კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ოცნება აისრულა თეა ადეიშვილმა და ვინ იყო პიერ კარდენის ცხოვრების დიდი სიყვარული


ჟურნალისტი თეა ადეიშვილი უკვე რამდენიმე წელია, „კურიერ P. S.-ის“ ჟურნალისტია. ყველასთვის კარგად ცნობილი სახე კიდევ უფრო ცნობილებზე ხშირად მოგვითხრობს ხოლმე, სულ სხვა, არაბანალური რაკურსით. ჩვენ თვალწინ არაერთი ნიჭიერი ხელოვანისა თუ ბიზნესმენის სატელევიზიო პორტრეტი იძერწება. როგორები არიან მრავალთა თაყვანისცემის, აღფრთოვანებისა და შურის ობიექტები კამერასთან და კამერის მიღმა, აწუხებთ თუ არა ვარსკვლავური ავადმყოფობა, – ამის გასარკვევად ცნობილ ჟურნალისტს შინ მივადექით.


თეა ადეიშვილი: დავიწყოთ იქიდან, რომ ვიდრე ამა თუ იმ რესპონდენტთან მივალ, მასზე ძალიან ბევრი რამ უნდა ვიცოდე. ამისთვის ბევრს ვკითხულობ, ინფორმაციას ვეძებ, ნაცნობ-მეგობრებს ვეკითხები...

– ანუ, ცოდნით ხართ შეიარაღებული.

– წინააღმდეგ შემთხვევაში, რესპონდენტს შეურაცხყოფას აყენებ. მიხვიდე და უთხრა, რომ მე კარგად არ ვიცი, რას მოღვაწეობ და მოვედი თქვენი პორტრეტის შესაქმნელადო, უხერხული კი არა შეურაცხყოფაა, სირცხვილია. წინასწარ ბევრს ვმუშაობ. ზოგჯერ ხდება ისე, რომ სამსახურში უცებ დამავალებენ რამეს, შესაძლოა, თავადაც სპონტანურად მოვიფიქრო თემა, მაგრამ ვერ წავალ მანამ, სანამ არ ვიქნები მზად ამ ადამიანთან შესახვედრად, ვიდრე საკმაო ინფორმაციას არ მივიღებ მის შესახებ. შეიძლება, არ იცოდე, კონკრეტულად როდის დაიბადა და თავდაპირველი ბიოგრაფიული ცნობები, მაგრამ უნდა იცნობდე მის შემოქმედებას. მე ძირითადად მივდივარ ადამიანებთან, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს. საზოგადოებას კი აინტერესებ შენი საქმიანობიდან გამომდინარე. როდესაც მომზადებული მიდიხარ და რესპონდენტი ყოველთვის გრძნობს, რომ შენ მასზე ბევრი რამ იცი, ჯერ ერთი, უფრო ნაკლებად ცდილობს, მოგატყუოს, თანაც უფრო ღია და გულწრფელია. მეორეც, შენგან პატივისცემის სანაცვლოდ პატივისცემითვე გეპყრობა. თუმცა, ხშირად ყოფილა უხერხული მომენტები ჟურნალისტებისადმი უნდობლობის გამო. ალბათ, ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა, თუ ვიტყვი, რომ ყველანაირად ვცდილობ, იმ ნეგატიური სტერეოტიპის დამსხვრევას, რომელიც გაბატონებულია ჟურნალისტების შესახებ. ეს იგრძნობა მუშაობის პროცესშიც და უფრო დიდი ჯილდო მე არ მიმიღია, ვიდრე ჩემი რესპონდენტების კეთილგანწყობა და მადლობაა. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის მეგობრობით მთავრდება.

