კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ ხანში შეეძლება მსურველს ნადირობისთვის საჭირო სავალდებულო ცოდნის მინიმუმის შესწავლა


ნადირობა საკმაოდ ძვირად ღირებული სპორტია. საქართველოში ნადირობის სეზონი აგვისტოს ბოლოს იწყება და 1 მარტამდე გრძელდება. მონადირემ უნდა მიაკითხოს სანადირო მეურნეობას, შეიძინოს ლიცენზია, რომელსაც ემატება მომსახურების გადასახადი და შემდეგ ინადიროს. გადასახდელი თანხა ხშირ შემთხვევაში საკმაოდ სოლიდურია და ყველას არ მიუწვდება ხელი. ამიტომ ბევრი, სურვილის მიუხედავად, ვერ ახერხებს ნადირობას. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სანადირო მეურნეობები, სადაც შესაძლებელია ლიცენზიის შეძენა. გვესაუბრება ასოციაცია „მონკავშირის“ პრეზიდენტი, ბატონი დავით ბოკუჩავა.



– ბატონო დათო, როდის იხსნება ნადირობის სეზონი ან სად შეიძლება ნადირობა?

– საქართველოში ნადირობის სეზონი, ტრადიციულად, აგვისტოს მესამე შაბათ-კვირას იხსნება და გრძელდება 1 მარტამდე. ჩვენთან ნადირობა დაშვებულია მხოლოდ სანადირო მეურნეობებში, იქ, სადაც ნადირისა და ფრინველის ოპტიმალური რაოდენობაა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მიცემული აქვთ კვოტები გარკვეული ნადირის მოსაპოვებლად. ფასებიც, შესაბამისად, დადგენილია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ. რაც შეეხება გადამფრენ ფრინველზე ნადირობას, სხვაგვარად არის საქმე. მათზე ნადირობა დაშვებულია ერთჯერადი ლიცენზიით, რომლის ღირებულება 10 ლარია. აღებული ლიცენზიით, მონადირეს ნადირობა შეუძლია მთელი სეზონის განმავლობაში 1 მარტამდე. სანადირო მეურნეობაში შეძენილ ლიცენზიას ემატება მომსახურების გადასახადი.

გადამფრენ ფრინველებზე აღებული ლიცენზიით ნადირობა შესაძლებელია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ხოლო ცხოველებზე სანადიროდ შეძენილი ლიცენზით – მხოლოდ იმ სანადირო მეურნეობის ტერიტორიაზე, სადაც ის არის შეძენილი. აკრძალვებია მტაცებელ ფრინველსა და ნადირზე. განსაკუთრებით, დიდი პრობლემა დგას მგელთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მგლის მოპოვებაზე ჯარიმა ჯერჯერობით გაუქმებული არ არის. სტატისტიკით კი მათმა რაოდენობამ 10-ჯერ გადააჭარბა საქართველოში დაშვებულ ნორმას. ეს იწვევს ჩლიქოსნების, ირმის, შვლის განადგურებას და რაც ყველაზე საშიშია, გახშირდა მოსახლეობაზე თავდასხმის ფაქტებიც. საერთოდ, მგელი ღამის ცხოველია, ამ ბოლო დროს კი ისე გააქტიურდა, რომ შეუფერხებლად გამოდის დღეც და ესხმის თავს როგორც პირუტყვს, ისე ადამიანებს. ეს საკითხი ძალიან რთულად დგას. ჩვენ შევქმენით საინიციატივო ჯგუფი და ვფიქრობ, რამე უნდა ვიღონოთ ამ პრობლემის გადასაჭრელად. მგელზე საშინელი ცხოველია ტურა და მისი რაოდენობაც დასაშვებზე ბევრად მეტია. ის განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს ფრინველებს, ხელს უშლის ხოხობის გამრავლებას, კვერცხებს უჭამს. მთლიანობაში რაღაც პროგრამა უნდა არსებობდეს, ან კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილება, რომ როგორმე მოვახდინოთ ამ საშიში მტაცებლის რაოდენობის რეგულირება.

– დაინტერესების შემთხვევაში მსურველმა სად უნდა ინადიროს ან შეიძინოს ლიცენზია?

– თუ არ ვცდები, საქართველოში დაახლოებით 30-მდე სანადირო მეურნეობაა. აქედან, რამდენიმეს მოპოვებული აქვს კვოტა გარეულ ღორზე, შველზე, კურდღელზე. ამ ეტაპზე ცალკეულ მეურნეობებში კვოტა გაცემულია მგლებზე, ტურაზე, გარეულ მტაცებლებზე სანადიროდ. რაც შეეხება ლიცენზიას, მისი შეძენა ხდება ადგილზე, მეურნეობაში. იქვე ფორმდება ყველაფერი. ლიცენზიის ღირებულებას ემატება მომსახურების გადასახადი. ხდება მომსახურების დადგენა, რა სჭირდება მონადირეს: კვება, გამყოლი, ძაღლი თუ ცხენი. ეს ყველაფერი ორგანიზებული უნდა იყოს სანადირო მეურნეობის მიერ. მომავალი წლიდან ჩვენ უკვე მზად ვიქნებით, უცხოელი ტურისტები მივიღოთ სერიოზული სანადირო ტურებით.

