ღამის საჩუქარი
რაც მოსახდენია, თუ აუცილებლად უნდა მოხდეს, მაშინ, რატომ ვცდილობთ, ადამიანები გარდაუვალთან ბრძოლას. სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ვებმებით და თავიდანვე ვიცით, რომ აუცილებლად დავმარცხდებით... რა არის ეს? უგუნურება თუ ჩვეულებრივი, ადამიანური სიჯიუტე. ერთიც და მეორეც წამგებიან პოზიციაში გვაყენებს. ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ მაინც არ ვცდილობთ, ცოტათი მაინც გამოვსწორდეთ – „რქებით ვაწვებით“ და სულაც არ გვანაღვლებს, თუ ამ „მიწოლა-მიწოლაში“ რქებსაც ვიმტვრევთ და სხვა რამესაც. რატომ არ შეგვიძლია ადამიანებს, ყოველთვის გულახდილები ვიყოთ. სხვასთანაც და საკუთარ თავთანაც?! მაშინ, ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნებოდა. აღარ იარსებებდა ეჭვი. აღარც საკუთარი სიმართლის დამტკიცებაში დავხარჯავდით ამდენ დროსა და ენერგიას. მათ სხვა სასარგებლო საქმეს მოვახმარდით და ცხოვრებაც უფრო მშვენიერი გახდებოდა.
***
– კარგი. მე წავალ, – თქვა სოფომ. ლაშას ამრეზით გახედა, მეგობარს კი დიდსულოვნად გაუღიმა, აქაოდა, ნუ გეშინია, მე შენს მხარეს ვარ და ყოველთვის შენს მხარეზე დავრჩებიო, – თქვენ, ალბათ, სალაპარაკო გაქვთ.
– არაფერი მაქვს ამასთან სალაპარაკო. დარწმუნებული ვარ, თავისი ნივთების წასაღებად მოვიდა. ნურსად გეჩქარება. ეს მალე წავა.
– მე არსად წავალ, – ხმადაბლა, მაგრამ მტკიცედ თქვა ლაშამ და ცოლს თვალებში ჩააშტერდა, – ჰო, არსად არ წავალ. შენ უნდა მომისმინო.
– ეს ბრძანებაა? – ნაძალადევად გაიცინა ლიკამ.
– როგორც გინდა, ისე გაიგე, მაგრამ დაჯექი და მომისმინე.
– მე წავალ. არ მინდა, ამ საუბრის მოწმე ვიყო, – სოფომ მრავალმნიშვნელოვნად შეხედა ლიკას. თითქოს აფრთხილებდა, მე კი მივდივარ, მაგრამ შენი იმედი მაქვს, რომ ამას არაფერს დაუთმობო.
– ეჭვიც არ შეგეპაროს, – ხმამაღლა უპასუხა მის უსიტყვო გაფრთხილებას ლიკამ და კარამდე მიაცილა.
– ქვემოთ, მანქანაში ვიჯდები. აბა, შენ იცი, არაფერი დაუთმო. ბოლომდე მიაწექი! მაგრამ, მოუსმინე კიდეც. ხომ ხვდები, რისი თქმა მინდა.
– ჰო. ამას ახლა ისეთ დღეში ჩავაგდებ... – ბოღმით ჩაილაპარაკა ლიკამ.
– რას ჩურჩულებთ მანდ, – ლაშა ოთახიდან გამოვიდა და ქალებს გამომცდელად მიაჩერდა, – სოფო, შენ მაინც რა გინდა, რატომ ერევი ჩვენი ოჯახის საქმეში?
სოფომ განცვიფრებით და წყენით დაახამხამა წამწამები.
– მე? მე ვერევი?! ჰმ, აი, ბრალდებაც ამას ჰქვია. იმის მაგივრად, რომ მადლობა მითხრა, შენი ცოლის დამშვიდებისთვის, აქეთ მსაყვედურობ? რა დღეში ჩააგდე გოგო, კიდევ კარგად გითმენს, მის ადგილას მე არ ვიცი, რას გიზამდი.
– ნუ ერევი-მეთქი, სოფო. შენ არაფერი იცი, საერთოდ არაფერი!
– რაც ვიცი, სრულიად საკმარისია შენზე შთაბეჭდილების შესაქმნელად. უფრო მეტის გაგებას არც ვცდილობ. არ მინდა, ის პაწაწინა პატივისცემა, რაც შენ მიმართ მაქვს, ქარს და წყალს გავატანო. არ მინდა...
– მოდი, ნუ ვილაპარაკებთ იმაზე, რაც ერთმანეთის მიმართ გვაქვს, თორემ, ნამდვილად არ მოგეწონება, – არ დარჩა ვალში ლაშა, – ჩემს ცოლს ნუ აგიჟებ. სხვა გასართობი მონახე, ლიკას თავისი პრობლემებიც ყოფნის.
– აი, მაგაში კი გეთანხმები. ნამდვილად ყოფნის. საწყალი გოგო... ჯერ ის ამბავი ვერ მოუნელებია, უაზრო ვალი რომ აჰკიდე ზურგზე და ახლა ისეთი სიურპრიზი მოუწყვე...
– რა სიურპრიზი, რას ამბობ?
