კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზეზით დაკარგა შვილმა მამა და ვის ეძებენ ალმა-ათიდან თბილისში


18 წლის ვიქტორია ვიქტორის ასული ბარანოვა ეძებს 42 წლის ლევან ჯუსვერდის ძე ცქიტიშვილს.

ისტორია: ვეძებ მამას, 1968 წელს დაბადებულ ლევან ჯუსვერდის ძე ცქიტიშვილს. მამიკო არასდროს მინახავს, რადგან ის საქართველოში დაბრუნდა და მას შემდეგ კონტაქტი არ გვქონია – არც ჩემთან, არც დედიკოსთან. ვიცი, რომ მამაჩემი დაიბადა ქალაქ ზესტაფონში, შეიძლება, ამჟამად თბილისში ცხოვრობს და უკვე თავისი ოჯახიც აქვს, მე კი ნახევარდა ან ნახევარძმა მყავს. ყოველ შემთხვევაში, გამიხარდება, თუკი მართლა აღმოჩნდება, რომ მყავს.

– ვიკა, მოგვიყევი, როგორ დაკარგე მშობელი მამა, რატომ გადაწყვიტე მისი მოძებნა და რა იცი მამის შესახებ?

– ჩემი ბიოლოგიური მამა არასდროს მინახავს, მის შესახებ გადმოცემით ვიცი. დედა მომიყვა, რომ მამა ქართველი მყავს. ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი 1990 წელს გაიცნეს სოხუმში. იმ დროს იქ სამხედრო ნაწილი იდგა, სადაც მამაჩემი განაწილებით მოხვდა ვილნიუსის სამხედრო სასწავლებლიდან. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი. რაღაც დროის განმავლობაში ისინი ერთადაც ცხოვრობდნენ. 1991 წელს კი დედა საცხოვრებლად თავის სამშობლოში, ალმა-ათაში გაემგზავრა, სადაც დღემდე ვცხოვრობთ. დედის გვარს ვატარებ, მაგრამ მამა არასდროს დამვიწყებია და ყოველთვის მინდოდა მისი პოვნა. მინდოდა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მენახა. ვიმედოვნებ, რომ თუკი მას დღესდღეობით ოჯახი აქვს, ამ ჩემს სურვილს ისინი ნორმალურად მიიღებენ და არ იქნებიან წინააღმდეგნი, ბიოლოგიური მამა ვნახო. ძალიან გამიხარდება, თუკი აღმოჩნდება, რომ მყავს ნახევარძმა ან ნახევარდა.

– რა მიზეზით დაშორდნენ შენი მშობლები და თუ იყვნენ დაქორწინებულნი?

– დედაჩემს, ელენა იურის ასულ ბარანოვას (დაბადებული 1971 წელს) და მამაჩემს ხელი ჰქონდათ მოწერილი. რაღაც დროით ერთად უცხოვრიათ, მაგრამ შემდგომ, როგორც ვიცი, მამა შვებულებაში გავიდა და სამშობლოში დაბრუნდა, საიდანაც აღარ დაგვკავშირებია. ერთად ჩემი მშობლები ვერ იცხოვრებდნენ, რადგან მამაჩემის მხარე ამ კავშირის წინააღმდეგი იყო. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიცი. სიტუაცია იმანაც გაართულა, რომ სწორედ იმ პერიოდში იყო საომარი მდგომარეობა აფხაზეთში, 1992 წელს ომი დაიწყო. ბოლოჯერ მათი სატელეფონო საუბარი სწორედ 1992 წელს შედგა. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს. მე და დედას ძალიან გვაინტერესებს, როგორ აეწყო მამას ცხოვრება. ჩვენ მისგან არაფერი გვინდა, გარდა იმისა, გავიგოთ, რომ კარგად არის. პირადად მე, იმედი მაქვს, რომ ის მოინდომებს ჩემს ნახვას, თუნდაც ტელეფონით ან ინტერნეტით დამიკავშირდება. ბევრი ჩემი მეგობარი ვერც კი ხვდება, რატომ გადავწყვიტე მამის მოძებნა. მათი აზრით, მამამ მიმატოვა და რადგანაც მე ის არასდროს მინახავს, მე მისი ნახვის სურვილიც კი არ უნდა მქონდეს. მაგრამ, მე ძალიან მინდა, ვნახო მამიკო, ჩავეხუტო და გავიგო, თუ როგორ არის, ან რა ხდება მის ცხოვრებაში. ვფიქრობ, შეიძლება, ის ამჟამად თბილისშიც კი იყოს.

– ვიკა, როგორ ფიქრობ, შეიძლება თუ არა, მამაშენი საცხოვრებლად საქართველოს ფარგლებს გარეთ წასულიყო?

– არ მგონია, ის საცხოვრებლად საქართველოდან სხვაგან წასულიყო. ერთადერთი ის ვიცი, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს ის სოჭში ან როსტოვში გაიყვანეს. მაგრამ, ამის შემდეგ ზუსტად ვიცი, რომ სამშობლოში დაბრუნდა. სამწუხაროდ, ბებიის და ბაბუის სახელები არ ვიცი. ვიცი მხოლოდ, რომ წარმოშობით მამა ზესტაფონიდან იყო.

– როგორ ფიქრობ, მამა თუ გეძებდა შენ ან მისი პოვნის შემთხვევაში, თუ მასაც ენდომება შენთან დაკავშირება, როგორი იქნება შენი რეაქცია?

– ნამდვილად არ ვიცი, მეძებდა თუ არა მამიკო. ამჟამად მე უკვე თვრამეტი წლის ვარ და მთელი ამ ხნის განმავლობაში, დედა ცდილობდა, რამე გაეგო მამაზე. ეს ბუნებრივიცაა, მას ხომ მისგან შვილი ჰყავს. მე კი ამჟამად სრულწლოვანი ვარ და გადავწყვიტე, ყველანაირი ღონე მეხმარა და მამა მეპოვა. მთავარია, ის კარგად იყოს და გავიგო, რომ მას ყველაფერი კარგად აქვს. რა თქმა უნდა, მეწყინება, თუ ჩემზე უარს იტყვის და ჩემთან დაკავშირებასაც არ მოინდომებს, მაგრამ მაინც მეყვარება, რადგან მამაა ჩემი და ჩემი სისხლი და ხორცია. მასთან შეხვედრა ჩემი ოცნებაა და დიდი იმედი მაქვს, მისთვისაც ასეა. თუკი მამას მაპოვნინებთ, უბედნიერესი ვიქნები. თვრამეტი წელია, მის შესახებ არაფერი ვიცი და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მადლობელი ვარ, რომ ჩემი ისტორია ასე გულთან ახლოს მიიტანეთ და დახმარების ხელი გამომიწოდეთ საქართველოდან ალმა-ათაში. როდესაც გავიკითხე, „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზე, ვის შეიძლება მივმართო დახმარებისთვის რომ ადამიანი საქართველოში მაპოვნინოს-მეთქი, მაშინვე დამისახელეს, რომ თქვენ ეხმარებით ასეთ ხალხს და ბევრს უკვე დაეხმარეთ კიდეც. იქნებ, მეც გამიმართლოს და ვიპოვო მამა.


скачать dle 11.3