რატომ მიიჩნევდა დედა-დედოფალი ნესტან-დარეჯანის ქორწინებას არაგვის ერისთავ ზურაბზე უთანასწოროდ და რითი დასრულდა ამ უკანასკნელის ცხოვრება
დედოფალი ნესტან-დარეჯანი ერთ-ერთი უარყოფითი პერსონაჟია საქართველოს ისტორიიდან. როგორც ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი გადმოგვცემს, ნესტან-დარეჯანის სილამაზე განთქმული იყო და მის მიმზიდველობას სასწაულებრივ ძალას მიაწერდნენო. გარდა ამისა, ის იყო ძალაუფლების მოყვარე და ავხორცი დედაკაციც. ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი პროფესორი ვაჟა კიკნაძე გვიამბობს, თუ რატომ დასთხარა ნესტან-დარეჯანმა იმერეთის მეფე ბაგრატს თვალები და რატომ აიძულებდა საკუთარ გერს, მასზე დაქორწინებულიყო.
ვაჟა კიკნაძე: თეიმურაზ პირველის ასული ნესტან-დარეჯანი 1614-1615 წლებში უნდა იყოს დაბადებული. იგი თეიმურაზისა და მისი მეორე მეუღლის ხორეშანის (ქართლის მოწამე მეფის, ლუარსაბ მეორის და) ასული იყო. თეიმურაზის პირველი მეუღლე – ანა გურიელის ასული, 1610 წელს ყელის სიმსივნით გარდაიცვალა. მისგან თეიმურაზს ორი ვაჟი – ლევანი და ალექსანდრე დარჩა, რომლებიც მოგვიანებით შაჰ-აბასმა სასტიკად დასაჯა.
ვერავინ იფიქრებდა, რა ბედი ელოდა დარეჯანს და როგორ უარყოფით როლს შეასრულებდა ის იმერეთისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ისტორიაში.
დარეჯანი თავდაპირველად ზურაბ არაგვის ერისთავისთვის მიუთხოვებიათ, თუმცა დედა-დედოფალი – ხორეშანი, ამ ქორწინებას უთანასწოროდ მიიჩნევდა.
– რატომ?
– მას ქალიშვილი ერისთავისთვის არ ემეტებოდა.
1629 წელს თეიმურაზ პირველსა და მის სიძეს, ზურაბ ერისთავს შორის დიდმა უთანხმოებამ იჩინა თავი. ამის შედეგად, თეიმურაზის ბრძანებით, მისი სიძე სიკვდილით დაისაჯა. ამ ფაქტიდან ძალიან მალე, თეიმურაზ პირველისთვის ნათელი გახდა, რომ, რადგან იმერეთის მეფე გიორგისთან, მასთან დაპირისპირებულმა გიორგი სააკაძემ ნათესაური კავშირი დაამყარა, ამით მის მეფობას საფრთხე შეუქმნა. ამიტომ, ქართლ-კახეთის მეფემ თავისი მშვენიერი ასული, ზურაბ არაგვის ერისთავის ცოლყოფილი დარეჯანი, იმერეთის მეფის ძეს, ტახტის მემკვიდრე ალექსანდრეს მიათხოვა. სწორედ აქედან იწყება დარეჯანის საოცარი ეპოპეა. მისი დედოფლობის ხანა ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდია ანარქიით მოცულ დასავლეთ საქართველოში.
1660 წელს ალექსანდრე მესამე – იმერთა მეფე გარდაიცვალა.
– ამის შემდეგ როგორ გაგრძელდა დარეჯან დედოფლის ცხოვრება?
– დარეჯანთან ალექსანდრეს მემკვიდრე არ დარჩა. პირველ მეუღლესთან, ანა გურიელთან შეძენილი ბაგრატი კი ალექსანდრეს მეფობისთვის შეუფერებლად მიაჩნდა და ის გურიაში, დედულეთში გააგზავნა. ტახტის მემკვიდრედ, ალექსანდრემ თეიმურაზ პირველის ძის, დარეჯანის უფროსი ძმის, დავითის ვაჟი – ლუარსაბი შეარჩია. მიუხედავად ამისა, ლუარსაბს არ ღირსებია ტახზე ასვლა, ვინაიდან ის ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. ამის გამო, ალექსანდრე იძულებული შეიქნა, ისევ ბაგრატის კანდიდატურაზე შეჩერებულიყო. შედეგად, ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ავიდა 15 წლის ბაგრატი, რომლის გაუბედურებაშიც დარეჯანმა დიდი როლი შეასრულა.
– რას გულისხმობთ?
