კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ითხოვს ქეიფის დროს ქალს დავით საგანელიძე და ვინ იყო უბანში მისი “კრიშა„



ამბობენ, ბიჭმა თავის დროზე, ეგრეთ წოდებული, „ქუჩის აკადემიაც” უნდა გაიაროს, კიდეც უნდა იჩხუბოს და არც საყვარელი გოგონას გამო დაიხიოს უკან სახიფათო სიტუაციაშიო. „ახალმა მემარჯვენემ“, დავით საგანელიძემ ყველა ეს საფეხური, რომ იტყვიან, ხუთიანზე ჩააბარა და ახლა თავს გადახდენილ ისტორიებს სიამოვნებით და ღიმილით იხსენებს.

დავით საგანელიძე: ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. ჩემი ბავშვობა ძალიან ლაღი, თავისუფალი, ხალისიანი და ლამაზი იყო. ის წლები ახლაც სასიამოვნო მოსაგონარია ჩემთვის. ყოფილ საბჭოს მოედანზე ვცხოვრობდი, სკოლაში კი „პლეხანოვზე” დავდიოდი და, მინდა გითხრათ, თუ რამე კარგია ჩემს ხასიათში და ქცევაში, სწორედ ამ უბნის და სკოლის დამსახურებაა. ჩემს უბანში ბევრი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა, ერთ დიდ ეზოში, ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობდით და ურთიერთობებიც შესაბამისად, საინტერესო იყო. ამაყად დავდიოდი, რადგან ბევრი მხარდამჭერი მყავდა. სკოლაში თუ რამე მოხდებოდა, მთელი უბანი მხარში მედგა.

– უბნელების დახმარება ხშირად გჭირდებოდათ?

– რასაკვირველია. 30-ე სკოლაში ვსწავლობდი. იქიდან შორი გზით მივდიოდით სახლში ბიჭები, რომ სხვა უბნელებს გადავყროდით. იქ ჩვენი გაგებით, ჩვენგან განსხვავებული „სასტავი” ცხოვრობდა და ვიცოდით, იმ გზაზე მიმავლებს აუცილებლად უნდა გვეჩხუბა მათთან. ეს ალბათ ძალის გამოცდის კი არა, უფრო თვითდამკვიდრების მომენტი იყო. იმათაც იცოდნენ, რა დროს უნდა გაგვევლო მათ ქუჩაზე და ისინიც კბილებალესილები გველოდნენ. ამას, რასაკვირველია, მაგარი ჩხუბი მოჰყვებოდა და მივდიოდი სახლში ჩამოგლეჯილ, დაფლეთილ-დაგლეჯილი პერანგით, შარვლითა და პიჯაკით, აწეწილი თმით, დალურჯებული და დანგრეული. მაგრამ, გეტყვით იმასაც, რომ მაშინ დანას და რკინის ბლაგვ საგნებს ვინ გამოიყენებდა? მარტო ჩანთებს თუ ჩავარტყამდით ერთმანეთს, ეგ იყო და ეგ. ჰოდა, კიდევ, თუ იქვე გადაბელილი ხის ტოტები ეყარა, ისინი იყო ჩვენი ხმლები (იცინის). იმდენი ტვინის შერყევა და კოპი მქონია, რა დათვლის. ახლაც მაქვს იმ კოპების ნარჩენები თავზე. ფეხიც მომიტეხავს და ხელიც. მაგრამ, მაშინ საქართველოს ნაკრებში ვთამაშობდი კალათბურთს, სპორტით ვიყავი გატაცებული და შესაბამისად, ძლიერიც ვიყავი ფიზიკურად. ისე, გამოგიტყდებით და, სპორტის ყველა სახეობაში ვვარჯიშობდი და კარგადაც ვსწავლობდი. სკოლა მედალზე დავამთავრე. ძალიან ცელქი ვიყავი, შატალოს ორგანიზატორიც, მოჩხუბარიც და დამრტყმელიც, მაგრამ კარგად რომ ვსწავლობდი, მასწავლებლებიც მანებივრებდნენ და დიდად არ მსჯიდნენ. ბოროტი ბავშვი არ ვიყავი, ღია გაკვეთილებზეც ვასახელებდი მათ, „გაჭირვების ტალკვესი” ვიყავი დამსწრეების წინაშე და ალბათ ამიტომ.

– ის თუ გახსოვთ, პირველი ღერი სიგარეტი როდის მოწიეთ და სულ პირველად როდის დათვერით უგონოდ?

