რა კავშირშია მამუკა ლომაშვილის დათრობა ჯორდანო ბრუნოსთან და რატომ უშრობდა სისხლს ის თავისი იუმორით კოლეგებს
პაროდისტ მამუკა ლომაშვილის ქუჩაში ყველა ცნობს და უღიმის. მის გამოჩენას ფილარმონიის დიდ სცენაზე, კერძოდ, „იუმორინაზე”, ტაშის გრიალით ხვდებიან, რადგან იციან, ბევრი სასაცილო რამის მოსმენა და ნახვა მოუწევთ. მის დანახვაზე, ყველას საქართველოს პრეზიდენტი ახსენდება და როგორც თავად ამბობს, ამის გამო ხშირად გამოუვალ სიტუაციაშიც კი ჩავარდნილა. არც თამადობაზე ამბობს უარს და არც თავს გადახდენილი კურიოზული ამბების მოყოლაზე იკავებს თავს.
მამუკა ლომაშვილი: ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად ვხვდები კურიოზულ თუ გამოუვალ სიტუაციაში და ხშირ შემთხვევაში, იუმორი ძალიან მშველის. თავადვე მიყვარს ოხუნჯობების მოწყობა. თუმცა, ხანდახან ოთხმოცდაათი წლის მამაკაცის ხასიათს ვავლენ, მაგრამ ეს იშვიათად. ისე კი, სულ ხალისობის ხასიათზე ვარ.
– როგორც ვიცი, თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში იურისტად მუშაობდი და პედაგოგები ამ შენი ოხუნჯობების გამო გაწამებული გყავდა. რას ერჩოდი მათ?
– არაფერს არ ვერჩოდი, უბრალოდ ვხუმრობდი და ახლა მათთან დაკავშირებით ბევრი კარგი გასახსენებელი მაქვს. ერთი პერიოდი, სკოლაში იურისტად ვმუშაობდი. ახლა იქ თეატრალური სტუდია მაქვს გახსნილი. ერთ დღესაც ვიფიქრე, ისეთ რამეს გავაკეთებ, პედაგოგები რომ გავახალისო-მეთქი და მოვიფიქრე. ავდექი, დავწერე დეკლარაცია და გამოვაკარი სკოლის კედელზე განცხადება, სადაც დიდი ასოებით ეწერა: „მინისტრ კახა ლომაიას ბრძანებულებით, ყველა პედაგოგს ეკრძალება სკოლაში შარვლით სიარული, ფერუმარილ-ნელსაცხებლის წასმა, ასევე, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა და ზედატანად უნდა ეცვას თეთრი კოფტა”. გამოვაკარი ეს განცხადება და შორიახლოს დავდექი, დაველოდე პედაგოგების რეაქციას. იქ უნდა გენახათ, რა ამბავი ატყდა. წავიდა ლანძღვა-გინება. ზოგი ამბობდა, ჩვენ პედაგოგები ვართ თუ ტუსაღებიო, ზოგიც გამწარებული ყვიროდა, ბარემ თავები გადაგვპარსონ, ერთმანეთში რომ არ ავერიოთო (იცინის). ერთხელ კი, მე და ცუცა კაპანაძე ზღვაზე ვართ წამყვანებად დაპატიჟებულები, ერთ-ერთი ფირმის პრეზენტაციაზე. გავიხედე, მაყურებელთა რიგებში სხედან ჩვენი სკოლის პედაგოგები და დირექტორი – ქალბატონი მანანა, არაჩვეულებრივი ადამიანი. ვიფიქრე, მე კაცი არ ვიყო, თუ თქვენ აქაც არ „გაგიჩალიჩოთ“ რამე-მეთქი და სცენიდან ხმამაღლა, მიკროფონში გამოვაცხადე: ქალბატონებო და ბატონებო, თქვენთვის სიურპრიზი მაქვს, სპეციალურად ამ დღისთვის, თქვენთან შესახვედრად ჩამოვიდა ქალ მეჩონგურეთა ანსამბლი „ოფოფო”, ქალბატონ მანანას ხელმძღვანელობით-მეთქი. ატყდა ტაშის გრიალი და რომ გავიხედე, ვერსად მოვკარი თვალი ჩემს თანამშრომლებს, ისე გაიპარნენ პრეზენტაციიდან (იცინის).
– მამუკა, შენი პირველი ბახუსი თუ გახსოვს და რა ხდებოდა ამ დროს შენს თავს? ღვინო რომ გაგიჯდა ძარღვებში, დაიწყო დედამიწამ გამალებით ტრიალი?
