დედის მკვლელობისთვის მალხაზ კვარაცხელიას უვადო პატიმრობა ელოდა
წყევლის გამო 25 წლის მალხაზ კვარაცხელიამ საკუთარი დედა მოკლა! განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დედის მკვლელი შვილი პოლიციამ მკვლელობიდან მესამე დღეს დააკავა და მას 10-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობაც ელოდა. თუმცა, საბოლოოდ, პატიმარი ფსიქიკურად შეურაცხადი აღმოჩნდა, ანუ ციხის საკნის ნაცვლად, კვარაცხელია ფსიქიატრიული საავადმყოფოს პალატაში გაამწესეს.
მალხაზ კვარაცხელიამ ციხეში მხოლოდ ოთხი თვე გაატარა, მაგრამ ამ მცირე დროში მისი გარშემო მყოფნიც დარწმუნდნენ, რომ პატიმარი ფსიქიკურად არაჯანსაღი იყო. სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლის საკითხი, მაგრამ ამის მიღწევა საქმის სასამართლოსთვის გადაცემის შემდეგ მოხერხდა. ეჭვი საბოლოოდ დადასტურდა – ექსპერტიზის დასკვნით კვარაცხელია შიზოფრენიით დაავადებული აღმოჩნდა.
როგორც საქმის მასალებში მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, ახალგაზრდა ბიჭის ავადმყოფობის ფაქტი მისი ოჯახის წევრებისთვის, ახლობლებისთვისა და მეზობლებისთვის დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი. საქმე ისაა, რომ მშობლები შვილს მკურნალობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. მართალია, სისტემატურად აგრესიული არ ყოფილა, მაგრამ მასთან ურთიერთობას ბევრი ნაცნობი გაურბოდა.
როგორც ჩვენებებიდან ირკვევა, აგრესიული ის პერიოდულად ხდებოდა და ოჯახის წევრებს ერჩოდა. მაგრამ, ამის მიუხედავად, ოჯახმა მის საავადმყოფოში მოთავსებაზე უარი თქვა. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, მას წარსულში ცოლიც ჰყავდა, ვისთანაც შვილიც შეეძინა. მაგრამ, მკვლელობამდე რამდენიმე წლით ადრე მეუღლემ ვერ გაუძლო ავადმყოფ ქმარს და მიატოვა.
საქმის მასალების თანახმად, კვარაცხელია სახლში დედასთან და ცოლშვილიან ძმასთან ერთად ცხოვრობდა. მისი დაც იქვე ახლოს იყო გათხოვილი, მაგრამ შვილზე ძირითადად დედა ზრუნავდა. და-ძმასთან და რძალთან მას ნორმალური ურთიერთობა ჰქონია, მაგრამ იყო პერიოდები, როცა რომელიღაცას აითვალწუნებდა და მის მიმართ აგრესიული ხდებოდა. ერთადერთი, ვისაც არ ერჩოდა, ეს მისი ძმისშვილი გოგონა ყოფილა. ბავშვს სულ ეფერებოდა და როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, არასდროს შეუნიშნავთ მისთვის რამე დაეშავებინოს. ამიტომაც, ავადმყოფ ბიძას მხოლოდ პატარა არ გაურბოდა. ოჯახის წევრების ჩვენებითვე, ბოლო დროს ყველაზე აგრესიული დედის მიმართ გახდა, რომელსაც უკვე ხელითაც ეხებოდა.
საქმის მასალების თანახმად, 20 ივლისს, კვარაცხელიას ძმა ცოლ-შვილთან ერთად დასასვენებლად წავიდა. სახლში მხოლოდ დედა-შვილი დარჩა. იმავე საღამოს, დაახლოებით, 8 საათზე, მეზობლებს კვარაცხელიას დედის, დალი კვარაცხელიას ყვირილის ხმა შემოესმათ. რადგან ასეთ ფაქტს შეჩვეულები იყვნენ, მაშინვე მიხვდნენ, რომ ამის მიზეზი შვილი იქნებოდა. ყვირილის ხმამ რომ იმატა, სიტუაციის გასარკვევად მეზობლები კვარაცხელიების სახლისკენ წავიდნენ, მაგრამ შესვლა ვეღარ შეძლეს – მალხაზ კვარაცხელია მათ მოკვლით ემუქრებოდა.
