როგორ გახდა ირანი „მერსედესის“ მფლობელი და როგორ მოახერხა ევროპულ კონცერნებში ნავთობით ნაშოვნი დოლარების დაბანდება
საქართველო-აზერბაიჯანის სამომავლო კონფედერაციული გაერთიანების შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ ტექნიკური დეტალებია შეთანხმებული (ასე ბრძანა ქ-ნმა კალანდაძემ), თუმცა სავსებით ბუნებრივია, რომ ამგვარი გაერთიანებისადმი სომხეთს არცთუ დადებითი გრძნობები აღეძვრებოდა. კერძოდ, დამოუკიდებელი სოციოლოგიური ცენტრის, „სოციომეტრის“, დირექტორი აგარონ ადიბეკიანი მიიჩნევს, რომ ეს საქართველოსთვის თვითმკვლელობის ტოლფასია, თუ რატომ, ამის შესახებ თავად მოგვახსენებს.
– რა არგუმენტები გაქვთ თქვენი მოსაზრების სასარგებლოდ?
– თუ გავითვალისწინებთ, ამ ქვეყნების დემოგრაფიულ მდგომარეობას და მოსახლეობის რაოდენობას, სწორედ ასეთ დასკვნამდე მივალთ. მაგალითად, უკვე დათვლილია, რომ 12 თაობის შემდეგ გერმანიაში, ფაქტობრივად, აღარ იქნებიან გერმანელები და იცხოვრებენ მხოლოდ თურქები. თავის დროზე, ისინი შეადგენდნენ მილიონ-ნახევარს, ახლა კი უკვე ექვს მილიონს მიაღწიეს. რუსი მოსახლეობის შემცირების ტენდენციაა რუსეთშიც: 50 წლის შემდეგ მხოლოდ 80 მილიონი რუსი დარჩება, იმიტომ რომ ყოველ წელს მილიონი ადამიანით იკლებს რუსების რაოდენობა. ავიღოთ ამიერკავკასია: 20 წლის განმავლობაში 1959 წლიდან 1979 წლამდე, საქართველოში აზერბაიჯანელთა რაოდენობა ორჯერ გაიზარდა, ქართველების რაოდენობამ მხოლოდ 43 პროცენტით მოიმატა, სომხების რაოდენობა კი იგივე დარჩა, რადგან, როგორც ჩანს, მათი ნაწილი ან რუსეთში წავიდა, ან სომხეთში. ანუ საქართველოში აზერბაიჯანელთა რაოდენობრივი ზრდა ხუთჯერ მეტია, ვიდრე ქართველების. ამ ლოგიკით, უახლოეს 50 წელიწადში საქართველოში, დაახლოებით, 2 მილიონი ქართველი იცხოვრებს და გაიზრდება აზერბაიჯანელთა რაოდენობა, ცოტათი მუსლიმანი აჭარლების და, ალბათ, ქურთებისაც, რადგან ისინიც ქართველებზე უკეთ მრავლდებიან. შედეგად, მივიღებთ უცნაური დასახელების მქონე ქვეყანა „ჯორჯიას“, სადაც უმეტესობა იქნება აზერბაიჯანელი. თუ ამას დავუმატებთ საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის კონფედერაციას, კაპიტალისა და ხალხის თავისუფალ მიმოსვლას, ქართველების რაოდენობა კატასტროფულად შემცირდება. რამდენიმე წლის წინათ გამოვაქვეყნე სტატია ამიერკავკასიაში დემოგრაფიული ვითარების შესახებ და მივმართე თქვენს პრეზიდენტსაც: რაში გჭირდებათ მიწების დაბრუნება, საერთოდაც, ვისთვის აგროვებთ მიწებს, თუ ქართველები იქ არ იცხოვრებენ-მეთქი. იმავეს ვეუბნები ჩვენს ხელისუფლებას: რაში გჭირდებათ ყარაბაღი, დასავლეთ სომხეთი, თუ იქ არ იცხოვრებენ სომხები?! ჯერ ბავშვები უნდა გავაჩინოთ და შემდეგ ვიფიქროთ ტერიტორიებზე. ქართველები ერთხელ უკვე იდგნენ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე და რომ არა რევოლუცია...
– სოციალისტურ რევოლუციას გულისხმობთ.
