კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით აოცებს ბრაიანი ქართველებს და როგორია მისთვის მამობის მოლოდინი


22 წლის ბრაიან იდოუს ქართველი მაყურებელი „ვანოს შოუდან“ და სხვა გასართობი გადაცემებიდან უკვე კარგად იცნობს. მან და მისმა მეგობრებმა ქართულად მოლაპარაკე შავი ბიჭები უწოდეს საკუთარ თავს. თუმცა, ბრაიანი ქართულად ლაპარაკს არ დასჯერდა და მეგრელი ცოლის პატივსაცემად მეგრულის შესწავლასაც იწყებს. ბრაიან იდოუსა და მის მომხიბვლელ მეუღლეს, 23 წლის ლოლა პაპავას სულ მალე პატარა ეყოლებათ, მათი სიხარული ჩვენც გავიზიარეთ და ბედნიერ წყვილს ვესტუმრეთ.


ბრაიან იდოუ: სანამ საქართველოში გამოვჩნდებოდი, ბაქოში ვცხოვრობდი. იქ ერთი მეგობარი მყავდა, რომელიც საქართველოში იყო და რომ ჩამოვიდა, თავისი შთაბეჭდილება გამიზიარა. თქვა, აქვე ახლოსაა საქართველო და უკეთესი პირობებიაო. ჯერ ბაკურიანში მოვხვდი, მერე სამტრედიაში. სახლი მე არ მქონდა აქ და მომთაბარე ტომელივით დავდიოდი წინ და უკან. გავეცანი საქართველოს კუთხეებს და მაგრად მომეწონა. უკვე 3 წელი და 3 თვეა, რაც აქ ვარ. არსად წასვლას არ ვაპირებ, მთავარია, ახლა აქაური მოქალაქეობა მივიღო.

– ზოგმა არ იცის, რომ ქართველების სიძე გახდი. ბრაიან, მოდი, მოგვიყევი, როგორ და სად გაიცანი შენი მომავალი მეუღლე?

– ჩემი და ლოლას გაცნობა მოხდა „შერატონ მეტეხი პალასში“. ის მეგობართან ერთად იდგა და მაშინვე მომხვდა თვალში. მერე საცეკვაოდ დავპატიჟე და ასე გავიცანით ერთმანეთი. ამ გაცნობას ტელეფონების ნომრების გაცვლა და მესიჯობა მოჰყვა. ასე, თანდათანობით შეგვიყვარდა ერთმანეთი. მე ლოლამდე შეყვარებული არ მყოლია, ნიგერიელ გოგონებთან ვმეგობრობდი, თუმცა მათით სერიოზულად არ დავინტერესებულვარ. სულ ვარჯიშზე დავდიოდი და ფეხბურთს ვთამაშობდი, ამიტომ არ მეცალა სიყვარულისთვის.

– ლოლა, როცა ბრაიანი პირველად დაინახე, რით მიიქცია ყურადღება?

ლოლა პაპავა: ყურადღება იმიტომ მიიქცია ბრაიანმა, რომ მომეწონა, ყველასგან გამოირჩეოდა. მერე კი საკმაოდ უშუალო და ყურადღებიანი ადამიანი აღმოჩნდა. ამიტომ, არ გამჭირვებია მასთან საერთო ენის გამონახვა და დავმეგობრდით. ასე გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა ორ წელიწადს. ამ ხნის განმავლობაში ძალიან მივეჩვიეთ, და რომ არ გვენახა, ან არ მოგვეკითხა ერთმანეთი, წარმოუდგენელი იყო. სიყვარულის ახსნა აღარ იყო საჭირო, ყველაფერი ისედაც ნათელი გახდა.

– თუმცა, თქვენ მაინც ბევრი რამით ხართ განსხვავებული – კანის ფერით, მენტალიტეტით, ტრადიციებით. არ გაგიჭირდა უცხოელთან ურთიერთობა?

– მე აუცილებლად არ მიმაჩნდა, რომ მაინცდამაინც ქართველის ცოლი გავმხდარიყავი. ბრაიანი რომ განსხვავებული და სხვა მენტალიტეტის ადამიანი იყო, ამით უფრო დავინტერესდი. ის ფიზიკურადაც მომეწონა, თან არაჩვეულებრივი ხასიათის ადამიანია.

– ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ, როცა ოჯახში გაიგეს, რომ შავკანიან კაცზე აპირებდი დაქორწინებას, რა რეაქცია ჰქონდათ, წინააღმდეგობა არ გაგიწიეს?

– მე თავიდანვე ვაცნობიერებდი იმას, თუ რას ვაკეთებდი და ვის ვუკავშირებდი ჩემს ბედს. როცა მშობლებს ინფორმაცია მივაწოდე ბრაიანის თაობაზე, მასთან ყოფნა უკვე მყარად მქონდა გადაწყვეტილი და ეს რომ შემატყვეს, აღარაფერი მითხრეს. დაშლას აზრი აღარ ჰქონდა.

– მაგრამ, მცდელობა მაინც არ ყოფილა, რომ გადაწყვეტილება შეეცვლევინებინათ შენთვის?

– ჩემმა მშობლებმა იცოდნენ, ოდნავადაც რომ ჩარეულიყვნენ, ეს ჩემზე ცუდად იმოქმედებდა. საბედნიეროდ, შეგნებულად შეხვდნენ ჩემს გადაწყვეტილებას. ახლა კი, გადასარევი ურთიერთობა აქვთ ბრაიანსა და ჩემს მშობლებს ერთმანეთთან.

– ბრაიან, მოდი, გვითხარი, როგორ აუხსენი ლოლას სიყვარული, სიურპრიზებს არ უწყობდი?

– არ მოგატყუებთ და სიურპრიზების მოწყობისთვის არ მეცალა, მართლა. ორივე დაკავებულები ვიყავით და მხოლოდ ერთმანეთის მოკითხვას ვასწრებდით, რაც შეეხება სიყვარულის ახსნას, თქმა აღარ დამჭირდა, რადგან საქციელით გამოვხატავდი ყველაფერს.

ლოლა: ლაპარაკში მითხრა ბრაიანმა, ხომ იცი, როგორ მიყვარხარო. რომც არ ეთქვა, ისედაც ნათელი იყო. მერე ცოტა ხანს ვალოდინე და პასუხი მოგვიანებით ვუთხარი, რომ მეც მიყვარდა. ზოგმა შეიძლება, თქვას კიდეც, როგორ გაჰყვა უცხო კაცს ცოლად, არ შეეფერებიან ერთმანეთს, რადგან სად ნიგერია და სად საქართველოო. ყველას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი აზრი, მაგრამ წყვილს თუ ერთმანეთი უყვარს, ესმით ერთმანეთის, კარგად ეწყობიან, მერე სხვა ყველაფერმა მეორე და შესაძლოა, მეათე პლანზეც გადაიწიოს. ჩვენ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ, ვიდრე ტრადიციებით. გაგიკვირდებათ და, ჩვენ და ნიგერიელებს ტრადიციებში მსგავსებაც გვაქვს. ეს ახლა გავიგე და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.

– მაინც, რა მსგავსებაა, იქნებ დააკონკრეტო?

– როცა ჩვენთან საფლავზე მიდიან და სულს უხსენებენ მიცვალებულს, ამ დროს მას ღვინოს წაუქცევენ საფლავზე. თურმე, ნიგერიაშიც ანალოგიურად იქცევიან...

– ლოლა, ბრაიანის მშობლები არ გინახავს?

– მე მათთან კონტაქტი მაქვს ტელეფონით. სულ ველაპარაკები, თუმცა, ისე, პირადად არ მინახავს ჯერ. როცა ბავშვი გვეყოლება და წამოიზრდება, მერე მართლა მინდა ნიგერიაში წასვლა. ამბობენ, ძალიან ლამაზია იქაურობაო. იქ ისეთი სილამაზეა, რომ წახვალ, ზღაპარში გეგონება თავიო. ისედაც მაინტერესებს, ჩემი ქმრის სამშობლო ვნახო. მოსანახულებლად წავალთ, მაგრამ იქ ცხოვრებას არ ვაპირებთ.

– ისე, ბრაიან, რაღა დაგიმალო, შენი მიკვირს. ქართველები სამშობლოდან გარბიან, რადგან აქ ეკონომიკური კრიზისია და სამუშაოს შოვნა ჭირს. ასეთ დროს კი აქ ჩამოდიხარ და მოგწონს საცხოვრებელი პირობები. ამიტომ, ცოტა არ იყოს, უცნაურია შენი გადაწყვეტილება.

