როგორ დაეხმარა ქართველი კანონიერი ქურდი უშიშროებას, მსხვილმასშტაბიანი ტერაქტის აღკვეთაში
ეს ისტორია, გასული საუკუნის სამოციანი წლების მიწურულს მოხდა და იმის გამო, რომ ზოგიერთი მისი მონაწილე დღესაც ცოცხალია, მათი სახელები შევცვალეთ...
„ცანგალა“
1968 წლის 12 მარტს საქართველოს უშიშროების კომიტეტის კონტრდაზვერვის განყოფილების თანამშრომლის, აკაკი თევზაძის კაბინეტში ტელეფონმა დარეკა. თევზაძემ ყურმილი აიღო და უპასუხა:
– კაპიტანი თევზაძე გისმენთ.
– გამარჯობა, აკაკი, – მოესმა თევზაძეს მამაკაცის მაღალი ხმა, – ხომ არ მოგაცდინეთ?
– გაგიმარჯოს. ვის ველაპარაკები?
– მე თქვენ, ალბათ, არც კი გემახსოვრებით. ნოდარ ლომიძე, – „ცანგალა“ ვარ.
– რას ჰქვია, არ მახსოვხარ. შენ მე გულმავიწყი ხომ არ გგონივარ. ორი წლის წინ მე თვითონ მოგეცი ჩემი ტელეფონი და გითხარი, გაჭირვების შემთხვევაში დაგერეკა. აბა, გისმენ, ჩემო კარგო, რა გიჭირს?
– მე არაფერი, აკაკი. მოკლედ, უნდა შევხვდეთ. მაგრამ, სასურველია, სადმე მყუდრო ადგილზე.
– კი, ბატონო. მითხარი, სად მოვიდე და როდის?
– მოდი, რესტორან „დარიალში“ შევხვდეთ ერთ საათში. იქ მე კუპეს შევუკვეთავ და არავინ შეგვიშლის ხელს.
1968 წლის 12 მარტს, დღის 14 საათზე, რუსთაველის გამზირზე მდებარე რესტორან „დარიალის“ კუპეში ერთმანეთს შეხვდნენ „სუკის“ კაპიტანი, აკაკი თევზაძე და 26 წლის კანონიერი ქურდი ნოდარ ლომიძე, მეტსახელად „ცანგალა“. მათი ნაცნობობა ჯერ კიდევ ორი წლით ადრე შედგა. მაშინ ლომიძე ერთ საქმეში ფიგურირებდა, რომელშიც უდანაშაულო იყო და თევზაძე იძიებდა. მაშინ, ჯერ კიდევ უფროსმა ლეიტენანტმა თევზაძემ კორექტულობა და ობიექტურობა გამოიჩინა ცანგალას მიმართ და საქმიდან ამოაგდო, თან, იმ იმედით, რომ ქურდი გამოსწორდებოდა. საკუთარი ტელეფონის ნომერი მისცა და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას შეჰპირდა.
– აბა, ნოდარ, გისმენ. მითხარი, რა გაგჭირვებია. მზად ვარ, დაგეხმარო, თუკი შევძლებ, – უთხრა ცანგალას კაპიტანმა და კანონიერი ქურდის პირისპირ მოკალათდა.
– მე პირადად არაფერი მიჭირს. ვარ ძველებურად, მაგრამ, მე მგონი, ცუდი ამბავი ხდება და ამიტომ დაგიძახე, რომ ყურადღებით მომისმინო და ერთად გავარკვიოთ საქმის არსი.
– გისმენ, ნოდარ, მოყევი.
