რატომ დასრულდა კრახით ნინო ჩერნიშევა-კრუგლიკოვასა და ალექსანდრე ყაზბეგის ორმხრივი სიყვარული
ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე ბევრი საინტერესო თემის წამოჭრაა შესაძლებელი. ის იყო მთის ბატონის შვილი, რომელმაც იმდროინდელი გადასახედიდან საუკეთესო აღზრდა მიიღო. არც ეკონომიკურ სიდუხჭირეს განიცდიდა, – პირიქით, იყო სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული პიროვნება, რომლის გულიც რუსი ეროვნების ქალბატონს ნინო ჩერნიშევა-კრუგლიკოვას ეკუთვნოდა და მართალია, ეს ქალბატონიც თანაუგრძნობდა, მაგრამ მათი ქორწინება არ შედგა.
ჩვენი რესპონდენტი, ფილოლოგიის დოქტორი ნანა ლატარია, ნინო ჩერნიშევა-კრუგლიკოვასა და ალექსანდრე ყაზბეგის სიყვარულის უცნობ დეტალებსა და მათი ქორწინების ჩაშლის მიზეზებზე გვესაუბრება.
ნანა ლატარია: ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებების ბევრი სიუჟეტი მისი რეალური ცხოვრებიდანაა აღებული და თუ გავეცნობით ამ მწერლის დაუმთავრებელ მოთხრობებს, მრავალ უცნობ დეტალს შევიტყობთ მისი ბიოგრაფიიდან. დაუმთავრებელი მოთხრობები ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაში ბევრია, მაგრამ ძირითადად მაინც მკვლევართა ყურადღება მიიქცია, დაუმთავრებელმა რომანმა „ცხოვრების ჩარხი”, რომელიც ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. მასში ასახულია ალექსანდრე ყაზბეგისა და ნინო ჩერნიშევა-კრუგლიკოვას სიყვარულის ისტორია, რომელიც საბოლოოდ კრახით დამთავრდა.
1869-1870 წლებში ალექსანდრე ყაზბეგი ცხოვრობდა რუსეთში, სოფელ ჩერვლენოეში ჭავჭავაძეებთან, რომელთაც ცოლად ჰყავდათ მასალსკის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლის ნიკოლოზ შატიხინის ქალიშვილები: პრასკოვია, ნადეჟდა, მარიამი და ბარბარე.
– ალბათ, ამ პერიოდში გაიცნო ალექსანდრემ ნინო ჩერნიშევა-კრუგლიკოვა?
– დიახ. სწორედ ჭავჭავაძეებთან გაიცნო ყაზბეგმა ნინო ჩერნიშევა-კრუგლიკოვა, რომელიც იყო გრაფის ერთადერთი ქალიშვილი.
– ნინო თუ თანაუგრძნობდა ალექსანდრეს?
– თანაუგრძნობდა და ამას ადასტურებს ალექსანდრე ყაზბეგის წერილი დედისადმი, რომელშიც მოგვითხრობს, რომ ერთ დღეს ჭავჭავაძეებთან მამას მოუყვანია ნინო ჩერნიშევა-კრუგლიკოვა და დაუტოვებია. ალექსანდრეს მისთვის უთხოვია, რომ ფორტეპიანოზე დაეკრა ერთი ცნობილი სონეტი. ქალი დათანხმებია. როგორც კი მორჩა დაკვრას, ალექსანდრე ხელებზე საკოცნელად მივარდნია: „ნინო, მიყვარხარ, ნუთუ არ გრძნობ ამ ამბავს. ცოტათი შეკრთა ამ სიტყვებზედ, გაწითლდა, მაგრამ ხელი არ წამართო. კიდევა ვკითხე, ვუყვარვარ მეცა თუ არა. ამაზე მიპასუხა მღელვარებით: ისე, როგორც ჩემს სიცოცხლეში არავინ მყვარებია”, – ასე სწერდა ალექსანდრე დედას ნინოს შესახებ.
– მაშინ რატომ ჩაიშალა ეს ქორწინება?