– ხალხი მეუბნება, აქ რა გინდა, რამ ჩამოგიყვანაო, იმიტომ რომ ირგვლივ ბევრი უმუშევარია. მაგრამ მარტო საქართველოში კი არა, ყველგან ასეა. ხალხს უჭირს. მთავარია, მონდომება და ის, რომ ხელი გაანძრიო, ზარმაცი არ იყო. მე აქ მინი-ფეხბურთს ვასწავლი ბავშვებს. კიდევ რაღაცეებს ვცდილობ და მაქვს შემოსავალი, არა მიშავს. მინდა, რომ ჩემს ცოლს და შვილს არაფერი მოვაკლო. რა შემოსავალიც მაქვს, იმას ვჯერდები.

– ლოლა, თუ საიდუმლო არაა, რაზე გიწევთ ჩხუბი შენ და ბრაიანს და რა თვისებებს შეცვლიდი მასში?

– თუ დაგვიჯერებთ, ჯერ მე და ბრაიანს არ გვიჩხუბია. კარგად ვუგებთ ერთმანეთს, მაგრამ ცოტა არ იყოს, იმაზე ვღიზიანდები, როცა დაჯდება ტელევიზორთან და შეუძლია, მთელი დღე ფეხბურთს უყუროს. წვრილმანი კინკლაობა, ჩხუბად არ ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რადიკალურად განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ბრაიანი საკმაოდ შეგნებული ადამიანია. არაა მისთვის საჭირო მითითება, თუ სად როგორ უნდა მოიქცეს და რა გააკეთოს. ყველაფერს თავად ხვდება. უპრობლემო ადამიანია, არაა კონფლიქტური და აგრესიული.

– ბრაიან, შენს მშობლებს მოეწონათ, უცხოელი ცოლი რომ მოიყვანე?

– მამაჩემი თავისუფალი ადამიანია, როცა გაიგო, რომ გოგო შემიყვარდა, გაუხარდა და მითხრა, მთავარია, გიყვარდეს და ბედნიერი იყო, ვინც გინდა, ის მოიყვანე ცოლადო. როგორც აქ, ისევე ნიგერიაშიცაა ქალიშვილობის ინსტიტუტი, მაგრამ ყველა წესებს არ იცავს. უკვე ოცდამეერთე საუკუნეა და ვისაც უნდა გაიჩენს მეგობარ გოგოს ან ბიჭს, ესეც წყვილების სურვილზეა დამოკიდებული. ისე, არ დაგიმალავთ და მე მომწონს ეს ტრადიცია, ჯერ კიდევ რომ არსებობს ქალიშვილობის ინსტიტუტი.

– ლოლა, სულ მალე დედა გახდები, როგორი განცდებით ელოდები პატარას დაბადებას?

– არაჩვეულებრივი შეგრძნებაა დედობის მოლოდინი. ორივე ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვი ბედნიერი იყოს. მე დედა სულ მალე გავხდები, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში. ბავშვის სქესი უკვე ვიცით, გოგო მეყოლება. არ ვიცი, როგორი კანის ფერი ექნება, სავარაუდოდ, მულატი უნდა იყოს.

ბრაიანი: ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია ის ამბავი, რომ სულ მალე მამა გავხდები. მინდა, ჩემი გოგონასთვის საუკეთესო მშობლები ვიყოთ. სახელი უკვე შევარჩიე, მე დედა ადრე გარდამეცვალა და მისი სახელი, ლაციფა უნდა დავარქვათ.

– ძალიან კარგი, სხვა რაღა დამრჩენია, თუ არა ის, რომ წარმატებები გისურვოთ...

ლოლა: მე მჯერა ბედისწერის და ამიტომაც მე და ბრაიანი ერთმანეთის ბედისწერა ვართ. კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევნით და ბედნიერი იმით, რომ გვერდით ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანი მყავს ბრაიანის სახით.

ბრაიანი: სულმოუთქმელად ველოდები პატარის დაბადებას. ძილშიც კი ის მესიზმრება, მინდა, რომ მაგარი მამა და მისი მეგობარი ვიყო. მარტო ამიტომაც მიხარია ცხოვრება. თუმცა, მე და ლოლა ერთ ბავშვზე გაჩერებას არ ვაპირებთ და შემდეგში ტყუპი ბიჭების ყოლას ვგეგმავთ. რამდენად გაგვიმართლებს და ავიხდენთ ამ ოცნებას, ეს უკვე მომავლის საქმეა.


скачать dle 11.3