– საქართველოში ძალიან ბევრია ნადირობის მოყვარული და ყველა მსურველს შეუძლია, ინადიროს შექმნილ მეურნეობებში?

– მსურველი მართლაც ბევრია, მაგრამ მათ ნაწილს მატერიალური მდგომარეობა უშლის ხელს. ნადირობა საკმაოდ ძვირად ღირებული სპორტია. ბევრს ვერ მიუწვდება ხელი. მოგეხსენებათ, საწვავი ძვირია, ლიცენზიის ღირებულება თითქმის ევროპულს უტოლდება. ამიტომ, რიგით მონადირეს ასეთ ტურში მონაწილეობა ცოტა ძვირი უჯდება. სულ სხვა მდგომარეობაა თევზაობის მოყვარულებისთვის. თევზაობა უფრო ხელმისაწვდომია. ქალაქის გარშემო არის საკმაოდ ბევრი კერძო ტბორები, სადაც გადასახადი 5-დან 10 ლარამდეა და მსურველს შეუძლია, უპრობლემოდ ითევზაოს. კანონმდებლობით, ბუნებრივ წყალსაცავებში, მდინარეზე თევზაობა მთელი წლის განმავლობაშია დაშვებული ყოველგვარი გადასახადის გარეშე. ფასიანია მხოლოდ კერძო ტბორები.

– არსებობს კანონმდებლობა ნადირობის შესახებ და რა სიახლეებია ამ კუთხით?

– საქართველოში ნადირობასთან დაკავშირებით კანონმდებლობა საერთოდ არ არსებობს. ცხოველთა სამყაროს შესახებ კანონში მხოლოდ ერთი პუნქტია შეტანილი და ეს არის ორი ფრაზა: ნადირობა საქართველოში დაშვებულია მხოლოდ სანადირო მეურნეობებში, გარდა გადამფრენი ფრინველებისა. აი, ეს არის მთელი კანონმდებლობა. ნადირობა ისეთი სპორტია, რომ თუ მას არ აქვს საკანონმდებლო ბაზა, ვაწყდებით ბარიერებს. დღეს საქართველოში ნადირობის შესახებ კანონი არ არსებობს. მაშინ, როცა უცხოეთში ნადირობის შესახებ არის 300-მდე კანონი. ჩვენ შემუშავებული გვაქვს კანონპროექტი და ვფიქრობ, თუ მხარდაჭერა გვექნება, გავიტანთ პარლამენტის სხდომაზე. ჩვენი ორგანიზაციის მთავარი ფუნქციაა მონადირეთა ინტერესების დაცვა. კანონპროექტი შემუშავებული გვაქვს, უბრალოდ, დასახვეწია. კანონპროექტში ერთი მთავარი პუნქტი იქნება – მონადირის უსაფრთხოება. დღევანდელი კანონმდებლობით, 18 წლის პირს შეუძლია, მივიდეს საპატრულო სამსახურში, აიღოს ნებართვა და შეიძინოს თოფი. ეს არის საშინელება. ჩვენი ორგანიზაცია ათეული წლის განმავლობაში ამზადებდა მონადირეებს და შემდეგ ეძლეოდათ უფლება, შეეძინათ სანადირო თოფი. არსებობს სტატისტიკა, რომ 1970-1990 წლებში ნადირობისას მოხდა მხოლოდ ერთი უბედური შემთხვევა. 1990-2010 წლებში კი დაფიქსირდა რამდენიმე ასეული უბედური შემთხვევა, ნადირობისას. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ მონადირეები არ იცნობენ ნადირობის ეთიკას, არ იციან, როგორ მოიქცნენ კოლექტიური ნადირობის დროს. აუცილებელია, აღდგეს სკოლა და მსურველებმა გაიარონ პრაქტიკა და შეიძინონ ნადირობისთვის სავალდებულო თეორიული ცოდნა. ჩვენ შეგვიძლია, მსურველი გავიყვანოთ სტენდზე, ვასწავლოთ სროლა, იარაღის დაშლა-აწყობა, თავიდან ბოლომდე ჩამოვუყალიბოთ ნადირობის უნარ-ჩვევები. ასევე, შესაძლებელია, გამოუცდელმა ინადიროს გამოცდილი მონადირეების გვერდით. ამის ორგანიზება შეიძლება, მაგრამ საჭიროა საკანონმდებლო ბაზის შექმნა.

– თუ შეიქმნა სკოლა მონადირეების მოსამზადებლად, არიან გამოცდილი კადრები, რომლებიც შეძლებენ მსურველების მომზადებას?

