კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2



გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹30-37(455)



ქეთი მიქაძე პალატაში შევიდა, პეტიკოს მიესალმა და უთხრა:

– აქაურობა საპრეზიდენტო აპარტამენტებს უფრო ჰგავს, ვიდრე საავადმყოფოს პალატას.

– თქვენ არ შემცდარხართ, – გაეღიმა პეტიკოს, – ეს მართლაც საპრეზიდენტო პალატაა. დაბრძანდით და გისმენთ.

– ეს მე გისმენთ, ბატონო პეტრე, – ღიმილითვე მიუგო ქეთიმ პეტიკოს და სავარძელში მოკალათდა, – აქ მე თქვენს მოსასმენად მოვედი.

– გამომძიებელივით მელაპარაკებით.

– ეს არცაა გასაკვირი, მე ხომ საგამოძიებო ჟურნალისტიკაში ვმოღვაწეობ და საავტორო გადაცემა მიმყავს. ნუთუ არ მიყურებთ?

– ძალიან იშვიათად. თითქმის არა, – თავი გააქნია პეტიკომ, რომელმაც შეგნებულად იცრუა, რადგან ქეთი მიქაძის არა მარტო ყველა გადაცემას უყურებდა, არამედ თითოეული მათგანი ჩაწერილი ჰქონდა და ინახავდა.

ჟურნალისტს სახე აელეწა და წამით დაიბნა, თუმცა ნებისყოფა მოიკრიბა და პეტიკოს უთხრა:

– სამწუხაროა.

– სამწუხარო რატომაა – გაეცინა პეტიკოს, რომელმაც თავის მიზანს მიაღწია და თავმოყვარე, ამბიციური, ლამაზმანი ჟურნალისტი გოგონა დააბნია, – თქვენ მიგაჩნიათ, რომ ყველა თქვენ უნდა გიყურებდეთ?

– ყველა, შეიძლება, არა, – თავი გააქნია ქეთი მიქაძემ, – მაგრამ თქვენ თუ არ მიყურებდით, რას ვიფიქრებდი.

– მაინც, რატომ? – მხრები აიჩეჩა პეტიკომ.

– იმიტომ... იმიტომ... – ენა დაება ქეთის და დაიბნა, – იმიტომ, რომ...

პეტიკოს გულიანად გაეცინა და სიტყვა შეაშველა ქეთის:

– იმიტომ, რომ ჩემზე რაღაც ჭორები გაქვთ ყურმოკრული და სენსაციისთვის მომაკითხეთ. ასე ვთქვათ, ექსკლუზიური მასალის მოსაპოვებლად, როგორც ჟურნალისტები იტყვიან ხოლმე.

ქეთი მიქაძემ რომ სხვა ვერაფერი მოიფიქრა, პეტიკოს ნიშნისმოგებით უთხრა:

– ყველა ჩემი მასალა ექსკლუზიურია.

– ძალიან კარგი, თუ ყველა მასალა ექსკლუზიური გაქვთ. აბა, ბრძანეთ, რა ექსკლუზივი გნებავთ ჩემგან? – ჰკითხა პეტიკომ, საკუთარი ხელით გაუკეთა ქეთის ძვირფასი კოქტეილი, მიაწოდა და უთხრა, – მგონი, ასე აჯობებს, უფრო შინაურულია.

ქეთიმ კოქტეილი მოწრუპა, „კენტი“ ამოაცურა ჩანთიდან და მოწევის ნებართვა ითხოვა, შემდეგ გააბოლა და თქვა:

– საავადმყოფოს პალატა კი არა, სამოთხეა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ თბილისში ასეთი კეთილმოწყობილი პალატა არსებობდა. ერთხელ „მარიოტის“ საპრეზიდენტო აპარტამენტები დამათვალიერებინეს და ეს პალატა თითქმის არაფრით ჩამოუვარდება მას.

– ბევრად უფრო კომფორტული და კეთილმოწყობილი ადგილებიც ვიცი, მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ და, თუკი დავმეგობრდით, მოვინახულოთ კიდეც. ახლა კი საქმე... გისმენთ, რა კითხვები გაქვთ ჩემთან?

– ოპერატორს დავუძახებ და გადავიღოთ.

პეტიკოს გაეღიმა, თავი გააქნია და ქეთის უთხრა:

– საჭირო არაა, პირისპირ ვისაუბროთ.

– კეთილი, – მხრები აიჩეჩა ქეთიმ, – ცნობილია, რომ ჯერ თქვენ და თქვენს დას დაგესხნენ თავს, შემდეგ რამდენიმე პოლიციელი დახოცეს წავკისსა და თბილისში, ხოლო თქვენმა მეგობარმა, პოლიციის მაღალჩინოსანმა საკუთარ კაბინეტში თავი მოიკლა. მე მაინტერესებს, რა კავშირია ამ მოვლენებს შორის.

– მე და ჩემს დას, სავარაუდოდ, ჩემი გატაცების და შემდგომში გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით დაგვესხნენ თავს და სიკვდილს სასწაულებრივად გადავურჩით. რაც შეეხება პოლიციელების მკვლელობებსა და თვითმკვლელობას, ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, რადგან არაფერი ვიცი.

