კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტექნიკური შეცდომა



გილფორდი.



პოლ სენტინისთვის დღე წარმატებული გამოდგა, თუმცა, ძალიან დამღლელი და გრძელი. საათის ისრები უკვე თორმეტის ნახევარს უჩვენებდა. სურდა, სახლში შუაღამემდე მისულიყო. მანქანას წყნარ, გვერდითა გზატკეცილზე მიაქროლებდა. გზა სრულიად თავისუფალი ჩანდა. ასეც იყო, ვიდრე წინ ერთი მანქანა არ დაინახა.

ჯერ შუქი გამოჩნდა. თავიდან არანაირ სერიოზულ საფრთხეს არ გრძნობდა. თუმცა, როდესაც მიხვდა, რომ შემხვედრი პირდაპირ შუა გზაზე მოქროდა, უკვე გვიან იყო. მან საჭე მარჯვნივ მკვეთრად მოატრიალა, მაგრამ მაინც დააგვიანა – შემხვედრმა მანქანამ უკანა მარცხენა ბორბალთან დაარტყა. მანქანის უკანა ნაწილი გასრიალდა, შემდეგ, თითქოს მიზიდულობის ძალას დასცინაო, მანქანა გადაბრუნდა, მაღლა ავარდა და სენტინი სალონიდან ამოისროლა.

თავიდან ტკივილი არ უგრძვნია. ნელ-ნელა მიცურავდა ტალახში, სადღაც ქვევით. შემდეგ გაუნძრევლად იწვა და მის ირგვლივ მთელი სამყარო გაიყინა. შიში, რომელიც კატასტროფის წინ დაეუფლა, ახლა შორეული და არარეალური ეჩვენებოდა. ვერც სიკვდილზე ფიქრმა შეაშფოთა.

ცოტა ხანში საუბრის ხმა გაიგონა და იმ ადამიანებზე დაფიქრდა, რომლებიც შემხვედრ მანქანაში ისხდნენ, – ყოველგვარი სიბრაზის და თანაგრძნობის გარეშე.

– აქ არ არის, – ყმაწვილი კაცის ხმა იყო.

– ეტყობა, დარტყმამ შორს გადააგდო, – უპასუხა გოგონას ხმამ.

სენტინი ოფლში გაწურული და შიშისგან აკანკალებული ელოდებოდა. მათი ხმები არ მოეწონა. ეს ადამიანები არ ჰგავდნენ მათ, ვინც მას დაეხმარებოდა, მით უმეტეს, თუ იგი კვდება. თუ კვდება?! ამაში იგი უკვე დარწუნებული იყო. ტკივილს უკვე ყველგან გრძნობდა: სახეზე, მკერდზე, ფეხებზე და სადღაც ღრმად შიგნით. სწორედ ეს ტკივილი აიძულებდა, სიკვდილზე ეფიქრა.

– ჰეი!

იგი ფანრის შუქმა მოძებნა. გადაბრუნების თავიც კი არ ჰქონდა. რამდენიმე ნაბიჯი და ისინი, ორივენი, მის გვერდით იდგნენ.

– ცოცხალია, – თქვა გოგომ. – თვალები გახელილი აქვს.

– ჰო, ვხედავ...

– მაგრამ, დაჭრილია, – გოგო მუხლებზე დაეშვა. იგი ძალიან ახალგაზრდა იყო, ალბათ, 16 წლის და ძალიან ლამაზიც.

– თქვენ სერიოზულად ხართ დაშავებული? – ჰკითხა მან.

– ჰო... – მან მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ლაპარაკი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეეძლო. შემდეგი კითხვა ძალიან ანგარიშიანი მოეჩვენა:

– როგორ ფიქრობთ, თუ დახმარებას აღმოგიჩენენ, გადარჩებით?

იგი დაფიქრდა, თუმცა მაინც ვერ გათვალა.

– მე ვფიქრობ, რომ მოვკვდები, – უპასუხა და, როგორც კი ეს სიტყვები წარმოთქვა, მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, მიუტევებელი და სახიფათო შეცდომა.

გოგონას სახე რაღაც უცნაურად შეიცვალა. შემდეგ თანამგზავრს მიუახლოვდა.

– იგი კვდება, – წარმოთქვა დარწმუნებით.

– ასეთ შემთხვევაში ექიმის მოყვანის აუცილებლობაც არ არის, ხომ? – ბიჭს შეეტყო, რომ შვებით ამოისუნთქა.

– როგორც ჩანს.

– რა ვქნათ?