– არ იყო სიურპრიზი?! თუმცა, შენ უკეთ იცი. მაგრამ არ მგონია, კაცთან ერთად სტრიპტიზის მოცეკვავე, ნახევრადშიშველი ქმრის ნახვა ნორმალური და ბუნებრივი იყოს.
– რა? – ლაშამ ცოლს გახედა. ლიკამ წარბშეკრულმა დააქნია თავი, იმის ნიშნად, რომ სოფოს ყველაფერში ეთანხმებოდა.
– ლიკა, შენ ფიქრობ, რომ მე გეი ვარ? – სული შეუგუბდა ლაშას და უცებ ისეთი ხარხარი აუტყდა, რამდენიმე წუთი ვერ ამოისუნთქა, – ჰა, ჰა, ჰა, – იცინოდა და თვალებიდან წამოსულ ცრემლს ხელისგულებით იწმენდდა, – ჰა, ჰა, ჰა... მე – გეი... მაინც რომელს დაგებადათ ეგ იშვიათი და ორიგინალური აზრი. შენ თუ შენ? – იქნებ ორივეს ერთად. ვაღიარებ, რომ იდიოტურ სიტუაციაში მნახე, მაგრამ გეი ხარო, ამისი თქმა ან მინიშნება მეტისმეტია. სოფო, შემომხედე. შემომხედე, რა, შენ ხომ მამაკაცებში „ექსპერტი“ ხარ. ვგავარ მე „ცისფერს“?
სოფო გააღიზიანა ლაშას სიცილმა და ბრაზით მიახალა.
– სიმართლე გითხრა, საერთოდ არ მაინტერესებს „ცისფერი“ ხარ თუ ჰეტეროსექსუალი. შენ ჩემი ინტერესების ჩარჩოში საერთოდ არ ზიხარ. გესმის? – საერთოდ. უბრალოდ, ლიკაზე შემტკივა გული. ნამდვილად არ იმსახურებს ისეთ კრეტინს, როგორიც გვერდით ჰყავს, შენი სახით. დიახ. არ იმსახურებს... მიყურე ახლა... საშუალებას გაძლევდი, შენს ცოლთან ერთად პირისპირ გესაუბრა. არ მოინდომე?! ახლა ფეხსაც არ მოვიცვლი აქედან. მიდი, დაიწყე! მაინტერესებს, როგორ გაიმართლებ თავს. მაინც რა სახელს მოუძებნი იმას, რაც შენმა ცოლმა საკუთარი თვალით ნახა... დიახ, არსად არ წავალ. ყოველ შემთხვევაში, სანამ თავად ლიკა არ მთხოვს წასვლას, – სოფომ ხელჩანთა ისევ საკიდზე მიაგდო, ოთახში შებრუნდა, დივანზე მოკალათდა და სიგარეტს მოუკიდა.
– აი, ასე... ახლა მზად ვარ, მოგისმინო.
ლაშა აღშფოთებისგან გაწითლდა.
– სანამ აქ ხარ, ერთ სიტყვასაც არ ვიტყვი.
– სხვათა შორის, არსად მეჩქარება, – გამომწვევად გადაიდო ფეხი ფეხზე სოფომ.
– ხომ არ გავიწყდება, სად ხარ? ეს სახლი ჩემია.
– ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები, თქვა აქამდე ჩუმად მდგარმა ლიკამ და ქმარს ორაზროვნად გაუღიმა, – ჰო, სწორად მიხვდი, იმას ვგულისხმობდი, რაც ახლა გაიფიქრე. ბინა ჯერ კიდევ დაგირავებულია. გირაოს ფულს კი მე ვიხდი. რისი დამტკიცებაც არ გამიჭირდება. ასე რომ, ახლა თავად განსაჯე, გაქვს თუ არა სახლიდან ვინმეს გაგდების უფლება, ჩემთან შეუთანხმებლად.
ლაშამ ამოიოხრა და ხელები გაშალა.
– ომს მიცხადებ?! მშვენიერი მოკავშირე შეგირჩევია. ისეთი ტაქტიკა გაქვთ, ლამის სანგრის გათხრა დავიწყო. მაგრამ ისეც არ არის საქმე, თქვენ რომ გგონიათ. ამ ომში მოგებული არავინ იქნება, მხოლოდ დამარცხებულები.
ლიკამ თავი გააქნია.
– მე შენ არ გებრძვი, – საერთოდ აღარ მაინტერესებ. ერთადერთი, რაც მინდა, ის არის, დროზე მოხვეტო შენი ნივთები და წახვიდე აქედან. ძალიან დავიღალე და დასვენება მჭირდება.
– მით უმეტეს, დროზე მოვრჩეთ ლაპარაკს და ორივემ დავისვენოთ. სოფოს კი დავემშვიდობოთ, – ლაშამ ცოლისკენ ნაბიჯი გადადგა.
– სოფო არსად წავა! – თქვა ლიკამ.
– ლიკ, იქნებ მართლა აჯობებს, რომ წავიდე? – შეყოყმანდა სოფო.
– მე ვიცი, რასაც ვამბობ, – არსად წახვალ, – გაჯიუტდა ლიკა, – მინდა, შენთან ერთად მოვისმინო, რას მეტყვის ჩემი ქმარი.