– როგორც წყაროებიდან ჩანს, ბაგრატი სუსტი ნებისყოფის იყო და დარეჯანმაც ამით ისარგებლა. ფარსადან გორგიჯანიძის სიტყვებით რომ ვთქვათ: „დარეჯანი მეფეც იყო და დედოფალიცა.” დარეჯანის მიერ, ბაგრატის სრული იგნორირება იქიდანაც ჩანს, რომ წყალობის სიგელში ყოველთვის ჯერ დარეჯანი იხსენიება და შემდეგ ტახტის კანონიერი მფლობელი – მეფე ბაგრატი. ბაგრატის სრული კონტროლისთვის, დედინაცვალმა მას საკუთარი ძმის, დავითის ასული – ქეთევანი მიათხოვა. თუმცა, ამან მაინც ვერ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნები. სულ რამდენიმე თვეში, პატივმოყვარე და ინტრიგების მოყვარულმა დარეჯანმა ბაგრატს შესთავაზა, ქეთევანს გაშორებოდა და მასზე, ანუ საკუთარ დედინაცვალზე ექორწინა.
– რა რეაქცია ჰქონდა დედინაცვლის ამ შეთავაზებაზე ბაგრატს?
– ფრანგი ჟან შარდენის გადმოცემით, ბაგრატმა ამ წინადადებას ზიზღით უპასუხა, რის გამოც ამორალურმა დარეჯანმა სასტიკად იძია შური იმერეთის მეფეზე. შარდენი ამბობს, რომ დარეჯანმა თავი მოიავადმყოფა და ბაგრატი მოსანახულებლად მიიწვია. როგორც კი ბაგრატი დედინაცვალს ეახლა, ამ უკანასკნელმა დააპატიმრა და ქუთაისის ციხეში გამოკეტა.
– რა ბედი ეწია დატყვევებულ გერს?
– 5 დღის განმავლობაში მსჯელობდნენ მის ბედზე დარეჯანი და მისი თანამოაზრენი. დარეჯანის მხარდამჭერ დიდგვაროვანთა ნაწილს ბაგრატის სიკვდილით დასჯა სურდა, ნაწილი კი, მხოლოდ მის დაბრმავებაზე იყო თანახმა. საბოლოოდ, მას მართლაც დასთხარეს თვალები. როდესაც ბაგრატის დაბრმავების ამბავი დარეჯანის მამას, თეიმურაზს შეუტყვია, ის გაბრაზებულა და საკუთარი ქალიშვილი სასტიკად გაუკიცხავს. ამის შემდეგ, დარეჯანს მამისთვის იმერეთის ტახტის მართვა შეუთავაზებია. როგორც ჩანს, იგი ფიქრობდა, რომ ამით, ორ კურდღელს დაიჭერდა: ერთი, რომ მამის გულს მოიგებდა, და მეორეც, მისი საშუალებით იმერეთის გარდა ქართლ-კახეთზეც ექნებოდა გავლენა.
– მიიღო თეიმურაზმა ეს შეთავაზება?
– თეიმურაზ პირველმა ეს გეგმა არ მიიღო და ამიტომ დარეჯანმა იქორწინა ვინმე ვახტანგზე. ეს უკანასკნელი ბაგრატიონთა შორეული ნათესავი იყო, რომელსაც „ჭუჭუნაიშვილს” უწოდებდნენ. როგორც ჩანს, დარეჯანის ახალი მეუღლე საერთოდ არავითარი დადებითი თვისებით, ან ნიჭით არ გამოირჩეოდა. იმერეთის დიდებულები ჭუჭუნაიშვილის ტახტზე დასმით, შეურაცხყოფილნი დარჩნენ. მათი დიდი ნაწილი ავანტიურისტსა და ავხორც დედოფალს გადაუდგა და მედროვე მეფე-დედოფლის ტახტიდან ჩამოგდება განიზრახა. იმერეთის სამეფოს ელიტა ორ ნაწილად გაიყო: ქვემო იმერეთის თავადები დადიანს უჭერდნენ მხარს, ზემო იმერეთის თავადები კი, ქართლის მეფე ვახტანგ მეხუთეს, შაჰნავაზად წოდებულს. ყველა წყარო, როგორც ქართული, ასევე უცხოური, თანხმდება იმაზე, რომ ორივე პრეტენდენტი გამოემართა იმერეთის ტატხის დასაკავებლად. ქართული წყაროების ცნობით, მათ იმერეთი შუაზე გაიყვეს და საზღვარი მდინარე ბუჯისწყალზე გაატარეს.
ჟან შარდენის სიტყვებით, მეფე-დედოფალი – დარეჯანი და ვახტანგ ჭუჭუნაიშვილი დადიანმა შეიპყრო და ამ უკანასკნელს თვალები დასთხარა. ვამეყ დადიანს ქუთაისიდან 12 ურემი ოქრო-ვერცხლი გაუზიდავს. შარდენი იმასაც დასძენს, რომ იმერეთის მეფეთა სასახლე სავსე იყო ძვირფასეულობითა და მასიური ვერცხლის ნივთებით. ამიტომ, დადიანის მიერ ოქრო-ვერცხლის 12 ურმით გაზიდვა, ნამდვილად იყო შესაძლებელი. ვახუშტის ცნობით, უსინათლო ბაგრატის მომხრეებს (ანუ, იმერ დიდებულთა მესამე გაერთიანებას) ახალციხის ფაშისთვის მიუმართავთ დასახმარებლად და საკითხის მოსაგვარებლად. ახალციხის ფაშა ასლანს, დიდი ხვეწნა არ დასჭირვებია და ქუთაისს ჯარით მოსდგომია.
