როგორ ეძებს პატიმარი ქალი დედას ქალაქ ბათუმში
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს წერილი რედაქციაში შემოვიდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ პატიმარ ქალბატონს, ირმა ირემაძეს დედის პოვნაში დავეხმარეთ. ჩვენთვის არ არის ცნობილი, თუ რის გამო იხდის სასჯელს 30 წლის ქალბატონი, მაგრამ იმედია, მალე გათავისუფლდება. წერილს შეუცვლელად ვაქვეყნებთ და იმედი გვაქვს, თუკი სვეტლანას დედა საქართველოში იმყოფება, ის გამოგვეხმაურება და დედა-შვილის დაშორების მთელი ეს წლები დროებით (პატიმრობის შემდეგ მაინც) დამთავრდება.
30 წლის სვეტლანა სტეფანეს ასული ჩაენკოვა (დაბადებული 1980 წლის 10 მარტს სნეჟანა ჩერნოტისკაია) ეძებს დედას ტანია ჩერნოტისკაიას.
– ძვირფასო რედაქციავ, მივმართავ რუბრიკა „დაკარგულების“ ხელმძღვანელ ჟურნალისტს ნატალია მახარაშვილს დიდი თხოვნით და იმედით. თქვენმა პასუხმა (მხედველობაში მაქვს ირმა ირემაძისადმი გამოჩენილი ყურადღება) სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულებს შორის უდიდესი სიხარული გამოიწვია. თითქმის ყველა სიხარულის ცრემლებით ვტიროდით.
გადავწყვიტე, ბედი მეცადა. თქვენი დიდი იმედი მაქვს, რომ დამეხმარებით ბიოლოგიური დედის პოვნაში. ჩემს შემთხვევაში, ალბათ, მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ. მაგრამ ისეთი კეთილშობილური საქმის კეთება აირჩიეთ, უფალი ყველა ნაბიჯს დაგილოცავთ.
მე ვარ სვეტლანა სტეფანეს ასული ჩაენკოვა (ამჟამინდელი სახელი და გვარი), დაბადებული ვარ 1980 წლის 10 მარტს. ჩემს შესახებ ვიცი, რომ დავიბადე ქალაქ ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლში – მერქვა სნეჟანა ჩერნოტისკაია. სამწუხაროდ, ჩემთვის უცნობია გარემოება, რის გამოც ბიოლოგიურმა მშობლებმა მიმატოვეს. მათ შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ მამაჩემს ერქვა (შეიძლება ჰქვია კიდეც) ალექსანდრე – მისი ასავალ-დასავალი ჩემთვის უცნობია.
დედაჩემს ჰქვია – ტანია ჩერნოტისკაია. იმედია, ის ცოცხალია და საქართველოში ცხოვრობს. მის შესახებ მეტი არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რაც უკვე მოგახსენეთ. შემდეგ მიშვილა თამარა ჩაენკოვამ. ვცხოვრობდი ჩემს აღმზრდელ მშობელთან ერთად ოზურგეთში, სოფელ ლაითურში. დედობილმა, თორმეტი წლის რომ გავხდი, გადაწყვიტა, საქართველოდან წასულიყო, რამდენადაც ვიცი, ის რუსეთში წავიდა. არ ვიცი, რომელ მხარეს. არც ის ვიცი, ცოცხალია დღესდღეობით ის თუ არა. მე კი სენაკის ბავშვთა სახლში მიმაბარა. ისე მოხდა, რომ ცხოვრებაში ორჯერ დამტოვეს. შემდგომ გავიზარდე და გავთხოვდი. მეუღლე აღარ მყავს. ჩემს პატარა ვაჟიშვილს კი ბიძა და მისი მეუღლე ზრდიან – მათ ითავეს მცირეწლოვანზე ზრუნვა ჩემი დაკავების შემდეგ.
სულ ეს არის ჩემი ისტორია – ის ყველაფერი, რისი მოყოლაც და რა ცნობების მოწოდებაც მე შემიძლია. იმედი მაქვს, ეს ცოტა მაინც დაგეხმარებათ ჩემი მშობლების მოძებნაში. ძალიან მინდა, ბიოლოგიური დედის პოვნა. მე მას ყველაფერი შევუნდე, რადგან მართლა არ ვიცი, მიზეზი, რის გამოც მიმატოვა. მოგმართავთ თხოვნით და დარწმუნებული ვარ თქვენს ჰუმანურობასა და შეუპოვრობაში. მჯერა, რომ დამეხმარებით. იმედი მაქვს, ვინმე გამოეხმაურება ჩემს ისტორიას. იქნებ, ვინმეს ეცნოს ჩემი ბიოლოგიური დედის სახელი და გვარი. დედა, თუ შენ წაიკითხავ ამ სტატიას, ძალიან გთხოვ, გამომეხმაურე.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.