– მაგრამ, ბატონი ნოდარი ხომ თქვენი მეგობარი იყო და არ გაინტერესებთ, რატომ მოიკლა თავი?

– ძალიან მაინტერესებს, მაგრამ ვინ რას გეტყვის, სანამ გამოძიება არ დასრულდება?

– როგორც ცნობილია, თვითმკვლელობამდე ბატონი ნოდარი აქ, ქვენთან იმყოფებოდა და თქვენ ერთ-ერთი უკანასკნელი ადამიანი იყავით, ვინც ის ნახა.

– დიახ, სამწუხაროდ, ასეა. ნოდარმა მე მომინახულა. შემდეგ სამსახურში დაბრუნდა და თავი მოიკლა. ძალიან ვწუხვარ და განვიცდი.

– ბატონო პეტრე, იქნებ გაიხსენოთ ის საღამო, რაიმე განსაკუთრებული ან მნიშვნელოვანი ხომ არ შეგინიშნავთ მისთვის?

– ისეთი არაფერი, – მხრები აიჩეჩა პეტიკომ, – ის საცოდავი დაახლოებით ორი საათი იყო აქ და ჩვენზე მომხდარ თავდასხმაზე ვსაუბრობდით. ძალიან შეწუხებული იყო და ამბობდა, რომ ყველა ღონეს იხმარდა თავდამსხმელების აღმოსაჩენად და შესაპყრობად. რაიმე განსაკუთრებული, მით უმეტეს დეპრესიული, ვერაფერი შევამჩნიე.

– სულ ესაა, ბატონო პეტრე?

– დიახ, სულ ესაა.

– ახლა ხომ შეიძლება, ოპერატორს დავუძახო და რაც მითხარით, ბატონი ნოდარის თქვენთან სტუმრობაზე, გადავიღოთ?

– არა, ჩემო კარგო, – თავი გააქნია პეტიკომ, – ნამდვილად არ მინდა.

– ბატონო პეტრე... – გაიღიმა ქეთი მიქაძემ და პეტიკოს მომხიბვლელი მზერა ესროლა, – ბატონი ნოდარის თვითმკვლელობაზე გადაცემას ვაკეთებ და თქვენი მონათხრობის გარეშე არასრული სიუჟეტი გამომივა.

– შეგიძლიათ, ჩემი მონათხრობი თამამად გამოიყენოთ და ავტორიც დაასახელოთ. მე, უბრალოდ, ჩაწერა არ მინდა, თორემ, წინააღმდეგი კი არ ვარ, – ხელები გაშალა პეტიკომ.

– თუ თანახმა ხართ, ბარემ, ჩაგვეწერა.

– არა, – თავი გააქნია პეტიკომ.

– კი მაგრამ, რატომ?

– არაფოტოგენური ვარ, – იხუმრა პეტიკომ.

– თქვენ, არაფოტოგენური?! – წარბები აზიდა ქეთიმ, – მოდი, გადაგიღებთ და ვნახოთ!

– არა, არა, ჩემო კარგო, – პეტიკომ გოგონას მხარზე დაადო ხელი, – ნამდვილად არაა საჭირო. ისე კი, თქვენ ცხოვრებაში ბევრად უკეთესი ხართ, ვიდრე ეკრანზე.

ქეთის გაეცინა:

– ეს კომპლიმენტად მივიღო თუ პირიქით?

– არ მგონია, რომ თქვენ ჩემი კომპლიმენტი გჭირდებოდეთ. რა მშვენიერიც ხართ ტელეეკრანზე, ათჯერ უკეთესი ყოფილხართ მის მიღმა. აღარაფერს ვამბობ პროფესიონალიზმზე და თქვენ გადაცემებს ყოველთვის მოველი და დიდი ინტერესით ვუყურებ.

ქეთი არ მოელოდა პეტიკოსგან ასეთ გულახდილობას და გაოცებულმა ჰკითხა:

– აბა, არ გიყურებო?!

– გეხუმრეთ, ჩემო კარგო. გიყურებ კი არა, ყველა შენი გადაცემა ჩაწერილი და შენახული მაქვს.

– არ ხუმრობთ?

– არა, – თავი გააქნია პეტიკომ, – მე უკვე შენობით გელაპარაკები და შენც ასე უნდა მომმართო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიფიქრებ, რომ ამას შენ ფამილარობად მითვლი, გწყინს და ჩვენი მეგობრობა არ გამოვა.

– კარგი, პეტრე, ასე იყოს, ვიმეგობროთ.

– პეტიკო, – თქვა პეტიკომ, – მეგობრებისთვის მე პეტიკო ვარ და შენც ასე მომმართე.

– კეთილი, პეტიკო, – უთხრა ქეთიმ პეტიკოს და გაუღიმა.

პეტიკომ გოგონას თავზე გადაუსვა ხელი. შემდეგ დაიხარა, ტუჩებში აკოცა და უთხრა:

– ძალიან ლამაზი ხარ.

– ოჰო, – თქვა ქეთიმ და თმა გაისწორა, – რა მგზნებარედ იწყება ჩვენი მეგობრობა!