რასაც კი ხელს მოვკიდებ, ადვილად არაფერი გამომდის, არ ვარ ის ადამიანი, ძალიან იოლად რომ მივაღწიო საწადელს. წინააღმდეგობებით, პრობლემებით, დაბრკოლებებით, მაგრამ საბოლოო მიზნამდე მაინც მივდივარ შრომითა და წვალებით. ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ შრომის გარეშე, მზამზარეულად არაფერი მოვა, არც წარმატება, არც კარგი სიუჟეტი. მაგრამ, ზოგადად კარგი რესპონდენტის მოპოვება საქართველოში საკმაოდ რთულია. მოიპოვო თანხმობა, შენთვის და მაყურებლისთვის საინტერესო პიროვნებებისგან, ერთი შეხედვით, ადვილია... მაგრამ ეს ადვილია მაშინ, როცა რესპონდენტს ენატრება ეთერი, კამერასთან ურთიერთობა, ეკრანზე გამოჩენა. ჩემი გმირები კი, ძირითადად, ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც ამის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიან, მედიის ყურადღებით ისედაც განებივრებული არიან და შეუძლიათ, ნებისმიერ ჟურნალისტს უარი უთხრან. შესაძლოა, ისინი თვლიან, რომ ახალი არაფერი აქვთ სათქმელი, მაგრამ ჟურნალისტის ოსტატობაც სწორედ ეგ არის, ათქმევინოს რესპონდენტს ის, რაზეც სხვასთან არ ლაპარაკობს – მოგიყვეს თავისი გრძნობების, განცდების შესახებ, თუნდაც ყველასთვის კარგად ნაცნობ მოვლენაზე, მაგრამ განსხვავებულად. თუმცა რესპონდენტის უარი ერთგვარად ჰგავს კონსულის უარს ვიზაზე, რომელიც უფლებას იტოვებს, არ განმარტოს მიზეზი. არ უნდა და მორჩა.

– ძირითადად, რა სფეროს წარმომადგენლებთან გიწევთ შეხვედრა?

– ყველანაირ ადამიანთან, რომელიც ამინდს ქმნის თავის სფეროში. მწერალი, მსახიობი, დრამატურგი, რეჟისორი, მომღერალი, მოდელი, მხატვარი... ჩემთვის განსაკუთრებული სფერო არ არსებობს, არსებობენ განსაკუთრებული ადამიანები. თუმცა მწერლებს მაინც გამოვყოფდი. ძალიან რთულად მოსაპოვებელი რესპონდენტია რობიკო სტურუა. ეს ადამიანი ამოუწურავია, უამრავჯერ შეიძლება ჩაწერო და ყოველთვის სხვადასხვა რაკურსით. რთული რესპონდენტი, ჯერ ერთი, იმიტომ არის, რომ ინტერვიუზე იშვიათად თანხმდება და თუ მაინც მიგიშვა ახლოს, უაღრესად მომზადებული უნდა იყო. ის ჟურნალისტისგან ბევრს ითხოვს, ეს არ არის უბრალოდ დავარცხნილი კითხვა-პასუხის რეჟიმი და მიკროფონის მიშვერა. ინტერვიუერი მასთან ჩამოყალიბებული თუ არ მიხვედი, მტრისას, ისეთ დღეში ჩაგაგდებს! საერთოდ, სხვა გამოუცდელი ჟურნალისტების გამო ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდნილვარ. ზოგიერთი კორესპონდენტის მიერ დასმული ისეთი სასაცილო და აბსურდული კითხვები უჩვენებიათ რესპონდენტებს რომ, რა გითხრათ... ქართულ ჟურნალისტიკაში დღეს კრიზისია, რაც, მჯერა, მალე გაივლის.

