რომელ დღეებში იქმნება ადამიანის ირგვლივ ენერგეტიკულად ცუდი ფონი და რატომ არ შეიძლება წყევლა ორშაბათ და შაბათ დღეს
როდესაც ადამიანი წარმატებულია და ცხოვრებაში უმართლებს, მასზე ამბობენ, ის ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებულიო. ჩვენ ირგვლივ ყოველდღიურად უამრავი უცნაური ამბავი ხდება, რასაც მეცნიერები დღემდე ვერ სცემენ პასუხს. თუმცა, ფაქტი ერთია: ადამიანმა ყველა წვრილმანს უნდა მიაქციოს ყურადღება და როგორც პარაფსიქოლოგი, ბატონი ლადო ამბობს, ყველა ჩვენგანმა უნდა შეასრულოს ის ელემენტარული წესები, რაც შემდგომში მას წარმატებასა და იღბალს აუცილებლად მოუტანს.
ლადო: ადამიანები ძალიან სულწასულები და დაუდევრები ვართ. გვინდა, თითოეულმა ქმედებამ თუ ნაბიჯმა დღესვე მოგვცეს სასურველი შედეგი. ზოგჯერ კი ისე სწრაფად და დაუდევრად ვიქცევით, რომ ამის შედეგს წლების განმავლობაში ვიმკით. ადამიანის აზრიც კი გარკვეული ენერგიაა და, ვფიქრობ, დღეს უკვე აღარ არის ეს სადავო საკითხი. გვინდა თუ არა ჩვენი აზრები ქმნის ენერგეტიკას, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ მატერიალურ სამყაროში რეალიზდება. ზოგი ამას არ აქცევს ყურადღებას და მხოლოდ მაშინ ხვდება, როცა შედეგს მოიმკის.
– მართლა ასე საშიში და დამანგრეველია ადამიანისთვის აზრობრივი ენერგია?
– ეს ძალიან საშიში ენერგიაა, დამანგრეველი. როცა ერთ ადამიანს მეორე ადამიანის შურს, ის ამით უდიდეს ზიანს აყენებს მის ენერგიას და საერთოდ, წარმატებას. ამ დროს იქმნება გარკვეული აზრობრივი ენერგეტიკა, რომელიც შურის ობიექტს პრობლემებს უქმნის. საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ შური ძალიან ცუდი თვისებაა. ამიტომ, თუ გსურთ, არ ავნოთ სხვას, არასდროს შეგშურდეთ მისი.
– ამბობენ, როდესაც ადამიანი იწყევლება, მისგან დიდი, დამანგრეველი ენერგია მოდისო. ამაზე რას იტყვით?
– ადამიანი წყევლის დროს ქმნის იმ აზრფორმას და უსურვებს კონკრეტულ ობიექტს ცუდს, რაც შემდეგში აუცილებლად უარყოფითად იმუშავებს მასზე. წყევლის დროს მართლაც ხდება ძალიან დიდი, დამანგრეველი ენერგიის გადინება. წყევლის დროს ადამიანი გარკვეულ დონეზე სასიცოცხლო ენერგიასაც კი ხარჯავს და მისი აღდგენა, შესაძლოა, ვეღარც კი მოახერხოს. ამიტომ, სანამ ვინმეს დაწყევლით, მანამდე უნდა დაფიქრდეთ. არც იმათი მესმის, რომ ამბობენ, მე გულით არ ვიწყევლებიო. ამ დროს აზრის დონეზე ხომ უსურვებთ ცუდს მეორე ადამიანს და ხომ უქმნით მას საფრთხეს?!
– აზრის მაგიას თუ შეუძლია ადამიანისთვის წარმატების მოტანა და თუ არსებობს ამის ხერხები, რომელიც შეგიძლიათ, გაგვაცნოთ?
– გაიხსენეთ და დაფიქრდით, რომელ პერიოდში იყავით ყველაზე წარმატებული, როდის გამოგდიოდათ საქმე იოლად, ასევე, ხელი როდის გემართებოდათ. ორიენტაცია ასეთ მომენტებზე გააკეთეთ. დახუჭეთ თვალები და დაფიქრდით, წარმოიდგინეთ ის ყველაზე წარმატებული წუთები, განცდები, ასევე, რა გეცვათ, გეკეთათ და ვინ იყო თქვენ გვერდით იმ მომენტში. ქვეცნობიერ დონეზე გამოიწვიეთ ეს შეგრძნებები ხელახლა და, დამიჯერეთ, ამ დროს თქვენი ცხოვრების წარმატების არხი გაიხსნება. ამ ემოციის ფონზე განვითარებული აზრი-ფორმა, აუცილებლად თქვენს სასიკეთოდ იმოქმედებს, ანუ, ადამიანმა ბედნიერი დღეები უნდა გაიხსენოს და ამ ასოციაციის ფონზე გახსნას თავისი ბედნიერების არხი. რაც მეტად გაიხსენებთ ასეთ წარმატებულ დღეებს თქვენს ცხოვრებაში აზრის დონეზე, მით მეტად წარმატებული იქნებით მომავალში. მეტად წარმატებულ ადამიანებს კი, ეს ბედნიერების არხი დაბადებიდან აქვთ გახსნილი და ნაკლები ძალისხმევით დიდი წარმატების მიღწევა შეუძლიათ. აზრობრივი მაგია, ასე ვუწოდებთ ამას პარაფსიქოლოგები, თავად ადამიანის ენერგიაზეა დამყარებული და ამ დროს ადამიანი საკუთარ ენერგიას გაიღებს და არა სხვისას. ამიტომ, სწორად დახარჯული ეს ენერგია ცხოვრებაში მეტ წარმატებას მოგიტანთ იღბლის ხაზით.
