კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აიგო წესი ქართულმა ოპოზიციამ საკუთარი ხელით ზაფხულში


ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ტემპერატურა ლამის რეალური ტემპერატურის პირდაპირპროპორციულია (თუ უფრო ცხელი არა), თუმცა, ამის მიუხედავადაც, ქართული ოპოზიციის ძირითადი ბირთვი ავანსცენიდან გაუჩინარებულია (მხოლოდ აქა-იქ თუ გამოჩნდება ზოგიერთი მათგანი). აქედან გამომდინარე, ქართული ოპოზიცია თითქოს იმ მძინარე მზეთუნახავს დაემსგავსა, რომელიც ზღაპრული პრინცის კოცნას ელოდება გაცოცხლების იმედით. ღირს თუ არა ზღაპრული პრინცის მოლოდინი და მიიჩნევს თუ არა ეს უკანასკნელი ოპოზიციას საკუთარი კოცნის ღირსად, ამის გარკვევას კახა კაციტაძესთან ერთად შევეცდებით.


– მივა პრინცი მზეთუნახავ ოპოზიციასთან?

– პრინცი არ მოვა, მზეთუნახაობისაც რა მოგახსენოთ, იმიტომ რომ ბებრუხანაა და თანაც, იმ შავი სახლის მსგავს აკლდამაშია, მიშა სააკაშვილმა რომ აგვიშენა ყიფშიძისა და ჭავჭავაძის ქუჩების კუთხეში. ასე რომ, ეჭვი მაქვს, ოპოზიციის დაძინება სამუდამოა. თუმცა გაფართხალებები იქნება, აი, ისეთი „გოგია უიშვილში“ რომ არის, როდესაც გაგიჟებული მარინე საკუთარ ბავშვებს დაერევა. ყველაზე მძიმედ ჩამრჩა მეხსიერებაში ის ეპიზოდი, როდესაც პატარა ბავშვს გამოჭრის ყელს: ორიოდეჯერ გაასავსავა ხელი და ამოხდა უმანკო სულიო. დაახლოებით, ასე მოუვა ოპოზიციასაც, ოღონდ ვერ ვიტყვი, რომ ეს უმანკო სული იქნება. ეჭვი მაქვს, რომ ძალიან მანკიერი სული ამოხდებათ. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ იმსახურებენ ამ შეფასებას.

– აშკარაა, როდესაც აქტიურია პოლიტიკური ცხოვრება, მეტ-ნაკლებად „ტოკამენ“, მაგრამ ამ ზაფხულს ძალიან ინერტული გახდნენ, მიუხედავად იმისა, რომ გარე მოვაჭრეებისა და დევნილების პრობლემა საკმაოზე მეტად მწვავეა. სამოქმედო გეგმა არ აქვთ? პირადად მე ვეჭვობ, რომ უბრალოდ ისვენებენ და ამისთვის არ სცხელათ?