– მაგას რა დამავიწყებს? (იცინის). სიგარეტს უბანში ვერ მოვწევდი, უფროსი ბიჭები მაკონტროლებდნენ და ჩემი უფროსი ძმაც არ მომცემდა ამის უფლებას. არადა, მათ როგორ ვაწყენინებდი? თუ სადმე გამიჭირდებოდა ისინი ჩემი „კრიშა” იყვნენ და ვის დააჩაგვრინებდნენ ჩემს თავს? ამით თამამი ვიყავი. ერთი სიტყვით, მეექვსე კლასელ ბიჭს, სიგარეტის მოწევის უფლებას ისინი არ მომცემდნენ. მეც ავდექი და სკოლის სპორტდარბაზის გასახდელში მოვწიე. ძალიან არ მომეწონა „პრიმის” გემო და ბოლი. საშინლად უკმაყოფილო დავრჩი. ვახველე, ვახველე და მივხვდი ეს ჩემი საქმე არ იყო. მერე, სტუდენტობის პერიოდში, თავი რომ მომწონდა და გოგონებსაც ვეპრანჭებოდი, ცოტ-ცოტას ვაბოლებდი. არადა, ახლა მეცინება – სიგარეტის მოწევა რა გასაპრანჭია? (იცინის). რაც შეეხება დალევას, სმას უფრო ვირგებდი. პირველი ჩემი დათრობა კარგად მახსოვს. მეგობართან შევიკრიბეთ ბიჭები. მეშვიდე კლასში ვიყავით და დავალება უნდა მოგვემზადებინა ფიზიკაში, რაღაც კონსტრუქციები უნდა აგვეწყო. ჩემმა ძმაკაცმა კონიაკი „გააძრო“, დავლიე და არც ის მახსოვდა იქიდან როგორ წამოვედი, სახლში როგორ მივედი და რა რეაქცია ჰქონდათ ოჯახის წევრებს. ერთი სიტყვით, გონზე არ ვიყავი. დედამიწაც დატრიალდა, „აბაროტიც” მომცა და რა ვიცი, რა აღარ დამემართა. მერე კი იცოცხლეთ, დალევასაც ვირგებდი, თამადობასაც ვიშნოვებდი და სუფრის გაძღოლასაც. მაგრამ, დაძალება არ მიყვარს და არც სხვას დავაძალებ დალევას. თუ დამაძალეს, ჯიბრზე არ დავლევ. სუფრას კარგი სიმღერა, ცეკვა და სადღეგრძელოები უხდება, ისე არ გამოდის. ერთხელ ვაჟა-ფშაველაზე ვიყავით მეგობრები. ტაქსის გაჩერება გვინდოდა. იქაურმა უბნელებმა რაღაც შარი მოგვიდეს და ატყდა უბედური ჩხუბი. ჩვენ მეგობარი გოგონები გვახლდნენ და ისე ჩაებნენ ამ ჩხუბში, სულ თმები დააგლიჯეს იმ საწყლებს. მახსოვს, ერთი ჩემი მეგობარი ბიჭი ძირს დააგდეს. მივვარდი, დავიხარე და რომ მივხვდი ცოცხალი იყო, ამოვისუნთქე. უცებ, სანამ წამოვდექი, დიდი ფიცარი არ მომხვდა წელში? დამიჯერეთ, დღესაც მაწუხებს ხშირად წელის ტკივილი და იმ ამბავს ვუკავშირებ. არადა, მაშინ იმდენად ვიყავი ნასვამი, რომ ტკივილი ვერ ვიგრძენი. მერე კი დავაფშვენი ის ფიცარი თავზე, მაგრამ დღეს რომ წელის ტკივილი მაწუხებს, ახლა სადღა ვეძებო ის კაცი? (იცინის).

– რომ თქვით, სუფრას კარგი ცეკვა, სიმღერა და სადღეგრძელო უხდებაო, ამაში გეთანხმებით. მაგრამ, ქალის გარეშე ქეიფს რა „მუღამი” აქვს? მათ გამო თუ ჩაგიდენიათ „გმირობა”, მაგალითად, აივანთან გიმღერიათ?

– კარგ ქეიფს ქალიც უხდება, აბა რა... თუ ლოთობა გინდა, ქალი არ არის საჭირო, მაგრამ თუ ქეიფი გინდა, მაშინ სუფრასთან ქალი აუცილებელია. ის სტიმულს და განწყობას გიქმნის. ბიჭები რომ შევიკრიბებით ხოლმე საქეიფოდ, ვითხოვ ერთი ქალი მომიყვანეთ და დამისვით გვერდით-მეთქი. ქალის გამო არაერთი „გმირობაც” ჩამიდენია. ერთი გოგონა მომწონდა და მის აივანზე ავძვერი. ფანჯრებთანაც მიმღერია, მანქანიდანაც და რა ვიცი... ერთი ამბავი გამახსენდა, მოსკოვში ჩემს მეგობართან ვიყავი სტუმრად. მასთან იყო მოსული რუსი გოგონა. ჩემმა მეგობარმა უთხრა, იცი, დათო გიტარაზე უკრავსო. იმ გოგომ კი მთხოვა მიმღერეო. არადა, იქ გიტარა არ მქონდა. რა უნდა მექნა? ავიღე ერთი ვაშლი და ღამის სამ საათზე, ყინვაში გარეთ გავედი. კორპუსის რომელ ფანჯარაშიც კი შუქი დავინახე, ყველგან ავირბინე, ზარს ვრეკავდი და გიტარას ვითხოვდი. როგორც იქნა გიტარიან ოჯახს მივაგენი. ისეთმა ლამაზმა გოგონამ გამიღო კარი, დავიბენი. ვუთხარი, ქართველი ვარ, აჰა ვაშლი და გიტარაში გამიცვალე ნახევარი საათით-მეთქი. გაეცინა და მითხრა, გიტარაზე უკრავო? კი-მეთქი. შემიპატიჟა სახლში, მაგარი სიტუაცია დამხვდა. თურმე იქაც ქეიფობდნენ, მივუჯექი სუფრას და დილამდე მათთან ერთად ვსვამდი და ვმღეროდი. სადღა მახსოვდა ჩემი მეგობარი და მისი სტუმარი გოგო? (იცინის). ასე, ჩემი სიმღერით და დაკვრით ვხიბლავდი რუს გოგონებს.