– რა უნდა გითხრა, ლიკა, რას ელოდები ჩემგან, აღიარებას, რომ გეი ვარ? გაგიჟდი? ამან გადაგრია და შენც დაუჯერე? ახლავე დავურეკავ ვახოს და ვეტყვი, სასწრაფოდ მოვიდეს. ორივეს ერთად გვითხარი, საყვარლები ხართო და ნახავ, როგორი რეაქცია ექნება ამაზე.
– ვახო... – გაიმეორა სოფომ და ლიკას გადახედა, – აჰა, სახელი უკვე ვიცით. ეს რაღაცას ნიშნავს. ანუ, გულახდილია ბიჭი. არაფერს მალავს.
– რა მაქვს დასამალი, თქვენ მართლა ხომ არ გაგიჟდით? – იფეთქა ლაშამ, – საყვარელი მყავს და ისიც კაცი? მგონი, შეიშალეთ ორივე!
– ნუ ყვირი. არც გიჟი ვარ და არც შეშლილი, – შეუტია ლიკამ, – მაშინ მითხარი, აქ რას აკეთებდით.
– არაფერს.
– არაფერს? ლაშა, ნუ ეცდები დამიმტკიცო, რომ სულელი ვარ, რომ შემოვედი აქ, ამ ოთახში, თქვენ, ანუ შენ და ის ვახო, რას აკეთებდით?
ლაშამ თვალები ოდნავ მოჭუტა და...
– ვხტოდით.
– ტრუსებისამარა?
– ჰო, ტრუსებისამარა, რაღაც გაგვეხარდა და ემოციას გამოვხატავდით.
– რა გაგეხარდათ, ლაშა?
– რა და... – ლაშა დაფიქრდა.
– დრო გჭირდება, რომ დამაჯერებელი ტყუილი მოიფიქრო, – თანაგრძნობით გაუღიმა ლიკამ, – მოგცემ მაგ დროს.
– არაფერიც არ მჭირდება და არც ტყუილის მოგონებას ვაპირებ. იმას გეტყვი, რაც მოხდა. გნებავს, დამიჯერე, გნებავს, ნუ დამიჯერებ. მოკლედ, საქმე ისაა, რომ იმ ღამეს ვახოს გუნდმა მოიგო.
– რა? – ერთხმად იკითხეს სოფომ და ლიკამ.
– ჰო, რა იყო, – ლაშამ ნელ-ნელა ბოლომდე ჩამოაყალიბა მისთვის მოსაწონი ვერსია, – ტოტალიზატორში თამაშობს ბიჭი და მთხოვა, ტელევიზორისთვის აქ ერთად გვეყურებინა. სახლში დედამისი „უჭედავს“. რას წარმოვიდგენდი, ასე მოულონდელად თუ დაგვატყდებოდი თავს, საავდრო ღრუბელივით. ხომ ვიცოდი, რომ არ უნდა მოსულიყავი, ჰოდა, უარიც აღარ მითქვამს. ღირდა, ამის გამო ასეთი აყალ-მაყალის ატეხვა? მოგესმინა და ყველაფერს აგიხსნიდი. ისტერიკა რომ მოაწყვე, ქვეყანა შეყარე და ორივემ ერთად „ცისფერობა“ დამაბრალეთ. წესით, მე უნდა ვიყო გაბრაზებული, მაგრამ ჯანდაბას, დავთმობ ამჯერადაც, ოღონდ კი დამშვიდდე...
ლიკა გააოგნა პრობლემის ასეთმა მარტივმა გადაწყვეტამ. ლაშას სიტყვებში სიმართლე ჩანდა. ყოველ შემთხვევაში არარეალური მასში არაფერი იყო. შეცბუნებულმა ქალმა სოფოს გადახედა. იმანაც შეუმჩნევლად აიჩეჩა მხრები. სამაგიეროდ, ლაშას მოეცა გული.
– თუ სამზარეულოში გასვლა არ დაგეზარება, ნახავ, რომ ლუდის ბოთლები ისევ მაგიდაზე ალაგია. უბრალოდ, ფეხბურთს ვუყურეთ. სულ ეს იყო. გჯერა, ჩემი?
ლიკა შეყოყმანდა.
– არც კი ვიცი... უცნაურია, რომ ფეხბურთს გამთენიისას გადმოსცემდნენ. არ მეგონა, დილის შვიდ საათზეც თუ იყო, ტელევიზორში ფეხბურთის მატჩები...
– როგორ არ არის, თუ გინდა, პროგრამასაც გაჩვენებ.
– არ მინდა, – ლიკა აშკარად ნირწამხდარი ჩანდა, – დაგიჯერებ. თუმცა, ვერ გეტყვი, რომ ძალიან დამარწმუნე. სოფო, შენ რას იტყვი?
– ჩემი წასვლის დროა, – პასუხს თავი აარიდა სოფომ, – ძალიან გვიანია. ხვალ სამსახურისთვის ხომ უნდა ავდგე.
– გაგაცილებ, – წამოდგა ლიკა.
კართან მისულები ცოტა ხნით შეყოვნდნენ.
– მაგარი ვერსია „მოარტყა“. ვერაფერს იტყვი, – წასჩურჩულა სოფომ.
