ვინ არის ყველაზე სასურველი საპატარძლო რუსი მილიარდერების ქალიშვილებს შორის
რუსულმა ჟურნალმა „ფინანსმა“ ამერიკული „ფორბსის“ მასალებზე დაყრდნობით, რუსეთის ყველაზე სასურველი და მდიდარი საპატარძლოების რეიტინგი გამოაქვეყნა. რა თქმა უნდა, საპატარძლოების მამები „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგის უცვლელი წევრები არიან და სწორედ იმის გათვლით, თუ ვის რა ოდენობის მზითვი შეხვდება ქორწინების შემთხვევაში, „ფინანსმა“ შეადგინა მდიდარი საპატარძლოების ტოპ-რეიტინგი.
ნატალია რიბოლოვლიევა
20 წლის ნატალია რიბოლოვლიევა, „ურალკალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, დიმიტრი რიბოლოვლიევის უფროსი ქალიშვილი და 4,5 მილიარდი დოლარის ქონების ჯერჯერობით ერთადერთი მემკვიდრეა. ნატალიას შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ცნობილია, რომ ის ლონდონში სწავლობს და უკანასკნელი 15 წელია, დედასთან ერთად ძირითადად ევროპაში ცხოვრობს. ახლახან ცნობილი გახდა, რომ დიმიტრის მეუღლემ განქორწინებაზე შეიტანა განაცხადი, რადგან, მისი თქმით, დაიღალა მეუღლის უთავბოლო ღალატისგან. ქალიშვილი ევროპაში საცხოვრებლად დიმიტრი რიბოლოვლიევმა ჯერ კიდევ 90-იანი წლების შუა პერიოდში გაგზავნა. შიშობდა, რომ მის ბიზნესკონკურენტებს რაიმე სახის საფრთხე არ შეექმნათ მისი ოჯახის წევრებისთვის. სწორედ ამის გამო დღემდე ვერ ხერხდება ნატალიას ფოტოს მოძიება.
ეკატერინა ფედუნი
20 წლის მდიდარმა ქერათმიანმა ლამაზმანმა კატია ფედუნმა წარმატებით დაამთავრა მოსკოვის ეკონომიკური სკოლა და სწავლას პრესტიჟულ „მგიმოში“ საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე აგრძელებს. მამამისი ლეონიდ ფედუნი, კომპანია „ლუკოილის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტია. მისი ქალიშვილის მზითევი კი 2,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ვიქტორია ცვეტკოვა
საფინანსო კორპორაცია „ურალსიბის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ცვეტკოვმა ახლახან გაათხოვა თავისი უფროსი ქალიშვილი – იულია. მისი უმცროსი ქალიშვილი – ვიკა კი ჯერ თავის პრინცს ელოდება. „მგიმოს“ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული – ვიკა ვოკალური მონაცემებით გამოირჩევა. დის ქორწილში მან ინგლისურენოვანი სიმღერა შეასრულა, და მოწონებაც დაიმსახურა. რამდენიმე წლის წინ ნიკოლაიმ თავის მიერვე დაფუძნებულ საქველმოქმედო ფონდს ვიქტორია უწოდა. ვიკას მზითევი კი 1,7 მილიარდი ამერიკული დოლარია.
ვიქტორია მიხელსონი
ბოლო დროინდელი მონაცემებით სწორედ ვიკა მიხელსონი ითვლება ყველაზე სასურველ საპატარძლოდ რუსეთში. მამამისის, რუსეთის გაზის კომპანია „ნოვატეკის“ შეფის, ლეონიდ მიხელსონის პირადი ქონება 5,9 მილიარდი ამერიკული დოლარია. ეს თანხა კი მემკვიდრეობით სწორედ ვიკას ეკუთვნის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ვიკას, ისევე, როგორც მამამისს, ჩრდილში ყოფნა უყვარს, რის გამოც რუსული პრესა ნაკლებად ინტერესდება მისი პირადი ცხოვრებით.
ანა აბრამოვიჩი
ყველაზე ცნობილი რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის ქალიშვილს, ანა აბრამოვიჩს წელს 18 წელი შეუსრულდა. ანა დედასთან ერთად ცხოვრობს. ის პრესტიჟული ბრიტანული სკოლის „გოდოლფინ ენდ ლათიმერ სქულის“ მოსწავლეა და ბრიტანეთში დღემდე ლაპარაკობენ იმ წვეულებაზე, რომელიც მას მამამ 16 წლის იუბილეზე გაუმართა და 500 ათასი ფუნტის სტერლინგი დაჯდა. ლოგიკურად, ანას მზითევი რომან აბრამოვიჩის კაპიტალის მეექვსედია, ანუ დაახლოებით 2,8 მილიარდი ამერიკული დოლარია.
გულნარა ქერიმოვა
გულნარას მამა, სულეიმან ქერიმოვი რუსეთის ფედერაციული საბჭოს წევრი და კომპანია „ნაფტა მოსკვას“ მფლობელია. სწორედ მისი „ფერარი ენცოთი“ მოხდა გახმაურებული ავარია ნიცაში 2006 წელს, როდესაც სულეიმანთან ერთად ტელეწამყვანი თინა კანდელაკი დაშავდა. 20 წლის გულნარას გარდა, სულეიმანს კიდევ ორი შვილი ჰყავს და ჟურნალისტების გათვლით, გულნარას წილი მამის დიდძალი ქონებიდან 4,8 მილიარდი ამერიკული დოლარია.
ანასტასია პოტანინა
ნასტია პოტანინა, ერთ დროს რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის, ვლადიმირ პოტანინის უფროსი ქალიშვილია. ნასტია აკვაბაიკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობს და წყლის მოტოციკლით მას სალტოს შესრულება შეუძლია. „მგიმოს“ კურსდამთავრებული, 26 წლის ნასტია სოჭში, საოლიმპიადოდ მშენებარე სათხილამურო ტრასების კომპანიაში მუშაობს, ხოლო მამისგან მას მზითვებში 3,2 მილიარდი ამერიკული დოლარი ერგება.
ანა ანისიმოვა
მეტალურგიული და სამშენებლო წარმოების მაგნატის, კორპორაცია „გაზმეტალის“ მფლობელის, ვასილი ანისიმოვის ქალიშვილი 25 წლის ანა ანისიმოვა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ანას საკუთრებაშია 15 მილიონ დოლარად შეფასებული ბინა მანჰეტენზე, ხოლო თუ რამდენი მილიარდი ერგება მას მამისგან, დაზუსტებით ამის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის, რომლის ქონება 18,5 მილიარდი ამერიკულ დოლარს შეადგენს – ვლადიმირ ლისინის სამი შვილის სქესი და ასაკი სრულიად გასაიდუმლოებულია. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ ყველაზე სასურველი საპატარძლო რუსეთში, სწორედ ლისინის გვარს ატარებს.