ოკუპაცია – შინაურულად
მართალია, თბილისიდან დევნილების გასახლება გაცილებით ადრე დაიწყო და საპროტესტო აქციებზე მათ მხოლოდ ორად ორი კინკილა პოლიტიკოსი დაჰყვებოდა (ისიცაა, რომ მოგვიანებით, ამ პროცესში „ქრისტიან-დემოკრატებიც“ ჩაერთნენ, ოღონდ, პოლიტიკური განცხადებების დონეზე), მაგრამ საპარლამენტო ოპოზიცია თავისი ანტიკრიზისული საბჭოიანად მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც ევროსაბჭომ საქართველოს ხელისუფლებას თითი დაუქნია (დევნილთა უფლებებს არღვევთო და, ზედაც, სასწრაფოდ შეაჩერეთ მათი გამოსახლებაო!). ამის შემდეგ საპროტესტო განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ბ-ნმა დავითაიამაც გააკეთა, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელსაც აუტყდა რეგიონებში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა და თვით პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოც შეიკრიბა (ბ-ნი თორთლაძის მეთაურობით). სხვათა შორის, იმ იმედით, რომ საბჭოს სხდომას ბ-ნი გილაურიც დაესწრებოდა – პრემიერ-მინისტრისთვის დევნილთა თემაზე პასუხის მოთხოვნას აპირებდნენ, მაგრამ, სულ ამაოდ, რადგან ბ-ნმა გილაურმა სამშობლო ორი კვირით დატოვა (სამუშაო ვიზიტით), ისე, რომ ანტიკორუფციული საბჭოსთვის ღია ბარათიც კი არ გაუგზავნია. შესაბამისად, ანტიკრიზისულ საბჭოში შეკრებილმა ოპოზიციონერებმა საქმე ერთმანეთს გაურჩიეს (ძირითადი შეხლა-შემოხლა ბ-ნ თორთლაძესა და „ქრისტიან-დემოკრატებს“ შორის მოხდა) თემაზე, უნდა აპატიონ თუ არა პრემიერ-მინისტრს საბჭოს სხდომაზე არმისვლა. „ქრისტიან-დემოკრატებს“ ქ-ნი გრიგოლია წარმოადგენდა და, ბუნებრივია, სიტყვიერ შეპაექრებაში ბ-ნ თორთლაძეს თეორიული შანსიც არ ჰქონდა (არც ჰქონია).
ასეა თუ ისე, დევნილთა გამოსახლების პროცესი შეჩერდა (უკვე გამოსახლებულებს, ცხადია, აღარაფერი ეშველებათ), ბუნებრივია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩარევის შემდეგ. მეორე მხრივ, იმავე ევროსაბჭოსგან საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნებას მოითხოვს (ზეწოლა მოახდინეთ ოკუპანტებსა და სეპარატისტებზე, რომლებიც დევნილთა უფლებებს არღვევენო). ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ დევნილისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მუდმივი საცხოვრებლიდან ოკუპანტი გამოაძევებს თუ დროებითიდან – საკუთარი ლეგიტიმური ხელისუფლება, ისიც ხომ არ შეგვედარებინა, ოკუპანტები უფრო არღვევენ დევნილთა უფლებებს თუ მათი მშობლიური ხელისუფლება?!