იყო ასეთი შემთხვევა გურამ დოჩანაშვილთან დაკავშირებით: თვეობით ვურეკავდი, ხან მითიშავდა, ხან ყურმილს არ იღებდა. ცნობილია, რომ ბატონ გურამს საშინლად არ უყვარს ჟურნალისტებთან ურთიერთობა. ერთხელ, ჩემდა ბედად, ბატონი გურამი სკოლაში იყო მისული ბავშვებთან შესახვედრად. ჩვენც მაშინვე იქ გავჩნდით და გადავიღეთ. ბავშვების ხათრით ვერაფერი თქვა. შემდეგ გვკითხა, რომელი არხიდან ვიყავით. მისმა მეუღლემ იცოდა მისი დამოკიდებულება პრესის მიმართ და არც აცია, არც აცხელა, უპასუხა, ამ სკოლის ტელევიზიაა, შეხვედრას იღებენო. შემდეგ ისე მოხდა, რომ შეგვპირდა, ბავშვებს პატრიარქის ნაჩუქარ ხატებს და წიგნებს ვაჩვენებო. ჩემი შვილისა და მისი მეგობრების საბაბით, ამ არაჩვეულებრივ მწერალთან შინ მივედი და შევძელი მისი კეთილგანწყობის მოპოვება. გვაჩვენა თავისი კუთხე, ხატები, ბევრი ვისაუბრეთ შემოქმედებაზე, გმირებზე, გარდაცვლილ შვილზეც გვიამბო, ქალიშვილი და შვილიშვილი გაგვაცნო. ოღონდ, ცხადია, მან არ იცოდა, რომ ჩვენ „რუსთავი 2-იდან“ ვიყავით. მოკლედ, საინტერესო სიუჟეტი გამოვიდა. ტელევიზიით რომ ნახა, გაჰკვირვებია: „რუსთავი 2“ როდის იყო ჩვენთანო? მოკლედ, გადავრჩით. მოეწონა და მადლობაც გადამიხადა, ეს რა კარგი ტყუილი მოუფიქრებიაო (იცინის). ძალიან ბანალური გამოთქმაა, მაგრამ, თუ კარიდან არ გიშვებენ, ფანჯრიდან კი არა ბუხრიდან, საკვამურიდან, მილიდან, „ჟოლოფიდან“ უნდა შეძვრე.

– ყველაზე ადვილად დასათანხმებელი რესპონდენტი ვინ არის?

– მე უფრო რთულები მკითხეთ. ნიაზ დიასამიძე გაწამებს, მაგრამ, სამაგიეროდ, კარგ მასალას გაძლევს. ადვილი, ალბათ, ქეთა თოფურიაა. მის დათანხმებაზე არავითარი პრობლემა არ შემქმნია. ადვილად მოდის კონტაქტზე. სხვათა შორის, მშვენიერი რესპონდენტია, მაქსიმალურად გახსნილი, თამამი და უკომპლექსო. ჩემს ყველა კითხვაზე გულწრფელად და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე სცემდა პასუხებს. ზოგადად, სკანდალები ჩემი სფერო არ არის, მაგრამ რესპონდენტის „ჩანგალზე“ წამოგება მაინც შემიძლია. თანაც ისე მსუბუქად, რომ თავად თქვას ყველაფერი და არა შენ გამოიწვიო პროვოკაცია და მერე გაწევ-გამოწევა ატყდეს.

რაც შეეხება უცხოეთში გადაღებულ გმირებს, ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობენ შინდლერის შთამომავლები. ისინი გავიცანი და გადავიღე. ასევე სვაროვსკები – როცა ოჯახის გადაღება მქონდა დაგეგმილი, მათი ბიზნესის კრიზისი დაემთხვა. იმ დღეს სვაროვსკის აქციები 20 პროცენტით დავარდა. ამიტომ, სასწრაფოდ ვენაში, დირექტორთა საბჭოს სხდომაზე შეიკრიბნენ, მხოლოდ ერთი მათგანი ჩავწერე, ისიც მცირე ხნით. სამაგიეროდ, პიერ კარდენი მყავს ჩაწერილი ხანგრძლივად.

– როგორი რესპონდენტია?

– ძალიან მაგარია, მართლა მაგარი. სულ 20 წუთი მომცა, მაგრამ დამიჯერებთ? საათ-ნახევარი მელაპარაკა. მერე წამომყვა კიდეც სადღაც, თავისი ავეჯის სალონი მაჩვენა, კარგი გამოვიდა. ასეთ რამეს არ ველოდი, იმიტომ რომ, შეხვედრა დილას გვქონდა. მორჩა, დავკარგე-მეთქი, რადგან ევროპელებს ასეთი რამ საერთოდ არ სჩვევიათ. კარდენი უცნაური კაცია...

– ექსცენტრულია?

– მე ასეთად მიმაჩნია. ჩემთან მიმართებაში, ფაქტია, რომ უცნაურად მოიქცა. მერე მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. მეც ძალიან მომზადებული მივედი და ამით კმაყოფილი დარჩა. პატარა ქვეყნიდან ჩასული ჟურნალისტი, სადაც არც თავისი მოდის სახლი ჰქონდა, არც მაღაზია და საერთოდ ნამყოფიც არ იყო, საქმე იქამდე მივიდა, რომ პირად ცხოვრებაზეც კი ვილაპარაკეთ. არ დამალა, რომ გეი იყო, რომ ცხოვრებაში ერთადერთი ქალი ჰყავდა – ჟანა მორო, და რომ ძალიან უნდოდა, შვილი ჰყოლოდა. ასეთი მიღწევა ქართველ რესპონდენტთანაც კი არ მქონია.