– ქართულ პოლიტიკას აქვს ერთი თვისება, რომელიც, ალბათ, სტალინური ხანიდან მოდის: ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ პოლიტიკას და სულ გვგონია, რომ არ შეიძლება, ასეთი სულელები იყვნენ ჩვენი პოლიტიკოსები, რომ სადღაც ჩუმად სხედან და რაღაცას თვლიან. მე თვითონაც მქონდა ასეთი ილუზიები, მაგრამ, როდესაც გენშტაბში ვმუშაობდი სტრატეგიული დაგეგმვის უფროსად, ახლოს გავეცანი, რა არის ჩვენი სახელმწიფო და უნდა ვუთხრა თქვენს მკითხველებს: ხალხო, ნუ გჯერათ, რომ სადღაც ვიღაც ზის და რამეზე ფიქრობს, ეცადეთ, მოძებნოთ ყველაზე მარტივი ახსნა. ამ შემთხვევაში ყველაზე მარტივი ახსნაა ყველაზე სწორი და ყველაზე მარტივი ახსნა კი ის არის, რაც თქვენ თქვით: ისვენებენ, რადგან მოსახლეობის აქტივობა არ არის იმდენად მაღალი, რომ ხელისუფლებას რაღაც გარიგება შესთავაზონ. ჩვენთან ამბობენ, რომ პოლიტიკა და ბიზნესი არ არის გაყოფილიო, ოღონდ, ჩვეულებრივ, ამაში გულისხმობენ, რომ პოლიტიკოსები ბიზნესების წილში სხედან, მაგრამ პოლიტიკა და ბიზნესი იმ თვალსაზრისითაც არ არის გაყოფილი, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან სხედან წილში. წარმოვიდგინოთ ასეთი რამ: არ არის ზაფხული, ხალხი ქუჩაში ვართ გამოსული და ვმართავთ მიტინგს სტადიონზე, ამ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში შედის ორი განცხადება, ერთი პარტია იქსისგან, მეორე – პარტია იგრეკისგან. პარტია იქსის განცხადებაში წერია: როგორც მოგეხსენებათ, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი გავსებულია მომიტინგეებით, ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ ვალდებულებას, რომ ორდღიანი ყვირილის შემდეგ ამ მომიტინგეებს ხელისუფლებისთვის უმტკივნეულოდ გავუშვებთ სახლებში. საპასუხოდ გთხოვთ, გადმოგვცეთ, 8 „ჯიპი“, 12 ოფისი, 15 კომპიუტერი და ასე შემდეგ. ახლა ვნახოთ პარტია იგრეკის განცხადება: შესავალი იგივეა, მაგრამ შემდეგ ვკითხულობთ – ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ამ საკითხზე მოგმართათ პარტია იქსმა, გთხოვთ დააკმაყოფილოთ ჩვენი მოთხოვნა, რამეთუ ჩვენ ვითხოვთ ორი „ჯიპით“, ერთი ოფისითა და სამი კომპიუტერით ნაკლებსო. ბუნებრივია, თემას ვაშარჟებ, მაგრამ ოპოზიცია ამას იმსახურებს, თან ეს ყველაფერი გაცილებით უფრო ადრე იყო ნათელი. 2009 წლის ივნისში „კვირის პალიტრას“ მივეცი ინტერვიუ, სადაც ვამბობდი, რომ ერთ წელიწადში ეს ოპოზიცია აღარ იქნებოდა; ჩვენ კიდევ ინერციით ვართ შეჩვეული ამ სახეებს, სწორედ ამ მედიაინერციის წყალობით აღვიქვამთ ოპოზიციად და მალე ესეც გაქრება-მეთქი. ამ ზაფხულში კი ის გააკეთეს, რომ…

– წესი აიგეს საკუთარი ხელით?

– ასე გამოდის. ისეთ აქტუალურ თემებსაც კი, როგორიც გარე მოვაჭრეებისა და დევნილების პრობლემებია, არ გამოხმაურებიან, თუ არ ჩავთვლით ალეკო შალამბერიძეს, ლაშა ჩხარტიშვილსა და რაღაც არასამთავრობო მოძრაობებს. განსაცვიფრებელი ის იყო, რომ ლაშა ჩხარტიშვილის პარტიიდან აქციებზე არავინ დადიოდა, ეტყობა, ისინიც ისვენებენ. მეორე მხრივ, თუ ოპოზიციას ის უნდოდა, რომ ხალხის ხარჯზე დაესვენა კაბინეტებში, აეწყო ოჯახი და კარიერა, მათ ეს უკვე გააკეთეს. მაგალითად, თორთლაძემ ჩვენს ხარჯზე აიწყო საქმე, პაატა დავითაიამაც. მეორე ფრონტი აგერ უკვე საკრებულოშიც გაიხსნა.

– „ქრისტიან-დემოკრატები“ ქუჩაში არ არიან, მაგრამ ამბობენ, რომ დადიან ბაზრობებზე და სწავლობენ გარე მოვაჭრეთა პრობლემებს.

– „ქრისტიან-დემოკრატები“, მიუხედავად იმისა, რომ კვაზიოპოზიციაა, ამათ ფონზე მაინც ჩანან. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არანაირი დაგეგმვა არ ხდება და მივდივართ უცნაურ აზრამდე: ესე იგი, საზოგადოებამ უნდა აიღოს თავის თავზე ის ამოცანა, რასაც ნორმალურ ქვეყანაში ოპოზიციური პოლიტიკოსები აკეთებენ.

– მაგრამ ეს ხომ ცუდი გამოსავალია? საზოგადოება, როგორც წესი, აგრესიულია?

