ვინ დაეტაკა ტუჩებში საკოცნელად მის-თიკას და რატომ გადაწყვიტა მან სპონტანურად გათხოვება
ახალბედა, ლამაზი და საკმაოდ სექსუალური იმიჯის მქონე მომღერალი, მის-თიკა, დიდი ხანი არაა, რაც ქართულ შოუ-ბიზნესში გამოჩნდა, მაგრამ უკვე შეძლო ყურადღების მიპყრობა. თიკას მიაჩნია, რომ მის წარმატებაში დიდი წვლილი მის მეუღლესა და მენეჯერს, ბაკურ საჯაიას მიუძღვის. ისინი ჩვენი სტუმრები არიან.
თიკა: მე ადრე დავოჯახდი, 16 წლის ასაკში, მაგრამ გათხოვების მერე ჩემი ქმრის დახმარებით დავიწყე მომღერლობაზე ფიქრი. თუმცა, მქონდა სირთულეებიც. უპრობლემოდ ამ ქვეყანაზე არავინ ცხოვრობს, სიძნელეები უნდა გადალახო, ბევრი რამეც აიტანო, მოითმინო და ამით ბევრს მოიგებ.
– თუმცა, პატარა ასაკის გამო ახალგაზრდები ოჯახის შესაქმნელად მზად არ არიან და სიძნელეების გადალახვაც ბევრისთვის წარმოუდგენელია. ადრეულ ასაკში რომ შექმენი ოჯახი, არ გაგიჭირდა?
– გეთანხმებით, რომ ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახები ინგრევა, მაგრამ მე გამიმართლა – იმდენად კომფორტულად ვგრძნობ ჩემს მეუღლესთან ერთად თავს, რომ ვერ აგიწერთ. უფრო მეტიც, ჩემი მეუღლე, ბაკური რომ არ დამდგომოდა გვერდით, მე არც სასიმღერო კარიერის გაკეთებაზე და არც პოპულარობაზე არ ვიზრუნებდი. ამიტომ, არანაირად არ ვნანობ, რომ ადრე გავთხოვდი.
– თუმცა, გათხოვილ ქალს უფრო ნაკლები ფანები ჰყავს, ვიდრე გასათხოვარს.
– თვლას ვერ დავიწყებ, რამდენი მყავს ახლა და რამდენი მეყოლებოდა იმ შემთხვევაში, გასათხოვარი თუ ვიქნებოდი. ფანები ნამდვილად მყავს და მათ ჩემი ნამღერი უნდა მოსწონდეთ. შეიძლება, ბევრი მათგანისთვის სასურველი ქალიც ვიყო, მაგრამ ჩემი გული მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნის.
– ბაკურ, ის, რომ შენს მეუღლეს ფანები ჰყავს და, შესაბამისად, ის ბევრისთვის სასურველი ქალია, არ გაძლევს ეჭვიანობის საბაბს?
ბაკურ საჯაია: არა, თიკა არ მაძლევს ეჭვიანობის საფუძველს. ყოფილა შემთხვევები, როცა ჩემი ცოლისთვის ისე შეუხედავთ, რომ არ მომწონებია, მაგრამ, ჩემში არის ორნაირი პიროვნება: რომ მყოლოდა სხვანაირი მეუღლე, ალბათ, მართლა აზიატი ვიქნებოდი და მოკლე კაბასაც არ ჩავაცმევდი, თუმცა ამავდროულად, ევროპელიც ვარ – თიკაში ვხედავ ნიჭს, ვიცი, რომ სასიმღერო კარიერაში წარმატებას მიაღწევს და, რატომაც არ უნდა მინდოდეს მისი პოპულარობა?!
– როცა კაცს მოსწონებია შენი ცოლი და, ფარულად თუ აშკარად, დაუწყია „ჩალიჩი“, ამ დროს როგორ მოქცეულხარ?
– კი, ასეთი მომენტებიც ყოფილა, მაგრამ, ეს ქალზეცაა დამოკიდებული – თუ საბაბს არ მისცემს, არავინ არაფერს გაუბედავს, თუ, რა თქმა უნდა, ავადმყოფურად არ „ჭედავს“.
თიკა: ყოფილა შემთხვევები, როცა მოსულა ჩემთან უცხო მამაკაცი და შევუქივარ – რა ლამაზი ხარ, როგორ კარგად მღერიო. მეც მადლობა გადამიხდია. მერე, თუ დაინტერესებულა ჩემი ოჯახური მდგომარეობით, მითქვამს, ქმარიც მყავს და ორი შვილიც-მეთქი, იქ დამთავრებულა ყველაფერი.
– ისე, ზოგ მამაკაცს არ უნდა, ლამაზი ცოლი ჰყავდეს, რადგან ზედმეტი თავის ტკივილი და ეჭვიანობა არ აწყობს. ცხადია, ბაკური ასეთი კაცების რიცხვში არაა...