– შეგიძლიათ, ყველაზე დასამახსოვრებელი რესპონდენტი გამოყოთ?

– მიჭირს გამოყოფა. ჩემთვის განსაკუთრებულია მედეა ჩახავა, ნიკო გომელაური, გუჯა ბურდული, მურმან ჯინორია, ქეთი მატაბელი, ფრიდონ სულაბერიძე, ჯემალ ჭკუასელი, კახი კავსაძე... ბატონ კახის იმხელა ენერგეტიკა ახლავს, რომ ამ ენერგეტიკით შენც გმუხტავს. მასთან საუბრის შემდეგ საოცრად სავსე ხარ, ასე გგონია, მთებს შეძრავ და გადააადგილებ. ძალიან საყვარელია. ბატონ კახისთან დაკავშირებით ერთი სასაცილო შემთხვევა მახსენდება: მინდოდა, მასზე სიუჟეტის გაკეთება, მაგრამ დიდხანს არ მთანხმდებოდა, უნდა მდიო, ყველაფერი გადაიღო, მე კი ამდენი დრო არ მაქვსო. შემდეგ სხვებზე შექმნილ ჩემს სიუჟეტებს უყურა და აზრი შეიცვალა. ეს სწორედ ის პერიოდი იყო „თიბისი“ ბანკი თავისი მეანაბრეებისთვის მილიონს რომ ათამაშებდა. ბატონმა კახიმ ჩემს მობილურზე დარეკა. ყურმილი ჩემმა გოგონამ აიღო. რომ გაიგო, კახი კავსაძე რეკავდა, ეგონა, მილიონი მოვიგეთ და გაოცებისა და მღელვარებისგან ენა ჩაუვარდა. შემდეგ ბატონმა კახიმ დააყოლა: თეას გადაეცი, რომ თანახმა ვარ ინტერვიუზეო. შემდგომში ხუმრობდა: როგორ, ჩემი ინტერვიუ მილიონად არ ღირსო?!

– ისევ ცნობილ უცხოელებს მინდა დავუბრუნდე. ჰოლივუდელთაგან ჩაგიწერიათ ვინმე?

– კირა ნაითლი, ჩაწერით არ ჩამიწერია, მაგრამ გადავიღე. გახსოვთ, ალბათ, „ჯორჯიას“ გადაღებაზე მის შეყვარებულს, რუპერტ ფრენდს ჩამოაკითხა და საგულდაგულოდ ემალებოდნენ ტელეკამერებსა და პაპარაცებს. რომ მივუახლოვდით, რუპერტმა კამერას უეცრად ხელი ისე მაგრად ჩასცხო, მომენტალურად გაითიშა. ჰოლივუდელი შეგვიძლია ვუწოდოთ ნუცა კუხიანიძესაც, რომელსაც საკმაოდ აქტიურად იღებდნენ ამერიკაში, სანამ საქართველოში გადმოვიდოდა. საინტერესო პორტრეტი გამოვიდა „ჯეიმს ბონდის“ ერთ-ერთ გოგოზე, ნახევრად ქართველ მარიამ დაბოზე, რომელიც ბონდიანაში ტიმოთი დალტონთან ერთად მონაწილეობს. „ჯორჯიას“ გადაღებების დროს ენდი გარსიაც გავიცანით.

– ძალიან მიყვარს ენდი გარსია. როგორია ის ახლოდან?

– გაგიკვირდებათ და გაცილებით უსუსურად გამოიყურება. უფრო სხვანაირია, ვიდრე ეკრანზე მის მიერ განსახიერებული კორლეონეს კლანის წევრი, კუბელი განგსტერი ან თუნდაც ამადეო მოდილიანი. წარმოგიდგენიათ, ენდი გარსია ბეჯითი, მოზეპირე და დაძაბული? ღელავდა, სიგარას ეწეოდა და ყოველ სიტყვას ცალ-ცალკე იმეორებდა, მაგრამ როგორც კი გამოვიდა პუბლიკის წინაშე, მყისვე გარდაიქმნა და შეძლო აუდიტორიის აყვანა.

