კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გააბითურა ნუგზარ ერგემლიძე და რომელი სოფლის ფავორიტი გახდა ის


ყველასთვის ცნობილი მუსიკოსი, ხელოვანი და ახლა უკვე პარლამენტარი ნუგზარ ერგემლიძე თავისი მრავალფეროვანი და საინტერესო ისტორიების გამო მაშინვე მოექცა ყურადღების ცენტრში და ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარიც გახდა. როგორც აღმოჩნდა, იგი არაერთხელ ყოფილა გარემოებათა მსხვერპლი, რაშიც მკითხველებიც დარწმუნდებიან.



თემო ჩირგაძის თამადობა,

კორიფეები – ზაქარია ერგემლიძე

და შოთა დუმბაძე

ვაჟა ჟღენტი გახსოვთ, ალბათ, ცნობილი კალათბურთელი გახლდათ. სწორედ მისი ქალიშვილის, ნინიკოს ქორწილში ვარ. იმ პერიოდში ახალი გამოჩეკილი ვარ, როგორც კომპოზიტორი. სანამ მე გამოვჩნდებოდი ესტრადაზე, ჩემს სიმღერებს „ანსამბლი 75“ მღეროდა. ხსენებულ ქორწილში შეუცვლელ თამადასა და ლეგენდარულ ადამიანს თემო ჩირგაძეს მიჰყავდა სუფრა. ისე წარმართა ლხინი, იქ დამსწრე საზოგადოება სიცილით დაგვხოცა. ამგვარი წინასიტყვაობა თქვა, რომ ყველა პროფესიას თავისი ლიდერები და კორიფეები წარმოაჩენენო. მაგალითად, ახსენებ სიტყვა გენეტიკას, გახსენდება ბერიტაშვილი, თუ კომპოზიტორზე იტყვი რამეს, რა თქმა უნდა, ზაქარია ფალიაშვილი გახსენდება. ახლა მე მინდა, სცენაზე ვუხმო ზაქარია ერგემლიძესო და მე მიმიწვიეს სცენაზე სამღერლად. ამ ქორწილს ნოდარ დუმბაძეც ესწრებოდა და იცინოდა. ეს არ გამოპარვია თემო ჩირგაძეს და ნოდარს შეეკითხა, ნეტავი, გამაგებინა, თქვენ რაღა გაცინებთ, შოთა დუმბაძეო.



კიევში გაფრენა, „თუკი გესიზმრები“, თავში პურჩარტყმული და

ონტოფოელების ზეიმი

ერთხელ რეპეტიცია მაქვს აბრეშუმის ფაბრიკაში. ჩემს სიმღერას მღერის ანსამბლი „ჯორჯია“ და ხელმძღვანელია ბატონი რობერტ ბარძიმაშვილი. მას მუხლებზე უდევს პატარა დიპლომატი და თან მაფრთხილებს, ჩემკენ არ გამოიხედო, სცენისკენ იყურეო. დავმორჩილდი მის მოთხოვნას, მეტი რა გზა მქონდა. მერე მომიახლოვდა და მითხრა, ამ დიპლომატში მიდევს მოსკოვის ბილეთი, 45 წუთში უნდა ვიყო აეროპორტში. შენ კი მიხვალ და ჩემს ცოლს ეტყვი, რომ გავფრინდი კიევშიო. არ მინდოდა შუაკაცად დადგომა და ამგვარი მძიმე მისიის დაკისრება. თავიდან ვიუარე, მაგრამ მერე დამიყოლია, ძალიან გთხოვო და აბა, მეგობარ კაცს ხათრს ხომ ვერ გავუტეხავდი? წასვლის წინ მითხრა, ცოლმა პურზე გამაგზავნა და ახლა სად მივფრინავ, იმან რა იცისო. ამიტომ, იყიდე ერთი პური და მიაწოდე ჩემს ცოლსო. როგორი მისატანი იყო ის პური? ამიტომ კარიდან ვერ შევბედე შესვლა, რაიმე ხიფათს არ გადავეყარო-მეთქი, ვიფიქრე და ქუჩის მხრიდან ფანჯარაზე დავაკაკუნე. ქალბატონმა ვანდამ გამოყო ფანჯრიდან თავი და მეკითხება, სადაა რობერტიო? ჯერ პური მივაწოდე და მერე ვუპასუხე, მოსკოვში მოუწია მოულოდნელად გაფრენა-მეთქი. მოსკოვში კი არა, კიევში გაფრინდა, შენ ჩემი მოტყუება არ გამოგივაო და გაბრაზებულმა პური მესროლა. ხომ იცით, გამშველებელს მეტი ხვდებაო და ასე დამემართა. იქიდან უკანმოუხედავად გამოვიქეცი.

