მწვანე კუთხე
კითხვა: შესაძლებელია თუ არა ამარილისის გადარგვა და როგორი ნიადაგი სჭირდება მას?
პასუხი: ამ მცენარის გადარგვა შეგიძლიათ 2-3 წელიწადში ერთხელ, ადრე გაზაფხულზე თებერვალ-მარტში. ამარილისი კარგად ხარობს ოთახის პირობებში და მისი ნიადაგის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: თითო წილი თიხა-ყამირი, ნეშომპალა, ნაკელი და ნახევარი წილი მსხვილი სილა.
კითხვა: რით მრავლდება ფუქსია?
პასუხი: ფუქსია ძირითადად მწვანე კალმებით მრავლდება თებერვალ-მარტში. სადედე მცენარე იანვარში მოკლედ გაკრიჭეთ, ბევრი საკალმე ყლორტები რომ გამოიტანოს. ის დაფესვიანდება 15-20 დღეში. ამ დროს მცენარე მორწყეთ ზომიერად და ხშირად შეუმოწმეთ ნიადაგი.
კითხვა: როგორ დავაკალმოთ ლიმონი?
პასუხი: ლიმონის დასაკალმებლად უნდა აიჭრას 4-6 სანტიმეტრი სისქის ტოტები, სიგრძით – 10-12 სანტიმეტრი. დაფესვიანება ხდება თებერვალ-აპრილში, სითბოსთან ახლოს დადგმულ ქვიშიან ყუთში. კალამი უნდა ჩაირგოს ღრმად, მისი სიგრძის ნახევრამდე. დაახურეთ ზემოდან მინის ქილა და მორწყეთ ზომიერად. გაითვალისწინეთ, რომ ჭარბი მორწყვა იწვევს კალმის ლპობას. კალამი დაფესვიანდება ერთ თვეში, რის შემდეგაც უნდა გადარგოთ ვიწრო და მაღალ ქოთანში.
კითხვა: როდის ყვავის ყოჩივარდა და როგორ შევუწყოთ მას ხელი უკეთ ყვავილობაში?
პასუხი: თანამედროვე ყოჩივარდას მთავარი ღირსებაა ის, რომ ის ყვავის გვიან შემოდგომაზე, ზამთარში და ადრიან გაზაფხულზე, ანუ იმ დროს როდესაც ყვავილების ნაკლებობაა. უხვყვავილებიანი და ლამაზი ფერის ყოჩივარდას თესლი მიიღება მცენარეთა ხელოვნური დამტვერიანებით. მის ნიადაგში უნდა შედიოდეს ნეშომპალა და ყამირის ნარევი. მცენარე დადგით ნათელ ადგილას. ცნობილია ყოჩივარდას თეთრი, წითელი და ასევე მრავალი გარდამავალი ფერის ყვავილები. ზოგიერთი ჯიში იძლევა 30-50 ცალ ყვავილს და 20-30 წელიწადს ცოცხლობს. ყოჩივარდა იღუპება, თუ წყალი მოხვდა ტუბერს, ამიტომ რწყვა ქვემოდან უნდა ხდებოდეს. მცენარე პირველ ყვავილს, დათესვიდან 18 თვის შემდეგ გამოიღებს.
კითხვა: რა ტემპერატურაზე ვამყოფო სედუმი?
პასუხი: ამ მცენარეს მოსწონს ოთახის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში. იტანს გრილ ზამთარს, თუმცა ტემპერატურა 10 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს. ზაფხულში შეგიძლიათ, გარეთაც დადგათ.