– „ბეკეკოა“, ერთი პატარა ბიჭი, 19 წლის, ნუგზარ ღლონტი. ვიღაც დაჭრა, თან ჩალიჩობს. მოკლედ, პაბეგშია და ერთ ჩემს ნაშასთან იმალება, რომელიც მისი თანასოფლელი და კარის მეზობელია. ეს ბეკეკო იმ ჩემმა ნაშამ გამაცნო, ერთხელ დავლიეთ კიდეც. მოკლედ, მელკი ნაბიჭვარი ბავშვია და თავში აქვს ავარდნილი, რომ ვიღაც მისნაირი ტრაკში დაჭრა. ერთი სიტყვით, გუშინწინ ჩემს ნაშასთან დავრჩი. ქალი რომ სამსახურში წავიდა და ბეკეკოც სადღაც წავიდა, მე კარადაში პირსახოცს ვეძებდი და კუთხეში პატარა, ტყავის ჩემოდანი შევნიშნე. ადრე ის არ მენახა. მოკლედ, დამაინტერესა, გავხსენი და შიგნით 120 ათასი მანეთი, ორი ცალი პისტოლეტი „ტეტე“ და მე მგონი, ძალიან ბევრი ასაფეთქებელი აღმოვაჩინე. ბეკეკო, ის ღლაპი, იმის კაცი არაა, რომ კრუპნი საქმე გააკეთოს, ან კაცი გააგოროს ზაკაზით. აქ სხვა რაღაცაშია საქმე. თანაც ეს ასაფეთქებელია ყველაზე საეჭვო. მოკლედ, გუშინწინ საღამოს იმ ბეკეკომ ჩემოდანი სადღაც წაიღო და არც გუშინ გამოჩენილა, არც დღეს. რატომღაც ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს ქვეყნის ღალატის სუნი უდის. ქურდი კი ვარ და ჩაშვება არ შემეფერება, მაგრამ ინტუიციას არასოდეს უმტყუნია ჩემთვის და თუკი ის ნაბიჭვარი ბეკეკო ბევრი უდანაშაულო ხალხის აფეთქებას აპირებს, ჩაშვება კი არა და უნდა გაბრდღვნა. აი, ამისთვის შეგხვდი და დანარჩენი შენ იცი...
გაწყვეტილი კვალი
ცანგალას ინფორმაცია უშუალოდ აკაკი თევზაძის განყოფილების კომპეტენციაში შედიოდა და კაპიტანი უმალვე შეუდგა მოქმედებას. ინაურის სანქციით, ქართველმა ჩეკისტებმა უპირველესად, საქართველოს ყველა სტრატეგიული ობიექტის დაცვა და ფარული თვალთვალი გააძლიერეს. ხოლო კონტრმზვერავები კი 19 წლის ნუგზარ ღლონტის, იგივე ბეკეკოს ინტენსიურ ძებნას შეუდგნენ. ფარულად და გულდასმით გადაამოწმეს ბეკეკოს გამოჩენის ყველა სავარაუდო ადგილი, მაგრამ ვერსად აღმოაჩინეს. 1968 წლის 15 მარტს კი, ანუ ამ ინფორმაციის მიღებიდან მესამე დღეს, ფუნიკულიორის ტყეში მკვდარი ნუგზარ ღლონტის ცხედარი იპოვეს. 19 წლის ყმაწვილს შარვალი ჰქონდა გახდილი, რომელიც იქვე ეგდო და ტრუსისამარა იმყოფებოდა. სხეულზე ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნებოდა და გაკვეთისას პათანატომებმა დაადგინეს, რომ გული ჰქონდა გახეთქილი. კუჭში მას ალკოჰოლის, კერძოდ კი კონიაკის მცირე დოზაც აღმოაჩნდა. თუმცა, შემთხვევის ადგილზე ვერც სასმელი აღმოაჩინეს და ვერც დალევის კვალის რაიმე დამადასტურებელი საბუთი. ყველაფერი ისე ჩანდა, თითქოს 19 წლის ყმაწვილი სექსის დროს ინფარქტით გარდაიცვალა...
„სუკის“ პათანატომმა, უმაღლესი კატეგორიის ექსპერტ-კრიმინალისტმა მამია გოშაძემ თავი გააქნია და აკაკი თევზაძეს უთხრა:
– ისეა დადგმული, რომ იფიქრო, თითქოს ამ ბიჭს სექსის დროს გაუსკდა გული. შენ წარმოიდგინე, ბევრი მოტყუვდებოდა და შეიძლება, მეც მეჭამა, რომ არა ერთი რამ...
– და რა არის ეს? – დაინტერესდა თევზაძე.
– რა და, ორგანიზმში აღმოჩენილი ალკოჰოლი. კერძოდ კი, კონიაკის დოზა. საქმე ისაა, რომ იქვე ვერც ბოთლი ვიპოვეთ, ვერც ჭიქა და რაც ყველაზე საინტერესოა, 19 წლის ჯანმრთელ ბიჭს არანაირად არ გაუსკდებოდა გული სექსის დროს. მით უმეტეს, თუ მას კონიაკი ჰქონდა მიღებული. როგორც ცნობილია, კონიაკს სპეციალურად სვამენ სექსის წინ მცირე დოზით გულის უკმარისობით დაავადებული მამაკაცები, რომ გული არ გაუსკდეთ. აქ კი პირიქით მოხდა. ეს კი იმის საფუძველს მაძლევს, დავასკვნა, რომ კონიაკი მოწამლული იყო. ანუ, სპეციალურად ისეთი ნივთიერება გაურიეს მასში, რომ გაკვეთას ინფარქტი ეჩვენებინა. ხოლო ბოთლი და ჭიქა კი მკვლელმა იმიტომ წაიღო შემთხვევის ადგილიდან, საწამლავის კვალი არ აღმოგვეჩინა. მოკლედ, სასწრაფოდ მკვლელი ქალი უნდა ეძებოთ. ის, ვინც ეს ბიჭი ტყეში შეიტყუა სექსის მიზნით და სინამდვილეში კი მოკლა, რომ სავარაუდოდ, რაღაცის კვალი წაეშალა.
