ვინ გადმოიბირა ირინკა ბათიაშვილმა თბილისში, რას ვერ შეელია ის და რა აღარ დაუტოვა მან ქმარს
მას შემდეგ, რაც ირინკა ბათიაშვილი ვალერი გელაშვილის რძალი გახდა, საცხოვრებლად ვილნიუსში გადავიდა. თუმცა, იქაურ მკაცრ წესებს ვერ შეეჩვია და მონატრებულ თბილისში შვილის გაჩენისთანავე დაბრუნდა. 5 თვის ვალერკამ აქტიურობით გამორჩეული ირინას ცხოვრება მთლიანად შეცვალა – ახლა ირაკლი ბათიაშვილის ნაბოლარა შვილი უკვე პატარა ოჯახსაც უძღვება და პატარ-პატარა თეატრალიზებულ სცენებსაც დგამს, სადაც მამისა და მამამთილისთვისაც ეძებს „მთავარ როლებს.”
ირინა ბათიაშვილი: მთელი ზაფხული საქართველოში გავატარე, როგორც კი ბავშვი ერთი თვის გახდა, მაშინვე ჩამოვედით. ვალერკა იმდენად პატარა იყო, რომ ფრენისას წნევის ცვლილება ვერც კი გაიგო. თბილისურ პაპანაქებას მეც და ბავშვიც საგურამოში დავემალეთ (იცინის). დასვენება ძალიან მინდოდა, მაგრამ, აქაურობა ისე მენატრებოდა, უცხოეთში წასვლას აქ ჩამოსვლა ვარჩიე. მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში ვიცხოვროთ. უკვე დავრწმუნდი, რომ, რაც უნდა კარგად ვიყო სხვა ქვეყანაში, მაინც თბილისში ცხოვრება მირჩევნია. აქაურობა ისე მიყვარს, არ შემიძლია სხვაგან ცხოვრება.
– ზაფხული თბილისში აუტანელი იყო, ლიტვის სიგრილეში ყოფნა არ გერჩია?
– ვილნიუსში სულ ცივა, მე კი, როგორც თბილი ქვეყნის შვილი, ძალიან ვარ შეჩვეული სითბოს. იქ ისეთი ტემპერატურაა, 25 გრადუსი ვილნიუსელებისთვის კარგ სიცხეს ნიშნავს, მე კი მციოდა და ჟაკეტით დავდიოდი, მით უმეტეს, თუ ასეთ ტემპერატურასთან ერთად ქარიც ქროდა. ჩემს ცხელ და მზიან თბილისს არც ერთი ქალაქი არ შეედრება.
– როგორც ჩანს, სიცივეს გამოექეცი ლიტვიდან. მეუღლე იოლად გადმოიბირე, რომ თბილისში წამოსულიყო?
– დიახ, ჩემს მეუღლესაც უნდა, რომ საქართველოში იცხოვროს, აქ იმუშაოს. რაღაც პერიოდის შემდეგ მეც დავიწყებ მუშაობას. ახლა ყველა ერთად ვცხოვრობთ, როგორც ტრადიციული ქართული ოჯახები, მაგრამ, რაღაც პერიოდის შემდეგ, მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი შვილი ალბათ, ცალკე ვიცხოვრებთ. უფროსების ხელშეწყობა და თანადგომა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ცალკე უნდა იცხოვროს.
– საოჯახო საქმე გეხერხება, რომ ოჯახს მარტო გაუძღვე?
– ვერ დავიკვეხნი, რომ იდეალური დიასახლისი ვარ, მაგრამ, როცა ქალი თხოვდება, გარეცხვაც უნდა შეძლოს, დაუთოებაც და საჭმლის მომზადებაც. ცოტ-ცოტა ყველაფერი გამომდის, ოღონდ უფროსების დახმარებით. თან ვისწავლო, თან ბავშვს მოვუარო და თან ქმარს, იოლი არაა. ვფიქრობ, ოჯახში ქალს ძალიან დიდი როლი აკისრია. იქ ქმარს უნდა მოვლა და ხასიათის შეწყობა, აქ – ისაა, იქ – ის. ოჯახი კომპრომისების გარეშე არ არსებობს, მაგრამ მთავარი სიყვარულია, თუმცა ოჯახში თანასწორობა, ურთიერთგაგება და დათმობაც აუცილებელია, მე ჩემი ქმრის გამო შეველიე თბილისს (იცინის).