შეშინებული მეზობლები სასწრაფოდ მის დასთან წავიდნენ და მომხდარი შეატყობინეს. მეზობლები ამბობენ, რომ მალხაზი დის სიტყვას ანგარიშს უწევდა და ეგონათ, ამჯერადაც ასე მოხდებოდა. თუმცა, ვიდრე და ძმის დასაწყნარებლად მივიდოდა, მალხაზმა საკუთარი დედა დანით მოკლა და გაიქცა... აწ გარდაცვლილის ქალიშვილს სახლში მისვლისას დედა სისხლით მოსვრილი დახვდა, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ დალი კვარაცხელიას, დანით 6 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
გაქცეული შვილის დაკავება პოლიციამ სამი დღის შემდეგ შეძლო და ბრალი მკვლელობაში დასდო. გამოძიებამ დაკავებულიც დაკითხა. ის არ უარყოფდა, რომ დედა მოკლა, მაგრამ ირწმუნებოდა – მოკვლა არ მინდოდაო.
რატომ აითვალწუნა კვარაცხელიამ დედა, ზუსტი პასუხი არავინ იცის, მაგრამ როგორც ირკვევა, მისადმი აგრესიული განსაკუთრებით სიმთვრალეში ხდებოდა. ოჯახი ყველა ღონეს ხმარობდა, მის მიმართ სასმელი მიუწვდომელი ყოფილიყო. მაგრამ, მათგან მალულად, მალხაზი მაინც ახერხებდა სასმელის შოვნას, რასაც ბოლო დროს ძალიან მოუხშირა.
კვარაცხელიას წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებიდან: „იმ დღეს არაყი დავლიე და სახლში მივედი. დედაჩემზე გავბრაზდი, რადგან სიმთვრალის გამო მეჩხუბა. მეც ჩხუბი დავუწყე და ვცემე. ის კი მწყევლიდა. ვუთხარი, ნუ მწყევლი, თორემ მოგკლავ-მეთქი, მაგრამ არ ჩუმდებოდა. ამიტომ, მაგიდიდან დანა ავიღე და მისი მოკვლა კი არა, წამება გადავწყვიტე. დედაჩემმა კივილი ატეხა და გარეთ გავარდა. გავეკიდე, ვაფრთხილებდი არ ეკივლა, მაგრამ არ დამიჯერა. მეზობლები მოგროვდნენ. ამის გამო დედაჩემზე უფრო გავბრაზდი და დანა რამდენჯერ დავარტყი არ მახსოვს, რადგან ძალიან განერვიულებული ვიყავი. მომბეზრდა, მისგან გაუთავებელი წუწუნი და წყევლა, ყველაფერში მე მადანაშაულებდა. ბოლოს მახსოვს, რომ სისხლიანი ეგდო. შემეშინდა და სახლიდან წავედი. დანა კი იქვე მოვისროლე. მეშინოდა პოლიციას არ დავეჭირე და დავიმალე, მაგრამ მაინც დამიჭირეს. დედაჩემის სიკვდილი არ მინდოდა, უბრალოდ მინდოდა, ტკივილი მიმეყენებინა“.
მეზობლის ჩვენებიდან: „გარეთ კივილის ხმაზე გავედი. ვიცანი, დალი კიოდა და შველას ითხოვდა. მაშინვე წავედი, იქ სხვა მეზობლებიც დამხვდნენ, მაგრამ შიგნით შესვლა ვეღარ შევძელით. მალხაზი შეშლილი სახით დარბოდა და მოკვლით გვემუქრებოდა. მოითხოვდა, იქაურობა დაგვეტოვებინა. შიგნით შესვლა მეზობელმა მამაკაცმა მაინც სცადა, მაგრამ მოსაკლავად მასაც გამოეკიდა.
