ოპტიმისტური ლოგიკა
ჩემი სკამი – ჩემთან!
წელიწადის დროის მიუხედავად, სამთავრობო ცვლილებები მოწყენილობის მოკვლის საშუალებაცაა და ენის მოფხანისაც. შესაბამისად, გასულ კვირასაც თვალგაფაციცებულნი ველოდით მორიგ სამთავრობო გადაადგილებას, თუმცა სუბელიანიც თავის სკამზეა (არსადაც არ მივდივარო, მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭო მისი მუშაობით უკმაყოფილო ყოფილა); ნიკა რურუაც (გავრცელებული ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადება თითქოს მაშინვე დაუწერია, რაც მეგობარი არჩილ გელოვანი დაუჭირეს), გოგა ხაჩიძეც (მიუხედავად გავრცელებული სამწუხარო ცნობისა, რომ მისი სავარძელი უიმედოდ წყალშემდგარია) და ბაკურ კვეზერელიც (რომელმაც უკვე იცის, რომ ძროხა მხოლოდ დედალი არსებობს). მხოლოდ ის მოხდა, რომ ჯანდაცვის მინისტრი თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად არა მხოლოდ დაინიშნა, არამედ ახალი რექტორის არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას. რაც, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, იმას ნიშნავს, რომ ბ-ნი კვიტაშვილი უკვე რექტორის სკამზეა. წესითა და რიგით, თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თსუ-ის დიდმა საბჭომ უნდა აირჩიოს, ამიტომაც გვამცნეს, რომ, თურმე, სწორედ დიდ საბჭოს მიუმართავს მთავრობისთვის, თსუ-ის რექტორის მოვალეობის შესრულებას მხოლოდ ბ-ნ კვიტაშვილს ვანდობთო.
ჩვენ, ბუნებრივია, არაფერი ვიცით, რა მოტივებით ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-სამეცნიერო ნაღები და არც ის, რა ლოგიკითაა შესაძლებელი ჯანდაცვის, თუნდაც, თავის დარგში საუკეთესო მინისტრისთვის ქვეყნის უპირველესი უმაღლესი სასწავლებლის ჩაბარება, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, ქ-ნი კალმახელიძე ციხეებს პატრონობს, ხოლო ქ-ნი ქობალია – ქართულ ეკონომიკას, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოვლენები ქართული საკადრო ლოგიკით ვითარდება.