– რთული ხასიათი აქვს შენს ქმარს?
– სულაც არა, პირიქით. ჩემი ქმარი ძალიან კარგი ადამიანია, თუმცა, აქვს ქართველი მამაკაცებისთვის დამახასიათებელი თვისებები, ცოტა ეჭვიანიც არის (იცინის).
– შენ ხარ ეჭვიანი?
– მე არ ვარ ეჭვიანი, ვფიქრობ, რომ ქალი პატივს უნდა სცემდეს საკუთარ თავს, მე ვაფასებ ჩემს თავს იმდენად, რომ არ ვიეჭვიანო (იცინის).
– ქმარი გეხმარება ბავშვის გაზრდაში?
– იმდენი ადამიანი მეხმარება ბავშვის გაზრდაში, ვალერკას სამუშაო აღარ დავუტოვეთ (იცინის).
– დედის როლს როგორ შეეჩვიე?
– ჩემი ასაკის მიუხედავად, დედობა მანამდე გავაცნობიერე და აღვიქვი, სანამ ბავშვი დაიბადებოდა. მუცლად ყოფნის დროს ბავშვს სულ ველაპარაკებოდი, ვეფერებოდი. ერთად ვუსმენდით მუსიკას. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ის მშვიდად ყოფილიყო და, ეტყობა, ამიტომაც დაიბადა მშვიდი. ძალიან საყვარელი და ბუთქუჩა ბიჭია, სულ იღიმება და თავის ენაზე ლაპარაკობს. ძალიან უყვარს ხალხზე დაკვირვება, იშვიათად ტირის. ისეთი თბილია, სულ მოფერება უნდა. ჯერ ხუთი თვის არის, მაგრამ, ასაკთან შედარებით ისეთი დიდია, რომ მხოლოდ 1 წლის ბავშვის ზომის ტანსაცმელი ეტევა. არც მე ვარ პატარა და არც ჩემი ქმარი, ასე რომ, პატარა ვერც ბავშვი იქნებოდა. მე პატარაობისას არ ვიყავი მჭამელი, ჩემს ქმარს უყვარს ჭამა და, ეტყობა, ბავშვიც მას დაემსგავსა (იცინის).
– ბავშვის მოვლაში დაოსტატდი?
– ბავშვის მოვლას მე თვითონაც მშვენივრად ვახერხებ. თავიდან, როცა დაიბადა, სამი კვირა ყველაფერს მე ვუკეთებდი, თუმცა, დღემდე ვერ ვაბანავებ მარტო – ძალიან მეხმარებიან დედა, დეიდა, მის გაზრდაში ჩართულები არიან ჩემი გამზრდელი ბებიებიც კი. ვალერკას ერთი დედა და ორი დედობილი ჰყავს, თუმცა, ისეთი პატარაა, დიდხანს მაინც ვერ ვტოვებ.
– მონათლეთ ბავშვი?
– სვეტიცხოველში მოვნათლეთ. დიდი ნათლობა არ გადაგვიხდია, ძალიან ვიწრო წრეში აღვნიშნეთ. ვალერკა კაცივით მოიქცა ნათლობის დროს – ხმა მაშინაც არ ამოუღია, როცა თავი წყალში ჩააყოფინეს. მე ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი შვილის ნათლიები არიან მამა ტარიელი და ჩვენი პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი მთელი ცხოვრება ბედნიერი იქნება და სულ გაჰყვება ის დიდი მადლი, რაც პატრიარქის ნათლულებს ერგებათ მისგან.
– შენი შვილი ორივე ოჯახისთვის პირველი შვილიშვილი იყო, ალბათ, ძალიან ანებივრებენ ბაბუები.