– ჰო. ვეღარაფერი ვთქვი. იქნებ, მართლაც ეს იყო და მეტი არაფერი.
– რა გითხრა. ეგენი ერთ ნაბიჯზეც არ არიან სანდონი. შენ მაინც ყურადღებით იყავი. თუ რაღაც – ეგრევე მითხარი. მაინც არ მგონია, ტყუოდეს. თუმცა, მეჩვენება, რომ რაღაცას ბოლომდე არ ამბობს. მაგრამ, დიდხანს ვერ გაძლებს, „გაიშიფრება“ და შენც მაშინვე „ჩაიჭერ“. კარგი, წავედი ახლა და შენ იცი! მეტს ნუღარ ეჩხუბები. პირიქით, ვითომ ინანიებ შენს ტყუილუბრალო ეჭვიანობას... ჩაუსაფრდი-მეთქი, ხომ ხვდები, რასაც ვგულისხმობ.
– კარგი. როგორც მითხარი, ისე მოვიქცევი. გმადლობ. ძალიან დამეხმარე.
– რას ამბობ. ყველაფრისთვის მზად ვარ.
ოთახში დაბრუნებულ ლიკას ქმარი თავის საყვარელ დივანზე წამოწოლილი დაუხვდა. მივიდა და კიდეზე ჩამოუჯდა. ლაშამ უნდობლად შეხედა.
– აღარ მიბრაზდები? – ჰკითხა დაეჭვებით.
ლიკამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
– მართლა აღარ მიბრაზდები?
– არა. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ. შენც ხომ არ ითამაშე, შემთხვევით?
– სად?
– ტოტალიზატორში. იმ შენს ვახოსთან ერთად. იქნებ, ვერც შენ გაუძელი ცდუნებას. მით უმეტეს, რომ ფული გჭირდება.
– ჰო. ვითამაშე და მოვიგე კიდეც. მინდოდა, გამეხარებინე, მაგრამ აღარ დამაცადე. ისეთი გადარეული იყავი, შენთან ლაპარაკს საერთოდ არ ჰქონდა აზრი. ამიტომაც გაგეცალე. დღეს მოვედი და სეკუნდანტი დამახვედრე. თითქოს მოკვლას გიპირებდი. მითხარი, სოფოს დაუდაქალდი?
– ნუ, რა ვიცი... – ლიკამ მართლა არ იცოდა, სოფოს მიმართ რას გრძნობდა, მიაჩნდა ის თავის მეგობრად თუ არა.
– რატომ არ მპასუხობ?
– არ ვიცი. მგონი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილი არ არის. მეგობრობა ფართო ცნებაა.
– მეგობრობა ფართო ცნება ვერაფრით იქნება. თუ სწორად მესმის, მეგობარი ყველაზე სანდო ადამიანი უნდა იყოს. შენი ყველაზე იდუმალი ზრახვების მოზიარე. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლომდე უნდა ენდობოდე. თუ შენ და სოფოს ასეთი ურთიერთობა გაქვთ, ძალიან არ მომეწონება.
ლიკა გააღიზიანა ქმრის კატეგორიულმა ტონმა და დაავიწყდა პირობა, რომელიც სოფოს მისცა. როგორ არ უნდა გაბრაზებულიყო, როცა მისი ქმარი „გამოღმა შეედავეს“ პრინციპით მოქმედებდა და რეალურად ეს სწორი ტაქტიკა იყო – მომგებიანი. მაგრამ, ლიკასთვის ლაშას საქციელი იმას ჰგავდა, ვიღაც უცხოს მისთვის ბრძოლა რომ გამოეცხადებინა და ამ ბრძოლაში წარმატებისთვისაც მიეღწია. ამიტომ, კეთილგონიერების ხმა დროებით ჩაახშო მრისხანებამ.
– შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, მე და სოფო ვიმეგობრებთ თუ არა.
– მნიშვნელობა როგორ არ აქვს. ის გოგო შენზე ცუდ გავლენას ახდენს.
– ჰა, ჰა, ჰა, – ნაძალადევად გაიცინა ლიკამ, – მოდი, რა, ნუ ვილაპარაკებთ გავლენებზე. მით უმეტეს, შენ ხმა საერთოდ არ ამოგეღება. ხედავ, როგორ ვცდილობ, შენი შეთხზული ისტორიის დაჯერებას და ხელს მაინც ნუ შემიშლი, თორემ ისევ მიგაბრძანებ აქედან. რამდენი წააგე იმ ტოტალიზატორში?
– მე წავაგე? მე ეს ვთქვი? რას ამბობ?! მოვიგე. ორი ათასი ლარი, – ლაშამ თანხა სპეციალურად ხმამაღლა წარმოთქვა. ლიკაზე ეფექტის მოსახდენად. ორი ათასი ლარი მათი ოჯახისთვის იყო „რაღაც“, თორემ აბა, შეიძლება ამ თანხას ბევრი უწოდო? როცა „ვიღაცეებისთვის“ ეს ჩვეულებრივი საჭმლის ფულია, „ჯიბის ფული“, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.
ეფექტი ზუსტად ისეთი იყო, როგორსაც ლაშა მოელოდა.
