდეგ მითხარით, ღირს კი, რომელიმე კაცის გამო მსხვერპლის გაღება?!

თინა, 32 წლის.

ქალებს რას გაუგებ?!

ამ წერილს იმიტომ გწერთ, რომ ხშირად ვკითხულობ თქვენს რუბრიკას და რატომღაც, უმეტესად, ქალი რესპონდენტები ისეთ ამბებს ყვებიან, მამაკაცი საშინელ მონსტრად გამოჰყავთ – ყველა კაცი ერთნაირია, მოღალატეები, ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ და საწყალი ქალები სულ დაჩაგრულები ვართ მათ ხელშიო. მათ რომ დაუჯერო, თვითონ უფრთო ანგელოზები არიან და კაცები ქვეყნის დამაქცევარნი, ლამის ისიც მიაწერონ თავიანთ გზავნილს P.S.-ად, გაწყდა მაგათი სინსილაო. არა, ისე არ წარმოიდგინოთ, ქალთმოძულე ვიყო. პირიქით, ძალიანაც მიყვარს მდედრობითი სქესი, ვაფასებ და დიდ პატივსაც ვცემ, მაგრამ არც ასეა საქმე, მხოლოდ ისინი იყვნენ ყოველთვის მსხვერპლნი და სხვისგან მოტყუებულნი. ერთ ამბავს მოგიყვებით და თვითონ განსაჯეთ, შეიძლება თუ არა ამოიცნო ქალი?! ისეთ ასაკში ვარ „რასვეტე სილო“, – რუსები რომ იტყვიან. არც გაჭირვებული მეთქმის. მეგობარიც ბევრი მყავს და დროსტარება და ქეიფიც მიყვარს. რაც მთავარია, არც ქალებზე ვარ მწყრალად და კაი ვარიანტს ხელიდან არასდროს გავუშვებ. მით უმეტეს, რომ ჯერ დაოჯახებულიც არ ვარ და ოჯახური უღელი არ მიშლის ამაში ხელს. ჰოდა, თავი რომ აღარ შეგაწყინოთ, პირდაპირ საქმეზე გადავალ. ერთ დღესაც მეგობართან ვიყავი ბავშვის დაბადების დღეზე. ჩემი ნათლულია და ყველაზე პატივსაცემი სტუმარი მე ვიყავი. დიდი სუფრა და არეულ-დარეული სტუმრიანობა არ გახლდათ. სულ ნაცნობ-მეგობრები ვიყავით, მხოლოდ რამდენიმე ქალბატონს ვხედავდი პირველად. დანარჩენები უცვლელი „სასტავი“ იყო. კარგი ქეიფი გახურდა. ცეკვა, სიმღერა, მოკლედ, გიტარა და ჩქარი ტაში არ დაგვკლებია. თუმცა, მე მანქანით ვიყავი და თითქმის არ ვსვამდი. ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს და უფრო მეტად იმან გამართო, ფხიზელი თვალით რომ ვუყურებდი, რა სასაცილოები ჩანდნენ ეს შეზარხოშებული „სოლიდური პერსონები“. მერე ის უცნობი ქალებიც შევათვალიერე და შევეცადე, გამომეცნო, რომელი რას წარმოადგენდა. ასე ვთქვათ, ერთგვარი თამაში წამოვიწყე საკუთარ თავთან. სათითაოდ არ ჩამოვყვები და მხოლოდ ერთზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ყველაზე ადვილად ამოსაცნობი ის იყო, ერთი შეხედვით შევაფასე – ტიპური ქართველი დიასახლისი, სანიმუშო მეუღლე, თეთრი, ცოტა სრული, ერთი სიტყვით გადაფითქვინებული ქალი – მკაცრ, კისრამდე შეკრულ ლურჯ კაბას თეთრი საყელო რომ უმშვენებდა. შევხედე თუ არა, ბავშვობის მოგონება წამომიტივტივდა. იმერეთში, ბებიაჩემის მეზობელი დოდო მასწავლებელი