ვინ გააღვიძა ლექსენში ლომი და როგორ ნადირობდა ეს ლომი საყვარელი ქალის გულის დასაპყრობად
მას შემდეგ, რაც ლექსენმა მშვენიერი მეუღლე მოიყვანა და პატარა ვაჟკაციც შეეძინათ, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. რა თქმა უნდა, მისი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და ახლა ის გაასმაგებულად ზრუნავს საკუთარ მეუღლესა და პატარა, უსაყვარლეს ვაჟკაცზე. ლექსენმა ახალი კლიპიც გადაიღო, რომელსაც სექტემბერში ნახავს მაყურებელი. ის, ასევე, გეგმავს დისკის გამოშვებას, რომელშიც მისი საუკეთესო სიმღერები შევა.
ლექსენი: წელს იყო ჩემთვის ყველაზე საშინელი ზაფხული. ჯერ ერთი, ასეთი საშინელი სიცხეების გამო და თან, ვერსად წავედი, ბათუმშიც კი. სულ თბილისში ვარ და ცოტაც და გადავიწვები. როდესაც ვატყობდი, რომ გარემოს ვერ ვუძლებდი, გადატვირთული ვიყავი, მაშინვე გავდიოდი თბილისიდან. მაგრამ ახლა ვერ ვახერხებ, პატარა მყავს და კიდევ სხვა ბევრი ფაქტორია, ფინანსურიც. უფრო მეტი გინდა, გჭირდება, ეს რომ მცოდნოდა, ამხელა შარში არ გავყოფდი თავს.
– მაშინ, როდესაც შეგიყვარდა, ალბათ, არ ფიქრობდი ამაზე?
– არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ მესმის, იმ ხალხის, მეგობრების, ცოლი ვისაც ჰყავს, რომ ამბობდნენ, არ გინდა ცოლის მოყვანაო.
– მაგრამ, ამ ყველაფერს ხომ მეორე მხარეც აქვს.
– აბა, რა კარგი მხარე აქვს?
– გყავს გვერდით კარგი მეუღლე, პატარა, საყვარელი შვილი.
– ეს ძალიან კარგია, თან ფიქრობ, რომ ყოველთვის ვერ მოიყვან ცოლად ისეთ კარგ ადამიანს, როგორიც გინდოდა და შენს ნაბიჯებს ეს ამართლებს. უბრალოდ, იმას ვნანობ, რატომ უკრაინაში არ წავედი. კარგი იქნებოდა, ბავშვი იქ დაბადებულიყო. იქ რომ ბავშვი იბადება, სახელმწიფო 2 000 დოლარს უხდის და აქ რა წაგგლიჯონ და წაგართვან, იმაზე არიან გადასულები.
– ანუ, აპირებდი უკრაინაში წასვლას?
– ვიფიქრე, მაგრამ ბრმა პატრიოტიზმი ხომ იცი, მინდოდა, ჩემი შვილი ჩემს ქვეყანაში დაბადებულიყო, ჩემი ქვეყნის მოქალაქე ყოფილიყო. მაგრამ ეს მერე სანანებელი გამიხდა. ჯობია, მიხედო შენს კეთილდღეობას, არ იფიქრო ქვეყანაზე. არადა, ჩემი ცოლიც მეუბნებოდა, იქ ჯობია, ვიმშობიარო, იქ უფრო კარგი პირობებიაო, თუმცა მეგონა, აქაც მომცემდნენ გარკვეულ თანხას, მაგრამ ვინ რას მოგცემს.
– მეორე შვილზე აღარ ფიქრობ?
– რა მეორე შვილი, მორჩა, საქართველოში ერთ შვილზე მეტის ყოლა ტრაგედიაა. ამაში დავრწმუნდი.
– აბა, შენმა მშობლებმა როგორ გაგზარდეს ოთხი შვილი?
– მეც ამაზე მაქვს ომი. საშინელება იყო და ამის განმეორება სისულელეა. ოთხი შვილი ჰყავს ჩემს მშობლებს და ოთხივე უმუშევარი ვართ. მამაც აღარ მუშაობს. ჯობია, ერთი გყავდეს და იმას მოუარო, ვიდრე აჩინო და აჩინო უაზროდ.
– შენი მეუღლე ამ საკითხს, ალბათ, შეგნებულად უდგება.
– ძალიან შეგნებულად უდგება. ჩვენ რაზეც ვიმსჯელებთ და, გადავწყვეტთ, იმ პოზიციას მიიღებს. ანუ, რაც იმ მომენტში ოპტიმალური და უმჯობესია. ისიც ხვდება, რომ საქართველო ბევრად ჩამორჩენილი ქვეყანაა, თუნდაც უკრაინაზე.
– ეხმარები მეუღლეს ბავშვის გაზრდაში?
– სულ ვეხმარები, რომ ძალიან არ გადაიტვირთოს. ღამე დავიჭერ ბავშვს და ვაქანავებ. როცა ჩხავის, ვეღარ ვაჩერებ, აუტანელი ხდება, მერე ვაწვდი, შენ გააჩერე, აჭამე, რაღაც უქენი-მეთქი. ძირითადად, მაინც დედაჩემი ეხმარება. თავიდან, როცა ძალიან პატარა იყო, მიჭირდა ხელში დაჭერა, მაგრამ ახლა აღარ, ყველაფერს ეჩვევი.
– მეუღლის მშობიარობასაც დაესწარი?
– ძალიან დაძაბული ვიყავი და ყველაფერი გადავიღე. ტანიას ძალიან უნდოდა, მის გვერდით ვყოფილიყავი და უარს ხომ არ ვეტყოდი. მერე უფრო მეტად აფასებ დედასაც, ცოლსაც და ყველასაც.