– ხუმრობ? – ცოტა სული რომ მოითქვა, ჰკითხა ლიკამ.
– არა. არ ვხუმრობ. ახლა საკუთარ თავს ჰკითხე, მქონდა ხტუნაობისთვის მიზეზი თუ არა?
– იმან რამდენი მოიგო, – ლიკა სათქმელს თავს ვერ აბამდა.
– ცოტა მეტი, ამას რა მნიშვნელობა აქვს. შენ კიდევ, ერთი ამბავი ატეხე. გასაგებია, რომ ძალიან უცნაურ, არასასიამოვნო პოზაში გვნახე, მაგრამ მე ხომ მიცნობ. როგორ იფიქრე, რომ საყვარელი მყავს და ისიც კაცი... მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ ქალბატონმა სოფიომ ჩაგაგონა ეს სისულელე. შენ მიხვედი, გული გადაუშალე და იმანაც სასწრაფოდ შეთხზა ვერსია.
ლიკა თითქმის აღარ უსმენდა ქმარს. მას უკვე ორი ათასი ლარისკენ ჰქონდა ყურადღება მიმართული. არ იცოდა, სწყენოდა თუ გახარებოდა ფული, რომელიც მათ ოჯახს ოდნავი ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა.
– რა უნდა ვუყოთ ახლა მაგ ფულს? – იკითხა ცოტათი შეშინებულმა.
ლაშას გაეღიმა.
– მგონი, უნდა დავხარჯოთ.
– ჰო, მაგრამ რაში?
– რაშიც საჭიროა, იმაში.
– ეგ მეც ვიცი, მაგრამ... – ლიკამ გონებაში სწრაფად გადაიანგარიშა, რა შეღავათს მისცემდა ამ ფულის მთლიანი ვალისთვის გამოკლება. შეიჭმუხნა და თავი გააქნია.
– არა, არა, აზრი არ აქვს.
– რას არ აქვს აზრი? – ვერ მიხვდა ლაშა.
– ვიფიქრე, ერთიანად ხომ არ შეგვეტანა ბანკში და ვალისთვის ხომ არ გამოგვეკლო-მეთქი, მაგრამ ისეთი თანხაა, დიდად ვერაფერს შეცვლის. რა ვქნათ?
– ახლა ისე ნუ იზამ, ვიფიქრო, ეს ფული რომ არ გამოგვჩენოდა, უკეთ ვიქნებოდით-მეთქი, – გაეცინა ლაშას, – ათასი ლარით წვრილ-წვრილი ვალები გადავიხადოთ. დანარჩენი კი შენ მოიხმარე. გინდა, ათი დღით ბათუმში წავიდეთ. ეგ ფული თავისუფლად გვეყოფა.
ლიკას თვალები აუციმციმდა.
– აუ, ბათუმი მაგარია! მაგრამ... არა, არა, არ გამოვა ეგ ამბავი.
– რატომ არ გამოვა?
– იმიტომ.. ასე ქარაფშუტულად ვერ მივაფლანგავ. მორჩა. ის დრო აღარ არის, უკან რომ არ ვიხედებოდი. არ გვაქვს საქმე საამისოდ. მართალი ხარ, წვრილი ვალები უნდა გადავიხადოთ. დანარჩენს კი შევინახავთ. რა იცი, რა ხდება. სექტემბერში ბავშვს იმდენი ფული დასჭირდება, საიდან მოვიტანო. მისი სკოლის გადასახადის ნაწილს მაინც გადავიხდი. მრცხვენია დედაჩემის.
– დედაშენმა თქვა სწორედ, რომ შენ დასვენება გჭირდება. ჯერ კიდევ გუშინ, არაფერი იცოდი ამ ფულის არსებობის შესახებ. სექტემბრამდე რაღაც კიდევ გამოჩნდება. ახალი ფეხსაცმელიც მინდა, რომ იყიდო.
– ამას რა დავარქვა? – დანაშაულის გამოსყიდვის მცდელობა თუ ზრუნვის მოულოდნელი მოძალებული სურვილი – დასცინა ლიკამ.
– უსამართლო ნუ იქნები. როდის არ ვზრუნავდი შენზე. ამას ნამდვილად ვერ მისაყვედურებ.
– ჰო, რაღაც „გამონათებები“ ყოველთვის გქონდა, მაგრამ ახლა, ჩვენს მდგომარეობაში, ასეთი მფლანგველობის უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემთ.
– კიდევ ვითამაშებ, – „დაამშვიდა“ ლაშამ.
– ტოტალიზატორში? არავითარ შემთხვევაში, ამაზე აღარც კი იფიქრო. ერთხელ რომ გაგიმართლა, მეორედ სანანებლად გაგიხდება საქმე. ეს თემა საკამათოც კი აღარ არის.
– კარგი. ნუღარ ვიკამათებთ. მოდი, დავიძინოთ. ფულს როგორ დავხარჯავთ, ეგ ამბავი ხვალ გადავწყვიტოთ. მე მაინც მომხრე ვარ, როგორც საჩუქარი, ისე მივიღოთ და ცოტათი მაინც ვისიამოვნოთ. მაგრამ, თუ შენ ფიქრობ, რომ უნდა შევინახოთ, ასე იყოს. მით უმეტეს, რომ ჯერ არც აგვიღია. ხვალ ვახო მოვა მონაგების მისაღებად.