– და იმედია, რომ ასე გაგრძელდება დიდი ხნის განმავლობაში, – უთხრა პეტიკომ ქეთის და სავიზიტო ბარათი გაუწოდა, – ეს ნომერი მხოლოდ ჩემს უახლოეს ადამიანებს აქვთ და შეგიძლია, ნებისმიერ დროს დამირეკო.

ქეთიმ პეტიკოს სავიზიტო ბარათი გამოართვა, შეინახა და ჰკითხა:

– ნებისმიერ დროს და ნებისმიერ რამეზე?

– მხოლოდ გადაღებას ნუ მთხოვ. ჭირივით მძულს კამერა და ფოტოსურათებსაც იშვიათად ვიღებ ხოლმე.

– ეს თითქმის ყველა მაფიოზის თვისებაა, – გაიღიმა ქეთიმ, პეტიკოს თვალი ჩაუკრა და, სანამ გავიდოდა, უთხრა: – ნახვამდის, პეტიკო, იმედია, სულ მალე გამოჯანმრთელდები და ერთმანეთს შევხვდებით.

***

სოფი და პეტიკო ათ დღეში სრულიად ჯანმრთელები გაეწერნენ საავადმყოფოდან და გაძლიერებული დაცვის თანხლებით დაბრუნდნენ სახლში. ოთხიოდე დღეში კი ახალშობილი ვაჟიც მონათლეს. პეტიკომ ნათლობის სუფრა სახლში გააშლევინა, რომელზეც მხოლოდ ოჯახის უახლოესი ადამიანები დაპატიჟეს. მიუხედავად ამისა, ორასი ადამიანი შეიკრიბა და დაპატიჟებულთა შორის იყო ქეთი მიქაძეც.

მაგიდები ეზოში იყო გაშლილი და ექვსსათიანი ქეიფის შემდეგ სტუმრები ნელ-ნელა დაიშალნენ. თითოეულ მათგანს პეტიკო და ჰამო აცილებდნენ, დაფასებისთვის მადლობას უხდიდნენ და ისევ უკან ბრუნდებოდნენ. ნათლობის სუფრა თითქმის დაცლილი იყო, როდესაც ქეთი წამოდგა, წასასვლელად გაემზადა და პეტიკოს უთხრა:

– საუცხოო საღამო იყო. დაპატიჟებისთვის დიდი მადლობა. ჩემი წასვლის დროა.

– გაგაცილებ, – უთხრა პეტიკომ ქეთის და დაცვას ანიშნა, რომ მანქანა გაემზადებინათ.

– რა საჭიროა, – გაიღიმა ქეთიმ, – მანქანით ვარ და მე თვითონ მივალ.

– მე, რა, ველოსიპედით კი არ ვაპირებ შენს წაყვანას.

– ისე კი, ძალიან რომანტიკული იქნებოდა, – გაიღიმა ქეთიმ, – ვარსკვლავებით მოჭედილი თბილისური ცა და ველოსიპედზე „ამხედრებული“ წყვილი...

– ეგ სხვა დროს იყოს, ახლა კი „ლიმუზინით“ გავისეირნებთ.

– არა, პეტიკო, – თავი გააქნია ქეთიმ, – ეს „ლიმუზინები“, მრავალრიცხოვანი სქელკისერა ახმახები, ძალიან მგრუზავს, მირჩევნია, „მუსტანგით“ გავიჯირითო.

– არანაირი ახმახები, მხოლოდ მე და შენ. საჭესთან მე ვჯდები.

– არა, არა, პეტიკო, ვერც „ლიმუზინებს“ ვგუობ. მირჩევნია, ჩემი „ცხენფორდით“ გავსრიალდე.

– კეთილი, – თავი დააქნია პეტიკომ, – შენი „ფორდ-მუსტანგით“ წავიდეთ.

– ოღონდ, საჭესთან შენ დაჯექი. მაინტერესებს, როგორი „ვაძილა“ ხარ.

– სიმართლე გითხრა, დიდი ხანია, „ფორდზე“ არ ვმჯდარვარ, ძველ დროს გავიხსენებ, – უთხრა პეტიკომ ქეთის, შემდეგ დაცვას გაყოლა აუკრძალა და ქეთის „ფორდ-მუსტანგი“ ეზოდან გააქროლა.

– არა უშავს „რული“ ხარ, – უთხრა, ქეთიმ პეტიკოს, როდესაც ისინი ჭავჭავაძის გამზირზე გავიდნენ.

– ახლა საით? – ჰკითხა პეტიკომ ქეთის, – სად ცხოვრობ?

– საბურთალოზე, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. სასეირნოდ თუ წამოვედით, სახლში რა გვინდა?

– მართალი ხარ, – თქვა პეტიკომ, სიჩქარე გამოცვალა და მანქანა ისარივით გააქროლა.

– საით მივდივართ, პეტიკო, ასე შლეგიანებივით?

– ვსეირნობთ, – თქვა პეტიკომ და საბურთალო-დიღმის გზას დაუყვა.

– ესე იგი, ყველაფერი მოყომარდა?

– რა ყველაფერი მოყომარდა? – მხრები აიჩეჩა პეტიკომ და დავით აღმაშენებლის ძეგლს ჩაუქროლა.

– დაცვის გარეშე რომ დადიხარ, ალბათ, მტრები გაანეიტრალე...

– ვინ მტრები?