გოშაძის კვალიფიციური დასკვნა დიდად დაეხმარა ქართველ კონტრმზვერავებს და მომწამვლელი ქალის გაძლიერებულ ძებნას შეუდგნენ. დრო არ ითმენდა და გამწყდარ კვალს შეიძლება დიდი უბედურება მოეტანა, რასაც გამოუსწორებელი შეცდომა მოჰყვებოდა.
აღკვეთილი სუპერტერაქტი
1968 წლის 20 მარტს თბილისის მეტროპოლიტენში მოთვალთვალე „სუკის“ ფილერებმა ოთხი ახალგაზრდა შეამჩნიეს, რომელთა შორის ერთი გოგონა იყო. მათ სპორტული ჩანთები ჰქონდათ თან და სწორედ ეს გარემოება მიიჩნიეს საეჭვოდ. ახალგაზრდებმა, რომლებსაც კუდზე ორ-ორი „სუკელი“ დააჯდა, ფარულად, პიკის საათის დროს, ანუ საღამოს 18 საათზე, მაშინ, როცა მეტროს მატარებლები ხალხით იყო გადაჭედილი, სპორტული ჩანთები ვაგონებში დატოვეს, თავად კი სასწრაფოდ გაეცალნენ იქაურობას. „სუკის“, ოპერჯგუფებმა ახალგაზრდები დააკავეს და ჩანთები ვაგონებიდან ამოიღეს, შეამოწმეს და მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა: ჩანთებში საათისმექანიზმიანი მოწყობილობები იყო ჩამონტაჟებული და 1968 წლის 20 მარტს, 18 საათსა და 45 წუთზე, ერთდროულად ოთხ ელექტრომატარებელში საშინელი ძალის აფეთქებები უნდა მომხდარიყო, რაც 800-1 000 ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავდა. დაკავებულები: თბილისის მუზეუმის თანამშრომელი, 21 წლის მირიან ჯოხაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, 19 წლის ფარნაოზ ფსუტური, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, 20 წლის ლევან ხელაია და სამედიცინო ტექნიკუმის მოსწავლე, 20 წლის კლარა ივანოვა, შევჩენკოს ქუჩაზე, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შენობაში მიიყვანეს, სადაც კონტრდაზვერვის განყოფილების გამომძიებლებმა დაკითხეს. დაკავებულებმა აღიარეს, რომ მატარებლების აფეთქებას აპირებდნენ და ეს იმით ახსნეს, რომ საბჭოთა ხელისუფლებას ებრძოდნენ. ხოლო კლარა ივანოვამ ნუგზარ ღლონტის მკვლელობაც აღიარა და თქვა, რომ 19 წლის ბეკეკო მოწამლა, ხოლო მოწამლული სითხით სავსე ბოთლი კი, თან წაიღო.
– რას ერჩოდით ღლონტს? – ჰკითხა გოგონას თევზაძემ, – ის ხომ თქვენი თანამოაზრე იყო და მასთან ინახავდით ფულს, იარაღს და ასაფეთქებლებს?
გოგონა დიდხანს დუმდა, ბოლოს ისტერიკა დაემართა, ატირდა და თქვა:
– ბატონმა ჯემალმა მიბრძანა. მან მითხრა, რომ ნუგზარი მოღალატე იყო, ყველას გაგვყიდდა და თავიდან უნდა მოგვეშორებინა.
– ბატონი ჯემალი ვინაა? – ჰკითხა ივანოვას გენერალმა ალექსი ინაურმა, რომელიც პირადად ესწრებოდა დაკითხვას.
– ჩვენი უფროსი მეგობარი და მასწავლებელი. ჩვენ მასთან ვიკრიბებით ხოლმე სახლში და ვსაუბრობთ, – თქვა გოგონამ.