– მე ვიცნობ მაგ ვახოს?
– როგორ არა. ერთად ვმუშაობდით. გინახავს კიდეც.
– რაღაც არ მახსენდება – თავი გადააქნია ლიკამ, – თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს. იმას რაც უნდა, ის უქნია. შენ კი, პირობა უნდა მომცე, რომ ტოტალიზატორისკენ აღარც კი გაიხედავ.
ლაშამ მორჩილად დაუქნია თავი ცოლს და შემრიგებლურად გაუღიმა.
– კარგია, რომ ყველაფერი გაირკვა. იმედი მაქვს, გჯერა ჩემი.
– მინდა, რომ მჯეროდეს, მაგრამ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. დივანზე აპირებ ისევ დაძინებას?
– არა. რატომ უნდა დავიძინო დივანზე? – ისე გაიოცა ლაშამ, თითქოს დივანზე არც არასოდეს დაეძინოს...
***
„რისთვის სჭირდება მამაკაცს თავისუფლება... იქნებ არც არაფერში, მაგრამ მაინც მთელი არსებით მიილტვის მისკენ. საკმარისია, იგრძნოს (ან მოეჩვენოს – კონკრეტულ შემთხვევაში ეს თითქმის ერთი და იგივეა), ვიღაც ჩემს პირად თავისუფლებას აბუჩად იგდებსო, რომ განწირულივით იწყებს ხელ-ფეხის ქნევას... საერთოდ, მამაკაცი ძალიან უცნაური და ორიგინალური არსებაა. უნდა! – მაგრამ რა უნდა, ხშირად თავადაც არ იცის. საკითხის უკეთ განსამარტავად ვიწყებ: ათი წლის ასაკში მამაკაცს (პირობითად ასე ვუწოდოთ) უნდა, რომ იყოს ძლიერი. გადის ათი წელი და „მაგარ ბიჭობაზე“ დადებს თავს, ისე, რომ შეიძლება, არც იცოდეს, რა იგულისხმება ძალასა და „მაგარ ბიჭობაში“.
აი, ოცდაათი წლისა გიჟდება, ისეთი დაუოკებელი სურვილი აქვს, იყოს თავისუფალი. სხვათა შორის, სწორედ 30-დან 40 წლამდე ანგრევენ კაცები ყველაზე ხშირად ოჯახებს, ამ ყბადაღებული თავისუფლების გამო. გაუგებარია, რატომ ჰგონიათ ოჯახი თავისუფლების მტერი. ვინ უშლით რამეს?! მაგრამ ხომ გეუბნებით, თავისუფლების არსი არ ესმით-მეთქი და საერთოდაც, ძალიან ბევრი რამ არ ესმით... გავაგრძელოთ... ორმოცი წლის ასაკში მამაკაცის ქვეცნობიერი ითხოვს, ვიღაცას სჭირდებოდეს და აჰა, აქ იწყება პრობლემებიც. არ არის ადვილი, თავისუფლების „მონაპოვარი“, ხვდებით ხომ, რასაც ვგულისხმობ „მონაპოვარში“, ჰარმონიულად შეუთავსო ოჯახს, ცოლს, სახლს და იმ პასუხისმგებლობას, რაც ამ ყველაფერს ახლავს თან. რა უცნაურია, არა?! – თავისუფლების წყურვილი და სურვილი სიმყუდროვისა. მამაკაცური გაგებით, ეს ორი რაღაც არანაირად არ ეთანხმება ერთმანეთს. სხვათა შორის, ბალანსიც ასაკის ცვლილებასთან ერთად იცვლება და აქეთ-იქით მერყეობს. მრავალფეროვნების სასარგებლოდ ახალგაზრდა უფრო ხალისით თმობს და ცდუნებაც გაცილებით ძლიერი აქვს. ხანდაზმულმა შეიძლება, თმაც კი დაიგლიჯოს, თუკი შემთხვევით ოჯახი დაენგრევა.
მაგრამ ასაკი – ეს კიდევ არ არის ყველაფერი, მამაკაცების დიდი ნაწილი ოცდაათ წლამდეც ქორწინდება და შთამომავლობასაც უდებს დასაბამს. ეს, როცა საქმეში მისი უდიდებულესობა სიყვარული ერევა. თანაც, თუ კაცს იმპულსებთან ბრძოლა შეუძლია, იქ უკვე აღარც ასაკს აქვს მნიშვნელობა...
...მამაკაცს თავისუფლება უნდა... მას უნდა, თავის ნებაზე ისეირნოს, მაგრამ ბოლოს მაინც სახლში დაბრუნდეს და იქ ხელგაშლით მიიღონ. არაფერი ჰკითხონ და რაც მთავარია, არ უსაყვედურონ. ქალებს კი ეს არ ესმით. კი, მაგრამ რანაირად შეიძლება, ისიც გინდოდეს და ისიცო. შეიძლება, ქალბატონებო! ყველაფერი შეიძლება, როცა თქვენ წინაშე, თავად ბუნების გვირგვინი, მისი აღმატებულება მამაკაცია!..“
***
ლიკამ ფინჯნებში ყავა დაასხა და კარადიდან საგულდაგულოდ შენახული შოკოლადებიანი კოლოფი გამოიღო.