– ვინც შენ და სოფის დაგესხნენ თავს.

– არა, ვინ გითხრა?

– მაშინ, დაცვა რატომ არ წამოიყვანე?

– შენთან რომ არ შემერცხვინა თავი.

– მოიცა, პეტიკო, მე სერიოზულად გეკითხები.

– კარგი, რა, ქეთი, რა დროს ეგაა! ერთი საათით მაინც დაივიწყე, რომ ჟურნალისტი ხარ და მოდუნდი.

– არა, პეტიკო, არა, – თავი გააქნია ქეთიმ, – ჟურნალისტობა აქ არაფერ შუაშია. მე შენი მდგომარეობა მაღელვებს და იმიტომ გეკითხები.

– რას მეკითხები, მაინც, რა გინდა?

ქეთიმ „კენტი“ გააბოლა და პეტიკოს უთხრა:

– როგორც ჩვენი პირველი შეხვედრისას გითხარი, მე ნოდარის თვითმკვლელობის საქმეზე ვმუშაობ და მასალების შეგროვებისას ძალიან საგულისხმო ინფორმაციას მივაგენი. მე ის გავაანალიზე და, თუ სწორად მივხვდი, მაშინ პოლიციელები შენმა ხალხმა დახოცა, ნოდარმა კი შენ გამო მოიკლა თავი.

– ჩემ გამო, რა, რომეო და ჯულიეტა ხომ არ ვიყავით, – იხუმრა პეტიკომ.

– ხუმრობის დრო არაა. კარგად მომისმინე და, თუ მართალი არ ვარ, მითხარი. თუმცა, შეგიძლია, მომატყუო, მაგრამ იცოდე, რომ ამ შემთხვევაში შენი ინტერესებიდან გამომდინარე გეუბნები.

პეტიკომ მანქანა მცხეთის შესასვლელში გააჩერა და ქეთის უთხრა:

– მიდი, აბა, თქვი, გისმენ!

ქეთიმ მორიგი სიგარეტი გააბოლა და პეტიკოს უთხრა:

– სამი დღის წინ შენი მეგობრის სიცოცხლე რომ თვითმკვლელობით დასრულდა, ნოდარის ცოლს შევხვდი და მისგან შევიტყვე, რომ ის შემთხვევით შეესწრო ნოდარისა და კელენჯერიძის დიალოგს.

– კელენჯერიძე ვინაა?

– ეს ის პოლიციელია, რომელიც წავკისში თავის აგარაკზე მოკლეს.

– მერე?

– მერე ის, რომ ისინი, თურმე, ვიღაც ბავშვზე საუბრობდნენ და ნოდარს უთქვამს, სხვა გზა უნდა მოგენახათო. ერთი სიტყვით, ნოდარის ცოლმა იმ ბავშვის სახელი და გვარი მითხრა. მე კი ჩემი ახვრული ყნოსვით დავადგინე, რომ ეს ბავშვი შენი ერთ-ერთი ექიმის შვილია.

– ვინ ექიმის?

– ერთ-ერთის, რომელიც შენ ღუდუშაურის კლინიკაში გმკურნალობდა.

– მერე რა?

– მერე ის, ჩემო კარგო, რომ ახლა ის ექიმი უნდა ვნახო და დავებაზრო.

– დაებაზრე, მაგრამ ამას მე რატომ მეუბნები და რა კავშირი აქვს ჩემთან?

ქეთის გაეცინა:

– თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მისგან ვერაფერს შევიტყობ, მაგრამ მე მხოლოდ მისი ნახვა მინდა, რომ ჩემს ვარაუდებში დავრწმუნდე. ჩემთვის ახლა ესაა მთავარი.

– მაპატიე, ქეთი, მაგრამ შენი აბდაუბდიდან ვერაფერი გავიგე.

– ჩემი აბდაუბდა იმაში მდგომარეობს, ჩემო პეტიკო, რომ შეკრული წრე აღმოვაჩინე.

– რა შეკრული წრე? – გაეცინა პეტიკოს.

– რა და, ჩემი აზრით, რასკლადი ასეთია: ნოდარს შენი მოკვლა უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. შემდეგ მან უფრო დახვეწილი გზა აირჩია, ვიდრე ავტომატებით მივარდნაა და ამისთვის, ალბათ, ექიმი შეარჩია, რომ მას მოეწამლე. ხოლო ის რომ იძულებული გაეხადა, კელენჯერიძემ მას შვილი მოსტაცა.

– აბსურდია, – თავი გააქნია პეტიკომ.

– მოიცა, მოიცა, ნუ ჩქარობ, – ხელით ანიშნა ქეთიმ პეტიკოს, – აქ ერთი კითხვის ნიშანია: როგორც ეტყობა, ექიმს შენი მოწამვლა არ გამოუვიდა და, ის ან სინდისმა შეაწუხა, ან რამემ შეუშალა ხელი, ან მიუხვდი. პრინციპში, ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ, ექიმი „დაიწვა“. შენ და შენმა ხალხმა კი, სავარაუდოდ, წავკისში გადამალული ბავშვი გამოიხსენით, პოლიციელები კი „დაახურდავეთ“. ნოდარმა რომ ეს ყველაფერი შეიტყო, შენგან წავიდა და თავი მოიკლა. რას იტყვი, ლოგიკურია?