– ამ კითხვის პასუხი უნდა ვეძებოთ ზემოთ აღნიშნულ ნაწარმოებში – „ცხოვრების ჩარხი”, სადაც ლიდია პავლოვნა ნინოს პროტოტიპია, თეიმურაზ ჭმუნვარაშვილი კი – ალექსანდრესი. ავტორი გადმოსცემს მათ სასიყვარულო ურთიერთობას, შეხვედრებსა და განშორების მიზეზს. პირველი ბზარი მათ ურთიერთობაში წარმოშვა თეიმურაზის უსაზღვრო სიყვარულმა სამშობლოსადმი. ამ კუთხით საინტერესოა ერთ-ერთი ეპიზოდი „ცხოვრების ჩარხიდან”, რომელშიც მოთხრობილია, რომ ნინოს, იგივე ლიდიას ოჯახში ერთ დღეს სტუმრად მოდის რუსი გენერალი, რომელმაც აუგად მოიხსენია ქართველები, რამაც თეიმურაზი ძალიან გააბრაზა. მან ქალს ბოდიში მოუხადა და ოჯახი დატოვა. მიუხედავად მამა-შვილის თხოვნისა, თეიმურაზი მას შემდეგ დიდხანს აღარ სტუმრებია მათ. თუმცა, ძალიან განიცდიდა სატრფოსთან განშორებას, მაგრამ დაბრუნება აღარ უცდია. მას სამშობლოს სიყვარული ამოძრავებდა და კარგად ესმოდა, რომ თუნდაც ამჯერად შერიგებულიყვნენ, მსგავსი პრობლემები მათ ურთიერთობაში კვლავ იჩენდა თავს, ვინაიდან ისინი სხვადასხვა ეროვნების შვილები იყვნენ. ამას ავტორი თავისებურად ასაბუთებს შემდეგი სიტყვებით: „არა, ჩვენ საერთო არა გვექნება რა, ჩვენ ვერ დავაფასებთ ერთმანეთის სალოცავს. ლიდიას არა სწამს ჩემის სიწმინდე....” როგორც აღვნიშნე, ეს პირველი ბზარი იყო, რომლის შემდეგაც იგი ისევ უბრუნდება ლიდიას, მაგრამ აქ მას წინააღმდეგობა გაუწია გაიძვერა მირონ პოღოსკომ, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობდა ლიდიას ხელში ჩაგდებას სიმდიდრის გამო. საინტერესოა, რომ ეს მირონ პოღოსკო მანამდე ლიდიას დედის საყვარელი იყო. ამიტომაც, მართალია, ლიდიას დედა კარგად ხვდებოდა მირონ პოღოსკოს განზრახვას, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში მის ცოდვებსაც ფარდა აეხდებოდა.
– ამის შემდეგ რა ხდება?
– ხდება ის, რომ თეიმურაზი, ანუ იგივე ალექსანდრე, მირონ პოღოსკოსთან ბრძოლაში მარცხდება და საბოლოოდ ჰკარგავს ლიდიას.
ნაწარმოები აქ წყდება. ნინოსთან განშორების შემდეგ სასოწარკვეთილი მწერალი საქართველოში ბრუნდება და მთლიანად იძირება შემოქმედებაში.
სხვათა შორის, მწერალი იგივე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას დამთავრებულ ავტობიოგრაფიული ხასიათის თხზულებაში „განკიცხული”. აქაც ვხვდებით „ცხოვრების ჩარხის” პერსონაჟის, თეიმურაზ ჭმუნვარაშვილის პროტოტიპს ლევანის სახით, რომელიც დამარცხდა თაღლით და გაიძვერა ადამიანებთან ბრძოლაში. ამ მარცხის მიზეზს კი ავტორი ხსნის ლევანის სიტყვებით: „სრულიად ათმა წელიწადმა განვლო, რაც ვებრძოდი ჩემს გრძნობას. სრული ათი წელიწადი გული მიდუღდა მათის გადახდის სურვილით, რომელთაც არც ჩემი ყმაწვილკაცობა შეიბრალეს, არც სამართლიანი მოთხოვნა მიიღეს მხედველობაში. გადალახეს ყოველისფერი, ფეხქვეშ გასრისეს მხოლოდ იმისთვის, რომ არ ვიყავ ძლიერი და გამოცდილი. ცხოვრების გარყვნილებას არ შევჩვეოდი. ყოველის ღონისძიებით ეცადნენ – შემზიზღებოდა კაცობრიობაც და მისი დებულებაც და შემძულდა კიდეც.” აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამავე მიზეზით დამარცხდა თეიმურაზიც – „ცხოვრების ჩარხი“. ის რაც ალექსანდრე ყაზბეგმა ვერ თქვა „ცხოვრების ჩარხში“, აშკარად გამოხატა წლების შემდეგ დაწერილ თავისსავე მოთხრობაში „განკიცხული“. ამდენად, ლევანის მონოლოგი ერთგვარი აღსარებაა მწერლისა თავისი უიღბლო სიყვარულის თაობაზე.
ნინოსთან განშორებამ ძალიან დიდი დაღი დაასვა ალექსანდრე ყაზბეგის შემდგომ ცხოვრებას. ეს სიყვარული ღრმა წყლულად შერჩა მის ფსიქიკას და გონების წინაშე ვალმოხდილი გრძნობის სიმძიმის ქვეშ იზნიქებოდა. მას დიდი გრძნობა ჰქონდა ნინოსადმი, მაგრამ სამშობლოს სიყვარულის მოვალეობა არ აძლევდა მასზე ქორწინების უფლებას. ამიტომ, მთელი ცხოვრება ამ გრძნობასა და მოვალეობას შორის ჭიდილში გალია, რამაც საბოლოოდ შეურყია ფსიქიკა. როგორც ვიცით, მწერალმა სიცოცხლე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაასრულა.
– რატომ ფიქრობთ, რომ „ცხოვრების ჩარხში” ასახული სიუჟეტი ავტობიოგრაფიულია?
– ალექსანდრესა და ნინო ჩერნიშევა-კრუგლიკოვას სიყვარულის შესახებ არსებობს უტყუარი საარქივო მასალები. პირველი – თამარ მამუკას ასულ ჭავჭავაძის „მოგონება ყაზბეგზე” (რუსულად); მეორე ნადეჟდა ჭავჭავაძის „ჩემი მოგონება” (რუსულად 1887 წელი); მესამე – პრასკოვია ჭავჭავაძის 1869 წლის შემოსავალ-გასავლის წიგნი რუსულად. ეს წერილები დღესაც საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმში ინახება.