– მაგას რა დამავიწყებს. სწორედ, პირველ დათრობაზე გამახსენდა საწყალი ჯორდანო ბრუნო.
– კი მაგრამ, ჯორდანო ბრუნო შენს დათრობასთან რა კავშირშია?
– რა კავშირშია და, ჯიუტად რომ ამტკიცებდა საწყალი, დედამიწა ბრუნავსო, ის კი შერაცხეს გიჟად და ამის გამო, ცეცხლზე დაწვეს. რომ დავლიე და გაჯდა სისხლში ღვინო, მაშინ უნდა გენახათ, როგორ ტრიალებდა დედამიწა. იმას დავეწეოდი? (იცინის). არ დამავიწყდება, პირველად რომ დავლიე სოფელში, დაახლოებით, თორმეტი წლის ვიყავი. მაგრად გამოვთვერი. გამოვედი კონწიალ-კონწიალით სოფლის ტრასაზე. დავინახე პატარა ტრაქტორი შარა გზაზე. ავხტი, მოვაჯექი და ჭკუაზე არ ვარ. თავი „ლამბორჯინში” მგონია. მოხდა ისე, რომ რკინა იყო გამოშვერილი და ფეხი გადავიჭერი. ისეთი მთვრალი ვიყავი, დიდად ვერც ვიგრძენი, მაგრამ ჩემები გადაირივნენ, ინფექცია არ შეეჭრას, გასაკერია ჭრილობაო და გამაქანეს საავადმყოფოში. მივედით, მაგრამ შიგნით არ შედიან. მეც ვდგავარ. ვიფიქრე, რა ხდება-მეთქი. კარგა ხნის ლოდინის მერე მითხრეს, გახეული მთვრალი ხარ და ექიმმა რომ რამე გკითხოს, შენ უპასუხო და ღვინის სუნი დააყენო ოთახში, ხომ შევრცხვითო (იცინის). ბოლოს, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მოიფიქრეს და მითხრეს: ახლა რომ შევალთ, შენ რაც არ უნდა გკითხოს ექიმმა, არაფერზე უპასუხო, პირი მაგრად მოკუმე და ცხვირით ისუნთქე, ჩვენ გავცემთ პასუხსო. ასე ყრუ-მუნჯივით ვიჯექი და იმის საშუალებაც არ მქონდა, ტკივილისას პირი გამეღო და ვაი დედა, მეთქვა (იცინის). არადა, ცხვირით სუნთქვა ძალიან მიჭირს ბავშვობიდან. მოკლედ, ისე გამოვედი პახმელიაზე, არც „ბორჯომი” დამჭირდა და არც სოდიანი წყალი. ერთხელ კი, მეშვიდე კლასში ვიქნებოდი, გორის რაიონში ჩავედი დასასვენებლად დეიდასთან და დეიდაშვილებთან. ერთ დღესაც, დავლიეთ. რომ მივხვდი, ფეხები მომეკვეთა, საწოლში ვდურთე თავი, მაგრამ რად გინდა? დავწექი თუ არა, ისე დატრიალდა სახლი, ფეხზე წამოვხტი. ისევ დავწექი, ახლა მაგიდა აფრინდა. წამოვჯექი, ისევ დავწექი, ახლა სკამმა გადამიფრინა და... ასე ადგომა-დაწოლაში გავატარე მთელი ღამე.
– რომანტიკული თუ ხარ და ქალის გამო თუ ჩაგიდენია რამე სისულელე?
– საერთოდ, ძალიან რომანტიკული ბუნების ადამიანი ვარ, მაგრამ ქალის გამო არც სისულელე ჩამიდენია და არც „საგმირო საქმე”. ეტყობა, ჯერ ისეთი ქალი არ შემხვედრია, ვისთვისაც ამის გაკეთება ნამდვილად ღირს. იცით, ქალს რას შევადარებ?
– არ ვიცი. რას შეადარებ?
– რას და, ნაყინს. ჯერ რომ ჩაკბიჩავ და მერე რომ იწყებს დნობას. ბევრი რამ ქალზეა დამოკიდებული და ძირითადი „სტოსიც” მათ მიყავთ მამაკაცთან ურთიერთობაში. შეიძლება, ბევრი მამაკაცი არ დამეთანხმოს, მაგრამ მაინც ასე მგონია.