გამახსენა. მასავით, ალბათ, ამ ახალგაზრდა ქალსაც ხელსაქმე ემარჯვება – ჭრა-კერვა, ქსოვა, ქარგვა. კულინარი ხომ უბადლოა – აქეთ ხაჭაპური, იქით საცივი, ფხალი, ღომი, კუპატი... შვილებს თან ჰყვება, არაფერს აკლებს, სულ გაპიწკინებული ჰყავს ქმარ-შვილი. მოკლედ, მთელი მისი ცხოვრება დავხატე. მერე თავს შევამოწმებ-მეთქი და გამოველაპარაკე. ისეთი მშვიდი და გაწონასწორებული ქალი მართლა არ მინახავს. დინჯად, ღიმილით ლაპარაკობდა და სიტყვებს ისე გამოთქვამდა, თითქოს მღერისო. მეც ჩავეძიე და ზემოთ რომ სურათი დაგიხატეთ, ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი, როგორც მე გამიმართლა ვარაუდმა. ორი შვილის დედა აღმოჩნდა, პედაგოგი, ქმარი რომ ახსენა, სახე გაებადრა, შვილებზე ხომ სულ გაბრწყინებული ლაპარაკობდა. ასე, საუბარს შევყევით და საათზე რომ დავიხედე, კარგა გვიან იყო. ქალი შეწუხდა. ვაიმე, დედამთილი კი არის ბავშვებთან, მაგრამ ქმარი მივლინებაშია და ამდენ ხანს უხერხულია, ოჯახი რომ მივატოვეო. უცებ წამოხტა და ჩანთას დაუწყო ძებნა. მეც უკვე წასვლას ვაპირებდი და დავამშვიდე, ვაკეში მივდივარ და გაგიყოლებთ, ნუ ნერვიულობთ-მეთქი. გარეთ რომ გამოვედი, მართალია, უკვე გაზაფხულის სუნი იგრძნობოდა, მაგრამ მაინც ციოდა და ის იყო, წვიმაც დაიწყო. სასწრაფოდ გამოვუღე მანქანის კარი და ქალიც ჩემ გვერდით მოხერხებულად ჩაეშვა სავარძელში. დავძარი მანქანა და ცოტა ხნით ორივენი გავჩუმდით. მერე ქალმა დაიწყო, – აქამდე მხოლოდ ჩემზე რომ ვილაპარაკეთ, ახლა თქვენ შესახებაც მინდა ვიცოდე – ვინ ხარ, რას საქმიანობ და რით სუნთქავო, – პირდაპირ შენობით მომმართა, ჩემდა მოულოდნელად, ძალიან თამამად და ცოტა მოურდიდებლადაც კი. თან, თითქოს მრავალმნიშვნელოვნადაც გამიღიმა. მე უცებ დავიბენი. მერე მეც გავუღიმე და ვუთხარი, რომ თავისუფალი კაცი ვარ და როგორც მინდა, ისე ვცხოვრობ-მეთქი. მერე, ერთი კარგი, ფუმფულა საყვარელი არ გინდაო, – შემომციცინა და ახლა მართლა სხვანაირად ააჟუჟუნა თვალები, მაშინ კი უფრო დაკვირვებით შევათვალიერე და აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ მადისაღმძვრელი ფორმები იმალებოდა მისი მკაცრი „ნარიადის“ მიღმა. აღარც მე გავინაზე და თუ გინდა, ჩემთან ავიდეთ, იქ აღვნიშნოთ ჩვენი გაცნობა-მეთქი, ვუთხარი. ისიც დამთანხმდა და... ავედით, ჰოდა, „სოფლის აშიკი“ ხომ გახსოვთ, „შოუყვანია და შოუყვანიაო“... ისეთი სასწაულო დაატრიალა ამ უმწიკვლო „მონაზონმა“ იმ ღამით, ცხოვრების უნახავი არ გახლავართ, მაგრამ მსგავსი არც მანამდე მქონია რამე და არც მერე. მიდი და თქვი ახლა, ქალის ამოცნობას რა უნდაო!

თამაზი, 35 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3