კულინარიელები
„ნამდვილი ტერორისტი“
გასული კვირის საინფორმაციო გმირი, უდავოდ, ვერა ქობალიაა. შესაძლოა, იმიტომ, რომ სწორედ ქ-ნი ქობალიას დანიშვნამ გამოიწვია ყველაზე დიდი ვნებათაღელვა და როგორც ჩანს, ხელისუფლება თავად შეუდგა თავისი ნანინანატრი კადრის გაფიარებას. ალბათ, ამიტომაც, ლამის უთოც კი ქ-ნი ქობალიას საგმირო საქმეებზე დაგველაპარაკოს. ჰოდა, რაკი ასეა, არც პრეზიდენტს დაუმალავს, რომ სწორედ ქ-ნი ვერას მახვილ მზერას აღმოუჩენია პრეზიდენტის სასახლისთვის შეძენილი სამზარეულო და ყველასთვის (სახელმწიფოს პირველი პირიდან დაწყებული) „ნამდვილი ტერორიც“ მოუწყვია. ხოლო, რაკი მოუწყვია, პრეზიდენტს სამზარეულო სწორედ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისთვის გადაუცია (ის უფრო რაციონალურად მოახმარს ქვეყანასო. მოკლედ, რომ არ ყოფილიყო, ქ-ნი ქობალია უნდა გამოგვეგონებინა). თავის მხრივ, დიდხანს არც ქ-ნ მინისტრს უფიქრია: ის ამ სამზარეულოს გადაცემას იმ უფასო კულინარიული სასწავლებლისთვის აპირებს, სადაც დევნილთა შვილებმა უნდა ისწავლონ. ამ დაწესებულების ფიარიც პირველმა პირმა ითავა: კერძოდ, ბ-ნმა პრეზიდენტმა აგვიხსნა, რომ, რაკი დევნილებს კულინარიული უნარები გენეტიკურად მოსდგამთ, სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობა სწორედ მათი ამ უნარების წვრთნა-განვითარებაა. მეტიც, კულინარია ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიმართულებაც ყოფილა, იმიტომ რომ ქართული სამზარეულო მსოფლიომ უნდა გაიცნოს, რა თქმა უნდა, ყველაზე ნიჭიერების, ანუ დევნილთა შვილების დახმარებით.
მეორე მხრივ, ცნობილია, რომ ჩვენი მაღალჩინოსნები (იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ახლახან გამოვიდნენ სასკოლო ასაკიდან) უცხოეთში იღებენ განათლებას, ისევე, როგორც მათი შვილები. ხოლო, თუ ამას დევნილთა შვილებისთვის კულინარიის – სტრატეგიული მიმართულების – ჩაბარების ფაქტს დავამატებთ, მართლაც შეუძლებელია, არ იწამო, რომ სწორედ დიადი ქართული დემოკრატია აძლევს ადამიანებს სოციალური სტატუსის საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით მოპოვების საშუალებას (ბოლოს და ბოლოს, რას გააწყობენ მაღალჩინოსანთა შვილები, როდესაც, მოკალი და, კულინარიული ნიჭი გენეტიკურად არ გამოჰყვათ?!).