– ფესტივალებზე ან კონკურსებზე მუშაობის გამოცდილება თუ გაქვთ?

– უფრო კონკურსებზე. მაგალითად, „ევროვიზიაზე“ ხშირად დავდივარ, ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების გარდა, იქ ჩვენთვის კარგად ცნობილ რუსული ესტრადის ვარსკვლავებსაც შეხვდები. მაგალითად, ფილიპ კირკოროვი, დიმა ბილანი ადვილად მოდიან ქართველებთან კონტაქტზე. კირკოროვმა ძალიან გულახდილი ინტერვიუ მომცა, სადაც ის ალა პუგაჩოვასთან ურთიერთობის დეტალებს ყვება, დაშორების მიზეზებს ამხელს. სამწუხაროდ, ის კასეტა ახლა თაროზეა შემოდებული, ალა პუგაჩოვას თანხმობას ველოდებოდით. ქართულ მედიასთან რუს შემსრულებლებს, მაშინ ყოველ შემთხვევაში, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. კირკოროვმა და ბილანმა ქართული სიმღერებიც კი იმღერეს.

– მოდის სახლებიდან რომელი ნახეთ?

– ბევრი მინახავს კამერის გარეშე, მაგრამ გადამიღია „პიერ კარდენი“ და „სალვატორე ფერაგამო“. საერთოდ, როგორც ბრენდი, ჩემთვის „სალვატორე ფერაგამო“ უფრო საინტერესოა. მაგრამ, მეწაღეების მეფე ცოცხალი აღარ არის, პიერ კარდენი კი, იმ მხრივ, იყო საყურადღებო, რომ ცოცხალია და მასთან უშუალო კონტაქტის, ინფორმაციის პირველი პირისგან მიღების საშუალება მქონდა. უამრავი რეგალია აქვს პიერ კარდენს, საფრანგეთის აკადემიის წევრია.

ფლორენციაში სრულიად სპონტანურად გადავწყვიტე ფერაგამოს მოდის სახლის მონახულება და სიუჟეტის გაკეთება. თანხმობა, მოდის სახლის დირექტორისგან, დიდი მიღწევა იყო. ფერაგამოს მეუღლესაც ჩავწერდით, მაგრამ, სამწუხაროდ, დროის სიმცირის გამო, მილანში ჩასვლა აღარ მოხერხდა, რაზეც გული მწყდება.

ენით აუწერელი შეგრძნებაა, როცა ნებისმიერი სფეროს ადამიანთან მიდიხარ და იცი, რომ მოიპოვებ მასალას, რომელიც შენამდე არავის ჰქონია და ამით პირველი იქნება შენს ქვეყანაში – თანაც იცი, რომ გმირი რთული მოსაპოვებელია. როცა ყველასთვის საინტერესო და იშვიათ გმირს დაითანხმებ, ეს, იცით, რას ჰგავს? თითქოს აკრძალულ ხილთან ახლოს მიდიხარ და ის გეუბნება: „შემჭამეო“ (იცინის).

– ფრანგულ მოდას ანიჭებთ უპირატესობას თუ იტალიურს?

– პარიზი მოდის ქალაქია, მაგრამ ახლა ის მილანმა შეცვალა. ფლორენციაში ქართულ კვირეულზე ვიყავით ჩასული და აღმოვაჩინე, რომ გარდა იმისა, ფლორენცია რენესანსის დედაქალაქია, ბევრი ცნობილი დიზაინერის მშობლიური ქალაქიცაა: ფერაგამოს, გუჩის, პუჩის და რობერტო კავალის. მიყვარს იტალიური მოდა, ფრანგულზე არანაკლებ.