ისევ რობერტს მინდა დავუბრუნდე. ერთ დღეს მან წამიყვანა ონტოფოელების შეხვედრაზე. შეგახსენებთ, რომ ონტოფო სოფლის სახელია და ერთ-ერთი ონტოფოელი იყო რობერტის მეგობარი. როცა მოვილხინეთ და ხალხი შეჭუკჭუკდა, მოვიდა ერთი კაცი და ეკითხება – რობერტ, ეს შენი შვილიაო? არა, ეს ჩემი მეგობარია და სიმღერებს წერსო. თუ მასეა, მაშინ, რამე გვიმღეროსო. მეც არ დავზარდი, ამოვიღე გიტარა და დავიწყე სიმღერა „თუკი გესიზმრები“. რამდენჯერმე მთხოვეს ხელახლა მემღერა და ცოტა ხანში, უნდა გენახათ, იქ რა ამბავი დატრიალდა. ყველამ იქ მოიყარა თავი და მთელი ონტოფო მღეროდა – „თუკი გესიზმრები“... მე არც ვიცი, საქართველოს მასშტაბით მოიპოვებ თუ არა წარმატებას, მაგრამ მეტი რა გინდა, ონტოფოში უკვე პირველი კომპოზიტორი ხარო – მითხრა რობერტმა.



ქსოვრელების დისკი, გაუცინარი ხელმწიფე და ბობ დილანის

აღფრთოვანება

1986 წელს თბილისში ლეგენდარული ბობ დილანი ჩამოვიდა. მწერალთა კავშირში მიიპატიჟეს და გააცნეს ჩვენი სასიქადულო მამულიშვილები – ოთარ ჭილაძე, რეზო ამაშუკელი, შოთა ნიშნიანიძე და სხვები. გაცნობის მერე გაიშალა სუფრა. ზის ბობ დილანი ყურებჩამოყრილი და ზედ არავის გვიყურებს. არ იღიმება, დაბღვერილია და ჩვენც შევწუხდით. არ ვიცოდით, როგორ გაგვემხიარულებინა გაუცინარი ხელმწიფე. ვიღაცამ ხომ უნდა იმღეროს და შემოვიდნენ ქსოვრელები დუდუკებითა და დოლებით შეიარაღებულნი. დაიწყეს დაკვრა და დაებერათ მეზურნეებს ლოყები, ისეთი განცდით უკრავენ. ჩემთან ახლოს ზის ბობ დილანი და შევნიშნე, ნელ-ნელა თვალები აუციმციმდა და სახეზე სიცილი „გადაეკრა“. ამოვისუნთქეთ, რადგან როგორღაც შევძელით მისი ყურადღების მიქცევა. მერე მე გადმომილაპარაკა, აღფრთოვანებული ვარ ქსოვრელებით და გთხოვ, ამათი დისკი მომცეო. მე თავი კი დავუქნიე, მაგრამ კომუნისტების დროს ჩვენთან დისკი რომ არ იყო ევროპიდან შემოღწეული, იმის თქმა ვერ გავბედე. არ მინდოდა, ქვეყნისა და ჩვენი დაკნინება. თორემ, ისე კი დავპირდი, აუცილებლად გიშოვი მაგათ დისკს-მეთქი. ხასიათზე მოსულმა „შეუბერა“ და ღვინის სმა დაიწყო. რეზო ამაშუკელი იყო თამადა, კარგად მოვილხინეთ. მერე მან ქართული სუფრის სადღეგრძელო დალია და რომ მიდიოდა, დაიხარა და ქართულ მიწას აკოცა. ცნობისთვის გეტყვით, რომ ბობ დილანი ითვლება პოლიტიკურ მომღერლად, რომელსაც ბევრი საპროტესტო სიმღერა აქვს. მართლა გენიალური აზრი იქნება, თუ მას ჩამოვიყვანთ და ვამღერებთ რუსული აგრესიის წინააღმდეგ.