– ოჰო, ეტყობა რაღაცით დავიმსახურე, – გაუხარდა ლაშას.
– დამსახურება არაფერ შუაშია. უბრალოდ, გამახსენდა, რომ გვაქვს. შენ ხომ გიყვარს ყავასთან შოკოლადი.
– ძალიან. ძალიან მიყვარს, მაგრამ შოკოლადზე მეტად შენ მიყვარხარ. რა ქენი, მოიფიქრე, ფულს რაში დახარჯავ?
ლიკამ მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა.
– პრინციპში, მოვიფიქრე. რა თქმა უნდა, წვრილ ვალებს აუცილებლად გავისტუმრებთ. ამაზე არც არის ლაპარაკი. დანარჩენს კი... ლაშა... იცი, როგორ მინდა ამ ბინაში რაღაცეები შევცვალო!
– თუ რემონტს გულისხმობ, არ გამოვა ეგ ამბავი. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ფული არ გვაქვს მაგდენი.
– მე არ მითქვამს, რემონტი გავაკეთოთ. მე ვთქვი, რაღაც-რაღაცეები შევცვალოთ-მეთქი. მაგალითად, ავეჯი.
ლაშას ცუდად ენიშნა ცოლის სიტყვები.
– რომელი ავეჯი? ათას ლარად რის ყიდვას აპირებ?
– ათას ლარად რატომ? იცი, რამდენს მოსწონს ძველი ნივთები? მე გავიგებ, სად შეიძლება გავყიდოთ ბებიაშენის დანატოვარი ავეჯი და უფრო თანამედროვე გარნიტური ვიყიდოთ.
– ლიკა, მოეშვი მაგ ამბავს. ტყუილად თავს გაიწვალებ. სად უნდა ირბინო ამ ძველმანების გასაყიდად? – ლაშას შუბლი ცივმა ოფლმა დაუცვარა და შეაჟრჟოლა. ლიკა გაჯიუტდა.
– დავიღალე ამის ყურებით. თავი სიძველეების მუზეუმში მგონია. შენ ნება მომეცი და ეგ დივანი და კომოდი ორ დღეში აქ აღარ იქნება. კარგ ფასსაც მომცემენ. რამე ნორმალურს ვიყიდი, პატარას და მოხერხებულს. კარგი?
– ლიკ, მოდი რა, ცოტა მოვიცადოთ. ცოტა კიდევ. აუცილებლად გამოგვიჩნდება რაღაც და მერე ყველაფერს შევცვლით. რემონტსაც გავაკეთებთ და ავეჯსაც თანამედროვეს დავდგამთ. შენზე მეტად მე მომწონს თანამედროვე დიზაინი. გეფიცები. მეც ყელში ამომივიდა ეს დივანი და კომოდი, უბრალოდ, ახლა მათი შეცვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ.
– სამაგიეროდ, მე ვხედავ, – მტკიცედ თქვა ლიკამ, – მგონი, მაქვს უფლება, საკუთარი ბინა ისე მოვაწყო, როგორც მსიამოვნებს და მინდა. ან, იქნებ ფიქრობ, რომ რადგან ბინა შენია...
– არა, არა, ეგ არც მიფიქრია, მართლა. უბრალოდ, ძალიან მინდა, დაისვენო. წავიდეთ რა, ბათუმში.
ლიკამ წარბი შეიკრა...
– ხომ იცი, რომ შვებულებაზე უარი ვთქვი.
– ვიცი. მაგრამ შეგიძლია, გოგონებს გაუცვალო და ოთხი დღით წავიდეთ. ძველი დრო გავიხსენოთ და ძალიან მაგრად გავერთოთ.
– არა...
– ლიკუშ, ნუთუ ოთხდღიანი თაფლობის თვე არ დავიმსახურეთ?! – ლაშამ მხარზე მოხვია ცოლს ხელი და მიიხუტა.
– მე ეს ავეჯი „მგრუზავს“ და ცუდ გუნებაზე მაყენებს. ცუდი აურა აქვს. მგონი, საერთოდაც ამის ბრალია, ჩვენ რომ ცხოვრება არ აგვეწყო და ამდენი პრობლემა გვაქვს.
– აუ, აბა, რას ამბობ?! შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ. ასეთი სისულელე რამ გათქმევინა? დივანი და კომოდია დამნაშავე იმაში, მე რომ შტერი გამოვდექი და ადამიანს ბრმად ვენდე?!
– დიახ. ასეა. აურას დიდი მნიშვნელობა აქვს და დაგიმტკიცებ ამას. შენ ის ფული მომეცი და ნახავ, როგორ შევცვლი ყველაფერს უკეთესობისკენ.
– ლიკა, ახლა ნუ დაიჩემებ რაღაცას.
– შენ კიდევ, ხელს ნუ შემიშლი. ან იქნებ, ეს ნივთები შენთვის ჩემზე მეტს ნიშნავს. ნუ დაგავიწყდება, რომ ბოლომდე ჯერ კიდევ არ მიპატიებია.