– მშვენიერი ზღაპარია.

– ზღაპარია თუ რეალობა, ხომ გეუბნები, ექიმის ნახვაღა დამრჩა და ჩემი ზღაპრის ნამდვილობაც დამტკიცდება.

– საიდან, როგორ, რა სისულელეა! რატომ უნდა მონდომებოდა ნოდარს ჩემი მოკვლა, როდესაც ის მე საქმის წილში მყავდა? უბრალოდ, წილში მყავდა და მაყუთს, როგორც მეგობარს ვაძლევდი. ჩემი მოკვლით კი მხოლოდ და მხოლოდ შემოსავალს დაკარგავდა. ამაზე რას იტყვი?

– ამაზე იმას ვიტყვი, ჩემო პეტიკო, რომ ნოდარს შენი ადგილის დაკავება უნდოდა არა თეთრ ბიზნესში, არამედ კრიმინალურ საქმიანობაში.

– რა კრიმინალურ საქმიანობაში? – მხრები აიჩეჩა პეტიკომ, – საიდან მოიტანე?

– ჩვენი კრეტინი პოლიციელებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ ფულის კეთებაზე ფიქრობენ, მე ყველა მოვლენას გულდასმით ვსწავლობ, ვაანალიზებ, ფაქტებს ერთმანეთს ვადარებ და, ხშირ შემთხვევაში ისეთ ინფორმაციებს ვფლობ, რაც არც არსად ამომიკითხავს და არც არავის მოუყოლია.

– ამას მხოლოდ ვარაუდები ეწოდება, რასაც, ხშირ შემთხვევაში, არანაირი ფასი არ აქვს.

– შეიძლება, – გაიღიმა ქეთიმ, – მაგრამ, ჩემი ვარაუდით, ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისში მათე და კამპანია იმალებოდნენ. შენ და შენი ხალხი მათთან დაკავშირებულები იყავით, ხართ და ძალიან სერიოზულ ბიზნესში გაქვთ შედგმული ფეხი. სიმართლეს ვამბობ?

– ჯერ ის მითხარი, მათე ვინაა?

– ზვიად მათეშვილი, ჩემი კოლეგის, თეას მეუღლე, ნუთუ არ იცი?

– ზვიად მათეშვილი?

– ჰო, რუსეთის მაყურებელი.

– რუსებს საერთოდ არ ვიცნობ.

– არ იცნობ და ნუ იცნობ. ამაზე მოვრჩეთ ბაზარს. შენ კარგად იყავი და რუსები ჭირს წაუღია, – უთხრა ქეთიმ პეტიკოს, – ახლა კი ძალიან გვიანია. მოდი, უკან დავბრუნდეთ. ძალიან დაღლილი ვარ და მეძინება. შენ კი, თუ გინდა, ჩემი მანქანით დაბრუნდი სახლში და მერე რომელიმე შენს შნირს გამოატანე, რომ დილით ადრე სამსახურში წავიდე. გადაღება მაქვს და უმანქანოდ დამაგვიანდება.

პეტიკომ უხმოდ დაძრა მანქანა თბილისისკენ. საბურთალოს აღმართს რომ აუყვნენ, სიჩქარე გამოცვალა და ქეთის უთხრა:

– საბურთალოზე რა ადგილას ცხოვრობ?

– გაგარინის მოედანთან მარჯვნივ აუხვიე და იქვე.

პეტიკომ, აღნიშნულ ადგილზე შეაჩერა „ფორდ-მუსტანგი“, შემდეგ საათს დახედა და ქეთის უთხრა:

– დილის 4 საათი სრულდება. ასე გვიან რომ მიხვალ, სახლში არ გაგიბრაზდებიან?

– ვინ უნდა გამიბრაზდეს, მარტო ვცხოვრობ.

– თუ ასეა, იქნებ, სტუმრად მიმიწვიო?

– ასე გვიან?

– გვიან თუ ადრე?

– სხვა დროს იყოს, 6 საათზე ვარ ასადგომი.

– აბა, სტუმარი ღვთისააო, რომ ამბობენ? – არ მოეშვა ქეთის პეტიკო.

– სხვა დროს რომ იყოს? ახლა გვიანია და ძალიან მეძინება, – ისეთი ტონით თქვა ქეთიმ, რომ პეტიკო მიხვდა, შეტევა უნდა გაეგრძელებინა და უთხრა:

– შენთვის საინტერესო თემაზე რომ გაძლევდე კომენტარს, ალბათ, არც დაღლა გაგახსენდებოდა და არც ძილი.

– შეიძლება, – თავი დააქნია ქეთიმ.

– ჰოდა, საინტერესო თემაზე უნდა გესაუბრო. არც ახლა დამპატიჟებ?

ქეთის გაეცინა, თავი გადააქნია და პეტიკო სახლში შეიპატიჟა. „ფორდ-მუსტანგი“ ეზოში გააჩერეს, ქეთიმ ჭიშკარი გადარაზა და პეტიკოს მიუბრუნდა:

– შემოდი, საინტერესო თემაზე ვისაუბროთ...