– როგორც მივხვდი, ადვილად „აბამდით” რუს გოგონებს სიმღერით, არა?

– რომ გითხრათ უჭირდათ „შებმა”-მეთქი, მოგატყუებთ. ასე, ხან ქართულად ვამღერებდი და ხან – რუსულად, სპეციალური რეპერტუარი მქონდა მათთვის შერჩეული და პრობლემაც გადაჭრილი იყო.

– ხშირად დადიხართ უცხოეთში. ალბათ ბევრი სასაცილო, საინტერესო ამბავიც გექნებათ თავს გადახდენილი. იქნებ ესეც გაიხსენოთ?

– ერთხელ, სეულიდან ტოკიოში მივფრინავდი. ჩემს გვერდით, თვითმფრინავში დაჯდა ერთი რუსი კაცი, ვლადივოსტოკიდან და მიყვება, რომ ლოს-ანჯელესში აქვს ბიზნესი, მაგრად მისდის საქმე და ასე შემდეგ. ვკითხე, თუ იქ გაქვს ბიზნესი, ტოკიოში რატომ მოდიხარ-მეთქი. გადაირია, რა ტოკიო, ლოს-ანჯელესში მივდივარო. დამარტყა თავში, მგონი შემეშალა-მეთქი და გადავირიე. ახლა ის კაცი ჩავარდა პანიკაში, რეისი შემეშალაო. დაგვასხა ორივეს ცივმა ოფლმა. მე მგონია, ის არის უბედური, იმას ჰგონია მე ვარ უბედური... მოკლედ, მე იმას ვაწყნარებ ამ შუაგულ ცაში, და ის – მე. გამოვიძახეთ სტიუარდი. ვკითხე ტოკიოში მივფრინავთ-მეთქი. მიპასუხა, კიო. ახლა ის რუსი ეკითხება, ლოს-ანჯელესში არ მივფრინავთო, ის პასუხობს, როგორ არ მივფრინავთო. სულ გადავირიეთ. (იცინის). ვიფიქრე, გვეღადავება ეს კაცი-მეთქი და კინაღამ დავახრჩე. სინამდვილეში, თურმე რეისი შეუცვლიათ და ტოკიოდან მართლაც მიფრინავდა მერე ლოს-ანჯელესში. ასე გადავრჩით ორივე.

– რამე თუ მოგიპარავთ?

– როგორ არ მომიპარავს? ლონდონიდან მოვფრინავდი და თვითმფრინავში, ჩემს გვერდით მჯდომ გაუგებარი წარმოშობის კაცს ისე ოსტატურად მოვპარე კექსი, კაციშვილმა ვერ გაიგო და გემრიელადაც გეახელით. ვაღიარებ, წიგნები მომიპარავს ბიბლიოთეკიდან და ხილის ასორტი მოვიპარე კიდევ პლაჟზე.

– ხილის ასორტი ვის მოპარეთ?

– მე და ჩემი მეგობარი ვირუჯებოდით პლაჟზე. გვერდით უცხოელები ისხდნენ და მაგარი ხილის ასორტი ედოთ დიდ ლანგარზე. ოფიციანტს დავუძახე და ვთხოვე, ასეთი ასორტი მოგვიტანეთ-მეთქი. გავიხედე და რაღაც გაუგებარი ხილი მოგვიტანა პატარა თეფშით. გავბრაზდი. გავიხედე, ის უცხოელები ზღვაში შევიდნენ. გავიქეცი, ავიღე მათი ხილის ასორტი, ჩვენი დავუდე და წამოვედი. ვითომც იქ არაფერი, დავჯექი ჩემს ადგილზე. მე ის ხილი კი გემრიელად გეახელით და იმ უცხოელებს ერკვიათ ახლა რა მოხდა. მე ხომ არ დამადებდნენ ხელს? (იცინის). ან შეჭმულზე რაღას მეტყოდნენ?

– ასე ოსტატურად თუ შეგიძლიათ მოპარვის სცენების გათამაშება, უნდა გკითხოთ: ამომრჩევლის ხმები თუ მოგიპარავთ?

– (იცინის). აი, ამომრჩევლის ხმები კი ნამდვილად არ მომიპარავს.

ნონა დათეშიძე


скачать dle 11.3