– დიახ, მთელი საქართველო გახდებოდა ან სომხეთის, ან აზერბაიჯანელი თურქების პროვინცია. ამდენად, ეთნოსის ფიზიკური მდგომარეობა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, სწორედ ეს არის პირველადი, ყველაფერი დანარჩენი მეორადია. როდესაც ჩვენ ვიღებთ ქორწინებების რაოდენობას, ბავშვების რაოდენობას და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელს, მიგრაციას და ასე შემდეგ, აშკარაა, რომ საქართველოში ქართველები უმცირესობაში დარჩებიან. ქართული კულტურა და რელიგია ვერ ახერხებს აზერბაიჯანელების ასიმილირებას და ერთ დღესაც ეს ეთნოსი გადაგყლაპავთ. აზერბაიჯანელების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ მათ დემოგრაფიული ბომბები ჩადებული აქვთ ყველა ქვეყანაში, სადაც ისინი ცხოვრობენ.
– ნუ დავაბრალებთ ამას აზერბაიჯანს. ეს უფრო საბჭოთა ბომბებია?
– ინგლისში, საფრანგეთსა და გერმანიაში არ არის სოვეტიზმი, მაგრამ ფრანგების 20 პროცენტი უკვე შავკანიანია.
– ეს ბუნებრივი კანონზომიერებაა, ყოფილი მეტროპოლია, ნებსით თუ უნებლიეთ, ასე აგებს პასუხს ყოფილი კოლონიის ჩაგვრისთვის.
– ყველას თავისი პრობლემა და მიზეზი აქვს, მაგრამ ტენდენცია საერთოა. თუ ნაცია არ ფიქრობს საკუთარი ეთნოსის შენარჩუნებაზე, ის, ადრე თუ გვიან, გაქრება დედამიწიდან.
– თურქეთი ახსენეთ, მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკია მხოლოდ საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციაზე?
– თუ საქართველო და აზერბაიჯანი კონფედერაციულ ტანდემს შექმნიან და გავიხსენებთ, რომ აზერბაიჯანს თურქეთზე გასასვლელად ხელს უშლის სომხეთი, ესე იგი, საქართველო ხდება „პროხოდნოი დვორი“ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის. ბატონი სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამით განამტკიცებს ქართულ ეკონომიკას, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები. რა თქმა უნდა, მილსადენს შეუძლია, მოგცეთ ყოველწლიურად მილიარდ-ნახევარი დოლარის შემოსავალი, მაგრამ იმისთვის, რომ ოთხმა მილიონმა ქართველმა ევროპული სტანდარტებით იცხოვროს, საჭიროა 20-30 მილიარდი დოლარის შიდა პროდუქტი, ამიტომ საქართველოს პრობლემაა არა მხოლოდ ის, იქნება თუ არა სატრანსპორტო დერეფანი, თუმცა ესეც საჭიროა, არამედ ის, რომ უნდა გაზარდოს საკუთარი პოტენციალი. ისეთი სუსტი ქვეყნები, როგორებიცაა: საქართველო, სომხეთი, დანია, ლიხტენშტეინი, უნდა ინტეგრირდნენ უფრო მძლავრ ეკონომიკებში და იქ მონახონ საკუთარი ადგილი. ჩვენ ამ გაგებით კონკურენტები ვართ რეგიონში. საქართველომ უნდა გათვალოს, სად იპოვის საკუთარ თავს, სად გაყიდის თავის საქონელს, საიდან მოიწვევს არცთუ ძვირად ღირებულ სპეციალისტებს.
– სუსტმა ქვეყნებმა უნდა მოახერხონ თავიანთი ეკონომიკების ინტეგრირება ძლიერი ქვეყნების ეკონომიკებშიო. ერთი შეხედვით ჩანს, რომ სომხეთმა საამისოდ აირჩია რუსეთი, აზერბაიჯანმა – თურქეთი. საქართველოსთვის ვინ გეგულებათ? ირანი? მით უფრო, რომ ირანთან უვიზო მიმოსვლა გვექნება საცაა?
– რა შეუძლია, საქართველომ შესთავაზოს ირანს?
– მე მგონი, არაფერი, გარდა საკუთარი ბაზრისა, რომელიც არც ისე დიდია.