„საინტერესო თემაზე საუბარი“ თურქული ყავით დაიწყო, შოტლანდიური ვისკით გაგრძელდა და ქეთის საძინებელში დასრულდა. ახალგაზრდა წყვილმა ბობოქარი დილა გაატარა და პირველი შესვენება დილის 10 საათზე გააკეთა.

პეტიკომ გააბოლა, კედლის საათს შეხედა და ქეთის უთხრა:

– წესით, ახლა შენ უკვე ოთხი საათის მისული უნდა იყო გადაღებაზე.

ქეთის გაეცინა. პეტიკოს სიგარეტი გამოართვა, ნაფაზი დაარტყა და თვალები ეშმაკურად მოწკურა:

– შენ კი, წესით, ახლა საინტერესო თემაზე უნდა მესაუბრებოდე.

– მერედა, უინტერესო ყოფაში ვართ? – გაეცინა პეტიკოს, ქეთის სიგარეტი გამოართვა, ჩააქრო და ხვევნა-კოცნა გააგრძელა...

წყვილი ალერსს რომ მორჩა, საღამოს 5 საათი სრულდებოდა. პირველი ქეთი წამოდგა და იბანავა, შემდეგ პეტიკომაც მიიღო შხაპი და სამზარეულოში მოფუსფუსე ქეთის გასძახა:

– რას აკეთებ?

ქეთიმ სამზარეულოდან თავი გამოყო:

– ამდენი ძალები დახარჯე და ენერგიას არ აღიდგენ? არ გშია?

– როგორ არ მშია, მაგრამ, მგონი, რესტორანში წასვლა ჯობია.

– რესტორანში?

– ჰო, რესტორანში. რამ გაგაკვირვა, საყვარელო?

– საყვარელო?

– ჰო, საყვარელო, – თქვა პეტიკომ, ქეთის მიუახლოვდა, ხელი მოხვია, ლოყაზე აკოცა და უთხრა, – რა, გეწყინა?

– არა, მაგრამ ასე უცებ, თანაც – „საყვარელო“... ცოტა არ იყოს, უცნაურია.

– უფრო უცნაური ისაა, რომ ქალიშვილი ყოფილხარ, რასაც ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.

– ახლა უკვე აღარ ვარ, – გაიღიმა ქეთიმ, – შენ ჩემი პირველი მამაკაცი ხარ.

– პირველი და, იმედია, უკანასკნელი.

– ამით რა გინდა, რომ თქვა?

– ამას რესტორანში გეტყვი, – უთხრა პეტიკომ ქეთის, მოეხვია, თმაზე მიეფერა და უჩურჩულა, – მიყვარხარ...

***

საღამოს 8 საათი სრულდებოდა, როდესაც პეტიკო და ქეთი ვაკის ერთ-ერთ ფეშენებელურ, მყუდრო რესტორანში შევიდნენ. შვეიცარიდან დაწყებული, რესტორნის მეპატრონის ჩათვლით, პეტიკოს დანახვაზე ყველანი რიგითი ჯარისკაცებივით ჩამწკრივდნენ და ისე გამოეჯგიმენ.

– სად ისურვებთ ვახშამს, ბატონო პეტრე? – ჰკითხა რესტორნის მეპატრონემ პეტიკოს და მოხრილი გაჰყვა გვერდით.

– როგორც ყოველთვის, რობო, – მიუგო პეტიკომ.

– ესე იგი, ვერცხლის კაბინეტში?

– კი, ბატონო.

რესტორნის მეპატრონემ წყვილს გაასწრო, მდიდრულად ინკუსტრირებული კარი გაუღო და ოთახში შეიპატიჟა, გასვლის წინ კი უთხრა:

– ახლავე მოგართმევთ ყველაფერს, ბატონო პეტრე. მანამდე კი ხილით შეიქციეთ თავი.

– ნუ იჩქარებ, რობო, ჩვენ აქ კარგა ხანს ვაპირებთ გაჩერებას და კიდევ არაერთხელ მოგიწევს შეწუხება.

– რა შეწუხებაა, ბატონო პეტრე, – გაიღიმა რობომ, შემდეგ კარი გაიხურა და წავიდა.

ქეთი და პეტიკო გაშლილ სუფრას მიუსხდნენ, რომელზეც ხილი, ნუგბარი და ძვირფასი ლიქიორი ეწყო. ქეთიმ ყურადღებით შეათვალიერა ოთახი და პეტიკოს უთხრა:

– ეს კაცი ისე გეპყრობა, თითქოს ბრუნეის სულთანი იყო, ის კი – შენი ქვეშევრდომი.

– შენ არ თქვი, მაფიოზი ხარო? – მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა პეტიკომ.

– შენ რომ უარყოფ?

– ვინ იტყვის, დედაჩემი ბოზიაო?

– ისევ ხუმრობ და თემას გაურბიხარ.

– სულაც არა, – თავი გააქნია პეტიკომ და ქეთის ხელზე ეამბორა, – სწორედ რომ საჭირო თემაზე სალაპარაკოდ მოგიყვანე აქ და არაფერსაც არ გავურბივარ. მაგრამ, ჯერ ვივახშმოთ.