– საზოგადოება ძალიან ნაკლებადაა განწყობილი რაციონალური გადაწყვეტილებებისკენ და, რაც მთავარია, კონცეპტუალური მუშაობისთვის. ოპოზიციის პასიურობის ფონზე ხელისუფლება თავისუფლადაა და ცეცხლზე ნავთს ასხამს. ასეთ ვითარებაში, ჩვეულებისამებრ, სარგებლობენ პოპულისტები და წამლეკავ ტალღას აგორებენ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ჩვენთან ასეთი პოპულისტებიც არ ჩანან.

– ხელისუფლებას, ბუნებრივია, უფრო ზუსტი ინფორმაცია ექნება იმის შესახებ, თუ სად ისვენებენ მათი პოლიტიკური ოპონენტები, ანუ ოპოზიცია, ამიტომ ხომ არ აირჩია ეს პერიოდი დევნილებისა და გარე მოვაჭრეების პრობლემის მოსაგვარებლად?

– რასაკვირველია. არსებობს ეჭვი, რომ ამ დევნილებისა და გარე მოვაჭრეების მიღმა ძალიან მნიშვნელოვანი დონის მაღალჩინოსნების ეკონომიკური ინტერესებია. გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს გამოჩნდება კიდეც. ისევ ოპოზიციას დავუბრუნდები: ჩემი სტუდენტობის დროს, გასული საუკუნის 70-იანი წლების შუაში, იყო ასეთი ანეკდოტი, მეგრელი ამბობს: რა უბედურებაა ამ მთავრობას საჭმელი არ აქვს, სასმელი არ აქვს, არაფერი არ აქვსო. დაიბარეს „კაგებეში“ და ეუბნებიან, 37 წელი რომ იყოს, კი იცი, რასაც გიზამდით, მაგრამ არ არის 37 წელი, ამიტომ გიშვებთ, წადი და აღარ გავიგოთ ასეთი ლაპარაკიო. გამოდის ეს მეგრელი და ამბობს, ტყვიაც არ ჰქონიათ ამ უბედურებსო. ჩვენი ოპოზიციაც, დაახლოებით, ასეა.

– რა მოვლენები გაუშვა ხელიდან ოპოზიციამ საგარეო პოლიტიკაში?

– პირველი ის, რომ ოპოზიციას უნდა ჰქონდეს რესპექტაბელური საგარეო იმიჯი, ისეთივე რესპექტაბელური, როგორიც აქვს ხელისუფლებას, იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს. ჩვენი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური იმიჯი არასახარბიელოა, მაგრამ ოპოზიციის საგარეო პოლიტიკური იმიჯი საერთოდ არ არსებობს. წარმოვიდგინოთ, ვინმე, დიდი სახელმწიფოს ხელმძღვანელი ჩამოდის, ხვდება ჩვენს ოპოზიციას და ეკითხება, როგორია საგარეო პოლიტიკური მოვლენების თქვენეული ხედვაო. რა პასუხს მიიღებს?! როგორი თავდაცვითი პოლიტიკა გაქვთო. რა პასუხს მიიღებს? არანაირს! თეორიულად კიდევ დარჩა ერთ-ორ პოლიტიკურ ფიგურას, და არა პოლიტიკურ ძალას, რესპექტაბელობის ელფერი, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ინერციული რესურსი დიდხანს არ ეყოფათ. მოკლედ რომ ვთქვა, თვისებრივად სხვა სიბრტყეში უნდა გადავიდეს პოლიტიკური ცხოვრება, თუმცა მეეჭვება, რომ ამ ოპოზიციას გადაწყობის უნარიც ჰქონდეს, მეგრელისა და ტყვიის არ იყოს. შიდა პოლიტიკური პროცესების ლოგიკა მოითხოვს ახალი ოპოზიციის ჩამოყალიბებას, ოღონდ ასეთი ოპოზიციის შექმნის დრო არ არის, ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე, რაც ხალხის მზარდ უკმაყოფილებას იწვევს.

– ხელისუფლებას აქვს საკადრო დეფიციტი, ოპოზიციასაც, როგორც ვხედავთ. ახლაც ხელისუფლების შიგნიდან ხომ არ უნდა ველოდოთ ოპოზიციური წარმონაქმნების შექმნას. ანუ ხელისუფლება შობს იმ ოპოზიციას, რომელიც მას სჭირდება პოლიტიკური ცხოვრებისთვის?

– ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი აზროვნებდეს კატეგორიით: სჭირდება-არ სჭირდება, თუმცა ხელისუფლება უფრო ახერხებს ამ კატეგორიებით აზროვნებას, ვიდრე ოპოზიცია, ოღონდ შორსმიმავლად გამთვლელი არც ერთია და არც მეორე. თქვენ, ალბათ, გულისხმობთ ხმებს ბოკერიასა თუ რურუას ოპოზიციაში გადასვლის შესახებ, შაშკინის შესაძლო გაპრემიერებას, რის ინდიკატორებიც უკვე გამოჩნდა. კერძოდ, ვგულისხმობ იმას, რომ სწორედ შაშკინი ჩავიდა დაზარალებული მაღაროელების სანახავად. ეს აშკარად სცილდება განათლების მინისტრის კომპეტენციას.

– უცნაური განცხადებაც გააკეთა. მაღაროელებს უთხრა, გავხსნით სასწავლებელს და ეს დაგეხმარებათ მუშაობაშიო. მაღაროელებს მუშაობაში, უპირველესად, დაეხმარება შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება და სოციალური დაცვის მექანიზმები?

– რასაკვირველია, მაგრამ მე ვგულისხმობ იმას, რომ დაზარალებულებთან ჩავიდა განათლების მინისტრი და გააკეთა განცხადება, რაც, თავისთავად, ნიშანდობლივია. მე არ ვიცი, რა ვითარებაა განათლების იმ სამ დაკავებულ მაღალჩინოსანთან დაკავშირებითაც, რომლებსაც ფულის გაფლანგვას ედავებიან, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლების შიგნითაც მიდის დუღილი. იმიტომ რომ შეუძლებელია, შექმნილმა კრიზისულმა ვითარებამ გავლენა არ მოახდინოს ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებზე. სხვათა შორის, თვით ისეთ მკვდარ ორგანოშიც კი, როგორიც პარლამენტია, რომელიც ისევე „გმირულადაა“ გარდაცვლილი, როგორც ოპოზიცია, რაღაც გაფართხალებებია მოსალოდნელი. ოღონდ ცოტა მოგვიანებით, რადგან ქართული პარლამენტი ყველაზე უსახელოდაა მკვდარი. ასე რომ, ეს ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება და ამას აქვს რამდენიმე მიზეზი: რეჟიმს არ აქვს არანაირი შიდა მხარდაჭერის რესურსი, არ აქვს გარე მხარდაჭერის რესურსი, ვერ წყვეტს ვერც ერთ სასიცოცხლო ამოცანას, არ არის ლაპარაკი ტერიტორიების დაბრუნებაზე, ყოველდღიურ ამოცანებს ვგულისხმობ; ვერ წყვეტს ფასების პრობლემას.

– იქნებ არ უნდა ფასების პრობლემის გადაწყვეტა? რთული დასაჯერებელია, უნდოდეს და ეს ჩვენი ბაზარი იყოს იმდენად თავისუფალი, რომ ვერ ახერხებდეს?

– მარტივი რამაა: ოპოზიციის ამ ქმედებების გამო რეჟიმს შეუძლია, იყოს მშვიდად. ის ფიქრობს, რატომ უნდა ვიწვალო, როდესაც შემიძლია, არ ვიწვალო?! მაგრამ ეს პრობლემები იზრდება და გროვდება. ეს ქვეყანა დამოკიდებულია გარე დახმარებაზე, თუ არ იქნება დახმარება, ეს მნიშვნელოვან პრობლემებს შექმნის.

– კუშნერის ვიზიტის დროს გაჩნდა ინფორმაცია, რომ კიდევ ნახევარი მილიარდით დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ შემდეგ ვერსად მივადევნე თვალი, რა ხდება. თქვენ თუ იცით რამე?

– იყო ამის შესახებ ლაპარაკი, მაგრამ შემდეგ არ დადასტურებულა. ის ოთხ-ნახევარი მილიარდი თავდება, ბოლო გადმორიცხვა 2011 წელს იქნება, მაგრამ ეს თანხა არ ეყოფა არსებულ პრობლემებს. ბოლო დროინდელ დაჭერებსაც ბიუჯეტის შევსებას უკავშირებენ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ერთადერთი რესურსი ინერციაა.