– ჩვენი ორგანიზაცია უკვე 125 წელია, რაც არსებობს. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ასოციაცია „მონკავშირი“ ზრდიდა მონადირეებს. ერთი წლის განმავლობაში პიროვნება, სანამ ჩვენი კავშირის წევრი გახდებოდა, იყო კანდიდატი. ის ყოველ შაბათ-კვირა გამოცდილ მონადირეებს სანადიროდ დაჰყავდათ მეურნეობებში. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ეძლეოდა უფლება დამწყებს, ჩაებარებინა მიღებული პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მინიმუმი. ამის შემდეგ ხდებოდა წევრი და ეძლეოდა თოფის შეძენისა და ტარების უფლება. დღეს ჩვენ უკვე კანონმდებლობის შექმნის შემდეგ, შეგვიძლია, აღვადგინოთ სკოლა და მსურველს ორ კვირაში მივცეთ სავალდებულო ცოდნა თეორიაშიც და პრაქტიკაშიც.

– მოწყობილ სანადირო მეურნეობებში არის ისეთი პირობები, რომ მონადირეს უპრობლემოდ შეეძლოს ნადირობა?

– ისეთი პირობები არ არის შექმნილი, როგორიც ევროპაში, მაგრამ ნელ-ნელა ვითარდება. უკვე იგრძნობა ცხოველისა და ფრინველის მომრავლება. რაც შეეხება სერვისს, თანდათან უმჯობესდება, ამას გარკვეული დრო სჭირდება. სანადირო მეურნეობამ უნდა იმუშაოს, მოიტანოს მოგება და შემდეგ ეტაპობრივად მოხდეს სერვისის გაუმჯობესება. შესაბამისი დონის სერვისის შემთხვევაში უცხოელების დაინტერესებაც იქნება. ამას დრო სჭირდება. საერთოდ, რაც მეტი ინვესტიცია ჩაიდება ამ დარგის განვითარებაში, ქვეყნის ბიუჯეტისთვისაც კარგი იქნება. ამერიკაში, დაახლოებით, რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს აჭარბებს ნადირობიდან შემოსული მოგება. ჩვენ ტყესაც ვმფარველობთ. საერთოდ, საზოგადოებაში გაჩენილია მცდარი აზრი იმის შესახებ, რომ მონადირე არის მკვლელი, ანადგურებს ცხოველებს და ბუნებას. ეს ასე არ არის. ბუნების გამანადგურებელი არის ბრაკონიერი და არა წესიერი მონადირე. ბრაკონიერი კლავს მაკე კურდღელს, ნადირობს არასეზონურ პერიოდში, იყენებს დაუშვებელ მეთოდებს: ხაფანგს, საწამლავს, დინამიტს და ათას უბედურებას. მონადირე ამას არ გააკეთებს, ის ლიცენზიის გარეშე სანადიროდ არ წავა. გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ბრაკონიერების წინააღმდეგ საბრძოლველად არის შექმნილი ორგანიზაცია – გარემოს დაცვის ინსპექცია, რომელიც ვალდებულია, აქტიურად ებრძოლოს მათ. ჩვენს მეურნეობაში ბრაკონიერი თუ აღმოვაჩინეთ, მისი დაჭერა არ შეგვიძლია. ჩვენ მხოლოდ უნდა შევატყობინოთ ინსპექციას ფაქტის შესახებ, დანარჩენი, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვეხება.

– სეზონის გახსნის შემდეგ, რას ჰპირდებით ნადირობის მოყვარულებს. როგორი პირობები ექნებათ შექმნილი ნადირობისთვის?

– წელს უკვე მზად ვართ, რამდენიმე მეურნეობაში მივიღოთ მონადირეები კურდღელსა და ღორზე სანადიროდ. მსურველები არიან ტურაზე, მგელზე, გარეულ ღორზეც. ჯერჯერობით შველზე სანადირო ლიცენზია არ გაცემულა. შველი საერთოდ, 500 ლარად არის შეფასებული, ამას ემატება მეურნეობის მომსახურების გადასახადი და თანხა მთლიანობაში 1 000 ლარზე მეტია. დღევანდელ პირობებში მონადირეს 1 000 ლარის გადახდა, ცოტა არ იყოს, უჭირს. უნდა აღვნიშნო, რომ წესიერი მონადირე შველზე ნადირობას ერიდება. პირადად მე, გამიხარდა, რომ შველზე სანადიროდ არც ერთი ლიცენზია არ გაიყიდა. კვოტა თუ იქნება, ლაგოდეხში უკვე შეიძლება დაიშვას ნადირობა ხოხობზე, დედოფლის წყაროში – კაკაბზე. ლიცენზიის ღირებულებას რაც შეეხება, სხვადასხვა ცხოველზე არის სხვადასხვა ფასი – დაწყებული 30 ლარიდან 300 ლარამდე. ძირითადად, ნადირობის მსურველები არიან გარეულ ღორსა და კურდღელზე. საქართველოში, საერთოდ, ნადირობა აკრძალულია დათვზე, ირემზე, წითელ წიგნში შეტანილ ცხოველებზე. ვფიქრობ, დღეისთვის სანადირო მეურნეობებში ნორმალური პირობებია შექმნილი და მსურველს ლიცენზიის შეძენის შემთხვევაში უპრობლემოდ შეეძლება ნადირობა.


скачать dle 11.3