– თუ იცნობთ ირანულ კანონებს, გეცოდინებათ, რომ იქ იკრძალება კაპიტალის იმპორტი და ფირმებმა უნდა იმუშაონ მხოლოდ ადგილობრივი ტექნოლოგიებითა და ადგილობრივი მუშახელით. იცით, რომ „მერსედესი“ ირანს ეკუთვნის? მათ 15 წლის წინათ იყიდეს აქციების საკონტროლო პაკეტი. საერთოდაც, სად აბანდებენ ირანელები თავიანთ ნავთობდოლარებს? ან ყიდულობენ ტექნოლოგიებს ან მთელ კონცერნებს. ამიტომაც უყურებს ევროპა ასე ფრთხილად ამერიკა-ირანის ურთიერთობას, მათ შესაძლოა, დიდი ეკონომიკური პრობლემები შეექმნათ. იგივე ითქმის იაპონიაზეც, რომელსაც აქტიური სავაჭრო ურთიერთობა აქვს ირანთან და ამიტომაც არ იღებს ხმას ირანის წინააღმდეგ. ასე რომ, ეკონომიკა და ბირთვული სფერო განსხვავებული სიბრტყეებია. მაგრამ ისევე როგორც თურქეთთან, საქართველომ ირანთან ურთიერთობაშიც თავისი თავი უნდა იპოვოს. ვთქვათ, საკურორტო ზონა, მაგრამ რა შეიძლება, შესთავაზოთ იმაზე უკეთესი, ვიდრე თურქეთმა, ეგვიპტემ, საბერძნეთმა და ესპანეთმა?!
– თურქეთსა და ეგვიპტესთან დაკავშირებით იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენი ბუნება უკეთესია, სერვისის გაუმჯობესებაღა დაგვრჩა.
– მთელი დედამიწა ფიქრობს, რომ კალიფორნია ცხოვრობს სილიკონის ველების ხარჯზე, მაგრამ იქ ყოველწლიურად 65 მილიონი ტურისტი ჩადის და თითოეული ტოვებს 1 000 დოლარს, რაც, საბოლოოდ, არის ყოველწლიური 65 მილიარდი. საქართველოც მიდის ამ მიმართულებით. წელს ჩემი ოჯახი ურეკში ისვენებდა, კმაყოფილი არიან, იაფია, ყველანაირი პირობებიც შეუქმნეს, ანუ ეს უკვე რაღაცაა, მაგრამ ფული სხვა წყაროებიდანაც უნდა მოვიდეს. მეორე მხრივ, ისიცაა, რომ, რაც კარგად ცხოვრობს ადამიანი, მით უფრო ცოტა შვილი უნდა, რომ იყოლიოს. ამიტომაც სახელმწიფომ ისე უნდა ააწყოს თავისი სოციალური პოლიტიკა, რომ ეთნოსებმა შეძლონ საკუთარი თავის შენარჩუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგ ასწლეულში საქართველოსა და სომხეთზე მხოლოდ წიგნებს დაწერენ.
– სომხეთში მოსახლეობის 98 პროცენტი სომეხია, თქვენ რატომ გაქვთ იგივე პრობლემა?
– ჩვენ გვყავს იეზიდური თემი, რომლებიც 5-7-ჯერ სწრაფად მრავლდებიან, ვიდრე სომხები.
– მაგრამ ისინი, ალბათ, ძალიან მცირერიცხოვანნი არიან?
– ცოტანი არიან, მაგრამ გეომეტრიული პროგრესიით მრავლდებიან. ასე რომ, 50 000 ათი წლის შემდეგ გახდება 100 000, 20 წლის შემდეგ კი – 200 000. თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მაინც პლუსში ვართ, რადგან დიდი დიასპორა გვყავს და ისინი ბრუნდებიან. გასული საუკუნის 40-50-იან წლებში დაახლოებით 300 000 სომეხი ჩამოვიდა და მათი შთამომავლების რაოდენობა დღეს უკვე მილიონს აღწევს. თქვენ ძალიან მცირერიცხოვანი დიასპორა გყავთ. მართალია, მუსლიმანი ქართველები არიან თურქეთში, მაგრამ ისინი, ფაქტობრივად, აღარ არიან ქართველები. თურქეთში მუსლიმანი სომხებიც ცხოვრობენ, მაგრამ ისინი მეჩეთში დადიან და კულტუროლოგიურად სომხები აღარ არიან.