ივანოვას სიტყვები დანარჩენებმაც დაადასტურეს და გაირკვა, რომ სწორედ ასეთი საუბრებისას წარმოიშვა მსხვილმასშტაბიანი ტერაქტის მოწყობის იდეა თბილისის მეტროში, რომელიც ქართველმა კონტრმზვერავებმა აღკვეთეს. როგორც დაკავებულები აცხადებდნენ, ვინმე ჯემალ ქუნთური, 60 წლის საბურთალოელი კბილის ექიმი იყო. სწორედ მან შეკრიბა ახალგაზრდების ჯგუფი, ტვინი აურია ფსევდოპატრიოტული დემაგოგიით და მსხვილმასშტაბიან ტერაქტზე დაიყოლია. ხოლო ღლონტი კი, რომელმაც ასეთ საქმეზე უარი განაცხადა, მოაკვლევინა...
ლვოვის ჯალათი
ჯემალ ქუნთურის ასაყვანად, რომელიც მარტო ცხოვრობდა, საბურთალოზე „სუკის“ ოპერატიული რაზმი გაემართა. თუმცა, კბილის ექიმი სახლში არ აღმოჩნდა. მას გაქცევა მოესწრო და „სუკი“ მის ინტენსიურ ძებნას შეუდგა. „სუკის“ კონტრდაზვერვამ კი ქუნთურის სურათის იდენტიფიცირება მოახდინა და დადგინდა, რომ 60 წლის ჯემალ ქუნთური სინამდვილეში 57 წლის აპოლონ ბესალაშვილი იყო, რომელიც გერმანული ოკუპაციის დროს ქალაქ ლვოვის „გესტაპოში“ მუშაობდა და უკიდურესი სადიზმით გაითქვა სახელი. ბესალაშვილს 1 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავდა ნაწამები, დახვრეტილი და ცოცხლად დამწვარი. როგორც დადგინდა, აპოლონის მამა მსხვილი მიწათმფლობელი იყო და კომუნისტებმა გააკულაკეს. თავად აპოლონი კი სამამულო ომში მოხალისედ წავიდა, პირველივე ხელსაყრელი შემთხვევისას მოწინააღმდეგის მხარეს გადავიდა და ფაშისტებთან დაიწყო სამსახური. ხოლო ომის დამთავრების მერე დასავლეთის სპეცსამსახურებში განაგრძო მუშაობა, სამშობლოში ყალბი საბუთებით დაბრუნდა და ანტისახელმწიფოებრივ მუშაობას შეუდგა. როგორც მოგვიანებით დადგინდა, ბესალაშვილს, ისევე, როგორც თხუთმეტამდე მისნაირ გარეწარს, ანალოგიური დავალება ჰქონდათ მიცემული – სხვადასხვა ქალაქებში მასშტაბური ტერაქტები უნდა მომხდარიყო. პირველ სამიზნედ თბილისი იყო შერჩეული და მას სხვებიც უნდა მიყოლოდნენ.
თბილისში აღკვეთილმა მსხვილმასშტაბიანმა ტერაქტმა უკვე მთელ საბჭოთა კავშირში გაააქტიურა „სუკი“ და ერთმანეთის მიყოლებით მოსკოვში, კიევში, ლენინგრადსა და კიდევ ცხრა ქალაქში ანალოგიური დანაშაულები აღკვეთეს. თავად აპოლონ ბესალაშვილი 1968 წლის 1 აპრილს, ქალაქ გაგრაში, ვინმე აშოტ ქეროფიანის ბინაში დააკავეს, რომელიც მისი კოლეგა იყო ლვოვის „გესტაპოდან“ და მასთან ერთად უცხოეთში გაქცევას აპირებდა. სპეცოპერაცია ძველ გაგრაში აკაკი თევზაძემ ჩაატარა, ორივე ბოროტმოქმედი უხმაუროდ აიყვანეს და იმავე დღეს ჯერ თბილისში, ორი დღის მერე კი მოსკოვში ჩაიყვანეს.
დახურულ სასამართლო პროცესზე, რომლის დეტალებიც მხოლოდ 40 წლის მერე გაახმაურეს, ბესალაშვილს, ქეროფიანს და თბილისელ ახალგაზრდებს სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. მოგვიანებით, ახალგაზრდები შეიწყალეს და 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯალათები დახვრიტეს, ხოლო ცანგალამ კი, რომელიც დღესაც ცოცხალია, კრიმინალურ სამყაროს თავი დაანება...
ნიკა ლაშაური