– როგორი მეუღლე ხარ?
– ზოგჯერ ცუდი ვარ, ვაბრაზებ. მეუბნება, ზოგჯერ რა აუტანელი ხარო. ძირითადად ვაკონტროლებ თავს და ვცდილობ, ბოლომდე კარგი ვიყო.
– როგორც მივხვდი, საკმაოდ ყურადღებიანი მამა ხარ.
– გადართული ვარ ამ ამბავზე – დაძაბული, 24 საათი ვფიქრობ რა გავაკეთო, იმიტომ, რომ ბავშვს ათასი რამ სჭირდება. თუ პასუხისმგებლობა გაქვს, გაინტერესებს როგორ გარემოში გაიზრდება შენი შვილი, დაჩაგრული რომ არ იყოს და ეს თუ გაღელვებს, ეცდები, მას კომფორტი შეუქმნა, მერე რომ არ გითხრას – ეს როგორ გამზარდეო. ვეცდები, კარგი მამა ვიყო. მეგობრების შვილებს რომ ვუყურებ, ვიცი – რა, როგორ უნდა გავაკეთო, გამოცდილება მაქვს და შვილის აღზრდის იდეალურ მეთოდს გამოვნახავ.
– ისე, ბოლო დროს თუ გიმართლებს?
– ერთ რამეში დავრწმუნდი, ჩვენს ქვეყანაში ერთი აკეთებს რაღაცას და იმის მაგივრად სხვას აფასებენ. ბევრი მცდელობა მქონდა, უბრალოდ, არ მახასიათებს ისეთი რაღაცეები, რომ ვინმესთან მივიდე და რაღაც ვთხოვო. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ჩემი დირექტივებით, თუნდაც გზები რომ მოწესრიგდა. ეს მაღელვებდა, ხმამაღლა ვყვიროდი და რომ კითხულობდნენ, ხვდებოდნენ, სად უნდა ყოფილიყო შუქნიშანი, სად უნდა გაეკეთებინათ გზა. ასე იყო ბევრი რაღაც, მაგრამ სხვები ფასდებიან, ეს არის ჩვენი ერის ტრაგედია.
– გენატრება ძველი პერიოდი, ის დრო, როდესაც ყველა შენზე ლაპარაკობდა?
– არა, იმ დროსაც იყო სირთულეები და უკმაყოფილო ვიყავი. ბევრი მაძაგებდა, ზოგს შურდა ჩემი წარმატების. თუნდაც იარლიყების მოწებება მთავრობასთან ურთიერთობაზე. დღეს ის ადამიანები, რომლებიც ამ იარლიყებს მაკრავდნენ ნებისმიერ სამინისტროში კარის მოსამსახურეები არიან და სხედან თბილად. მე ყოველთვის ჩემს საქმეს ვაკეთებდი, ვაკეთებ და ვერავინ მეტყვის, რომ რაღაც არასწორად გამიკეთებია.
– რამეს შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?
– უბრალოდ, აქედან წავიდოდი. რამდენიმე წლის წინ მქონდა შანსი, ამერიკაში წავსულიყავი, მაგრამ უარი ვთქვი, პატრიოტიზმის გამო. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ბლეფია. უნდა მიხედო საკუთარ თავს. ყველას ვურჩევ, რომ სადაც მეტი სარგებელი იქნება, იქ წავიდეს.
– გულგატეხილი ხარ.
– იმიტომ ვარ გულგატეხილი, რომ როცა მინდოდა, წინ და წინ წავსულიყავი, ყველაფერი პირიქით, უკან-უკან მიდის. პროფესიას ვერ შევიცვლი, ვერ გავაკეთებ იმას, რაც არ მიყვარს. არადა, როდესაც შენს საქმეს აკეთებ და აქედან გამომდინარე უფრო კარგად ხარ, ეს ძალიან სასიამოვნოა.
– ამ გადასახედიდან რას ფიქრობ, მაინც რით მოგხიბლა მეუღლემ?
– ყოველთვის მიკვირდა, რომ ლამაზი გოგონების შინაგანი მხარე გარეგანთან არაადეკვატური იყო. ამიტომ ვერც ერთ ლამაზ გოგონას ვერ ვუგებდი. მისი სილამაზე სხვაგან იყო, შინაგანად კი კაცი იყო, რაღაც ამოუცნობი არსება. ტანიაში ის მომეწონა, რომ მისი გარეგნობა, სილამაზე და შინაგანი სამყარო შერწყმულია და ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ასეთი თავმდაბალი, უბრალო და წესიერი იქნებოდა. ამ ყველაფერმა კი ჩემში ინტერესი, ლომი გააღვიძა.
– რას აკეთებდა ეს ლომი?
– ნადირობდა. როცა გადავწყვიტე ყველაფერი, მერე შევეცადე, საკუთარი თავი წარმომეჩინა. მან ეს ყველაფერი დაინახა. კაცს ცოტა უხეში ხასიათი უნდა ჰქონდეს, ქალმა უნდა დაინახოს, რომ ის საკუთარ თავზე რაღაცას იღებს.
– ჩემი აზრით, ძალიან დასაფასებელია, როდესაც ადამიანი სიყვარულისთვის ყველაფერს ტოვებს და შენთან მოდის.
– არ ვარ ბუნებით დიქტატორი, თავიდანვე ყველაფერი ვუთხარი. ჩვენი ურთიერთობა სასწორზე დავაყენე, არჩევანის საშუალება მას მივეცი. იმ დღესვე მითხრა, პრობლემა არ არის, შენთან ვარო და ამით დიდი ბედნიერება მომანიჭა. მიხარია, რომ ჩემ გვერდით არის.