ამიტომ, მის დასთან მეზობლის ბიჭი გავგზავნეთ, ვიფიქრეთ, მას დაუჯერებდა. ამასობაში პოლიციაც გამოვიძახეთ, მაგრამ მათ მოსვლამდე მკვლელობა მოასწრო. მას შემდეგ, რაც გაიქცა, მეზობლები სახლში შევედით, მაგრამ ქალი უკვე მკვდარი იყო. ზოგადად, ყველამ ვიცოდით, რომ ფსიქიურად ავადმყოფი იყო...“
გამოძიებამ დაზარალებულად ბრალდებულის ძმა სცნო, რომელმაც სასამართლოს შემდეგი მოუთხრო: „მახო ჩემზე პატარაა. ძალიან კარგი ბავშვი იყო, ფსიქიკური პრობლემა თავიდან არ ჰქონია, მაგრამ მეშვიდე კლასში იყო, როცა ავტოავარიაში მოჰყვა. ამის გამო რამდენიმე თვე საავადმყოფოში იწვა. ექიმები გადარჩენის იმედს არ იძლეოდნენ, მაგრამ გამოჯანმრთელდა. თუმცა, ხშირად თავის ტკივილებს უჩიოდა. მშობლებს ექიმებთან დაჰყავდათ და თითქოს ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. შემდეგ ცოლი შეირთო და შვილიც შეეძინა. სამი წელი იცხოვრა ცოლთან, მაგრამ ჩემი რძალი სახლიდან წავიდა, რადგან ჩემი ძმა ცოლზე უაზროდ ეჭვიანობდა და ამის გამო სცემდა. ვინაიდან მის მიმართ ძალიან აგრესიული გახდა, მასთან ცხოვრება მართლა შეუძლებელი იყო, ყველანი ვხედავდით, რა მძიმე იყო მასთან ყოფნა. ამის შემდეგ ამბობდა, რომ რაღაც ხმები ჩაესმოდა და ოთახში ვიღაცეები დადიოდნენ. დედა სთხოვდა, ექიმთან გაჰყოლოდა, მაგრამ აღარ მიჰყვებოდა. ამბობდა, სამკურნალო არაფერი მჭირს, თქვენ ხართ ავადმყოფებიო. შემდეგ შიშები გაუძლიერდა და ჰალუცინაციები დაეწყო. ამბობდა, ვიღაც მოკვლას მიპირებსო და დანას იღებდა ხელში. ამის გამო სახლში დანებს ვმალავდით...“
თითქმის ანალოგიური შინაარსის იყო მოწმეთა ჩვენებები, ყველა მათგანი ხაზს მის ფსიქიკურ მდგომარეობას უსვამდა. სწორედ მათი ასეთი ჩვენებების გამო, დანიშნა სასამართლომ ექსპერტიზა და გამოკვლევამ საბოლოდ დაადგინა, რომ კვარაცხელია შიზოფრენიითაა დაავადებული. ექსპერტიზის დასკვნით: „მას არ შეეძლო თავისი მოქმედებისთვის ანგარიში გაეწია“. ექსპერტიზის ასეთი დასკვნის შემდეგ, პროკურატურამ უკვე თავად მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, განსასჯელი მკაცრი რეჟიმის ფოთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოეთავსებინათ. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა აღნიშნულ პროცესს თავად განსასჯელი აღარ დასწრებია. პროცესზე დაზარალებულად ცნობილი მისი ძმა იმყოფებოდა, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებას მთლიანად დაეთანხმა. ვინაიდან აღნიშნულ საავადმყოფოში განთავსებულებს გამოკვლევა ყოველ 6 თვეში ერთხელ ხელახლა უტარდებათ, არაა გამორიცხული კვარაცხელიას მდგომარეობაც შეიცვალოს, პატიმარს რეჟიმი შეეცვალოს...
ეკა ბარაბაძე