რატომ აჯობა ეგვიპტურმა ხახვმა და ირანულმა ნიორმა სამცხე-ჯავახეთის კარტოფილს
იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოში წელსაც 300 000-400 000 ჰექტარი მიწა ტყუილუბრალოდ მოცდა, რუსეთში გაჩენილი ხანძრების გამო კი რფ-მ ხორბლის ექსპორტი შეაჩერა (საკუთარი მოსახლეობის გამოკვება გამჭირვებიაო), პურზე ფასმაც მოიმატა და ჩვენი ხელისუფლება აქტიურად ეძებს ხორბლის ალტერნატიულ მომწოდებლებს (თუმცა არც ხორბლის დათესვა გვაწყენდა). მეორე მხრივ, სიმინდი, ტრადიციულად, კიდეც ითესება და არც მოსავლის ნაკლებობას ვუჩივით (ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის სამყოფის). ამის მიუხედავადაც, გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ სიმინდის ჰიბრიდული თესლის შემოტანა იგეგმება. რატომ გახდა აქტუალური ახლა უკვე სიმინდის ახალი ჯიშის დანერგვა (თუმცა, არც მოსავლის ნაკლებობას ვუჩივით და არც ჩვენი სიმინდის თესლებს), მაშინ, როდესაც აგრარული ქვეყანა საქართველო დიდწილად სწორედ იმპორტირებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზეა დამოკიდებული? – თემაზე „საქართველოს მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე გვესაუბრება.
– რამდენჯერაა შემცირებული ნათესი ფართობების რაოდენობა საქართველოში?
– თუ გვაინტერესებს ამ ხელისუფლების აგრარული პოლიტიკა, მონაცემები უნდა შევადაროთ 2003 წელს, ანუ წინა პერიოდს და ეს ავსახოთ ციფრებში. 2003 წლიდან მოყოლებული, ნათესი ფართობები 80 პროცენტით შემცირდა. კერძოდ, ხორბლის ნათესი ფართობები – 2-ჯერ, სიმინდის – 1,5-ჯერ, ლობიოსი – 2-ჯერ, მზესუმზირის – 1,5-ჯერ, კარტოფილის – 2-ჯერ, ბოსტნეულის – 70-პროცენტით. არადა, სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია სასურსათო უსაფრთხოება, მით უმეტეს, რომ გლობალური დათბობა პირდაპირ ურტყამს სოფლის მეურნეობას. არსებობს გაეროს შეფასებები, რომელთა მიხედვითაც პერსპექტივაში შიმშილი მნიშვნელოვან პრობლემად იქცევა, მით უფრო, რომ დღეს უკვე მილიარდი ადამიანი შიმშილობს დედამიწაზე. ხანძრები, წყალდიდობები, როგორც გლობალური დათბობის შედეგი, ამცირებს ნათესების რაოდენობას. მოგეხსენებათ, რუსეთმა შეაჩერა ხორბლის ექსპორტი, უკრაინამ შეამცირა, იგივე გააკეთა კანადამ. ამიტომ, თუ შენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ხარ, კვების ძირითადი პროდუქტები იმდენი მაინც უნდა აწარმოო, რომ მინიმალურად დააკმაყოფილო საკუთარი მოსახლეობა გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს. თავის მხრივ, ნათესი ფართობების შემცირება პირდაპირ აისახა წარმოებაზე. იმავე პერიოდში ხორბლის წარმოება შემცირდა 4-ჯერ, სიმინდის – 60 პროცენტით, ლობიოსი – 20 პროცენტით, მზესუმზირის – 70 პროცენტით, კარტოფილის – 2-ჯერ, ბოსტნეულის – 2-ჯერ და ასე შემდეგ. ნებისმიერი გლეხი გეტყვით, რა ვაწარმოო, ჩემი არაფერი იყიდებაო, რადგან შემოდის იმპორტული იაფფასიანი, უხარისხო პროდუქცია, რომელმაც ნელ-ნელა, კონკურენციის პირობებში ამოაგდო და ჩაანაცვლა გლეხის მიერ წარმოებული პროდუქცია.
– რატომ არის იმპორტირებული პროდუქცია, მაინცდამაინც, უხარისხო?