– საქართველოს პრეზიდენტსა და შენს შორის დიდი ფიზიკური მსგავსებაა. მისი პაროდიაც, კარგად გამოგდის. ამის გამო უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩენილხარ?
– ბევრჯერ ჩავვარდნილვარ ამის გამო უხერხულ თუ კურიოზულ სიტუაციაში. მაგალითად, ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც ზღვაზე გადამხდა. მოკლედ, მეგობარ გოგონასთან ერთად ვსეირნობ. გავიხედე, აჭარელმა მამაკაცმა უცნაურად დამიწყო ყურება. ვიფიქრე, ეტყობა, მიცნო-მეთქი. არადა, ისე მიყურებდა, აშკარად მივხვდი, პაროდისტი მამუკა ლომაშვილი ვერ ამოიცნო ჩემში. შორიახლოს რომ ჩავუარეთ, უცებ მეგობარ კაცს მიუბრუნდა და უთხრა: რაია ძამა, დაშორდა მიშა სანდრას? აგი იგი ქალი არ არის და... (იცინის). ისე, ხშირად თამადად იმიტომ მაყენებენ, მიშა სააკაშვილს ჰგავხარ და ხალხი მოგისმენსო. ჯერ კი მისმენენ, მაგრამ რომ დათვრებიან, მერე საკუთარი ხმა აღარ ესმით და მე ვინღა შემომხედავს? (იცინის) ერთხელ ნერვები ისე მომიშალეს, ვთქვი, მე ამ სუფრასთან აღარ ვითამადებ-მეთქი. ავდექი და გავედი. გამომეკიდნენ, ტელეფონში ჩამირთეს საქართველოს ჰიმნი, ცოცხალი კორიდორი გააკეთეს და ნამდვილი პრეზიდენტივით დამაბრუნეს თამადის ადგილას.
– შენი მეგობრები ამბობენ, მამუკა განსაკუთრებულად სომხებს უყვართო. მათ რით შეაყვარე თავი?
– (იცინის). ამას იმიტომ ამბობენ, რომ სომხეთში მიწების პატრონი ვყოფილვარ და თავად არ ვიცოდი. ერთი სომეხი პარიკმახერი მყავდა, ძია სამველა. რომ მივიდოდი, სულ იმას მეუბნებოდა, შენ ქართველი არ ხარ, სომეხი ხარო. ერთ დღესაც ვკითხე: ძია სამველ, რატომ გგონივართ სომეხი-მეთქი. მიპასუხა: რატომ და... არ იცი მამაშენი რომ სომეხი იყოო? გამიკვირდა: ახლა ეგ საიდან მოიტანე, მე ეგ არ ვიცი-მეთქი. ჰოდა, მე „ზნაიუო”. გამეცინა, თქვენ რა იცით-მეთქი. თავი გადააქნია: რა გაცინებს? შენი გვარი მოდის „იზ გორნავა კარაბახა” და შენი „ფამილია ნე ლომაშვილი, ა ლომაიანც“. აქ რომ იკლავ შვილო-ჯან თავს, წადი სომხეთში, იქ მიწები გეკუთვნისო. ვუთხარი, კარგით რა, ეგ ტყუილია-მეთქი. გადაირია, რა ტყუილი, მე მიწებს გითმობ და შენ კიდევ არ გჯერაო. რომ ჩავაცივდი, საიდან იცი, გინდა თუ არა ჩემი სომხური წარმოშობის შესახებ-მეთქი, სერიოზულად ჩაფიქრდა და მიპასუხა: არ ვიცი, დანამდვილებით, მამუკა-ჯან, მაგრამ „უ მენია ტაკაია ჩუვსტვა, ჩტო ტი არმეანო” (იცინის). რომ წამოვედი, კი დავფიქრდი, ვახ, კაცო, იქნება მართლა მემამულე სომეხი ვარ. წავიდე ერევანში, ჩემი კუთვნილი მიწები მოვითხოვო-მეთქი, მაგრამ ძალიან რომ დავფიქრდი, მივხვდი, შეცდომა იყო. ერთ პაპას გიორგი ერქვა, მეორეს ვალერიანი და საიდან მოიტანა, იმ მამაცხონებულმა სამველამ, რომ შესაძლებელი იყო მესამე „არმეანი” პაპა მყოლოდა, დღესაც ვერ გავარკვიე. (იცინის). ისე კი, მიწები არ მაწყენდა ხომ იცით, სომხეთში. ბოლოს და ბოლოს, უძრავი ქონება და კაპიტალია ვა.