რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: შევიძინე ავტომობილი „ტოიოტა” „ქოროლა”, 1993 წლის. როდესაც მარცხენა მხარეს ვუხვევ, რაღაცა კაკუნს იწყებს. ხელოსანმა მითხრა, რომ ეს ყუმბარაა. გავიკითხე და მისი შეძენა საკმაოდ ძვირი ჯდება. არის თუ არა რაიმე სხვა საშუალება, რომ კაკუნი დროებით მაინც შეწყდეს? იქნებ, ისიც მითხრათ, დავაზიანებ თუ არა რამეს ასე თუ ვივლი?
პასუხი: საერთოდ, ყუმბარა უმიზეზოდ არ დაზიანდებოდა, ამას რაიმე გამომწვევი მიზეზი ექნება. მით უმეტეს, „ტოიოტაზე” ძალიან დიდხანს შეგვიძლია, ვიაროთ ისე, რომ ყუმბარა არ დავაზიანოთ. ეს ზოგადად. რაც შეეხება თქვენს პრობლემას. უპირველესად, ნახეთ დაზიანებულია თუ არა ყუმბარის შალითა. თუ ის დაზიანებულია, უნდა გაირეცხოს, ახალი შალითა ჩაეცვას და ხელმეორედ გაიპოხოს. არსებობს ერთი ძველი მეთოდი, რომლის გახმაურებაც ნაწილების გამყიდვლებს არ უყვართ და მომხმარებელს ამას ყოველთვის უმალავენ. თუკი თქვენს ავტომობილში მარჯვენა ყუმბარა საღია (ეს იმ შემთხვევაში, როდესაც მარჯვენა და მარცხენა ყუმბარა ერთმანეთზე მიდის, არის მოდელები, როდესაც მათი გადანაცვლება შეუძლებელია. „ტოიოტას” ამ მოდელზე თქვენ ასე მოქცევა შეგიძლიათ) შეგიძლიათ ის მარცხნივ გადააყენოთ და მარცხენა დაზიანებული ყუმბარა – მარჯვნივ. ეს 95 პროცენტში იმუშავებს და ყუმბარა აღარ იკაკუნებს. ხმა მხოლოდ უკუსვლის დროს ექნება და ვინაიდან უკუსვლის სიჩქარე ყველაზე იშვიათად გვჭირდება, ამ პრობლემას გადავჭრით. ის იმდენივე ხანს იმუშავებს, რამდენ ხანსაც ახალი, ჯანსაღი ყუმბარა.
კითხვა: მოვყევი ავარიაში და დამიზიანდა ავტომობილის წინა მხარე. სათადარიგო ნაწილები უკვე ვიშოვე, მაგრამ დაზიანებულია ეგრეთ წოდებული წინა პანელიც. მეთუნუქე ამბობს, რომ რთული გასასწორებელია, მაგრამ მოახერხებს იმავე ფასად, რა ფასშიც მეორად ბაზრობაზე ვშოულობ ამ დეტალსო. ხელოსნები მეუბნებიან, მოჭრას და ახლის მიკერებას ისევ გასწორება ჯობიაო. რას მირჩევთ?
პასუხი: გირჩევთ მეორადი და ჯანსაღი პანელის შეძენას, ვინაიდან ყველა დანარჩენი წვრილმანი თუ მსხვილმანი დეტალი სწორედ მასზეა დამაგრებული და სამაგრების მცირედი გადახრაც კი, იწვევს დამაგრებული დეტალების დაშორებას ან არასწორი კუთხით დახრას. რაც შეეხება გასწორებულ პანელს, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გავასწოროთ თუ ვერ ვშოულობთ სათადარიგოს ან იმდენად ძვირია, რომ ვერ ვწვდებით.