ჩემი საყვარელი ქუჩა პარიზში მონტენია. ქალაქის პატარა, ვიწრო სამოთხე შანზელიზეს და ეიფელს უერთდება. რა თქმა უნდა, არასდროს მაქვს იმდენი ფული, მაღაზიებში შევიდე და მონტენზე „ვიშოპინგო“. ერთხელ საახალწლოდ მოვხვდი პარიზში. ელისო ბოლქვაძე მართავდა კონცერტს მარსელ დასოს სასახლეში და მან დაგვპატიჟა. კონცერტამდე რამდენიმე საათი მქონდა თავისუფალი, შემეძლო გარეთ გავსულიყავი. გადავწყვიტე, იქვე მდებარე „შანელის“ სახლში ოჯახის წევრები საახალწლოდ გამენებივრებინა. შევიძინე, ძირითადად, კოსმეტიკა, პარფიუმერია და სათვალე, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს. სამოსი ძალიან ძვირი ღირს. ჩემს შენაძენს „შანელისგან“ უამრავი პატარა საჩუქარი მოჰყვა და ყველაფერი „შანელის“ ულამაზეს და უზარმარ ჩანთაში ჩამიდეს. დრო კიდევ მქონდა. გადავწყვიტე, მონტენის ქუჩაზე გამევლო. სულ უბრალო, შავი პალტო მეცვა, ჯინსის შარვალი და ჩვეულებრივი ფეხსაცმელი. არადა, იმ ქუჩაზე ყველა მოდის უკანასკნელი ტენდენციების მიხედვით შემოსილი დადის. ცოტა არ იყოს, უხერხულად ვიგრძენი თავი. მაღაზიებში რომ შევდიოდი, კარს შანელის ჩანთიანი ხელით ვაღებდი – ასე ჩაცმული ჩანთის ხათრით მაინც რომ არ გამოვებრუნებინე უკან და ყველას „ჰაიფ-ფეშენ“ ლედი ვგონებოდი. ხომ გახსოვთ ფილმი „ლამაზი ქალი“ (იცინის).

– ვიცი, რომ „ჟივანშის“ მოდის სახლში საგანგებოდ თქვენთვის სუნამო შეიქმნა. თავად დაესწარით შექმნის პროცესს?

– ოღონდ არა „ჟივანშის“, არამედ „ფრაგონარის“ სახლში. ფრაგონარი კოკო შანელის მეგობარი იყო, ცნობილი „ცხვირია“, რომელმაც თავის დროზე სახელგანთქმული „შანელი ¹5“ შექმნა. ჩემს სუნამოს კი „საღამოს ქალი“ ერქვა. საოცარი ინგრედიენტები იყო, რაღაც ეთერზეთები, ეგზოტიკური მცენარეები...

– ინგრედიენტები თუ გახსოვთ?

– სამწუხაროდ, არ ვიცი.

– აზიაში ან სხვა კონტინენტზე ჩაგიწერიათ ვინმე ცნობილი პიროვნება?

– აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში ვყოფილვარ. კატარში, ქუვეითში, ჩინეთში, ტაილანდში. ვგიჟდები ამ პაწაწინაცხვირიან ტაილანდელებზე, საოცრად სტუმართმოყვარე ხალხია. სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ინდოეთსა და იაპონიაში. მომწონს აზია, მიზიდავს ეგზოტიკა. რაც შეეხება რესპონდენტებს კატარში, ერთი შეიხი ჩავწერე, ოღონდ პორტრეტის შექმნის მიზნით – არა. ამ ქვეყანაზე ვაკეთებდი სიუჟეტს, სადაც არაჩვეულებრივადაა განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა. უდაბნოში ამხელა ცათამბჯენების აგება ხუმრობა საქმეა? ქუვეითში გადავიღე იქაური შეიხების სპორტული კლუბების ქართველი მწვრთნელები, რომელთაც იქ საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვთ.

– ჩადრით დადიოდით?

– არა, ეს ის ქვეყნები არ არის, სადაც ისლამური შარიათი მოქმედებს. ჩადრის ტარება ნებაყოფლობითია. თუმცა, ძალიან ღია სამოსიც არ შეიძლება. მე ჩვეულებრივად დავდიოდი. ჰო, მართლა, იქ ყოფნის დროს მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი ერთ ქართველ ქალბატონთან, რომელიც აფხაზეთიდანაა დევნილი. იქაურ შეიხს გაჰყვა ცოლად, რჯული შეიცვალა და ჩადრით დადის, გვინდოდა ჩაწერა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ დავითანხმეთ.


скачать dle 11.3