– საქართველოს ურჩევთ, რომ მონახოს თავისი ადგილი, მაგრამ რა ნახა სომხეთმა რუსეთთან კოოპერირებით?
– ჩვენ გვაქვს შიში, რომ, თუ თურქეთი შემოვა სომხეთში, როგორც ეს გასული საუკუნის 20-იან წლებში გააკეთა, მას ექნება უამრავი არგუმენტი, რომ დაამტკიცოს თავისი ქცევის მართებულობა. იმავეს გაკეთება შეუძლია ირანსაც. იტყვის, ეს იყო ჩემი ყოფილი ერევნის სახანო და აღადგენს თავის ხელისუფლებას. ეს შიში ყოველთვის არის და ჩვენ გვჭირდება ქოლგა, ასეთი ქოლგაა ჩვენთვის რუსეთი, რომელსაც ამ რეგიონში აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები და ჩვენ ყოველთვის ვიყავით რუსეთ-თურქეთის ომების მსხვერპლი. იგივე ხდებოდა, რაც თქვენთან. თქვენ იყავით ხან ოსმალეთის, ხან სპარსეთის და რუსეთის იმპერიების შემადგენლობაში. ამიტომაც ჩვენი მიზანია, რომ ჩვენს ხალხებს შეუქმნათ რაღაც პაუზა, რომ დაისვენონ და დააგროვონ პოტენციალი როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური და დემოგრაფიული. საბჭოთა დროს რაღაც მივიღეთ: განათლება, მეცნიერება, მაგრამ ეს ჩვენი არ ყოფილა, ეს იყო საბჭოთა. გასაგებია, რომ საქართველოს უნდა ევროპა, მაგრამ რომელი: გერმანული, ფრანგული თუ ინგლისური? რომელი ენა უნდა ისწავლოთ?
– ინგლისური. ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ოთხ წელიწადში ჩვენი ბავშვები ინგლისურენოვნები უნდა გახდნენო.
– შვეციური მოდელით, ბავშვები სკოლებში მეხუთე კლასამდე მშობლიურ ენაზე სწავლობენ, შემდეგ კი – ინგლისურად. შვეციას არ აქვს საშუალება, ჰქონდეს ბევრი უნივერსიტეტი, ამიტომ მათმა ბავშვებმა უცხოეთში უნდა ისწავლონ და იქ სწავლების წარმატების გასაღებია ინგლისური ენა. შვეციაში შეიმუშავეს კანონპროექტი, რომ პირველივე კლასიდანვე ინგლისურ ენაზე ესწავლათ, მაგრამ ნაციონალისტებმა დაბლოკეს. იგივე ხდება ჩვენთანაც, როდესაც ლაპარაკობენ სომხური ენის შენარჩუნებაზე. ამაზე მეცინება, რადგან ხალხს არ ესმის ენის სოციალური სტატუსი. ისრაელს საერთოდ არ აქვს სახელმწიფო ენა, უბრალოდ არის ერთი წესი: სახელმწიფო მოხელემ უნდა იცოდეს ივრითი. ამიტომ, თუ მინდა სახელმწიფო კარიერა, ვსწავლობ ივრითს, ხოლო, თუ მინდა, ვიყო ვაჭარი ან დახლიდარი, ვისწავლი იმ ენას, რომელიც დასჭირდება კლიენტებთან ურთიერთობაში. რაში სჭირდებათ ჯავახელ სომხებს ქართულის ცოდნა? ისინი მაინც ვერ ინტეგრირდებიან ქართველ საზოგადოებაში, ურთიერთობის იმ სისტემის გათვალისწინებით, რაც საქართველოშია, ანუ ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე მხოლოდ სუფთა ქართველი უნდა იყოს.
– რატომ? საგარეო საქმეთა მინისტრს ჰყავს ეთნიკურად სომეხი მოადგილე, შაშკინი, საერთოდაც, განათლების მინისტრია?