– ბავშვს მართლაც ძალიან ანებივრებენ. ვინაიდან ბავშვი ვალერის სახელს ატარებს, ეს მისთვის ორმაგად სასიხარულო ამბავი იყო. უკვე რამდენიმე თაობაა, რაც გელაშვილებში ვალერების დინასტიაა და ეს ტრადიცია არც მე და ჩემმა მეუღლემ დავარღვიეთ (იცინის). უფრო მეტიც, ვიცოდი, რომ ჩემს მამამთილს უნდოდა, თავისი ბაბუის პატივსაცემად, ბავშვისთვის დაბადების მოწმობაში სახელი „ვალიკო” ჩამეწერა, თუმცა თავად ამ თემაზე ჩემთვის არაფერი უთქვამს. მე ეს სურვილი შევუსრულე და ჩემს შვილს დაბადების მოწმობაში სახელი „ვალიკო” უწერია. რაც შეეხება მამაჩემს, პატარამ ისიც სულ გადარია. ირაკლის ძალიან უყვარს ბავშვები და, ხომ წარმოგიდგენიათ, საყვარელი შვილის პირველ შვილზე რა დაემართებოდა? სულ ბავშვს დასდევს და ეფერება, ვალერკაც მის შეკითხვებს უპასუხოდ არ ტოვებს, ღიღინით პასუხობს და ირაკლისაც გაახსენა ბავშვობის ენა. ამას წინათ, მამას ბავშვიც კი დავუტოვეთ ცოტა ხნით და მშვენივრად გაართვა თავი მომვლელის ფუნქციას (იცინის). სახლში რომ დავბრუნდით ბაბუა და შვილიშვილი ერთად უყურებდნენ ფეხბურთს, ბავშვი ფეხბურთის ბურთს თვალს არ აშორებდა.
– ბაბუებს მორიგეობა ხომ არ აქვთ დაწესებული?
– ჯერჯერობით არა, მორიგეობის გარეშე იყოფენ შვილიშვილს. ორივე ყოველმხრივ გულუხვია, არიან ბავშვთან, საჩუქრებს არ აკლებენ, ვალერკას უკვე მანქანებიც კი მოსწონს. ბაბუები უკვე იმაზეც თანახმა არიან, ცოტა რომ წამოიზრდება, ვალერკამ მათთან ერთად დაიძინოს. მზრუნველ ბაბუებს ძალიან ვანდობ ჩემს შვილს. ბავშვი უკვე ხაშურშიც გვყავდა რამდენჯერმე ჩაყვანილი ლამარა ბაბოსთან, ჩემი ქმრის ბებია არაჩვეულებრივი და თბილი ქალია. ვალერკა ყოველდღიურად იცვლება როგორც გარეგნულად, ისე თვისებებით. ახლა ერთი ახალი ჩვევა გაუჩნდა – საჭმელს არ შეჭამს, თუ არ ვიმღერეთ და თეატრალიზებული წარმოდგენა არ დავდგით. სპექტაკლებში ძირითადად ქალები ვმონაწილეობთ, მაგრამ, ალბათ, მოვიფიქრებთ ისეთ სიუჟეტს, რომ ბაბუებსაც ერგოთ პირველხარისხოვანი როლები (იცინის).
– შენი ცხოვრება გათხოვების შემდეგ, ალბათ, ძალიან შეიცვალა. ცხოვრების პასიურ რეჟიმს შეეჩვიე?