ბაკური: ძალიან ბევრი ძველი ბიჭი იქადნის, სექსუალურ ქალს არ მოვიყვან ცოლადო, მაგრამ, ტყუიან. 99 პროცენტს რომ დაუსვა კითხვა, ანჯელინა ჯოლის თუ მოიყვან ცოლადო, ყველა დადებით პასუხს გაგცემს, რადგან კაცს სურს, კარგი და სექსუალური პარტნიორი ჰყავდეს. მერე ის ქალი ბევრს ისე უყვარდება, რომ მასთან ოჯახსაც კი ქმნიან. ამიტომ, წინასწარ ნურავინ დაიქადნის, რას იზამს და როგორ ცოლს არ მოიყვანს. სიყვარული ისეთი რამეა, რომ ბევრ რამეზე თვალს დაგახუჭვინებს.
– იმდენი ვილაპარაკეთ სიყვარულზე, რომ თქვენი სასიყვარულო ისტორიის უთქმელობა არ ივარგებს.
– ადამიანს გემოვნება ასაკის მიხედვით ეცვლება. ადრე ქერა ქალები მომწონდა, თოჯინასავით ქალები – მოკლედ, ოცნებებში წასული ბიჭი ვიყავი. მაშინ გვქონდა ჯგუფი „დანტე“, იქ სამი ბიჭი ვიყავით და გვჭირდებოდა გოგოც. ამხანაგმა მომაწოდა იდეა, რომ არის ერთი გოგო, რომელსაც კარგი ხმა აქვს, ფესტივალებზე გამოდის და ძალიან მოსწონთო. ასე მივაგენი თიკას, რომელიც, ამავდროულად, ჩემი მეზობელიც იყო. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ადრე ის არ მომწონდა, თან, მაშინ ბავშვი იყო და არც ვაქცევდი ყურადღებას. მოგვიანებით რომ ვნახე, მან ჩემი მოჯადოება მოახერხა.
– გამოდის, რომ თიკა თავიდან აღმოაჩინე?
– დიახ, მე მასში დავინახე საინტერესო და მიმზიდველი ქალი. სულ ერთად ვიყავით და ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს.
თიკა: მივეჩვიეთ ერთმანეთს და სიყვარულით როდის შეგვიყვარდა, ვერც გავიგეთ.
– თიკა, ალბათ, სიყვარულის ასახსნელად ბაკურისთვის სიტყვების თქმა საჭირო აღარ იყო.
– ჰო, გრძელი სიტყვის თქმით თავი არ მოუკლავს. ეს მოხდა ერთ მშვენიერ დღეს: ვიჯექი, რაღაცას ველაპარაკებოდი და უცებ მეცა და მაკოცა ტუჩებში (იცინის) – ასე ამიხსნა სიყვარული.
ბაკური: მგონი, სწორად მოვიქეცი. იქ ბევრი ლაპარაკი საჭირო აღარ იყო, კოცნით დავუმტკიცე, რომ მიყვარდა.
– თიკა, იყო თუ არა ბაკური რომანტიკული შეყვარებული და რა სიურპრიზებით განებივრებდა?
– რომანტიზმი ბაკურს არასდროს აკლდა. ბევრჯერ მოურთმევია ჩემთვის ვარდები, რესტორანშიც მეპატიჟებოდა რომანტიკულ ვახშამზე, სუნამოებს მჩუქნიდა... ასე გავიდა შვიდი თვე, მაგრამ, ვატყობდით, რომ დიდხანს ასე ვერ გავძლებდით.
– მერე რა მოხდა, ბაკურ, ხომ არ მოიტაცე თიკა?
– არა, მოტაცება რაღა საჭირო იყო, ჩვენ ისედაც გვიყვარდა ერთმანეთი. სასეირნოდ ვიყავით წასულები და თიკას შევთავაზე, ჩემთან წამოსულიყო სახლში. უარი მითხრა, მაგრამ, დავაძალე და საღამოს მაინც ავიყვანე ჩემთან. მერე დააგვიანდა თიკას სახლში მისვლა და ბებიამ ამოაკითხა – იეჭვეს, ხომ არ მოიტაცა ბაკურმაო. სახლიდან მართლა გავარდა თიკა, მგონი, ბებიამისის შეეშინდა, მაგრამ მე უკან დავედევნე და ასე აღმოვჩნდით ჩვენი მეგობრის ოჯახში.
– ასე სპონტანურად გადაწყვიტეთ დაოჯახება?
თიკა: მანამდე კარგა ხანი ვხვდებოდით ერთმანეთს და ორი დღით ადრე იქნებოდა, თუ ორი დღით გვიან, ფინალი მაინც ასეთი იქნებოდა.
– თიკა, დაქორწინების მერე არ შეიცვალა ბაკური, „ბრჭყალები“ არ გამოაჩინა?
– არა, თქვენ წარმოიდგინეთ, უკეთესი ხასიათის გამოდგა, ვიდრე მეგონა. ის არაფერში მზღუდავს, მით უმეტეს – ჩაცმულობაში. თუ დასჭირდა, ლურსმანსაც მიაჭედებს და, სხვათა შორის, შპალერიც გაგვიკრავს ერთად. ჭამა კი უყვარს, მაგრამ, საჭმლის კეთება არ ეხერხება – ეს ერთი ნაკლი აქვს.