– საჩვენებლად ნებისმიერი ეროვნების კადრის დანიშვნა შეიძლება, მე სახელმწიფოს რეალურ მოწყობაზე ვლაპარაკობ, როდესაც ძალაუფლება, ფული და დიდება არ არის დამოკიდებული ეთნიკურ წარმომავლობაზე და მხოლოდ პიროვნების შესაძლებლობებზე. ეს არ არის არც საქართველოში, არც სომხეთში, არც აზერბაიჯანში და არც რუსეთში. ცხოვრება ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ქართულის ცოდნა წარმოადგენდეს ბუნებრივ აუცილებლობას და არა იმიტომ, რომ ეს ვიღაცას მოუნდა და შემოიტანა სკოლაში საგნად.
– ვერ დაგეთანხმებით, რომ ჯავახელ სომეხს არ სჭირდება ქართული, თუ არ სცილდება ჯავახეთს. არჩევნებში ხომ იღებს მონაწილეობას? თუ ასარჩევის პროგრამა არ წაიკითხა, როგორ უნდა მისცეს ხმა? ოდესმე ჩვენთანაც ხომ ჩატარდება არჩევნები, როდესაც ამომრჩევლები ხმას მისცემენ საარჩევნო პროგრამებს და არა ნომრებს?
– არის სხვადასხვა დონის ხელისუფლება. საკრებულოს დონეზე შესაძლებელია, აირჩიონ ისეთი ადამიანები, რომლებმაც არ იციან ქართული ენა, ენის ცოდნა არც რეგიონული დონის ხელისუფლებაშია აუცილებელი, მაგრამ სხვა საქმეა რესპუბლიკური დონის ხელისუფლება. საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ყველაზე ღრმა შეცდომა არის უნიტარული სახელმწიფოს შექმნის მცდელობა. საქართველოსთვის გამოსავალია ფედერაციული მოწყობა, როდესაც ფედერალური ხელისუფლება იქნება ქართულენოვანი, ადგილებზე კი შეეძლებათ, ილაპარაკონ ნებისმიერ ენაზე. პირიქით, ისინი უნდა ამაყობდნენ, რომ მრავალეთნიკური კულტურა და საზოგადოება ჰყავთ. როდესაც გამსახურდიამ დაიწყო ავტონომიების მოშლა, ამით ნაღმები გაიმზადეს.
– თქვენთვის ადვილი სათქმელია, იმიტომ რომ სომხეთს არანაირი ავტონომიები არ ჰქონია და, ამდენად, ეს არ არის თქვენთვის პრობლემა?
– მაგრამ გვქონდა პრობლემები, როდესაც აზერბაიჯანიდან სომხების გამოყრას მოჰყვა სომხეთიდან აზერბაიჯანელების გაყრა.
– რუსეთი და თურქეთი თავიდან ინაწილებენ ამიერკავკასიას. თქვენი აზრით, როგორ?
– თუ თურქეთი და რუსეთი დაუახლოვდებიან ერთმანეთს და საამისოდ ყველა პირობაა, აზერბაიჯანი იძულებული გახდება, რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობა იქონიოს და საქართველო ექცევა სამკუთხედში. მართალია, ზღვიდან რჩება გასასვლელი ევროპისკენ, მაგრამ საქართველოს არ ჰყავს ისეთი ფლოტი, რომ გაარღვიოს ეს წინააღმდეგობა. ამიტომ, ჩემი აზრით, საქართველომ უნდა მოახერხოს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, ისევე, როგორც უკრაინამ. ის ინარჩუნებს სახეს და ისე უახლოვდება რუსეთს. ჩვენ რუსეთის გარდა სხვა არჩევანი არ გვქონდა, თურქეთისგან ამერიკა ვერ დაგვიცავდა, იმიტომ რომ თურქეთი მისი უფრო ადრინდელი პარტნიორია.
– გასაგებია, რომ სომხეთს სჭირდება რუსეთი იმიტომ, რომ დაიცვას, მაგრამ ჩვენი პრობლემაც ის არის, რომ ჩვენ თავის დაცვა სწორედ რუსეთისგან გვჭირდება?