მიშა ცაგარელის წინასწარმეტყველება, შავი დღე და დაუძლეველი

სიკვდილის შიში

ადრე ტელევიზიაში ვმუშაობდი. იქ იდგა დიდი გამომთვლელი მანქანა – პლუს-მინუსებითა და წერტილებით ითვლიდნენ ადამიანების ბედს ჰოროსკოპის საშუალებით. შემომთავაზეს, მოდი, შენც გაგიკეთებთ, არ გაინტერესებსო? მოკლედ, ჩამითრიეს. შეავსეს ტესტი და მომაწოდეს, ზედ ეწერა ჩემი ზოდიაქოსთვის რომელი იყო პოზიტიური და ნეგატიური დღეები. მის მიხედვით, შავ დღედ ამომივიდა 28 აგვისტო – მარიამობის დღე. როგორია? ჩემი ნათესავი და მე ვქეიფობთ 27 რიცხვში. მერე გამახსენდა, რომ ახლოვდებოდა შავი დღე და ვიჯავრე ძალიან – რამე არ მომივიდეს, რა მეშველება-მეთქი. იქიდან სახლში მარტო არ წამოვედი. სუფრაზე ექიმი კაცი იჯდა და იმას გამოვაცილებინე თავი. არ მინდოდა, მარტოობაში ამომხდომოდა სული. ის ღამე კი გადავლახე როგორღაც, მაგრამ ისე ვნერვიულობ, გადავიტან თუ არა შავ დღეს, არ ვიცი. ამიტომ, ყველანაირი ხიფათი რომ ამეცილებინა თავიდან, სახლში ყოფნა გადავწყვიტე. არ გავდიოდი გარეთ არაფრის ფასად. ჩემი შვილი მეხვეწება, გარეთ გამასეირნეო და არა-მეთქი, – ავადმყოფობა მოვიმიზეზე. ბავშვი ხვდება, რომ ვატყუებ და საყვედურებით მავსებს. სადღაც 5 საათისთვის ეს ყველაფერი გადამავიწყდა. ამ დროს მანქანის პიპინი მომესმა და მეძახიან, ნუგზარ გადმოიხედეო. გადავიხედე, დავინახე სოსო შატბერაშვილი. ჩამოდიო და დამიყოლია, ზღვაზე გავყოლოდი. მერე ხაჭაპურიც დავაგემოვნეთ. უცებ ვეუბნები, გამომითვალეს, დღეს შავი დღე მაქვს. ჰოდა, მგონი, გადავრჩი და გაიხარეთ, ბიჭებო, რომ გადამატანინეთ ეს დღე-მეთქი.