კარზე დააკაკუნეს. შემდეგ ოთახში სამი მიმტანი შემოვიდა, რომელთა შორის ორი მომხიბვლელი გოგონა იყო, ერთი კი – ელეგანტური ახალგაზრდა ვაჟი. მათ რობი შემოუძღვა, რომელსაც ვარდებით სავსე თასი ეკავა ხელში, მან ეს თასი მაგიდის შუაში დადგა და მიმტანებს ანიშნა, რომ ლანგრებზე დაწყობილი საჭმელი სუფრაზე გადაეტანათ. როდესაც სუფრა გაიშალა, რობომ წყვილს გაუღიმა და პეტიკოს უთხრა:

– აქვე ვარ, ბატონო პეტრე. თუ რამე დაგჭირდეთ, აი, ეს ზარი ააწკრიალეთ და უმალვე აქ გავჩნდები, – რობომ ოქროსფერი, მოზრდილი ზარი დადო მაგიდის კუთხეში და მორიდებით გავიდა ოთახიდან.

როგორც კი კარი მიიხურა, ქეთიმ, რომელიც ძლივს იკავებდა სიცილს, ხარხარი ატეხა და გული რომ იჯერა, პეტიკოს უთხრა:

– სად არ ვყოფილვარ, რომელ რესტორანში არ მიქეიფია, მაგრამ ასეთ რამეს პირველად ვხედავ. ასე ქვეყნის პრეზიდენტსაც კი არ ელაქუცებოდნენ რესტორანში, როცა მან თავის საყვარელ კერძზე დაგვპატიჟა ჩინურ რესტორანში.

– სულაც არ მელაქუცება, – თქვა პეტიკომ.

– აბა, უყვარხარ?!

– უბრალოდ, პატივს მცემს.

– კი მაგრამ, ასე გადამეტებულად?

– რატომ გადამეტებულად? მე მას სიცოცხლე ვაჩუქე და, შეიძლება ითქვას, რომ ის მეორედ დაიბადა. ისე, ბევრი მემადლიერება და მათ შორის ის ექიმიც, რომელზეც შენ ამ ცოტა ხნის წინ მელაპარაკებოდი.

პეტიკოს სიტყვებზე ქეთის თვალები აუელვარდა, მასში მაშინვე გაიღვიძა ჟურნალისტურმა ჟინმა, სიგარეტს მოუკიდა და პეტიკოს აზარტულად ჰკითხა:

– ესე იგი, რაც მე ვთქვი, სიმართლეა?

– მე არც მაშინ მითქვამს, ტყუილია-მეთქი.

– ესე იგი, ადასტურებ?

პეტიკოს გაეცინა:

– ჟურნალისტი მაინც ჟურნალისტია. გინდა მთის წვერზე დასვი, გინდა ოქროს სასახლეში აცხოვრე, ყველგან მონახავს რამე „საჟურნალისტოს“. ამის დროა ახლა, ჩემო ძვირფასო?

– კარგი, კარგი, არ გეწყინოს. ადრე მართლა ჟურნალისტიური ჟინი მამოძრავებდა, ახლა კი... – აღარ დაასრულა ქეთიმ.

– თქვი, საყვარელო, ახლა რა გამოძრავებს?

– ჯერ შენ თქვი.

– რა ვთქვა?

– რა და, რისთვისაც აქ მომიყვანე.

– მე შენ მიყვარხარ.

– მართლა?

– მართლა, – თქვა პეტიკომ. ქეთის ხელებზე ეამბორა და უთხრა, – მე შენ ძალიან მიყვარხარ და მინდა, რომ ჩემი ცოლი გახდე.

პეტიკოს სიტყვებმა ქეთი დააბნია. გოგონა წამოწითლდა, შემდეგ პეტიკოს თვალებში მიაჩერდა და ჰკითხა:

– ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ხომ არ იღებ?

– ამას რატომ მეკითხები?

– იმიტომ, რომ შენ შენი ცხოვრება გაქვს, მე – ჩემი. შევეწყობით ერთმანეთს და გავუგებთ?

– უარს მეუბნები?

– განა შეიძლება, რომ შენისთანა კაცს ქალმა უარი უთხრას?! – თქვა ქეთიმ, წამოწითლდა, ლიქიორით სავსე ჭიქა ასწია და პეტიკოს უთხრა, – შენ გაგიმარჯოს!

პეტიკომ ქეთის ჭიქა გამოართვა და მაგიდაზე დადგა, შემდეგ წითელი ღვინით შეავსო ორი ბროლის ჭიქა, ერთი ქეთის მიაწოდა, მეორე თვითონ ასწია და უთხრა:

– ჩვენ გაგვიმარჯოს, ჩვენს სიყვარულს გაუმარჯოს და ღმერთმა ბედნიერება არ მოგვაკლოს!

წყვილმა ღვინო შესვა, შემდეგ მსუბუქ მუსიკაზე იცეკვეს და სუფრას მიუსხდნენ, მადიანად შეუდგნენ ჭამას და, რომ დანაყრდნენ, პეტიკომ ქეთის უთხრა:

– ახლა კი სიურპრიზი!

– რა სიურპრიზი? – თვალები გაუბრწყინდა ქეთის.

– ახლავე გაიგებ, – უთხრა პეტიკომ. შემდეგ რობოს მიერ დატოვებული ზარი აიღო და ააწკარუნა.