ბაკური: როცა ცოლი ვერ აღმოჩნდება ისეთი, როგორიც შეყვარებულობის პერიოდში იყო, მერე ძალაუნებურად ცივდება მის მიმართ გული და ხვდები, რომ სწორი არჩევანი არ გააკეთე. ცოლ-ქმარს ბევრი რამ უნდა აკავშირებდეს ერთმანეთთან, ხშირად კითხულობენ, რატომ ინგრევა ქართული ოჯახებიო. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია სექსუალური შეუთავსებლობა, თუმცა, ჩვენ ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს.
– ახლა, თქვენი შვილები გაგვაცანით.
თიკა: ჩვენ ორი შვილი გვყავს: 7 წლის ლუკა და 3 წლის ნინი საჯაიები. ლუკა არის ძალიან მაგარი სპორტსმენი, ფეხბურთელი, ნორჩი დინამოელია. ასევე, ცურვაზეც დადის და კარგი მოცურავე იქნება, უკვე ეტყობა. ნინი ჯერ პატარაა და ვნახოთ, რა ინტერესებს გამოამჟღავნებს.
– ბაკურ, მოდი, ბარემ თიკას კლიპსაც შევეხოთ, სადაც შენი ცოლი ეროტიკულ სცენებშია გადაღებული. როგორ შეხვდი ამ ფაქტს?
– დღეს უკვე ოცდამეერთე საუკუნეა და ამიტომ ყველაფერს თანამედროვედ უნდა მივუდგეთ. კლიპის გადაღება იქნება თუ სიმღერის ჩაწერა – ესაა შოუ, რომელსაც დგამს მომღერალი და ის სცენები, რაც იქაა, რეალობაში რომ არ ხდება, ცხადია. იცით, ალბათ, რომ მე თიკას პროდიუსერიც ვარ და, ძირითადად, ჩემი მოფიქრებულია ყველაფერი. ამის გამო მე უსიამოვნება მომივიდა ახლობლებთან – შენი ცოლი როგორ გადაიღე ასეთ სცენებშიო. ოჯახს კომპლექსი ჰქონდა – რას იტყვიან მეზობლები ან ახლობლები, ჩვენ კი გვესმის, მაგრამ, ყველას როგორ გავაგებინებთო. მართლა არ მაინტერესებს, რას იტყვის ვიღაც და რას იჭორავებენ, მე არავის აზრს არ ვითვალისწინებ; რაც მართებულად მიმაჩნია, იმას ვაკეთებ.
– ნათქვამია, „ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო“, მაგრამ, მაინც მაინტერესებს, ძირითადად რაზე ჩხუბობთ?
თიკა: როცა ბაკური კომპიუტერთან ზის, გვერდზე აღარ იყურება და ამ სამყაროს სწყდება, ყურადღებას არ მაქცევს და ასეთ წვრილმანებზე თუ წავკინკლავდებით, თორემ, ჩვენს შემთხვევაში, „ჩხუბი“ ხმამაღალი ნათქვამია.
– ისე, როცა იბუტებით, პირველი რომელი დგამს ნაბიჯს შესარიგებლად?
ბაკური: გააჩნია სიტუაციას. თუ მიმაჩნია, რომ დამნაშავე მე ვარ, მოვიკატუნებ თავს და ვურიგდები, თუ პირიქითაა, მაშინ თიკა მირიგდება. ჯიუტები არ ვართ და კარგი თვისებაა, როცა დანაშაულის აღიარება და ბოდიშის მოხდა შეგიძლია.
– თიკა, შენ სექსუალური იმიჯი მოირგე. ამაზე აპირებ გათვლას წარმატების მისაღწევად?
– ამ იმიჯის მორგება თავისთავად მოხდა. ერთ კლიპში „გიჟი გოგოს“ როლს ვასრულებ, მეორე კლიპში კი სექსუალური იმიჯის მორგების საჭიროება წარმოიშვა – ესაა და ეს.
ბაკური: ქალში სექსუალურობა და შარმი აუცილებლად უნდა იყოს და თუ გარეგნობაც ემატება, ამას რა ჯობია. ქალს მარტის თვეს ადარებენ, ამიტომ მასში ბევრი რამ უნდა იყოს შეზავებული და რაც უფრო მრავალფეროვანია ის შინაგანად, მით უფრო საინტერესოა კაცისთვის.
– ისე, ბაკურ, მართლა მოწადინებული ხარ ცოლის კარიერულ წინსვლაში? მის ჩრდილქვეშ ყოფნა არ გაღიზიანებს?
– მე საერთოდ არ მინდოდა გამოჩენა, რომ მის-თიკას მეუღლე ვიყავი. მას გვერდით ვუდგავარ და ეს ასეც უნდა იყოს. მის ჩრდილქვეშ ყოფნა არ მაღიზიანებს, პირიქით, მიხარია, რომ მისი წარმატება მეც მეკუთვნის.
თიკა: სხვათა შორის, მე და ბაკური მოვდივართ ერთნაირად, წინ სულ ის გარბის და მე უკან მივდევ. ასეთია მისტიკური თიკას ბედი (იცინის).