– გამოსავალი?

– სიტუაციას ტრაგიკულს ვერ ვუწოდებ, მე უფრო დრამატულს დავარქმევდი, უფრო ზუსტად, რევოლუციურს.

– მაგრამ რევოლუციური უკვე ტრაგიკულია?

– ფილოსოფიაში არსებობს რეალობისა და მოდალობის ცნებები. რეალობაა ის, რაც არსებობს, მოდალობა კი ჩვენი დამოკიდებულებაა ამ რეალობისადმი. რეალურ პროცესებს წარმართავს ლოგიკური კანონები. მათ შორის ერთ-ერთია საკმაო საფუძვლის კანონი, რომელიც ამბობს, რომ არაფერი ხდება საკმაო საფუძვლის გარეშე. სამწუხაროდ, რევოლუციურ სიტუაციას საკმაო საფუძველი აქვს, მიუხედავად იმისა, მოდალურად მოგვწონს თუ არ მოგვწონს. როგორც ცნობილმა ტერორისტმა ვალოდია ულიანოვმა ჩამოაყალიბა, ზედა ფენებს აღარ შეუძლიათ ძველებურად მართვა, ქვედა ფენებს კი აღარ უნდათ ძველებურად ცხოვრება, უბრალოდ არ არის ძალა, რომელიც ამას გადაიყვანს ჩვეულებრივ კალაპოტში, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ასეთი ძალა გამოჩნდება. საერთოდ, ყველა რევოლუციას, საბოლოო ჯამში, ხელისუფლება აწყობს თავისი არასწორი ქმედებებით და ეს არის ყველაზე საშიში პროცესი. მე ხელისუფლებაზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ოპოზიციასთან მიმართებაში ვხელმძღვანელობ პრინციპით, მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერსო, უბრალოდ კონსტატაციის სახით უნდა აღვნიშნოთ, რომ ოპოზიცია მიცვალებულია.

– რევოლუცია არ არის გამოსავალი, პირიქით, არა?

– ან დაგროვილი ენერგია აფეთქდება, ან წავა ეგრეთ წოდებული ენთროპია, ანუ სოციუმის დაშლა ცალკეულ უჯრედებად. ეს უფრო გრძელვადიანი პროცესია და მაშინ ვიქნებით იმ პროცესის მომსწრე, რომელიც ერთხელ უკვე მოხდა მეთხუთმეტე საუკუნეში, როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად. ჩვენ დაშლად აღვიქვამთ პოლიტიკურ დაშლას, მაგრამ თავდაპირველად სოციუმი იშლება უჯრედებად და გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ჯგუფები თავიდან ქმნიან სახელმწიფოს, ოღონდ უკვე სხვანაირს და სხვა საზღვრებში. 522 წელსაც იყო ქართული სახელმწიფოს გაუქმების შემთხვევა, მაშინ ირანელებმა გაგვაუქმეს. ამის შემდეგ ცოტა ხანს ლაზების სამეფომ „გაქაჩა“, შემდეგ მოვიდნენ არაბები და, რომ ნახოთ, ვინ აწერს ხელს არაბებთან ორმხრივი ხელშეკრულების სიგელს? არათუ მეფე, მთავარიც არ გვყავდა, დაახლოებით მანგლისის გამგებლის დონის პირი აწერს ხელს საქართველოს მხრიდან. სამწუხაროდ, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ აქამდე მიიყვანეს საქმე. კიდევ ერთი რამ უნდა დავამატო: მიდის ახალგაზრდების ბრეჟნევიზაციის პროცესი. რაღაცას იტყვის ჩვენი პრეზიდენტი და შემდეგ იწყება დიდი გარჩევა, რა იგულისხმა. როდესაც ბრეჟნევმა „მცირე მიწა“ დაწერა, გამოდიოდნენ საბჭოთა კრიტიკოსები და ამბობდნენ, აი, ამ სტრიქონში ეს იგულისხმა ჩვენმა ლეონიდ ილიჩმა, იმ სტრიქონში – ისო. ჩვენთან რეჟიმიც კომიკურია, ოპოზიციაც და ეს ორი კომიკური პერსონაჟი, საერთო ჯამში, იძლევა არა კომიკურ, არამედ ძალიან ტრაგიკულ სურათს.


скачать dle 11.3