– გონებაში ადამიანისთვის ცუდის სურვილი ან, თუნდაც, წყევლა, ხომ ერთგვარი აზრობრივი მაგიაა. განსაკუთრებით როდის იძენს ის საშიშ ძალას?
– ეს ძალიან კარგი და ყველასთვის გასათვალისწინებელი კითხვაა. მაგალითად, ახალ მთვარეზე, მით უმეტეს, თუ ის შაბათს ან ორშაბათს ემთხვევა, წყევლა ან ვინმესთვის თუნდაც აზრის დონეზე ცუდის სურვილი, ყველაზე სახიფათოა. ამ დროს ნებისმიერი აზრი იძენს კოლოსალურ ძალას. წყევლა, რასაკვირველია, არც სხვა დღეებშია სასურველი, მაგრამ ამ დღეებში განსაკუთრებით ადვილია მისი ახდენა რეალურად კონკრეტულ ადამიანზე. ამ დროს გააქტიურებულია როგორც კეთილი, ასევე ბოროტი ძალები და თუნდაც გაფიქრებულმა ერთმა ცუდმა აზრმა, შესაძლოა, ადამიანის ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალოს. ეს ენერგეტიკულად ცუდი ფონი კი, როგორც გითხარით, სწორედ ახალ მთვარეზე, ორშაბათ და შაბათ დღეს აღწევს პიკს. მაგალითად, როცა დედა წყევლის შვილს, ამ მომენტში ირგვლივ იქმნება გაღიზიანების ენერგიით გაჯერებული ველი და ხდება ნეგატიური ენერგიის დიდი დოზით გამოფრქვევა. გირჩევთ, აზრის დონეზეც კი არ შექმნათ ასეთი ნეგატიური ენერგია, თუ გსურთ, რაიმე საფრთხე არ დაემუქროს თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებს. ასევე, გეტყვით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალით იუბედურებენ თავს, ბედს და ცხოვრებას. წუწუნებენ, ადრე კარგად ვცხოვრობდი, ხელი მემართებოდა, წარმატებული ვიყავი და ახლა ცუდ დღეში ვარ, დასწყევლოს ღმერთმა ასეთი ცხოვრებაო. ამას ამბობენ და არც კი იციან, რა რეალურ საფრთხეს იქმნიან ასეთი წუწუნით, მერწმუნეთ, წინ ვერ წავლენ და ვერც წარმატებას მიაღწევენ. აი, უკან კი დაიხევენ ცხოვრებაში. საერთოდ, ოპტიმისტი ადამიანები აზრის მაგიის დონეზეც კი ძალიან წარმატებულები არიან. რაც შეეხება კიდევ ერთ წესს, რომელიც წარმატებას გიქადით, ეს არის ასოციაციით გამოწვეული წარმატება სურვილის დონეზე. კერძოდ, მთავარია, სურვილი წარმოიდგინოთ, შემდეგ გამოიწვიოთ აზრის დონეზე მისი ასოციაცია და წარმატება და სურვილის რეალიზება რეალურ ცხოვრებაში ნამდვილად მოხდება.
– დეპრესიული ადამიანებისთვის რა რჩევები გაქვთ ამ კუთხით?
– ასეთი ადამიანები თვითონ ქმნიან უარყოფითი ენერგიის ველს თავის გარშემო და სხვებსაც საფრთხეს უქმნიან წარმატების კუთხით. მაგალითად, ამას იმიტომ ვამბობ, რომ, თუ დეპრესიული ადამიანის გარემოცვაში მოგიწიათ ყოფნა, მისი ასოციაციები და ემოციები თქვენ ირგვლივ შექმნის უარყოფით ენერგეტიკას. ეს კი, ცხადია, თქვენ დაგაზარალებთ. მათ ვურჩევ, არ ჩაიქნიონ ხელი, გამოიყენონ ჩემ მიერ ზემოთ მოყვანილი რჩევები და ცხოვრებას რეალურად შეხედონ. ერთ საკმაოდ დეპრესიულ ადამიანს ვიცნობ. ის ხშირად წუწუნებდა თავისი ბედის გამო. მან ვერც წინ წაიწია ცხოვრებაში და მეგობრებიც დაშორდნენ ასეთი ხასიათისა და ქცევის გამო. არაერთხელ ვურჩიე, დავარიგე, მაგრამ არ გაითვალისწინა ჩემი რჩევა. ასეთ ადამიანთან არც ღირს ენის დაღლა. რომ გეუბნები და მაგალითებსაც გიწყობ წინ, ხომ უნდა გაითვალისწინო? მაგრამ, ჩემს კარის მეზობელს, რომელმაც მთხოვა, მესწავლებინა, როგორ მიეღწია წარმატებისთვის და მოეცილებინა უიღბლობა, იგივე წესები ვასწავლე. იმუშავა საკუთარ თავზე და არცთუ დიდ დროში საკმაოდ წარმატებულიც გახდა, ცოლიც მოიყვანა და მუშაობაც დაიწყო. ამიტომ ვამბობ: ხომ უნდა სცადო მაინც? რომ ამბობენ, რა აზრი აქვს ცდას, მაინც ვიცი, არაფერი გამოვაო, მათ ვარწმუნებ: თუ არ გააგრძელებენ კარგზე ფიქრს, ნამდვილად არაფერი გამოუვათ. სცადე, შე მამაცხონებულო, ესეც ფული ხომ არ ღირს. ბოლოს და ბოლოს, შენი კეთილდღეობისთვის გონების დაძაბვაც აღარ გინდა?!
ნონა დათეშიძე