– აქ არის უამრავი ფორმა და არ მგონია, რომ თქვენ საუკეთესო აირჩიეთ. გამსახურდიას უნდოდა, დღესვე მიეღო ყველაფერი, არადა პოლიტიკოსი მეთევზეს ჰგავს, ჩააგდებს ანკესს და ელოდება ხელსაყრელ დროს. პოლიტიკოსი, რომელსაც ეჩქარება, გახდეს ნაციონალური გმირი, მსხვერპლად წირავს თავისი ქვეყნის ნაციონალურ ინტერესს. ვინც პირდაპირ მიდის მიზნისკენ, აუცილებლად მოიტეხავს კისერს, ვინც ზიგზაგებით ივლის მიზნისკენ, თავსაც გადაირჩენს და ქვეყანასაც. პოლიტიკოსმა მიზნისკენ მიმავალ გზაზე მარჯვნივაც უნდა გაუხვიოს და მარცხნივაც.
– მედვედევი იყო ერევანში, შემდეგ – ბაქოში. ანუ?
– ის ამბობს, აქ მე ვარ „ხოზიაინ“ და, თუ რამის გაკეთება გინდათ, მოდით და ჯერ ჩვენ გვკითხეთო. ოთხი მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს რუსეთში და მათ ერთ დღეში გამოაძევებენ რუსეთიდან, თუ რუსეთის ხელისუფლებას მოუნდება. ამ ოთხი მილიონი ადამიანის შენახვას კი ნამდვილად არ ეყოფა აზერბაიჯანული ნავთობდოლარები. ჩვენც დაახლოებით იმავე სიტუაციაში ვართ: სამი მილიონი სომეხი ცხოვრობს რუსეთში, მათგან მხოლოდ მილიონი – ლეგალურად. ის ორი მილიონი რომ გამოყარონ რუსეთიდან, ეს ჩვენთვის კატასტროფა იქნება. აი, ასეთია რეალობა, რომელსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ.
– მედვედევის ფორმულა გულისხმობს, რომ სომხურ-თურქული ურთიერთობა არ შედგება?
– პირიქით, შედგება. რუსეთის „დუმამ“ ცნო სომხების გენოციდი, ევროკავშირის ქვეყნებმაც, მხოლოდ თურქეთი და საქართველო არ ამბობენ არაფერს. ეს მთლიანად ცვლის თურქეთის პოლიტიკას. რუსულ-თურქული დაახლოების შემდეგ ჩვენი და თურქეთის ურთიერთობები უფრო „გლატკად“ წავა. მაგრამ არც გენოციდის აღიარებაა ჩვენთვის მთავარი საკითხი, მთავარია, ფიზიკურად შევინარჩუნოთ ჩვენი ეთნოსი.
– თუ საქართველო მოახერხებს გარღვევას ევროკავშირისკენ, ეს მთლიანად შეცვლის სურათს რეგიონში. არ მეთანხმებით?
– რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ევროკავშირი უძლიერესი მოთამაშეა ამერიკის შემდეგ. ამიტომაცაა რუსეთისთვის მტკივნეული საქართველოს დაკარგვა. მაგრამ ხომ ხედავთ, როგორ ჭიანურდება თურქეთის ინტეგრაცია ევროკავშირში?! ამას დასჭირდება ათწლეულები. ამ დროს კი შეიძლება, თვითონ რუსეთიც გახდეს ევროკავშირის წევრი, ამიტომ ჯერჯერობით ამოცანები აქ და ახლა უნდა გადავწყვიტოთ. ვთქვათ, საქართველო ინტეგრირდა ევროპაში და მერე რა?!
– როგორ, რა?! თქვენ ხომ იცით, რა დიდი სხვაობაა რუსულ და ევროპულ ღირებულებებს და ცხოვრების დონე-წესს შორის?
– ამას დასჭირდება თაობები, რომლებსაც სათანადო პირობები უნდა შევუქმნათ. ჩვენთან არის ასეთი საარჩევნო სურათი: არის ამომრჩევლის მესამედი, მოუსყიდველი, რომელიც მხოლოდ თავისი გემოვნებით აძლევს ხმას; მეორე მესამედი რაღაც გამორჩენას ელის ხმის მიცემით; კიდევ მესამედი კი მზადაა, გაყიდოს თავისი ხმა, რადგან მეტი არაფერი აქვს გასაყიდი. ასეთ პირობებში როგორ ვაიძულოთ ადამიანები, რომ სამართლიანად აირჩიონ? აი, სწორედ ეს არის პრობლემა.