მუზას ვერგაცდენილი ანუ „თევზაობა“
მერე რა, რომ ლადო ვარძელაშვილი ახალგაზრდა ასაკისაა, მისი პოლიტიკური ბიოგრაფია სიმწირეს ნამდვილად არ უჩივის, თუმცა, შესაძლოა, იმიტომაც, რომ ცეცხლივით დაუდგრომელია. ამიტომაც, სავსებით ლოგიკურია, რომ სწორედ მის ამ უნარ-ჩვევას შეესრულებინა გადამწყვეტი როლი მისი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად დანიშვნაში. შესაბამისად, დანიშვნისთანავე დასახა სამოქმედო გეგმა (ერთი ისაა, რომ მუზას, რომელმაც თავის დროზე „პატრიოტთა ბანაკები“ შთააგონა, მთლად საფუძვლიანადაც ვერ გასცდა. ან კი რატომ უნდა გასცდენოდა, როდესაც ლამის სწორედ ამან დაუდო საფუძველი მის ჩინოვნიკურ კარიერას?!). კერძოდ, ახალგაზრდული სტრატეგიის ახალი მიმართულებები მოხაზა და არც ის დაგვიმალა, რომ ახალგაზრდებს თევზაობას ვასწავლით და მათთვის ისეთი დათვური სამსახურის გაწევას, რაც ანკესის მიცემაა, არ ვაპირებთო. „თევზაობაში“ კი ახალგაზრდებისთვის თავშეყრის ადგილების შექმნა იგულისხმა (პირველ ეტაპზე ასეთი ცენტრი რვა იქნება), სადაც ახალგაზრდები, თურმე, ინგლისურსაც შეისწავლიან და კომპიუტერზე მუშაობასაც (ამ ინიციატივას კოჭებშივე ეტყობა, რომ პრეზიდენტისგანაა ნასესხები), ზედაც გადამზადდებიან (ოღონდ, აი, რა მიმართულებით, ის კი აღარ დაუკონკრეტებია). ხოლო, რაკი, როგორც მოგახსენეთ, ამ ყოველივეს „პატრიოტთა ბანაკების“ სუნიც უდის, მოგვახსენეს, რომ საზაფხულო სკოლებიც ამოქმედდება (თუმცა ისიცაა, არ დაუმალავთ, ეს მოდერნიზებული „პატრიოტთა ბანაკები“ იქნებაო).
გამომდინარე მარადიული შეგონებიდან: „ახალგაზრდობა – იმედი ხვალის“, იქნებ, მართლაც, გაიზარდონ პატრიოტები მოდერნიზებულ „პატრიოტთა ბანაკებში“ (და მერე რა, რომ პირადად მე მეეჭვება?!). თუმცა ჯერჯერობით შემდეგი სურათი იკვეთება: ახალბედა მინისტრის მოადგილეც გავიცანით (რაკი ინტერნეტსივრცეში ბ-ნი ვარძელაშვილის სამინისტროს ვერ მივაკვლიე, ამიტომ საინფორმაციო ვაკუუმი სატელევიზიო სიუჟეტით ამოვივსე), გვარად ავალიანი. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ეს ის ბ-ნი ავალიანია, სულ ახლახან თსუ-ის თვითმმართველობას რომ ამშვენებდა, მოდერნიზებულ საზაფხულო ბანაკებში თევზაობის შესწავლისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, არც ისაა გამორიცხული, ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო საქართველოს კომკავშირის ცეკას დაემსგავსოს.