– საქართველოს მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითუნარიანობის გამო ძვირად ღირებულ პროდუქციას უბრალოდ ვერ შემოიტან, რადგან არ გაიყიდება. ამიტომ, როგორც წესი, შემოდის ვადაგასული ან დაწუნებული, ან გენმოდიფიცირებული, ან რაღაც მიზეზებით იაფად ნაშოვნი პროდუქცია. გარდა იმისა, რომ ვანგრევთ ადგილობრივ მეურნეობას, ეს აისახება ჯანმრთელობაზეც და ამის სტატისტიკაც არსებობს. სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ხორბლის იმპორტზე დამოკიდებული გავხდით 92 პროცენტით; მცენარეული ცხიმების, ანუ ზეთების იმპორტზე – 83 პროცენტით, არადა რა უნდა ზეთის წარმოებას? მზესუმზირისგან მზადდება და ჩვენ კი ამდენი დაუმუშავებელი ტერიტორია გვაქვს?!
– „მზიურის“ ზეთს სანთლით ვეღარ იპოვი.
– დედოფლისწყაროშიც იყო ზეთის წარმოება, მაგრამ ზუსტად ვიცი, ისიც გაჩერდა. განვაგრძოთ ჩამონათვალი: ფრინველის ხორცის ექსპორტზე 76 პროცენტით ვართ დამოკიდებული.
– ქართული ქათამიც ძნელად მოსაძიებელია, უამრავი მარკეტი უნდა შემოიარო, რომ სადმე მიაგნო.
– შაქარს არ ვაწარმოებთ, მაგრამ 65 პროცენტით ვართ დამოკიდებული იმპორტზე; ღორის ხორცზე – 63 პროცენტით. არადა საქართველოში ყოველთვის მაღალ დონეზე იყო განვითარებული მეცხოველეობა. მეტიც, შემოგვაქვს ბოსტნეულის 26 პროცენტი! ნიორი – ირანიდან, ხახვი – ეგვიპტიდან.
– ეგვიპტეში რამე მოდის?
– ეტყობა, მოდის. რძეზე არაფერს ვამბობ. ესენი წერენ, რომ რძით მთლიანად ვიკმაყოფილებთ მოთხოვნასო, მაგრამ ტყუილია, რადგან შემოდის რძის ფხვნილი, რომელსაც შემდეგ აქ ასხამენ.
– ჩვენი წყალი ყოფილა.
– ერთადერთი პროდუქტი, რითაც თავს მთლიანად უზრუნველყოფდა საქართველოს სოფლის მეურნეობა, იყო სიმინდი და გული გამისკდა, როდესაც საინფორმაციო საშუალებებით მოვისმინე, რომ ფირმა „პიონერი“ შემოსულა. ეს „პიონერი“ გახლავთ უზარმაზარი ამერიკული კორპორაცია, რომელიც არის უფრო დიდი ტრანსნაციონალური კორპორაციის, „დიუპონის“, ქვედანაყოფი. ეს „დიუპონი“ ქიმიური მრეწველობის გიგანტია, რომელმაც ახლა აგრარულ სექტორში გენმოდიფიცირებაზე დაიწყო მუშაობა. ამერიკაში არსებობს უზარმაზარი გაერთიანება „სიცოცხლის ინდუსტრია“, რომელშიც შედის უმსხვილესი ტრანსნაციონალური კორპორაციები და ისინი ძირითადად სწორედ გენმოდიფიცირებულ პროდუქციას აწარმოებენ. „დიუპონი“ არის „სიცოცხლის ინდუსტრიის“ ერთ-ერთი ნაწილი. ისინი აწარმოებენ მსოფლიოს გენმოდიფიცირებული პროდუქციის დიდ ნაწილს, მაგალითად, სოიას 90 პროცენტს, ხორბლის 70 პროცენტს და ასე შემდეგ. საერთო ჯამში, ორი ტრილიონი დოლარი აქვს ბრუნვა, ანუ რეალურად ეს არის სახელმწიფო სახელმწიფოში. აი, ამ „სიცოცხლის ინდუსტრიაში“ შედის საქართველოსთვის ცნობილი ამერიკული კორპორაცია „მონსანტოც“, რომელიც 1996 წელს ჩუმად შემოვიდა საქართველოში და შემოიტანა უამრავი რაოდენობის გენმოდიფიცირებული კარტოფილის თესლი, რომლის დათესვაც სამცხე-ჯავახეთში უნდოდათ. არადა სამცხე-ჯავახეთი საბჭოთა კავშირის დროს აღიარებული იყო კარტოფილის უნიკალური, აბორიგენული ჯიშების მოსაყვან იდეალურ ადგილად. მაშინ პარლამენტში ვიყავით, ძალიან დიდი ბრძოლა მოგვიწია და „მონსანტო“ გავაძევეთ საქართველოდან. „მონსანტო“ მაგალითად იმიტომ მოვიყვანე, რომ ამ „პიონერს“, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შემოიყვანა, აქვს ლიცენზია „მონსანტოს“ გენმოდიფიცირებული პროდუქციის რეალიზაციაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ისტორია იმიტომ მოგიყევით, რომ როდესაც „პიონერის“ სახელი გავიგე, გამიჩნდა ეჭვი, რომ შემოტანილი სიმინდის თესლი არის „მონსანტოსი“. თუმცა საქართველოს ხელისუფლება თავს იკლავს, რომ არ არის გენმოდიფიცირებული და ეს ჰიბრიდული ჯიშია.