ლაშამ დაიგმინა.
– შენ ამაზე ლაპარაკს აღარასოდეს მორჩები.
– მოვრჩები მაშინ, როცა დავინახავ, რომ რამედ გიღირვარ. მაძლევ უფლებას, გავყიდო?
ლაშამ პასუხი დაუგვიანა.
– ლაშა, არ გესმის, რას გეკითხები?
კაცმა ხელები გაშალა.
– თუ მეტი პრობლემა არ გაქვს და მარტო ეს კომოდი და დივანი გიშლის ხელს ბედნიერებაში, რა გაეწყობა. მწვანე შუქი უნდა აგინთო... იმედი მაქვს, სანაგვეზე არ გადაყრი მაინც.
– ნუ გეშინია, სულელი კი არ ვარ. კარგ ფასს თუ მომცემენ, მარტო მაშინ შეველევი შენს ანტიკვარებს.
– გააჩნია, შენთვის ეგ „კარგი ფასი“ რამდენია, – ჩაიბურტყუნა ლაშამ. მაგრამ ლიკას აღარ გაუგონია მისი სიტყვები. კმაყოფილი იმით, რომ ქმრის წინააღმდეგობა გატეხა, ღიღინით ალაგებდა ჭურჭელს სარეცხ ნიჟარაში...
ლაშამ მკერდზე დაიდო ხელი. სიგარეტი აიღო და აივანზე გავიდა...
***
აბაზანიდან გამოსულ ვახოს პირსახოცი ჯერ კიდევ ხელში ეჭირა. სველი თმიდან კი ნაკადულებად ჩამოსდიოდა წყალი. წვეთებად გროვდებოდა და მის ფეხებთან გუბედ დგებოდა...
– რა მოხდა, ისევ გამოგაგდო? შემოდი, შემოდი, რომ კარი დავხურო. ფანჯარა ღია მაქვს, გავცივდები ორპირში.
– ნეტავი შენ, რომ სხვა სადარდებელი არ გაქვს. მე ლამის ჭკუიდან შევიშალო. პრობლემა არ გამომელია.
– რა უთხარი, გაფიცებ ყველაფერს... – ყელი ორი თითით გამოიგლიჯა ვახომ და ხელში შერჩენილი პირსახოცი თავზე შემოიხვია ჩალმასავით.
– მოვიგონე რაღაც. ეგ კი მოვაგვარე, მაგრამ ახლა ისეთი რაღაც აიხირა... მოკლედ, ზოგჯერ მაგრად ვნანობ, ცოლი რომ მყავს.
– ამაზე მანამდე უნდა გეფიქრა, სანამ მოიყვანდი. მე გიჟი გგონივარ, რომ არ მომყავს? მაგრამ რა აზრი აქვს სინანულს, თუკი ვერაფერს შეცვლი. ან, იქნებ, გაშორება გადაწყვიტე.
– არა, ტო... რა გაშორება? ხომ გითხარი, მე ის კაცი ვარ, სტაბილურობას რომ აფასებს. თან, ლიკაც მიყვარს.
– ძალიან უცნაური სიყვარული გაქვთ. მხრები აიჩეჩა ვახომ, – ძალიან უცნაური... ხოცავთ ერთმანეთს. მაინც, როგორ „გამოძვერი“, მითხარი, რა, მითხარი...
– „ცისფერები“ რომ ვგონებივართ, იცი?!
– ჩვენ, „ცისფერები“? მეხუმრები? რა სისულელეა! შენი ცოლი გადარეულა.
– ჰო. ჭკუის დამრიგებელიც ისეთი ჰყავს... ის გოგო ნელ-ნელა აგიჟებს. ერთი „ნაშა“ რა...
– მერე, გამაცანი, ბიჭო და მოვიყვან მაგას ჭკუაზე.
– ჰმ, შენ რაში სჭირდები. შენნაირებს ზედაც არ შეხედავს. მარტო ის მამაკაცები მოსწონს, დღეში ათასი დოლარის დახარჯვა რომ შეუძლიათ.
ვახომ დაუსტვინა.
– რას ამბობ, ათასი დოლარი მე ორი თვე მეყოფა.
– ჰოდა, ამიტომაც დაივიწყე... მაგრამ მე ვერ დავივიწყებ და თუ გავიგე, რომ ლიკას ჩემი დივანის გაყიდვის აზრი მაგან ჩააგონა, მოვკლავ.
– რას ამბობ, დივანი უნდა გაყიდოთ?
– აბა, აიჩემა და დღეს დილით ისე „ჩაიხვია“ ვეღარაფრით გადავათქმევინე. მოკლედ, მაგარ შარში ვარ. რა ვუყო ახლა ამას. მართლა რომ გაყიდოს, დავიღუპები.
ვახომ ნიკაპი მოისრისა.
– შენ ეს მითხარი, წუხელ სად გეძინა?
– რატომ მეკითხები? – ვერ მიხვდა ლაშა.
– იმიტომ... იმიტომ...
– ა, საძინებელში და იგივე განმეორდა. არა, რა! ჩემი ბედი და მომავალი ახლა ამ დივანზეა დამოკიდებული...
გაგრძელება შემდეგ ნომერში