რომელი სახელმწიფოს პრეზიდენტია მხილებული კანიბალიზმში და რატომ უწოდებენ მას ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ დიქტატორს მსოფლიოში
იგი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ცივსისხლიან დიქტატორად მიიჩნევა და მუდამ მაღალ პოზიციებს იკავებს „ყველაზე სასტიკ“ დიქტატორთა რეიტინგებში. ეკვატორული გვინეის რესპუბლიკის პრეზიდენტი ტეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგო ამ აფრიკული სახელმწიფოს სამუდამო პრეზიდენტია, რომელიც 1979 წელს, გადატრიალების შედეგად მოვიდა ქვეყნის სათავეში. რუბრიკაში სწორედ ამ აფრიკელი დესპოტი პრეზიდენტის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ცნობებს გაგაცნობთ.
* ის 1942 წელს დაიბადა აკოაკანში, ესპანურ გვინეაში. დამთავრებული აქვს სამხედრო აკადემია სარაგოსაში, ხოლო 1968 წელს ეკვატორული გვინეის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, იგი ლეიტენანტის ჩინს იღებს. ნგემა მბასოგო სხვადასხვა დროს ეკვატორული გვინეის კუთვნილი, ყველაზე დიდი კუნძულის, ბიოკოს გუბერნატორი, ციხის დირექტორი და ნაციონალური გვარდიის მეთაური იყო. 1979 წელს მისი ხელმძღვანელობით გვინეაში სამხედრო გადატრიალება მოხდა, რომლის შედეგად გადაყენებულ იქნა პრეზიდენტი ფრანცისკო მასიასა ნგემა ბიოგი, ტეოდოროს ალალი ბიძა, რომელიც გადატრიალებიდან ცოტა ხანში ტეოდოროს განკარგულებით დახვრიტეს. იმავე წლის ოქტომბერში ნგემა მბასოგო ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადეს. იმ პერიოდში ეკვატორული გვინეა ღარიბ და განუვითარებელ სახელმწიფოთა რიცხვში შედიოდა.
* ეკვატორულ გვინეაში პრეზიდენტის პიროვნების კულტი არსებობს, გვინეელებს იგი გათანაბრებული ჰყავთ ღმერთთან და მიაჩნიათ, რომ ტეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგოს მუდმივი კავშირი აქვს ცასთან და მას შეუძლია, დასაჯოს ნებისმიერი ურწმუნო ღმერთისტოლი რისხვით. საინტერესოა, რომ თვითონ პრეზიდენტი საკუთარ თავს მორწმუნე კათოლიკედ მიიჩნევს. პრეზიდენტის გაკულტებას კი გვინეაში ასე აღნიშნავენ: გადატრიალების თარიღის აღნიშვნის დღეს აბსოლუტურად ყველა გვინეელს აცვია მაისური პრეზიდენტის გამოსახულებით. ნგემა მბასოგოს ხალხში „დიადი კუნძულების ბიოკოს, ანობონის და რიო-მუნის ჯენტლმენს“ უწოდებენ, ხოლო თვითონ პრეზიდენტი საკუთარ თავს „შეფად“ მოიხსენიებს.
* ტეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგოს კანიბალიზმში ადანაშაულებენ. ამ ბრალდებას ისიც ამყარებს, რომ მბაოგოს ტომი – ფანგი, საიდანაც არის ის წარმოშობით, კანიბალიზმში რამდენჯერმე იყო მხილებული. აღსანიშნავია, რომ სამხედრო ოპერაციების დროს, არაერთი გვინეელი ჯარისკაცი იქნა შემჩნეული კანიბალიზმში, მაგრამ ამ ფაქტზე პრეზიდენტს არანაირი რეაქცია არ ჰქონია.