– ამის შემდეგ რა მოხდა?
– ამის შემდეგ ახალციხის ფაშამ დაატყვევა დარეჯანი, ვახტანგ ჭუჭუნაიშვილი და ქეთევანი – უსინათლო ბაგრატ მეფის მეუღლე. ვახუშტის მიხედვით, ვახტანგი, დარეჯანი და ქეთევანი ფაშამ ოლთისს წაიყვანა და იქ ციხეში გამოჰკეტა. იმერეთში კი კვლავ ბაგრატი გაამეფა. ვახუშტის გადმოცემის მიხედვით, სწორედ ამის შემდეგ გაუყვიათ ქართლის მეფე ვახტანგ მეხუთესა და ვამეყ დადიანს იმერეთი ორად. ამავე დროს, ისინი დამოყვრებულან კიდეც. ვახტანგის ვაჟს, არჩილს დადიანის ქალიშვილი დაუწინდავს.
ამის შემდეგ, ცოტა ხანში, სიტუაცია კიდევ უფრო აირია. ფაშასთან მყოფი დარეჯანი ვერ ისვენებს და ჭუჭუნაიშვილთან ერთად, მეფობა სურს. ამიტომ ის უამრავ თვალ-მარგალიტსა და ათასობით მარჩილ ვერცხლს (ფულის ერთეული) მიართმევს ფაშას და იმერეთის ტახტის დაბრუნებას სთხოვს. ამასთან ერთად, იგი ფაშას თავის ძმისშვილ ქეთევანს სთავაზობს ცოლად.
ქეთევანი ვახტანგ მეხუთემ დაიხსნა და თავის ვაჟს მიათხოვა. რაც შეეხება იმერეთის ტახტის საკითხს, 1668 წელს შემოდგომაზე ახალციხის ფაშა მართლაც დაიძრა დიდი ამალით ქუთაისისკენ. ვახუშტი განმარტავს: ეს ფაშამ მხოლოდ ფულისთვის კი არ გააკეთა, არამედ შეიტყო, რომ ქუთაისის ციხეში ორი წლის წინ შეყვანილი ოსმალები ქართველებს მთლად გაეწყვიტათ.
– როგორი წინააღმდეგობა გაუწიეს ამჯერად იმერლებმა ფაშას?
– მეფე ბაგრატი ქართლში გაიხიზნა, უპატრონოდ დარჩენილი იმერეთი კი ოსმალებმა აიკლეს და მრავალი ეკლესია-მონასტერი დაარბიეს.
ფაშას ამ ლაშქრობის შედეგად, დარეჯან დედოფლის ამბიციები მცირე ხნით დაკმაყოფილდა. ის და ვახტანგ ჭუჭუნაიშვილი კვლავ ქუთაისის ტახტს მართავდნენ. თუმცა, მათი ზეობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რამეთუ წყარო მოგვითხრობს: დედოფალმა ქუთაისის ციხე „იანიჩრებით” (ოსმალეთის მიერ ახლად შექმნილი ჯარის მეომრები) გაავსოო. ეს იმერლებს ძალიან სწყინდათ და ამბობდნენ: „ჭუჭუნაიშვილის და დედოფლის ყმობას რა გვრჯისო?!” საქმე იქამდე მივიდა, რომ დარეჯანს ერთგული ვეზირებიც კი განუდგნენ. ერთ დღესაც, როდესაც დედოფალი ქუთაისის გარეუბანში სოფრონ გელათელთან ერთად საქმეებს არჩევდა, მოულოდნელად ხოსია ახვლედიანი და სეხნია ჩხეიძე შეუვარდნენ სახლში. ისინი სოფრონ გელათელის წოდებასაც არ მოერიდნენ, ისიც დაიჭირეს და შეიპყრეს. დედოფალი კი გაკოჭეს და ქუთაისის ციხისკენ გააქანეს. ციხის მცველი ოსმალები წინასწარ იყვნენ მოსყიდულები და ამ საქმეში არ ჩარეულან. დიდების მოყვარე დედოფალი შუბით განგმირეს ციხის კართან, მის ქმარ ჭუჭუნაიშვილს კი, თავი მოჰკვეთეს.
ასე უსახელოდ დამთავრდა იმერეთს ამ მედროვეთა ზეობა. დარეჯანის ნეშტს, როგორც თეიმურაზის შთამომავალს, მაინც პატივი მიაგეს და ჯერ ქუთაისის ყოვლადწმიდის სახელობის ტაძრის კარიბჭეში დამარხეს, შემდეგ წელს კი, გელათში გადაასვენეს.
ამ დრამატულ ამბავს ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა მელიტონ ბალანჩივაძემ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ოპერა მიუძღვნა. პირველ ვარიანტში, ამ ოპერას „თამარ ცბიერი” ერქვა, მაგრამ მეოცე საუკუნის ოციან წლებში, კომპოზიტორმა დედოფალს თავისი ისტორიული სახელი აღუდგინა და ამიერიდან ოპერა „დარეჯან ცბიერის” სახელწოდებითაა ცნობილი.