– რით არის უკეთესი სიმინდის ჰიბრიდული ჯიში იმაზე, რაც გვაქვს და რასაც ჩვენი გლეხი ყოველწლიურად თესავს?
– ნებისმიერი გენეტიკოსი გეტყვით, რომ ჰიბრიდულ ჯიშებს ახასიათებს ძალიან ცუდი თვისება: პირველ წელს გაძლევს მოსავალს, რომელსაც მეორე წელს სათესლედ ვერ გამოიყენებ და იძულებული ხარ, ეს თესლი ისევ იყიდო იმ ფირმისგან. ეს ნარკოტიკივით ტექნოლოგიაა, მუდმივად მასზე ხდები დამოკიდებული. არის კიდევ ერთი უცნაური რამ: გლეხებს ეუბნებიან, რომ ამ ამერიკული „პიონერის“ თესლს მოვლა არ დასჭირდება.
– ეს როგორ? ჩააგდებ მიწაში და თავისით მოგცემს მოსავალს?
– ხომ იცით, რომ ბუნებაში ასეთი რაღაცეები არ ხდება? თუ მიწა არ დაამუშავე, სარეველები სიმინდზე მაღალი გაიზრდება, ამიტომაც ამბობენ, სარეველები რომ არ გაიზარდოს, შხამქიმიკატები იყიდეთო, რომლებსაც იგივე ფირმა აწარმოებს. მე არ ვედავები ამერიკულ ფირმას, ეს მათი ბიზნესია და თავიანთ საქმეს აკეთებენ, შენ უნდა გქონდეს ჭკუა, რომ შენი სოფლის მეურნეობა მათ ბიზნესს არ გადააყოლო. მე გეკითხებით, რატომ უნდა დათესოს ქართველმა გლეხმა სიმინდის ჰიბრიდული ჯიში, როდესაც საქართველოში ყოველთვის არსებობდა უხვმოსავლიანი სიმინდის კულტურა?! ბოლო მონაცემებით, საქართველოში ერთ ჰექტარზე, ფაქტობრივად, მოუვლელობის პირობებში, 5 ტონა სიმინდი მაინც მოდის.
– ეს როგორი მაჩვენებელია?
– საქართველოს პირობებში ეს არ არის კარგი მაჩვენებელი, რადგან, თუ გექნება წყალი და კარგად მოუვლი, შეიძლება უფრო უხვი მოსავალიც მიიღო. მოგეხსენებათ, სელექციური მეცნიერება საკმაოდ განვითარებული იყო ჩვენთან და საქართველოში არსებობს ჯიშები, რომლებითაც ჰექტარზე 12-14 ტონა სიმინდის მოყვანაა შესაძლებელი. თავისთავად ეს ციფრები არაფერს ნიშნავს, ამიტომ გეტყვით მსოფლიო მაჩვენებლებს: ეგვიპტე მიიჩნევა ერთ-ერთ უხვმოსავლიან ქვეყნად სიმინდის თვალსაზრისით და ეს არის 8 ტონა ჰექტარზე. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც „მონსანტოსა“ და „პიონერის“ თესლებს იყენებენ, ჰექტარზე 8 ტონა მოსავალს იღებენ.
– მივყიდოთ „მონსანტოსა“ და „პიონერს“ ჩვენი სიმინდის ჯიშები. საქართველოს ბაზარი არ არის დიდი, რომ ამ ტრანსნაციონალურმა კორპორაციებმა რამე ხელშესახები მოგება ნახონ. რატომ შემოდიან?