– არაფერი. უბრალოდ, დაველოდოთ. ბოლოს და ბოლოს, ვიღაც გამოჩნდება.

– და ჩვენ ქალაქში წავყვებით, ხომ? – ეტყობოდა, რომ ბიჭი ყველაფერში გოგოს ემორჩილებოდა.

– რა თქმა უნდა. ჩვენ აქ ექიმს გამოვგზავნით, მაგრამ იმ დროისთვის ეს კაცი უკვე მკვდარი იქნება. ჩვენ კი პოლიციაში წასვლა მოგვიწევს.

– პოლიციაში?

– ჰო, შენ ხომ კაცი მოკალი?

სენტინი მათ ფეხებთან იწვა. ისინი კი მასზე ისე ლაპარაკობდნენ, თითქოს იგი აღარ არსებობდა.

– არლენა... პოლიცია რას მიზამს? ეს ხომ უბედური შემთხვევა იყო!

– რა თქმა უნდა!

– ყველა უბედური შემთხვევა ვიღაცის გამო ხდება, – წარმოთქვა სენტინმა.

მათთვის ეს მოულოდნელობა აღმოჩნდა.

– რას გულისხმობთ? – ცოტა ხანში ჰკითხა ბიჭმა.

– იმას, რომ ეს უბედური შემთხვევა თქვენ გამო მოხდა, – სენტინი მათზე არ ბრაზობდა, იგი, უბრალოდ, დამნაშავეს ეძებდა.

– ვითომ რატომ, ჩემ გამო?

– თქვენ ჩემს გზაზე მოდიოდით.

– არლენა, მე მის მხარეს ვიყავი გადასული?

გოგომ ჩაიცინა. შეიძლება სენტინს, უბრალოდ, მოეჩვენა...

– მე საიდან უნდა ვიცოდე? ჩვენ ხომ...

გოგომ არ დაასრულა, მაგრამ სენტინი ყველაფერს მიხვდა – ისინი ერთმანეთს ეხვეოდნენ. ახლა კი მას, სენტინს მოუწევს ამის საფასურის გადახდა. მან ყველა სიტყვა სპეციალურად კარგად გამოკვეთა:

– თქვენ მოძრაობის საპირისპირო მხარეს მოდიოდით, ამიტომ ყველაფერში დამნაშავე თქვენ ხართ.

– პოლიცია რას მიზამს? – იკითხა ბიჭმა.

– მე რა ვიცი? – მოუჭრა გოგომ. ახლა ისიც შეშინებული ჩანდა.

– ეს ხომ უბედური შემთხვევა იყო. ასეთ შემთხვევებში მძღოლს მკაცრად არ სჯიან. ისინი დაიჯერებენ, რომ უბედური შემთხვევა იყო, თუ ეს კაცი არაფერს იტყვის.

– რაზე?

– იმაზე, თუ ვინ ვის მხარეს მოდიოდა. ბუნებრივია, იგი ვერაფერს იტყვის, თუ მოკვდება. ხვდები, არლენა?

– იგი ამბობს, რომ ისედაც კვდება.

– არ შეიძლება, მან ეს დანამდვილებით იცოდეს. ამაში ჩვენც ვერ ვიქნებით დარწმუნებული. იგი უნდა მოკვდეს, ეს აუცილებელია! – ბიჭი ისტერიის ზღვარზე იყო, – ამასთან ერთად, დაზღვევაც არ დაგავიწყდეს. სიკვდილი უფრო იაფი ღირს, ვიდრე დასახიჩრება. სადაზღვევო კომპანიები ინვალიდებს უზარმაზარ თანხას უხდიან. არც კი ვიცი, ამას ჩვენი დაზღვევა ეყოფა, თუ არა. თუ ეს კაცი არ მოკვდება და ინვალიდი დარჩება, შეიძლება მთელი ქონება დაგვიჯდეს. მამა მომკლავს!

სენტინი ტკივილს უკვე ვეღარ გრძნობდა, მხოლოდ სიბრაზე ეუფლებოდა. ისინი მის გადარჩენაზე კი არ ფიქრობდნენ, პირიქით, მის სიკვდილს ნატრობდნენ. ბიჭი გვერდით ჩაცუცქდა:

– თავს როგორ გრძნობთ? – ჰკითხა სენტინს, მაგრამ სენტინმა არაფერი უპასუხა. დიდად არ ეტყობა, რომ მოკვდება, – დაასკვნა ბიჭმა.

სენტინმა მწარე ტკივილი იგრძნო. ეტყობა, ბიჭმა ფეხი ჩასცხო. გოგომ შეშინებულმა წამოიყვირა:

– რას აკეთებ?