– არ მაქვს პასიური რეჟიმი, ბავშვმა ბევრი რამ შეცვალა არა მარტო ჩემს, არამედ ჩემი ოჯახის ყველა წევრის ცხოვრებაში, უკვე ყველა მის ირგვლივ ვართ შემოკრებილი, თან, ყველა ჩვენს საქმეს ვუძღვებით: მე ვსწავლობ „გაუში”, უკვე მეოთხე კურსზე ვარ, ფეხმძიმობის პერიოდმა ოდნავ ამირია გეგმები და ცოტა ჩამოვშორდი სწავლას, მაგრამ ახლა ისევ გავაგრძელებ. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მაგისტრატურაში გავაგრძელებ სწავლას. ძალიან მინდა, რომ ვიმუშაო საერთაშორისო სამართალში და დავიცვა ადამიანის უფლებები. ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს შვილთან ერთად ყოფნაა. მოწყენილი ვერ ვიქნები, დილის 8 საათიდან ჩემი შვილის ღიმილს ვუყურებ და ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს? როცა თავისუფალ დროს ვპოულობ, ის დრო ჩემს მეგობრებს ეკუთვნით. მათ ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ, რადგან ისინი მედგნენ გვერდში, როცა მამა ციხეში მყავდა და მერეც ჩემთან ერთად იზიარებდნენ ჩემს ყველა სიხარულს. ახლა ერთმანეთთან უკვე შვილებით დავდივართ სტუმრად, ბავშვები ერთმანეთს ართობენ და თამაშობენ, ჩვენ, დედები კი გოგოებისთვის აქტუალურ თემებს ვარჩევთ (იცინის). მეგობრების გარეშე ვილნიუსშიც მიჭირდა ყოფნა, რადგან იქ ცხოვრების სხვა წესია. ქართველები განსხვავებულად თბილი ხალხი ვართ, ვილნიუსში მეგობრობაც სხვანაირი იციან – მე არ მესმის, რატომ უნდა დავგეგმო ახლო მეგობართან მისვლა რამდენიმე დღით ადრე, რატომ უნდა შევათანხმო ეს და რატომ უნდა იყოს ჩვენი შეხვედრა რეგლამენტირებული? ლიტველები შრომისმოყვარე, მაგრამ საკუთარ თავში ჩაკეტილი ხალხია, ჩვენ მეზობლობაც სხვანაირი ვიცით, ნათესაობაც, მეგობრობაც. მე მიყვარს ასე კოლექტიური ცხოვრება (იცინის). იქ ოფიციალური, ჩარჩოებში ჩასმული მეგობრობა იციან, რაც მე მოგვიანებით გავიგე. როგორც ვიცი, კლიმატი ახდენს დიდ გავლენას ადამიანის თვისებებზე, ამიტომაც ვართ ქართველები ასე თბილები. ერთადერთი განსხვავებული ლიტველი, ვინც მე იქ აღმოვაჩინე, იყო ჩემი ქმრის მეგობრის მეუღლე, რომელიც ჩვენსავით თბილი იყო და ძალიან დამეხმარა, რომ ცხოვრების იქაურ წესს შევჩვეოდი, თუმცა, ბოლომდე მაინც ვერ გადავეწყვე. შეიძლება ითქვას, რომ ლაურამ ჩემი თბილისელი მეგობრების მაგივრობა გამიწია. მე და ლაურა იქაურ წესებს ვარღვევდით – მასაც შეეძლო ჩემთან ღამის პირველ საათზე დარეკვა და მეც. ვილნიუსში „დევჩატნიკები“ იციან, მაგრამ, სხვანაირი – სადღაც მიდიან, ქეიფობენ, დროს ატარებენ, ჩვენ, ქართველ გოგოებს სხვანაირი „დევჩატნიკი“ გვაქვს: გოგოები მივდივართ ერთმანეთთან სახლში, ვიცინით, ვერთობით, ვმღერით, ათას რამეზე ვსაუბრობთ. ეს იქ ძალიან მენატრებოდა. ჩვენ ლიტვისგან განსხვავებით, მხოლოდ ის არ გვაქვს, რომ ევროკავშირში არ ვართ, სხვა მხრივ კი ვერავინ ვერაფრით გვაჯობებს – უფრო ლამაზებიც ვართ, კარგებიც და ჭკვიანებიც.
– ახლა ვილნიუსში აღარ წახვალთ?
– წავალთ ხოლმე სტუმრად, მაგრამ, საცხოვრებლად წასვლაზე როგორ უნდა ვიფიქრო, როცა იქ ზაფხულში ციოდა და ახლა ხომ ნამდვილი გამყინვარება დაიწყება (იცინის). მამაჩემის ხასიათი გამომყვა – ჩემი ქვეყანა ყველაფერზე მეტად მიყვარს და სხვაგან ვერსად ვიცხოვრებ.