* ახლახან გავრცელდა ცნობა, რომ ტეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგოს კიბოს უკანასკნელი სტადია დაუდგინდა და აქტიურად განიხილება მისი მემკვიდრის საკითხი. პრეზიდენტობის უპირველეს კანდიდატად ტეოდოროს უფროსი ვაჟიშვილი ტეოდორ ობიანგ-უმცროსი ითვლება, რომელსაც ამერიკის მთავრობა კორუფციაში სდებს ბრალს. იგი ფლობს 35 მილიონ დოლარად შეფასებულ ფეშენებელურ ვილას მალიბუში. გარდა ამისა, 2005-2006 წლებში ტეოდორ-უმცროსმა საფრანგეთის ცენტრალური ბანკის გავლით ამერიკის რამდენიმე ბანკში გადარიცხა თანხა, რომელიც მან ეკვატორული გვინეის სოფლის მეურნეობის მინისტრობის პერიოდში უკანონოდ მიითვისა. გარდა ამისა, უმცროსი ტეოდორო განთქმული მექალთანეა, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს მალიბუში, რიო-დე-ჟანეიროსა და ლონდონში ატარებს. ცნობილია, რომ მას რომანი ჰქონდა ცნობილ ამერიკელ მსახიობ და რეპერ-ქალთან, ივთან. სწორედ ივის გულის მოგების მიზნით, ტეოდორიტომ, როგორც მას მოფერებით უწოდებენ, გვინეაში, 700 ათას დოლარად 2 კვირით იქირავა უზარმაზარი იახტა და ახალი წლის დადგომა რეპერთან ერთად აღნიშნა ხმელთაშუა ზღვაში. ასევე, ტეოდორიტო ფლობს უნიკალური ავტომობილების კოლექციას. მის ფარეხში დგას: ბენტლის, ლამბორჯინის, ბუგატის, მაზერატის ძვირად ღირებული მოდელები. საინტერესოა, რომ შვილის მსგავსად, ამერიკულ ბანკებში ინახავს ფულს ტეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგოც. მან სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ნაწილი მიითვისა და პირად ანგარიშზე გადარიცხა. ეს ქმედება კი იმით ახსნა, რომ ამით გადაარჩინა ფული კორუფციონერი ჩინოვნიკებისგან.
* 2004 წელს გავრცელდა ცნობა, რომ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის ვაჟი, სერ მარკ ტეტჩერი თანამზრახველებთან ერთად, ეკვატორულ გვინეაში მთავრობის სამხედრო გადატრიალების გზით შეცვლას გეგმავდა. ამის შესახებ პირველად, ეგვიპტურ პრესაში დაიწერა. კერძოდ, სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებმა ბიზნესმენმა მარკ ტეტჩერმა და ბრიტანული სპეცრაზმის ყოფილმა ოფიცერმა საიმონ მანმა, დაიქირავეს 70 მებრძოლისგან შემდგარი რაზმი, რომელსაც უნდა მოეხდინა გადატრიალება და ჩამოეგდო მმართველობიდან ტეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგო. თითქოს, მთავრობის შეცვლის შემთხვევაში, გვინეის სათავეში ტეტჩერის ახლობელი მოვიდოდა, რომელიც ქვეყნის მთლიანი სანავთობო რესურსის მართვას მას გადასცემდა. ეკვატორული გვინეა ხომ ცნობილია დიდძალი ნავთობ-საბადოებით. საინტერესოა, რომ ტეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგოს ვერსიით, გარდა ტეტჩერისა, გადატრიალების მოწყობაში მონაწილეობდნენ ამერიკული და ესპანური სპეც-სამსახურები.
* ესპანეთის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დააკავა, რუსეთის ორი მოქალაქე, ვლადიმირ და იულია კოკორევები, რომლებმაც ეკვატორული გვინეის პრეზიდენტის ტეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგოს პირადი საბანკო ანგარიშიდან, თაღლითური გზით, 26,4 მილიონი ამერიკული დოლარი მიითვისეს. გამოძიების მასალებიდან ცნობილი გახდა, რომ ტეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგოს გახსნილი ჰქონდა ანგარიში ესპანურ ბანკ „სანტანდერში“, სადაც ირიცხებოდა რამდენიმე მილიონი დოლარი. ამ ფულით პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები გეგმავდნენ შეეძინათ ვილები, სახლები, ბინები და ავტოფარეხები ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში. საინტერესოა, რომ რუსი ცოლ-ქმარი უძრავ-მოძრავი ქონების შესყიდვის ოპერაციას ესპანეთის ტერიტორიაზე ხელმძღვანელობდა მბასოგოს დავალებით და მათ შეხება ჰქონდათ საბანკო ანგარიშებთან. სწორედ მაშინ ითაღლითეს და მიითვისეს კიდეც თანხა. თუმცა, ესპანელმა სამართალდამცველებმა ისინი დააპატიმრეს.
* ეკვატორული გვინეის პრეზიდენტი ტეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგო პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ მსოფლიო ლიდერად ითვლება. მისი პირადი ქონება 400 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს და იგი ყველაზე მდიდარი მსოფლიო ლიდერების რეიტინგში მე-12 პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი მბასოგო პირადად აკონტროლებს ეკვატორული გვინეის ეკონომიკურ აქტივებს. მისი ოჯახის წევრები კი ქვეყნის ეკონომიკის მთავარი აქციონერები არიან.