– ტყუილად არ მოგიყევით კარტოფილის ამბავი. მათი მიზანია, მოსპონ რეალური კონკურენტები. თან პრესტიჟის საქმეცაა, რაც მეტ ქვეყანაში შევლენ, იმიტომ რომ პრობლემები აქვთ მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში, რადგან ევროპა არ უშვებს გენმოდიფიცირებულ პროდუქციას. ამიტომ ისინი, გარდა იმისა, რომ სპობენ ადგილობრივ კარგ, ბუნებრივ, აბორიგენულ ჯიშებს, ცდილობენ, იმიჯი შეიქმნან და, რაც შეიძლება, ბევრ ქვეყანაში იყვნენ წარმოდგენილი. არადა საქართველოს მთავრობის ინტერესი უნდა იყოს, რომ ხელი შეუწყოს იმ უნიკალურ ჯიშებს, რომლებიც საქართველოს გააჩნია და კონკურენტუნარიანია მსოფლიო ბაზარზე, წამოსწიოს გლეხიც და აგრარული სექტორიც, რაც გამოიწვევს თბილისში დემოგრაფიული სიტუაციის განმუხტვას. მაგრამ რეალურად უკუპროცესი მიდის: სოფლებში დემოგრაფიული კატასტროფაა, ახალგაზრდობა აღარ არის; ვინც დარჩენილია, გალოთებულია; მხოლოდ ასაკოვანი ადამიანები ჩიჩქნიან მიწას, რომ თავიანთთვის მაინც მოიყვანონ რაღაც. ასე რომ, ჩვენ რეალური კატასტროფის წინაშე ვართ. უნდა გითხრათ, რომ 2009 წლის მონაცემებით, საქართველოში სურსათის იმპორტი შეადგენდა 640 მილიონ დოლარის. 2004 წლიდან კი 3 მილიარდ 400 მილიონი დოლარის სურსათის იმპორტი განხორციელდა, იმავე პერიოდში ექსპორტმა კი 770 მილიონი დოლარი შეადგინა. საქართველოს მოსახლეობა წელიწადში საშუალოდ ერთი მილიარდი დოლარის სურსათს მოიხმარს, თუ იმპორტი შეადგენს 640 მილიონს, ესე იგი, 64 პროცენტით სწორედ იმაზე ვართ დამოკიდებული, შემოვიტანთ თუ არა გარედან პროდუქციას. ანუ, ხვალ რომ შეწყდეს პროდუქციის შემოტანა, საქართველო შიმშილის ზღვარზე დადგება. ყველაფერი იმდენად ძვირი ეღირება, რომ ადამიანები უბრალოდ ვერ შეიძენენ. ჩემი ეჭვით, საქართველოს ხელისუფლება მატერიალური ინტერესის გამო ანგრევს სოფლის მეურნეობას, რადგან იმპორტზე მათი საახლობლო ზის.
– ექსპორტზე რომ დასხდნენ, ეს არ მოიტანს მოგებას?
– ვერ დასხდებიან, საექსპორტო პროდუქცია გლეხმა უნდა აწარმოოს.
– ამათ გადაამუშაონ, ქსელი შექმნან, ხომ იქნება რაღაც საშუალებები? თვითონ გაიტანონ, თვითონ გაყიდონ?
– რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ: 2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ევროკავშირმა, რომელიც მანამდე ხუთი წლის განმავლობაში სწავლობდა საქართველოს აგრარულ სექტორს, საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზა ევროკავშირის ბაზარს გაგიხსნითო. ლაპარაკია 500 მილიონ ადამიანზე, თან ყველაზე მაღალ მსყიდველუნარიანზე! ოღონდ ხარისხის კონტროლი და ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა გააძლიეროთ და „შრომის კოდექსში“ შეიტანოთ ცვლილებები, რომ დაქირავებული ადამიანის შრომა დაცული იყოსო.
– ჩემზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როდესაც გავიგე, რომ ევროპა არ იღებს თავის ბაზარზე მონური შრომით მიღებულ პროდუქტს.