– იგი უნდა მოკვდეს. მე მივეხმარები! – ბიჭმა თითქმის იღრიალა.

– შენ რა, მოკვლას უპირებ? – გოგონას კიდევ შერჩენოდა რაღაც ადამიანური.

– ვერავინ ვერაფერს გაიგებს, – დაიწყო ბიჭმა. არგუმენტი დამაჯერებლად ჟღერდა. – ის ისედაც სასიკვდილოდაა დაშავებული. ყველაფერს უბედური შემთხვევით ახსნიან.

სიჩუმე ჩამოწვა.

– კარგი, ვინს...

ისინი მას ალბათ ცემაში მოკლავენ. იმ სიკვდილის, რომელსაც შეურიგდა კიდეც, არ ეშინოდა, მაგრამ ეს მასში ძრწოლას იწვევდა.

– არა! – იყვირა რაც ძალა შერჩენოდა. – არა!

– ფიქრობ, რომ ამის გაკეთებას შეძლებ? – გოგოს ხმა უკვე მშვიდად ჟღერდა, – ავარიის დროს თავი დაგირტყამს და სისხლით ხარ მოთხვრილი, თუ ამას ცემას დაუწყებ, მერე შენს ტანსაცმელზე დარჩენილ სისხლს გამოიკვლევენ და აღმოაჩენენ, რომ იქ სხვისი სისხლიცაა.

სენტინს იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა.

– ვიცი, რაც უნდა ვქნა, – ცოტა ხნის შემდეგ წარმოთქვა ბიჭმა. შემდეგ სადღაც წავიდა. მალე გოგო მიიხმო.

– იგი ხომ მანქანიდან ამოფრინდა? ჰოდა, ვითომ ამას თავით დაასკდა. ჩვენ, უბრალოდ, გვამის გადაადგილება მოგვიწევს. ვერავინ მიხვდება, რა მოხდა სინამდვილეში.

სენტინმა ნაბიჯების ხმა გაიგონა. თვალები გაახილა და დაინახა, რომ მათ რაღაც მძიმე და ბრტყელი მოქონდათ. ამჯერად აღარ უყვირია. ისინი თავზე წამოადგნენ. მძიმე და ბრტყელმა საგანმა, რომელიც ხელში ეჭირათ, ცა დაფარა.

მაშინ, თავისი ცხოვრების ბოლო წუთს, ის რაღაცას მიხვდა. ერთბაშად ყველაფერი სულერთი გახდა. „ასეა თუ ისე, მე მაინც მოვკვდები, – გაიფიქრა მან, – ასე ყველაფერი უფრო სწრაფად მოხდება, შეიძლება, უფრო იოლადაც. თუმცა, ეს მაინც მკვლელობაა!..“



* * *

სერჟანტი ვანეკი საგზაო პატრულიდან საკმაოდ გამოცდილი პოლიციელი იყო. მისი ეჭვები სულ უფრო ძლიერდებოდა, როდესაც იგი ორ ახალგაზრდას უყურებდა, რომლებიც მისი მანქანის გვერდით იდგნენ და მის ყველა მოქმედებას აკვირდებოდნენ. ბიჭს ვინსი ერქვა, გოგოს – არლენა. ისინი ისევე გამოიყურებოდნენ, როგორც საგზაო შემთხვევაში მოყოლილი ახალგაზრდების უმეტესობა, მაგრამ სერჟანტს მათში რაღაც აეჭვებდა. ამიტომ გათენებისთანავე ძებნა განაგრძო.

ცოტა ხანში ვანეკი ბიჭს და გოგოს მიუახლოვდა. მისი სახე კარგს არაფერს მოასწავებდა. ბიჭმა თავი ვერ შეიკავა:

– რაშია საქმე, სერჟანტო? რამე ხომ არ აღმოაჩინეთ?

– მიხვდი, შვილო, მკვლელი ვიპოვე, – წყნარად დაიწყო სერჟანტმა ვანეკმა, – ერთი, რომ – გვამი გადაადგილებულია და ირგვლივ მიწა დატკეპნილია; მეორეც, – ქვას ორი მხარე აქვს: ზედა და ქვედა. ზედა სუფთაა, წვიმისგან გადარეცხილი; ქვედა კი მიწით არის მოთხვრილი. ახლა კი, მიპასუხე: როგორ მოახერხა მისტერ სენტინმა, თავი ქვის ქვედა მხარეზე გაეჩეჩქვა?

თარგმნა

ნინო წულუკიძემ


скачать dle 11.3