ოციოდე წამში ოთახში რობო შემოვიდა. მას ოქროსფერი ყუთი ეკავა ხელში, რომელიც ასევე ოქროსფერი ძაფებით იყო შეკრული. მან ჯერ ეს ყუთი დადო მაგიდაზე. შემდეგ „ბეემვეს“ გასაღები მიუდო გვერდით, პეტიკოს გაუღიმა და წავიდა.

– ეს რა არის? – იკითხა ქეთიმ.

– გახსენი და გაიგებ!

ქეთიმ ოქროსფერი ყუთი გახსნა, შიგ ჩაიხედა და ჯერ შეცბა, შემდეგ თვალები გაუცისკროვნდა და პეტიკოს უთხრა:

– ეს ჩემია?

– რა თქმა უნდა.

„კარტიეს“ საფირმო ყუთში ბრილიანტის ეგრეთწოდებული „ოთხეული“ ელაგა, რომელიც საყურეების, ბეჭდისა და სამაჯურისგან შედგებოდა. 200-ათასდოლარიანი ძვირფასეულობა მსხვილკარატიანი ბრილიანტებით იყო მოჭედილი. ქეთი გაოცებული უყურებდა ამ საოცრებას. ბოლოს პეტიკოს მიუბრუნდა და აღელვებულმა უთხრა:

– მადლობა, საყვარელო!

პეტიკომ ბრილიანტები ყუთიდან ამოალაგა, ჯერ საყურეები გაუკეთა ქეთის, შემდეგ – სამაჯური, ბოლოს – ბეჭედი და უთხრა:

– მე შენ მიყვარხარ, საყვარელო. მე შენ ძალიან, ძალიან მიყვარხარ. მაშინვე შემიყვარდი, როცა ჩემს პალატაში შემოდგი ფეხი.

– მეც ძალიან მიყვარხარ, – უთხრა ქეთიმ პეტიკოს და ყელზე მოეხვია.

პეტიკომ „ბეემვეს“ გასაღები აიღო, ქეთის მიაწოდა:

– ეს „იქს-შესტიც“ შენია.

– მართლა?

– მართლა, მართლა, საყვარელო. ახლა კი წავედით, სადმე გავისეირნოთ, – თქვა პეტიკომ და ქეთის ხელკავი გამოსდო.

რესტორნის მეპატრონემ და მისმა ამალამ ისეთივე პატივით გააცილეს წყვილი, როგორც მიიღეს. ახალთახალი „ბეემვეს“ „ჯიპის“ საჭესთან მოკალათებულმა ქეთიმ მანქანა ჯერ დაქოქა, შემდეგ ნელა დაძრა და ბოლოს ისე მოწყვიტა ადგილიდან და გააქანა, რომ პეტიკო სკამის ზურგს აეკრა.

***

პეტიკომ და ქეთიმ მთელი ღამე ისეირნეს ახალთახალი „ჯიპით“ და მხოლოდ მას შემდეგ გამოერკვნენ, როდესაც ფასანაურის გზაზე მანქანას ბენზინი გაუთავდა.

– ბენზინი გამოგველია, – თქვა ქეთიმ. შემდეგ მიმოიხედა, პეტიკოს მიეკრა და უთხრა – დილის 4 საათია. ძეხორციელი არ ჩანს და არც ბენზოკალონკაა, რომ ჩავასხათ.

– ყველაფერი იქნება, ჩემო საყვარელო, – უთხრა პეტიკომ ქეთის და აკოცა. შემდეგ ორი დღის გამორთული მობილური ჩართო, ჰამოს დაურეკა და ჰკითხა:

– როგორ ხარ?

– პეტიკო, პეტიკო!.. შენ როგორ ხარ? – ყვიროდა ჰამო, – სად ხარ, ძმაო? ორი დღეა გეძებთ და რა არ ვიფიქრეთ!

– რატომ მეძებთ, მოხდა რამე?

– მეტი რა უნდა მომხდარიყო, ძმაო, ორი დღეა, არ გამოჩენილხარ.

– მოგენატრე, სიძე-ბატონო?

– კარგი, რა პეტიკო, ხუმრობის დროა?

– თუკი მეხუმრება და კარგ ხასიათზე ვარ?

– ღმერთმა სულ კარგად გამყოფოს.

– მოკლედ, ჰამო, ახლა მე და ქეთი ფასანაურთან ვართ გაჭედილები და ათი ლიტრი ბენზინი გვინდა, რომ თბილისში ჩამოვაღწიოთ. შეგიძლია, ვინმე გამოგზავნო, რომ ბენზინი მოგვიტანოს?

– ახლავე მოვფრინავ! – უთხრა ჰამომ, შემდეგ ტელეფონი გათიშა და პეტიკოს ორი მცველი წაიყოლა თან.

სულ რაღაც ნახევარ საათში ჰამო და მცველები „ჯიპით“ მიგრიალდნენ ფასანაურის გზაზე „გაჭედილებთან“ და ბენზინი მიიტანეს. ის იყო, ერთ-ერთმა მცველმა ბენზინით სავსე ჭურჭელი მანქანის ავზში ჩააპირქვავა, რომ ტრასაზე მანქანა გამოჩნდა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3