– ამათ კი რა გააკეთეს?! ხარისხის კონტროლიც საერთოდ გააუქმეს, ანტიმონოპოლიური სამსახურიც და „შრომის კოდექსში“ ისეთი ცვლილებები შეიტანეს, რომ დაქირავებულსა და დამქირავებელს შორის მონათმფლობელური ურთიერთობაა. ევროკავშირმა საპასუხოდ უთხრა, არ გდომებიათო, არადა სია იყო უკვე შეთანხმებული და 7 200 დასახელების პროდუქტზე იყო ლაპარაკი, საიდანაც უდიდესი ნაწილი აგრარული პროდუქცია იყო. ახლა რუსეთზეც ვილაპარაკოთ: მოგეხსენებათ, რუსეთს ემბარგო აქვს დაწესებული და ესეც ხელოვნურად მოხდა. ხარისხის კონტროლის სისტემა 2005 წლის ივნისში დაანგრიეს, როდესაც სამ კანონში შეიტანეს ცვლილება, მათ შორის ფიტოსანიტარული საკითხის დარეგულირებაში. ფიტოსანიტარია ყველა ქვეყანაში ყველაზე მკაცრად კონტროლდება. ამოწმებენ, რა შემოდის ქვეყანაში, რათა საზღვარზე არ შემოეპაროთ სოფლის მეურნეობისთვის მავნე სარეველა თესლები, მიკროორგანიზმები, მავნებლები და ასე შემდეგ. ანუ ყველა იცავს თავის აგრარულ სექტორს. ჩვენთან კი საერთოდ გააუქმეს საზღვრებზე იმპორტ-ექსპორტზე ყველანაირი კონტროლი. 2005 წლის 26 ივნისს ჩავატარე პრესკონფერენცია და განვაცხადე, ყველა ბაზარი ჩაიკეტება-მეთქი. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, რუსეთმა რამდენიმე დღის შემდეგ გააჩერა საქართველოდან მიმავალი ტრაილერები და მოითხოვა შესაბამისი სერტიფიკატები. არსებობს ოფიციალური მიმოწერა საქართველოსა და რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის. ისინი სთხოვენ, გავატარებთ, ოღონდ მოგვიტანეთ სერტიფიკატებიო, მაგრამ რას მიუტანდნენ, რაც არ ჰქონდათ?! სამსახურები უკვე გაუქმებული იყო. ადგა რუსეთი, ისარგებლა სიტუაციით და გამოაცხადა ემბარგო. მანამდე კი, ერთი თვით ადრე, რუსეთმა მოლდოვას მოსთხოვა საზღვრებზე ფიტოსანიტარული კონტროლის გამკაცრება, იმიტომ რომ შარზე იყო. ამის გამო საერთაშორისო სკანდალი ატყდა. შეუძლებელია, ეს არ სცოდნოდა ჩვენს ხელისუფლებას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც გააუქმეს ფიტოსანიტარული კონტროლის სამსახური. ანუ რუსეთს „აუწიეს“ „სატოპკე“ და იმათაც ჩაარტყეს. დღეს არც ევროკავშირის ბაზარია, არც რუსეთის და გაივსო ეს ქვეყანა ნაგვით.
– ამერიკის ბაზარს გვპირდებიან.
– ამერიკის ბაზარი გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე ევროკავშირის.
– ეს ამერიკული ფირმები თავის ქვეყანაში თუ ყიდიან თავიანთ თესლებს?
– როგორ არა. არსებობს ასეთი ორგანიზაცია: „განკითხვის დღის ბანკი“. უცნაურია, მაგრამ ნამდვილი ამბავია: ოფიციალურად ჰქვია „სვალბარდის მცენარეთა თესლების გლობალური ბანკი“. ბარენცის ზღვაში არის უზარმაზარი კლდე, რომელშიც გაკეთებულია დიდი გვირაბი და იქ ინახება ყველა უნიკალური მცენარის თესლი, მათ შორის, ჩვენი კარტოფილის, ბადრიჯნის, სიმინდის… მთელი მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი დასახელების თესლია. ეს ადგილი 1 000 კილომეტრითაა დაშორებული ჩრდილოეთ პოლუსს, იმიტომ რომ თესლები განსაკუთრებულ ტემპერატურულ რეჟიმში შეინახონ. კაცი იფიქრებს, რა კარგი საქმეა, ვიღაცამ იფიქრა, გადავარჩინოთო. მაგრამ ეს გაეროს ან ევროკავშირის დაფინანსებით კი არ ხდება, არამედ ამას აკეთებენ ზემოხსენებული: „პიონერი“, „დიუპონი“, ასევე, როკფელერის ფონდი (რომელმაც მოსპო აფრიკის სოფლის მეურნეობა და მილიარდები იშოვა ამაზე) და კიდევ ერთი ფონდი „სინჯენტა“, რომელიც გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე მუშაობს.
– ეს თესლები რისთვის სჭირდებათ?
– ინახავენ და გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც მოსპობენ მთელ აგრარულ სექტორს და ბუნებრივი პროდუქტებისადმი ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდება, გამოიყენებენ. ეს ყველაფერი მათი საკუთრებაა, დაპატენტებული აქვთ და ეს გახდება ტრილიონების შემოსავალი.