შავ დღესთან დაკავშირებით კიდევ ერთ ისტორიას გავიხსენებ. 90-იანი წლებია და ასტროლოგი მიშა ცაგარელი მირეკავს – ბატონო ნუგზარ, გადაცემას ვაკეთებ და დამიწერეთ, თქვენი დაბადების თარიღი და მონაცემებია, პირად ჰოროსკოპს გაგიკეთებთო. ბევრი ყურადსაღები რამ მითხრა, ბოლოს კი დასძინა 1997 წლის 1 ივლისს უცხოეთში თუ იქნები, მოკვდებიო. თავს რეტი დამეცა, როგორია, 2 წლით ადრე მაფრთხილებდა, მოსალოდნელ სიკვდილზე და ამ შიშში ყოფნას არ უნდოდა გაძლება? თუ არ წახვალ უცხოეთში, მეუბნება ცაგარელი, ავარიაში მოკვდებიო, თუ რესტორანში იქნები ამ დღეს, აყალ-მაყალში მოხვდები და დაგჭრიანო, ხოლო თუ სახლში იქნები, უთოს, დანას ან ჩაქუჩს არ მოკიდო ხელიო. მაშინ გია ვოლსკი მუშაობდა ამერიკაში საქართველოს წარმომადგენლობაში, მასთან ვმეგობრობდი. სწორედ 1997 წელს გია ვოლსკი მიგზავნის ამერიკის ვიზას, თან სამოგზაუროდ მაიამიში გვეპატიჟება. დავხედე ვიზას და რას ვხედავ, ზუსტად ემთხვევა ჩემი გამგზავრების დრო 1 ივლისს. ჩემი ცოლი გადაირია სიხარულით, ამერიკაში წასვლა უნდოდა, მაგრამ მე რა ცეცხლი მენთო გულში და რისი შიში მქონდა, იმას ვერ ვეუბნებოდი, გიჟად რომ არ ჩავეთვალე. ამას გარდა, იქ წასასვლელად თანხა იყო საჭირო და მოვიმიზეზე, ფული ვერ ვიშოვე-მეთქი და რადგან მიზეზი მქონდა, ისედაც არ წავედით. დავჯექი სახლში პირველ ივლისს, არსად არ ვაპირებ გასვლას. მირეკავს ცხონებული ლელა სიხარულიძე და მეპატიჟება დაბადების დღეზე, „ბერიკონში“ მოდიო. მადლობა კი ვუთხარი, მაგრამ ცუდად ვარ-მეთქი, მოვიმიზეზე, არ წავედი. ხომ არ ვეტყოდი, მიშა ცაგარელმა მითხრა ორი წლის წინ, სუფრაზე თუ მოხვდები, დაგჭრიან და იმიტომ არ მოვდივარ-მეთქი. ცოტა ხანში, მეგობარმა გამომიარა, წამომყევი, სუფრაზე ვარ დაპატიჟებულიო. ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე, არა, ცუდად ვარ, თავი დამანებე-მეთქი და ცხადია, არ წავყევი. ჩავრთე ტელევიზორი და დიქტორი აცხადებს, ახლა ნახეთ გადაცემა ცნობილ ასტროლოგ, მიშა ცაგარელზეო. დაიწყო გადაცემა და არის მიშას ქება-დიდება, ბოლოს იმღერა კიდეც და გადაცემაც ამით დამთავრდა. მერე კი მივხვდი, რომ მე დამცინეს, დაჯექი, შე, იდიოტო, მთელი დღე სახლში და უყურე გადაცემას ასტროლოგიაზეო. მანამდე არასოდეს გასულა მიშაზე გადაცემა. გაბრაზებულმა დავურეკე ცაგარელს, რას მერჩოდი, რომ დამტოვე სახლში 1 ივლისს, ნუთუ იმიტომ, რომ შენი გადაცემა მენახა-მეთქი. არც ახსოვდა მიშას – არც ის მახსოვს, როდის გითხარი მასე და არც პირველი ივლისიო. გავსკდი კაცი გულზე. ვერაფრით გადმოვცემ, რა შიშის ქვეშ ვიყავი ორი წელი. სამაგიეროდ, დავრწმუნდი, რომ ჩვენი ცხოვრება თავადვე უნდა ვმართოთ და ასტროლოგიას არ უნდა მიანდო ბედი.


скачать dle 11.3